ღამის საჩუქარი
კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი არის... უჰ, აბა, რას ამბობთ, წყალბადის და ატომის ბომბები აქ რა მოსატანია! ადამიანის ხელით არის ორივე შექმნილი და, თუ ბოროტებას დაატრიალებს, ამაში დამნაშავე მათი შემოქმედი იქნება. ადამიანს შეუძლია, ისინი სიკეთის სამსახურშიც ჩააყენოს და „იმიჯიც“ შეუცვალოს... თუმცა, აი, აქ მივადექი იმ მთავარს, რისი თქმაც თავიდან მინდოდა – ყველაზე დიდ მტერზე ვლაპარაკობდით და იქნებ უკვე მიხვდით, ვინ შეიძლება იყოს ის. დიახ, „ვინ“. იმიტომ, რომ მას სულიც აქვს, აზროვნება და ფიქრიც შეუძლია, დადის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკობს კიდეც. ადამიანია, ბატონებო, ეს მტერი ადამიანი და, ვიცი, არავინ შემედავება. ასეა, კაცობრიობას ერთადერთი მტერი ჰყავს და ეს მტერი ადამიანია! რა რჯიდა, მჯდარიყო თავისთვის გამოქვაბულში და ევლო ნატურალური მასალისგან შეკერილ ტანსაცმელში (უფრო შორს შეგნებულად აღარ წავედი და სამოთხის გახსენებით გული აღარ გაგიხეთქეთ – აქაც ხომ თავად გახლდათ დამნაშავე. მერე რომ ხან გველს დააბრალა და ხანაც – ქალს...) მოკლედ, გამოქვაბულში რომ დარჩენილიყო, არც ამდენი პრობლემა ექნებოდა, არც ამდენი საზრუნავი. შეჭამდა ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტს და დილაუთენიაც არ იქნებოდა წამოსახტომი – არიქა, სამსახურში დამაგვიანდებაო... მაგრამ, რომ ვერ მოისვენა?! ნეტავი, რა რჯიდა. ახლა, არ თქვათ, ქალი შეუჩნდებოდაო... როცა სჭირდება, თავი სამყაროს მბრძანებლად მოაქვს... არა, მთლად ანგელოზი ქალიც რომ არ არის, ამაზე არ გეკამათებით, მაგრამ დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ყველა დიდი უბედურება-აღმოჩენის ავტორი მამრობითი სქესის გახლავთ, ქალი სად მოიცლიდა ასეთი „მაკვარანცხობისთვის“, როცა ტყავები ჰქონდა დასამუშავებელი და ცეცხლი გადასარჩენი, რომ არ ჩამქრალიყო; თან, ბავშვებისთვისაც ხომ უნდა მოევლო... ასე რომ, ლოგიკურად გამოდის, სწორედ მამაკაცს დავუღუპივართ და არა ქალს. გჯერათ თქვენ, რომ ომი, თოფი და დავიდარაბა ქალის მოგონილია? ან მშვილდი და ისარი, ან, თუნდაც, დანა და ნაჯახი?.. ვინ დადიოდა სანადიროდ? – მამაკაცი! ჰოდა, მერე, ნაჭამ-გამძღარი, კოცონთან კოტრიალითაც რომ დაიღალა, გართობა მოუნდა და მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო – ომი ვიგულისხმე, რა თქმა უნდა. რა ვქნა, ზუსტად ვიცი, რომ პირველი უაზრო სისხლისღვრის ინიციატორი ქალი ვერანაირად ვერ იქნებოდა. დღემდე ასეა... ყველა ომი სრული უაზრობაა და ის ქალებისთვის უფრო საშინელებაა, ვიდრე მამაკაცებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ სისხლი უდუღთ და წინაპართა ველური საბრძოლო ყიჟინა სულს უფორიაქებთ. უჰ, საიდან სად წამოვედი... ლოგიკამ შემომიტყუა... მამაკაცები ნუ გამიბრაზდებიან, მეც მათიანი ვარ და გულიც იმიტომ შემტკივა, მაგრამ, ფაქტია, დანაშაულის სიმძიმეს ვგრძნობთ, თუმცა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გვინდა. ესეც ამძიმებს სიტუაციას და კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშს ხდის. ვიცი, რომელიმე თქვენგანი აუცილებლად „შემახსენებს“ იმას, რომ ომები ძირითადად ქალბატონების გამო იწყებოდა და ტროას სახელგანთქმულ ეპოპეასაც ცხვირწინ დამიდებს, მაგრამ, ბატონებო, ვიყოთ გულახდილები და ნუღარ დავუმძიმებთ სინდისს საკაცობრიო ცოდვებით მშვენიერ ელენეს (თავისი ცოდვებიც ეყოფა საწყალს)... ეს კაცების ომი იყო, კაცური „მიზეზებით“, კაცური „შემართებით“ და კაცური „შედეგით“... ელენეს კი სამუდამოდ შერჩა მოღალატე ცოლის სტატუსი, გრანდიოზული ომის საბაბის „იარლიყი“...
საუკუნეების განმავლობაში არც ერთ კაცს არ ეყო ვაჟკაცობა, გამოსულიყო და ეთქვა, ეს მშვენიერი არსება რა შუაშია, ჩვენ თავად დავერიეთ ერთმანეთსო... ასეა, ბატონებო, ასე... ფულიც ხომ მამაკაცებმა მოიგონეს! – აბა, ქალს ეს „ხელის ჭუჭყი“ საერთოდ არაფერში სჭირდებოდა... მოკლედ, მამაკაცებო, იცოდეთ, გამოქვაბულებში რომ დავრჩენილიყავით, ჩვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი, უპრობლემო და საამური ქნებოდა. არც კაცობრიობა იცახცახებდა მოსალოდნელი აპოკალიფსის შიშით...
***
ლაშამ მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი, ისე, რომ თითებიც კი დაუბუჟდა... ვახო მიხვდა – ცოტაც და, არაფერში დამნაშავე, უწყინარი ნივთი ხმაურით მიენარცხებოდა კედელს. მან მეგობარს მხარზე მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია:
– ნუღარ განიცდი ასე. რადგან არ დარეკა, ესე იგი, არ უნდა შენთან ყოფნა და, რომც დააძალო, არაფერი გამოვა. ჩვენი წასვლის დროა.
– ჰო, – მოკლედ თქვა ლაშამ, მაგრამ მობილური ისევ ხელში ეჭირა და ტუჩებს იკვნეტდა.
– არა, ასე არაფერი გამოვა, უნდა დამშვიდდე, – ვახომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, – არ შეიძლება, ჩვენი მომავალი სასწორზე ლიკას სიჯიუტის გამო დაიდოს. მოვა დრო და მიხვდება, რა დაკარგა.
– მართლა? მერე ამით მე რა? შენ ფიქრობ, რომ მისი სინანული ჩემს მდგომარეობას ოდნავ მაინც შეამსუბუქებს? არანაირად. როგორ მეგონა, რომ დაფიქრდებოდა...
– იქნებ, რომ დაფიქრდა, იმიტომაც არ დაგირეკა – არ სჯერა შენი.
– რატომ არ სჯერა? მე ხომ სიმართლეს ვეტყოდი?!
– იმას თავისი სიმართლე აქვს და იმ სიმართლის სჯერა. რას იზამ? ამ შემთხვევაში ვერაფერს შეცვლი.
– ჰო, მართალი ხარ და, ეტყობა, ამ რეალობას უნდა შევეგუო... – ლაშამ მობილური სავარძელზე მიაგდო და სახეზე ხელი ისე მოისვა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვა.
– ზოგჯერ რა მარტივია, იმისი გჯეროდეს, რისი დაჯერებაც თავად გინდა.
– ზოგჯერ კი არა, ყოველთვის მარტივია, იმისი გჯეროდეს, რისი დაჯერებაც თავად გინდა. ეს შენი აღმოჩენა არ არის და არც ისეთი სიახლეა, გაგიკვირდეს, რა ჭეშმარიტებას მივაგენიო. თუმცა, ახლა ამაზე ფიქრისა და მსჯელობის დრო არ არის. თუ გონებას ამ ყველაფერზე ფიქრით დატვირთავ, ძალიან გაგიჭირდება იმის გაკეთება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
– შენ ფიქრობ, რომ ლიკა და ჩემი ოჯახი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის? სხვათა შორის, ყველაფერი ბავშვისთვის და ლიკასთვის მინდოდა. ახლა თითქოს სიყვარულიც გამინეიტრალდა, ემოციაც და სიხარულიც.
ვახომ ხელი აიქნია.
– გაგივლის, დამიჯერე. აუცილებლად შეიცვლება შენი ცხოვრება და, ჩემიც, რა თქმა უნდა – ფული ყველაფერს ცვლის.
– არა. ყველაფერს არ ცვლის.
– როგორ არა. პირადად მე უკვე სხვანაირად ვფიქრობ, აბსოლუტურად სხვანაირად. სხვანაირი მოთხოვნები გაქვს, სხვანაირი სურვილები და მიზნებიც, რა თქმა უნდა.
– ვიცი შენი მიზნები – იმ ქალზე აბოდებ და სისულელეს ისე ჩაიდენ, თვალსაც არ დაახამხამებ.
მოეშვი იმ ქალს, მიყვარს და რასაც გავაკეთებ, მხოლოდ ჩემი ნებით. ვერავინ ვერაფერს მაიძულებს. პირველად ვარ შეყვარებული და ეს ძალიან მომწონს.
– ეჰ, ცოტა ჭკუით იყავი... – ამოიოხრა ლაშამ, – ჰო, მართლა, არაფერი უთხრა იმ გოგოს, გესმის?
– აბა, რა ვქნა, ტო... ავვორთქლდე ისე, რომ ერთი სიტყვა არ ვუთხრა? რანაირად გამოვა ეს ამბავი? მაშინ, საერთოდ უნდა დავემშვიდობო. ლაშა, სიყვარულზე უნდა მათქმევინო უარი? იქნებ, ეს ის გრძნობაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი?
– არ გამოვრიცხავ, – თავი დაუქნია ლაშამ, – მაგრამ, მე არ გაიძულებ, მასზე უარი თქვა. შეგიძლია, უთხრა, რომ სადმე მიდიხარ რამდენიმე დღით – სულ ეს არის. მერე ვნახავთ, როგორ წავა საქმე და, ბოლოს და ბოლოს, ჩამოვა შენთან. ნუ ქმნი პრობლემას იქ, სადაც რეალურად პრობლემა არ არის.
– შენთვის პრობლემა სხვა რამეა, ჩემთვის – სხვა, მაგრამ შენ ამ განსხვავებას არ ხედავ. დიახ, განა ვერ ხედავ, არ ხედავ!
– ვახო, მე ვითვალისწინებ შენს რჩევას და დროებით მარტო ჩვენს საქმეზე ვიწყებ ფიქრს. გირჩევ, შენც მომბაძო. ყველასთვის ასე აჯობებს, შენი სიყვარულისთვისაც... გაითვალისწინე...
– ანუ, დავურეკო? ახლავე? – ვახომ მობილურს სტაცა ხელი, მაგრამ ლაშამ მოასწრო და სახელოზე დაქაჩა.
– მოიცადე, ჯერ არ დაურეკო, მერეც მოასწრებ!
– აუუ, მერჩივნა, დამერეკა... უფრო მშვიდად ვიქნებოდი...
– სამაგიეროდ, მე ვეღარ ვიქნები მშვიდად. ჯერ ხომ არ ვიცით, ამაღამ რა მოხდება?! იქნებ, საერთოდ ვერ მივდივართ.
ვახომ ტელეფონი დადო და წაუსტვინა:
– სულ ნუ ამრიე, ტო... როგორ, ზუსტად არ იცი, ამაღამ რა მოხდება? მაგიჟებ, თუ მცდი?
– არც გატყუებ და არც გცდი. რეალობა ის არის, რომ ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს და შენ ეს ჩემზე უკეთ იცი. ამიტომ, დარეკავ ღამით ან დილით და ეტყვი, რომ მოულოდნელად მოგიხდა გამგზავრება. შეგიძლია, მესიჯი მისწერო... მოკლედ, მერე თავად გადაწყვეტ, რა აჯობებს.
ვახომ ამოიოხრა:
– ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებ. რომელი ქალი აპატიებს კაცს, ასეთ უყურადღებობას? – არც ერთი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ურთიერთობა ჯერ ახლა დაიწყო.
– ვაიმე, ვახო... დაიოკე შენი ემოციები, თორემ ასე მართლა არაფერი გამოვა. თუ უყვარხარ და უნდიხარ, გაპატიებს. აუცილებლად... დამიჯერე. თანაც, თუ ფულიც გექნება...
– ესე იგი, იმით უნდა ვინუგეშო თავი, რომ ფული მასთან ურთიერთობის გამოსწორებაში დამეხმარება?
– ეს შენი ლოგიკაა, რომ ფული ყველა პრობლემას აგვარებს. მე მხოლოდ გავიმეორე, – გაიღიმა ლაშამ...
***
ანდრომ დაუფარავი უკმაყოფილებით შეხედა კაბინეტში შემოსულ ორ უცნობს. ძალიან აღიზიანებდა ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები, მით უმეტეს ვიზიტისთვის შეუფერებელ დროს. წარბშეკრულმა მხოლოდ ზრდილობის გამო შესთავაზა დაჯდომა და თავად ინას ანიშნა, ცოტა ხნით გარეთ გამომყევიო.
– ესენი ვინ არიან და პირდაპირ ჩემთან რატომ შემოიყვანე?
– ბატონო ანდრო, სხვა გზა არ მქონდა. თანამშრომლები არიან.
– ვისი თანამშრომლები? – მაშინვე ვერ მიხვდა ანდრო. როცა ბრაზობდა, მიხვედრილობაშიც ცოტას „ჭედავდა“.
ინამ მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბები და ხმადაბლა გაიმეორა.
– თანამშრომლები, ბატონო ანდრო, და მითხრეს, რომ სასწრაფო საქმე აქვთ თქვენთან. თუ არა და, პრობლემები შეგექმნებათო.
ანდრო უარესად მოიღუშა:
– აჰა, ასე გითხრეს?
– არა, პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ... იგულისხმებოდა.
– შენ როგორი მიხვედრილი და სხარტი ხარ? ყოჩაღ, ნელ-ნელა, წარმატებებს აღწევ...
– ბატონო ანდრო... – ინა უხერხულად აიწურა.
– ჰო, კარგი. რამე დამადასტურებელი საბუთი მაინც თუ გაჩვენეს?
– დიახ, რაღაც მაჩვენეს...
– „რაღაც“ აჩვენეს... – გამოაჯავრა ანდრომ, – ეჰ, ვერავის იმედად ვერ იქნები. ნუ „იგრუზები“, ბარში წადი და რამე სასმელი მოიტანე. ვისკი აჯობებს, ოღონდ, ერთი ათი წუთი ნუ შემოხვალ. ნურც ზურას შემოუშვებ და ნურც ნურავის...
– გავიგე, ბატონო ანდრო.
– კარგია, თუ გაიგე... ჰო, ისინი თუ გამოჩნდებიან, მაშინვე არ შემოვარდე ჩემთან, როგორღაც მანიშნე.
– როგორ განიშნოთ, ბატონო ანდრო?
– ო, ღმერთო... ხომ შეგიძლიათ, ცოტა თქვენც იფიქროთ, სულ ცოტა მაინც და ზოგჯერ მაინც!.. მობილურს ხმას გამოვურთავ და მაშივე დამირეკე, მაგრამ, მარტო ერთი ზარი გამოუშვი...
ინამ თავი დაუქნია.
– ახლა წადი და ათ წუთში შემოდი... მიდი...
ანდრო კაბინეტში შებრუნდა.
– უნდა მაპატიოთ. სასმელი შევუკვეთე თქვენთვის. ვისკის ხომ სვამთ?
მაღალმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და იმავე წამს კაბინეტის კედელში ჩაშენებული ბარისკენ გაიხედა. ანდროს შეუმჩნეველი არ დარჩა მის მზერაში გაჩენილი ირონია და გაიცინა:
– საქმე ისაა, რომ აქ კარგი ვისკი არა მაქვს. მე თვითონ ყოველთვის კონიაკს ვსვამ.
– კარგი გემოვნება გქონიათ, – თქვა მაღალმა. დაბალი საერთოდ დუმდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვიღაც აიძულებდა იქ ყოფნას.
– ჰო, არ ვუჩივი... დავინტერესდები თქვენი ვიზიტის მიზნით, თუ არ გეწყინებათ.
– და, ალბათ, ჩვენი ვინაობაც გაინტერესებთ.
– დაახლოებით ვხვდები, ჩემმა თანაშემწემ მითხრა.
– მშვენიერი თანაშემწე გყავთ, – შეაქო ინა მაღალმა, – ესეც თქვენს დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს.
– მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ცოტა მეეჭვება, აქ ჩემი გემოვნების შესაქებად იყოთ მოსული.
– გამოიცანით. სპეციალური სამსახურიდან ვართ, სპეციალური დავალებით... გავაგრძელო და დავაკონკრეტო?
– არა, არა, მივხვდი, მაგ სიტყვების მიღმა რაც იგულისხმეთ, მაგრამ, იმას კი ვერ ვხვდები, ჩემით რატომ დაინტერესდით – მარტო იმიტომ, რომ კარგი გემოვნება მაქვს?
მაღალმა ხმამაღლა გაიცინა:
– მიყვარს ადამიანები იუმორის გრძნობით. მაგრამ, საქმესაც ხომ უნდა მივხედოთ. საქმე კი საკმაოდ სერიოზულია.
– მართლა? – ყასიდად გაიოცა ანდრომ.
– დიახ, ჩვენ მხოლოდ სერიოზული საქმეები გვაქვს.
– ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ, საქმე ისაა, რომ მე არ მაქვს არაფერი ისეთი, რაც თქვენნაირ სერიოზულ ადამიანებს დააინტერესებდა. ყოველთვის ვცდილობ, უინტერესო ვიყო, მით უმეტეს – სპეციალური სამსახურებისთვის.
– ეგ კარგია, ძალიან კარგი... ამიტომაც, აქამდე არ შეგვიწუხებიხართ... – მაღალმა მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები... – ჰო, მართლა, სად არის თქვენი ვისკი?..
– ახლავე, ახლავე იქნება... – ანდრომ რატომღაც საათზე დაიხედა...
კარი გაიღო და ინამ ლანგარი შემოიტანა. უსიტყვოდ დააწყო მაგიდაზე ვისკით სავსე ჭიქები, პატარა თასებით სასუსნავი და ისე გავიდა, ანდროსთვის არ შეუხედავს. მაღალმა მოწონებით დააქნია თავი.
– აშკარად კარგად გყავთ კადრი შერჩეული. გეტყობათ, რომ უსიტყვოდ აგებინებთ ერთმანეთს. არც მე ვიტყოდი უარს ასეთ თანაშემწეზე... ვისკიც შესანიშნავია.
დაბალმა ვისკი ხმაურით მოხვრიპა და რაღაც ხმადაბლა ჩაიბურტყუნა.
ანდრომ ნაძალადევად გაიცინა:
– ო, არა... ინას ნამდვილად ვერ შეველევი. სხვა რამე მთხოვეთ. მაგალითად, ვისკი. შემიძლია, რამდენიმე ბოთლი მოგართვათ.
– ქრთამს გვთავაზობთ, ბატონო ანდრო?
– არა, არა, ქრთამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, საჩუქარი ხომ შეიძლება?
– რა თქმა უნდა. საჩუქარს აუცილებლად მივიღებ თქვენგან, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავმეგობრდებით და, ისიც, ჩემს დაბადების დღეზე.
ანდრო მოიღუშა. ვერ იტანდა, როცა დასცინოდნენ. ეს ტიპი კი აშკარად სარგებლობდა თავისი თანამდებობით თუ მდგომარეობით.
– აუცილებლად შემახსენეთ, თქვენი დაბადების დღე რომ იქნება და ვისკი ჩემზე იყოს.
– ძალიან კარგი, ვხედავ, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს.
– დიახ, განსაკუთრებით – დაბადების დღეების საკითხში... თუმცა, მე თქვენი მოსვლის ჭეშმარიტი მიზეზიც მინდა, რომ გავიგო.
– მესმის თქვენი. მაშინ, პირდაპირ გეტყვით: ჩვენთვის ცნობილია იმ პრობლემის შესახებ, რომელიც თქვენ ბიზნესს ბოლო დროს შეექმნა.
– ჩემს ბიზნესს?.. – ანდრო ვითომ ჩაფიქრდა.
– ბატონო ანდრო... სერიოზულად ვილაპარაკოთ...
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... იცით, რაშია საქმე? მე თავად არ ჩავთვალე ეს ამბავი სერიოზულ პრობლემად.
– რას ამბობთ?! – მაღალმა ირონიულად გაუღიმა, – ბატონო ანდრო, თქვენ თუ კარგად ერკვევით ყველაფერში, რატომ გინდათ, უნიჭო თამაში წამოიწყოთ და „დაიწვათ“?
– არც ვაპირებ თამაშს. მე საერთოდ არ ვთამაშობ, არასდროს. მით უმეტეს, როცა ბიზნესს ეხება საქმე. რა გნებავთ ჩემგან, რა უნდა გავაკეთო?
– აი, ეს უკვე სხვა ლაპარაკია. ძალიან მარტივი შემოთავაზება გვაქვს, უმარტივესი: საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთოთ.
– ანდრომ ყურადღებით შეხედა მაღალს და მოულოდნელად ჰკითხა:
– თქვენი მეგობარი მუნჯია?
– ბატონო?! – წამოიქოჩრა დაბალი, რომელიც მანამდე საერთოდ არ ჩართულა საუბარში და ჭიქაში ჩარჩენილი ვისკის ბოლო ყლუპს სურვილით სავსე თვალებით ჩასცქეროდა.
– მუნჯი არ ყოფილხართ. ეს უკვე კარგია, თორემ, ძალიან მაწუხებს, როცა ვინმე მეცოდება.
– ბატონო?! – ისევ გაღიზიანდა დაბალი და, შეიძლება, ამ ერთი სიტყვისთვის სხვა ფრაზაც მიეყოლებინა, მაღალს რომ არ გაეჩერებინა მბრძანებლური ჟესტით.
– მომისმინეთ, ბატონო ანდრო, არც მე მიყვარს თამაში, ამიტომ, გულახდილობის მომხრე ვარ ყოველთვის და ყველაფერში, რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი სამსახურებრივი მოვალეობები და დაკისრებული პასუხისმგებლობა მაძლევს.
– ჰო, რა თქმა უნდა...
– ის პიროვნება ჩვენც თქვენსავით გვაინტერესებს...
– აჰა... – ჩაილაპარაკა ანდრომ, – ეჭვიც არ მეპარება.
– ჰოდა, ძალიან კარგი... მოკლედ, ჩვენ უნდა გადმოგვაბაროთ.
ანდრომ ძლივს დამალა ბრაზი და წამით აზუზუნებულ მობილურ ტელეფონს ხელისგული დააფარა.
– „ობიექტი“ ადგილზეა? – ღიმილით ჰკითხა მაღალმა. ანდრო მიხვდა, რომ პროფესიონალთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მაინც სცადა, საქმეში ნაწილობრივ მაინც გასულიყო.
– ვითანამშრომლოთ. მთელ შრომას წყალში ნუ გადამიყრით.
– პირიქით, ვაფასებთ თქვენს შრომას. აქამდე ძალიან ოპერატიულად მოქმედებდით, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გვაცალოთ.
ანდრომ ამოიოხრა:
– თუ მართლა უმართლებს?
მაღალმა ხმამაღლა გაიცინა:
– ეჭვიც არ მეპარება, რომ მართლა უმართლებს. სწორედ მაგიტომაც გვაინტერესებს. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ?.. ძალიან კარგი. მოკლედ, ასე: ჩვენ კიდევ ვისარგებლებთ თქვენი დიდსულოვნებითა და მასპინძლობით... იმედი მაქვს, მოთმინებით აიტანთ ჩვენს საზოგადოებას... ვაცდით თქვენს „იმ“ სტუმარს, ისარგებლოს ამ დაწესებულებაში მისთვის მინიჭებული უფლებებით. ხელს ნურაფერში შევუშლით. მშვიდად ითამაშოს, მშვიდად მოიგოს, მშვიდად წავიდეს და... დატკბეს თავისი ტრიუმფით.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე მის დაჭერას ვაპირებდი?
– არა, – თავი გააქნია მაღალმა, – მე ამას არ ვფიქრობ, მაგრამ, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, ჩვენ რას ვაპირებთ.
– დიახ, ვხვდები. მაგრამ მეც მაქვს გასარკვევი რამდენიმე საკითხი.
– გისმენთ, – მაღალმა ფეხი ფეხზე გადაიდო და უფრო გამომწვევ პოზაში დაჯდა. ანდრო მშვენივრად ხვდებოდა, რომ ასეთი საქციელით „სტუმარი“ მის ფსიქოლოგიურ დაჯაბვნას ცდილობდა. საკუთარი უსუსურობის განცდამ გაამწარა, მაგრამ უდიდესი ძალისხმევის ფასად მოახერხა ემოციის მოთოკვა.
– რადგან თქვენ სერიოზულად მიუდექით ჩვენს სიტუაციას, მეც მინდა, სერიოზულად გითხრათ: არ ვაპირებ, დიდხანს ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემს ცხვირწინ თამაშობს ნერვებზე და ცინიკურად მიმტკიცებს თავის ზებუნებრივ უპირატესობას. არ გამოვა, მე არ ვარ ის ტიპი, რომელსაც შეიძლება, თამაშის საკუთარი წესებით ეთამაშო და არაფრად ჩააგდო.
– მე ეს ვიცი. ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ. ტყუილად ნერვიულობთ, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზეც, რომ თქვენი პრობლემაც მოგვარდეს.
– მართლა? მადლობის მეტი რა მეთქმის!
– მიხარია, რომ გავუგეთ ერთმანეთს.
ანდრომ ნაძალადევად გაიღიმა... საჩვენებელი თითი ჭიქას შეახო და მსუბუქად უბიძგა, – ვისკი ხომ არ გავიმეოროთ?
– თუკი გნებავთ, სიამოვნებით... – ანდრომ შიდა ქსელის ტელეფონის ყურმილი აიღო.
მაღალმა თითები გაატკაცუნა და გაფრთხილებასავით წარმოთქვა:
– ჩვენი საუბრისა და შეთანხმების შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს. თუ ახლა კაბინეტში ვინმე შემოვა, ჩვენ თქვენი ძველი მეგობრები ვართ და ისე შემოგიარეთ, სათამაშოდ.
– მაშინ, იქნებ დარბაზში გასულიყავით?
– არა, არა, აქ გვირჩევნია, – „გაიღვიძა“ დაბალმა, – ვერ ვიტან აზარტულ მოთამაშეებს. უფრო სწორად, მათ ყურებას ვერ ვუძლებ. ავადმყოფებს ჰგვანან, სერიოზული სენით შეპყრობილებს, ალკოჰოლიკებივით რომ უკანკალებთ ხელები...
ანდრომ ჩაახველა... მაღალი ოდნავ გადაიხარა მისკენ და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რაღაც პრობლემები აქვს. ყველაფერზე შევთანხმდით?
ანდრომ ირონიულად გაიღიმა:
– შევთანხმდით? არა, მე დაგეთანხმეთ.
– ჰოდა, ეს უკვე შეთანხმებაა. მიყვარს ჭკვიან და სერიოზულ პარტნიორებთან მუშაობა, ასეთ კომფორტს ყოველთვის ვერ წააწყდები.
***
ადამიანი მხოლოდ კაცობრიობის მტერი კი არა, საკუთარი თავის მტერიც არის... თანაც, ზუსტად იცის, რომ ეს ასეა, მაგრამ, რა იცვლება ამით? არაფერი... – მტერი მტრად რჩება და ჩვენ ყოველდღიურად ვაზიანებთ... ვის? – საკუთარ თავს, რა თქმა უნდა. სხვა სათქმელადაც არ ღირს, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებთ, ჩვენი ყველა პრობლემა სხვას გადავაბრალოთ... თუ ოდესმე მაინც, რაღაც ეპიზოდში გონება გაგვინათდება და მივხვდებით, ვინ არის ჩვენს წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე, ხსნის გზა ნაპოვნია... ცუდია, რომ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას...
***
ლიკამ მჭიდროდ შემოიხვია ტანზე ხალათი და სამზარეულოს სკამზე ნახევრად ჩამოჯდა.
– შეჭამ რამეს თუ მარტო ყავა დაგისხა? – ჰკითხა ლიანამ.
– არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრა, ყავაც კი არ მინდა, ისეთი დაღლილი და განადგურებული ვარ.
ლიანამ ნიშნისმოგებით გადახედა ქმარს.
– ჰო, მძიმე ღამე გქონდა, მამა... მაგრამ, რას იზამ, ცხოვრება სულ ია-ვარდით მოფენილი არ არის. იმასაც უნდა შეეგუო, რომ რთული მომენტები გექნება.
– მშვენიერ რჩევას აძლევ, ვერაფერს იტყვი, – ვეღარ მოითმინა ლიანამ, – ამის მაგივრად, აჯობებს, ის უთხრა, რომ შვილი ჰყავს და მარტო საკუთარ თავზე ფიქრის უფლება არ აქვს.
– ეგ უშენოდაც ვიცი, დედა! – გაბრაზდა ლიკა, – საშინელ გუნებაზე ვარ და ეცადე, უარესად არ მომშხამო, ძალიან გთხოვ...
– შენ სულ საშინელ გუნებაზე ხარ ამ ბოლო დროს და აღარ დაგელაპარაკო? კარგი, ხმას აღარ გაგცემ, ერთ სიტყვასაც არ გეტყვი, მაგრამ რამე შეიცვლება ამით? ეშველება ჩვენს უბედურებას?
– მამა, უთხარი რა... – დაიგმინა ლიკამ და თავზე იტაცა ხელები, – აუ, თავი მისკდება... საბოლოოდ შევიშლები, და ის იქნება. ნეტავი, გამოუსწორებელ შეცდომას ხომ არ ვუშვებ... ვიცი, რომ ვერც ერთი ვერ დამეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, შემიბრალეთ მაინც...
როგორც კი ლიკა სამზარეულოდან გავიდა, ლიანა ქმარს ეცა:
– რა უნდა ამას? რაზე ლაპარაკობდა და რა გადაწყვეტილებას გულისხმობდა? მე რატომ არაფერი ვიცი? შეთანხმდით მამა-შვილი და გინდათ, გული გამიხეთქოთ? გამაგებინე, რა ხდება ჩვენს თავს, სანამ საბოლოოდ გავგიჟებულვარ!
კაცმა ამოიოხრა:
– თუ არ დამშვიდდები და არ გაჩუმდები, ვერაფერსაც ვერ გეტყვი. როცა ასე ქოთქოთებ, აზრებს თავს ვეღარ ვუყრი.
– ვიცი მე შენი და შენი შვილის აზრები, ორივენი ერთნაირები ხართ! მითხარი, რას აპირებს ეს ქალბატონი, არაფერი დამიმალო, იცოდე!
– არაფერს არ გიმალავ, ლიანა, დამშვიდდი. გეფიცები, მართლა არაფერს გიმალავ. არც ლიკა აპირებს ქვეყნის დაქცევა-ამობრუნებას.
– აბა, რომ თქვა, შეცდომას ვუშვებ და შემიცოდეთო?
– ნერვიულობს და იმიტომ თქვა ასე. ნუ ცდილობ, სიტუაციის დრამატიზებას. ნუ გეშინია, იმაზე უარესი არაფერი დაგვემართება, რაც უკვე გვჭირს. მანდ, უჯრაში ჩემი სიგარეტი უნდა იყოს და მომაწოდე!
ლიანამ ლოყაზე შემოიკრა ხელი და შეიცხადა:
– შენ რომ სიგარეტის ძებნას იწყებ, ესე იგი, საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე მე წარმომიდგენია. ვაიმე, რა მეშველება! საყვარელი გაიჩინა და იმასთან აპირებს გადასვლას, ხომ... მითხარი, არ დამიმალო!..
კაცმა ხელი ჩაიქნია. თავად მივიდა უჯრასთან და სიგარეტი ამოიღო.
– მითხარი, რომ ასე არ არის, თორემ ვგიჟდები უკვე! – ისევ შეიცხადა ლიანამ.
– რა მნიშვნელობა აქვს, მე რას გეტყვი, შენ მაინც ისე გაიგებ, როგორც შენ გინდა. ლიანა, თუ არ დამშვიდდები, ამ ბავშვსაც ვერაფერს ვუშველით და შენი გულის შეტევების დრო რომ არ არის, ამას მაინც ხომ ხვდები.
– დამშვიდდიო... რანაირად დავმშვიდდე, შენსავით ცივსისხლიანი კი არ ვარ! ყველაფერს გულზე „ვატარებ“ და ერთხელაც გამისკდება ეს გული!
– მაშინ, ინერვიულე და მოაწყვე ისტერიკა. ვნახოთ, რამეს თუ გიშველის.
ლიანა აქვითინდა:
– რა დავაშავე, ღმერთო! რისთვის ვისჯები ასე სასტიკად, ასეთი რა შეგცოდე და დავაშავე?
– ღმერთს თავი დაანებე, ადამიანურ შეცდომებზე ის არ არის პასუხისმგებელი.
– ჰო, ვიცი, მე მაკისრებ მთელ პასუხისმგებლობას. მე დავუშვი შეცდომა, მაგრამ შენს შვილს შენი ჯიუტი ხასიათი აქვს. ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თვითონ უნდა. ღმერთო, რა გავაკეთო! ასე გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, არ შემიძლია!
– მაგას არც გთხოვ, მაგრამ, მართლა არ ვიცი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ.
– სამაგიეროდ, მე ვიცი! – გაცხარდა ლიანა, – ახლა შევალ იმ ქალბატონთან და კატეგორიულად მოვთხოვ, ყველაფერი მითხრას, ისიც, რაც აქამდე არ უთქვამს. ძალიან დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. ასე როგორ დავანებო თავი და როგორ მივუშვა ნებაზე, რომ კისერი მოიტეხოს?
– ასეთი რადიკალიზმით მარტო იმას მიაღწევ, რომ ლიკა საერთოდ აღარ გვეტყვის არაფერს, საკუთარ თავში ჩაიკეტება და ეს უარესი იქნება. წეღან მართალი თქვა – თუ შველა არ შეგვიძლია, თანაგრძნობა მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს?
– თანავუგრძნობდი, რომ დაქვრივებულიყო და... – შეუბრალებლად წამოიძახა ლიანამ და კართან მდგარ ლიკას დანახვაზე, სათქმელი აღარ დაასრულა.
– შენ მართალი ხარ, დედა... – სევდიანად ჩაილაპარაკა ლიკამ, – რომ დავქვრივებულიყავი, ყველაფერი გაცილებით მარტივი და გასაგები იქნებოდა, შევიკერავდი შავ კაბას და ვიგლოვებდი. ახლა კი წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე.
– სამსახურში არ მიდიხარ? დაგაგვიანდება, – დაღლილი ხმით უთხრა მამამ.
– არ შემიძლია. სოფოს დავურეკავ და ვთხოვ, რაღაცნაირად გამომაძვრინოს სიტუაციიდან.
– სოფო! რა თქმა უნდა, სოფო!.. მაგის გარეშე როგორ ჩაივლიდა... რაც ეგ გაიჩინე მრჩევლად, მას მერე წავიდა შენი საქმე უკან!.. – აფეთქდა ლიანა.
ლიკამ სინანულით გადააქნია თავი:
– რა უსამართლო ხარ, დედა. ზოგჯერ მგონია, რომ ჯიბრით აკეთებ ამას და შეგნებულად არ გინდა, რომ გამიგო. იცი, როგორ მტკივა გული, რომ სწორედ შენ, ჩემი უახლოესი ადამიანი მექცევი ასე? სოფო არაფერ შუაშია და ყველაზე მეტს სწორედ ეგ მთხოვდა, ლაშასთვის მომესმინა.
– მერე, რატომ არ დაუჯერე და არ მოუსმინე?
– იმიტომ, რომ ვერ შევძელი. რა ვქნა, აღარ ვარ ისეთი გულუბრყვილო, რომ თვალები დავხუჭო და ბრმად ვენდო. მოხდეს, რაც მოსახდენია. შეიძლება, ისევ ვუყვარვარ, მაგრამ მე აღარ შემიძლია, დასაკარგავში გავყვე ანგარიშმიუცემლად და უკანმოუხედავად... ოღონდ არ მკითხო, სად დასაკარგავში მეპატიჟება, თორემ, შევიშლები, მართლა შევიშლები... – ლიკა წამოხტა, ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა. ლიანა გაშრა, მერე ქმარს მიუბრუნდა და ნიშნისმოგებით გადააქნია თავი:
– აი, ხედავ? აქეთ აქვს პრეტენზია, ულტიმატუმს გვიყენებს!
– ლიანა, იცი, რას გეტყვი? ზოგჯერ მეც მგონია, რომ ჯიბრით ექცევი ასე და შეგნებულად არ ცდილობ, საკუთარ შვილს გაუგო...
***
... ვახო სიხარულს ვერ მალავდა. კაზინოს კიბეზე ლამის დაგორდა და მანქანის კარს რომ აღებდა, ცქმუტავდა.
– აუუ! რა მოგივიდა, მოისვენე, საკეტს გააფუჭებ! – უსაყვედურა ლაშამ.
– რა მომასვენებს... არა, არ მჯერა, რომ გამოგვივიდა, შოკში ვარ...
– გამოდი მაგ შოკიდან. მეც არ მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივიდა, ამიტომ, რაც მალე შევუდგებით ჩვენი გეგმის მეორე ნაწილის განხორციელებას, მით უკეთესი.
– ანუ, ვითესებით? – დიდად არ გაუხარდა ვახოს მოსალოდნელი პერსპექტივა.
– თუ არ გინდა, ვიღაცამ სიცოცხლის დღეები შეგიმოკლოს ან დაუსრულებელი შეკითხვებით ამოგხადოს სული, ჩემთან ერთად უნდა აითესო. პრინციპში, ამას რა ჯობია, ახლა იმდენი ფული გვაქვს, ნებისმიერ ქვეყანაში მაგრად ვიგრიალებთ, ჭურჭლის სარეცხად და უნიტაზების სახეხად ხომ არ მიმყავხარ!
– მანქანა?
– რა მანქანა?!
– ჰო, მანქანას აქ ვტოვებთ? ხომ არ გაგვეყიდა?
ლაშამ სიჩქარეს მოუმატა და მეგობარს განცვიფრებულმა შეხედა.
– შენ, მგონი, ვერ მიხვდი, რა მოხდა ჩვენს თავს. ერთ საათში მივდივართ აქედან მანქანით. ავზს ვავსებთ საწვავით და შეუსვენებლად ვივლით, სანამ საზღვარზე არ გადავალთ.
– ჰმ, საზღვარზე გადავალთო, ისე ამბობ, თითქოს, თუ ჩვენი გასკვანჩა მოუნდებათ, იქ ვერ მოახერხებენ ამას. რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონდეთ, როგორ გგონია, აქამდე გაგაგულავებდნენ? ნახე, რა მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა?
– სწორედ ეს არ მომწონს. ზედმეტად მშვიდად არის ყველაფერი, – ლაშამ ისევ მოუმატა სიჩქარეს და უკან მომავალ მანქანას ეჭვით გახედა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში