როგორ დახოცა „გრუმ“ მშვიდობიანი ხალხი
მსოფლიოში ნაქები და ფართოდ რეკლამირებული „გრუს“ ეგრეთ წოდებული „სპეცნაზი“, რომელიც „მშვიდობის ბურჯად“ იყო შერაცხული საბჭოთა პროპაგანდის მიერ, რუსული შოვინიზმის იარაღად გადაიქცა. „გრუელებს“ მხოლოდ მკვლელობა, პროვოკაცია და სისასტიკე ევალებოდათ, რაც პოლკოვნიკ პოპოვის დოქტრინაშია თვალნათლივ ასახული.
პოპოვის დოქტრინა
პოლკოვნიკი ანდრეი პოპოვი ტიპური რუსი „დერჟავნიკი სალდაფონი“ იყო, რომელიც დღენიადაგ ომსა და სხვისი ტერიტორიების დაპყრობაზე ფიქრობდა. ის „გრუს“ ოპერატიულ შტაბში მუშაობდა და ამ ორგანოს ასპროცენტიანი გარუსების შემდეგ, ეგრეთ წოდებული „გამწარების დოქტრინა“ შეიმუშავა. პოპოვის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ „გრუში“ გამოწვრთნილი მკვლელები რუსეთის რომელიმე მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა შესულიყვნენ, ამ ხალხის მტრების ფორმაში გადაცმულები უნდა დასხმოდნენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას და მათთვის გენოციდი მოეწყოთ.
პირველი ასეთი ექსპერიმენტი 1963 წლის 11 აგვისტოს ჩატარდა. იმ დღეს პალესტინის ქალაქ რამალაში, ისრაელის არმიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა რუსმა „გრუელებმა“ მშვიდობიან პალესტინელებს არნახული სასაკლაო მოუწყვეს.
ცეცხლოვანი წვიმა
11 აგვისტოს, დილის 4 საათზე, ქალაქ რამალაში „გრუს“ ორასკაციანი რაზმი შევიდა. მათ ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ ქალაქის ყველა შესასვლელ-გასასვლელისა და სტრატეგიული ობიექტების განლაგება. ისინი შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური იარაღებით, მსუბუქი, რეაქტიული ყუმბარმტყორცნებით და მომწამვლელი გაზებით.
ქალაქს მშვიდად ეძინა, რადგან ისრაელსა და პალესტინას ზავი ჰქონდათ დადებული და თავდასხმას არავინ ელოდა. „გრუს“ რაზმს პოდპოლკოვნიკი იური მასლოვი ხელმძღვანელობდა. „გრუელები“ ხუთად გაიყვნენ: ერთი ორმოცდაათკაციანი ქვედანაყოფი ზურგის გასამაგრებლად დარჩა, დანარჩენებმა კი ქალაქის ოთხ სტრატეგიულ, მშვიდობიან ობიექტზე მიიტანეს იერიში – თავს დაესხნენ სამშობიაროს, საავადმყოფოს, ჰუმანიტარულ საწყობსა და ქალაქის წყალსაცავს. ამგვარად, ებრაელი სამხედროების ფორმაში გამოწყობილმა რუსმა მებრძოლებმა დაუნდობლად გაანადგურეს არასამხედრო ობიექტები, დახოცეს ფეხმძიმე ქალები, დაწვეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობები და ააფეთქეს წყალგამწმენდი სადგური. ქალაქი რამალა ცეცხლის ალში გახვეული დატოვეს, ქუჩები კი 1 200 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის გვამებით იყო სავსე.
„ებრაელები, ებრაელები!“ – გაჰკიოდნენ გამწარებული პალესტინელები და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ რამალას ტრაგედია მათი მოკავშირე რუსების მიერ იყო მოწყობილი.
კამიკაძის ინსტიტუტი
ანდრეი პოპოვის დოქტრინის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ის იყო, რომ პალესტინელებისთვის საფუძვლიანად შეეძულებინათ ებრაელები და მთელი პალესტინელი ერი კამიკაძეებად, ანუ ყველაფერზე წამსვლელ თვითმკვლელებად ექციათ. ამ საქმეში „გრუმ“ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი, იასირ არაფატი ჩართო და საქმე გიგანტური ნაბიჯებით დაიძრა წინ.
1963 წლის 12 აგვისტოს არაფატი მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც მას უშიშროების გენერალი ოლეგ ბობროვი შეხვდა. ბობროვი საბჭოთა ხელმძღვანელობისგან იყო უფლებამოსილი და მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა არაფატს უთხრა:
– ხომ ხედავთ, რას გიშვრებიან ებრაელები, ისინი თქვენი გენოფონდის ამოწყვეტას გეგმავენ და იმიტომ დაესხნენ თავს თქვენს სამშობლოს, დახოცეს ფეხმძიმე ქალები და ახალშობილები. სისხლი – სისხლის წილ! თქვენ შიში და პანიკა უნდა დათესოთ ებრაელებში და, თავდასხმისთვის დრო რომ არ დარჩეთ, ომი მათ ტერიტორიაზე უნდა გადაიტანოთ.
შემდეგ ბობროვმა არაფატი მოსკოვის მახლობლად, უშიშროების ტერორისტულ ბაზაზე წაიყვანა, დაათვალიერებინა და იქ პალესტინელი ტერორისტებისა და კამიკაძეების მომზადება შესთავაზა. ამგვარად, პირველი პალესტინელი კამიკაძეების ორმოცკაციანი ჯგუფი უკვე 1963 წლის 24 აგვისტოს ჩაფრინდა ბალაშიხაში და ექვსთვიანი მომზადება დაიწყო.
P. S. პოპოვის დოქტრინამ და მისმა განხორციელებამ ახლო აღმოსავლეთში ახალი ცეცხლი გააღვივა და, რუსების მიერ წაქეზებულებმა, ათეულათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი დაღვარეს მთელ მსოფლიოში...