როგორ დაგეგმა ახალგაზრდა ქალმა საკუთარი გატაცება და სად იმალებოდა ის საყვარელთან ერთად ქმრისთვის ფულის გამოძალვამდე
სისხლის სამართლის საქმე ადამიანის გატაცების ფაქტზე დაზარალებულის, 38 წლის ნიკოლოზ ბარბაქაძის შეტყობინების ფაქტზე აღიძრა. მან სამართალდამცველებს ორდღიანი დუმილის შემდეგ მიაკითხა და განაცხადა, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა მისი მეუღლე – 27 წლის ნათია გაგნიძე. ამონაწერი ნიკოლოზ ბარბაქაძის ჩვენებიდან: „რვა წელია, რაც მე და ნათია დავქორწინდით, გვყავს 7 წლის შვილი – მარიამი. როდესაც ოჯახი შევქმენით, რაიონში ვცხოვრობდით. მალე თბილისში გადმოვედით და პატარა ბიზნესი წამოვიწყე, მშობლებიც დამეხმარნენ და ოროთახიანი ბინა შევიძინეთ. წყნარი, მშვიდი ოჯახი გვაქვს, შეძლებულად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ოჯახურ პრობლემებს თავს ვართმევთ. მე ავეჯის ბიზნესი მაქვს ელიავას ბაზრობაზე, ნათია სუპერმარკეტში მუშაობს მენეჯერად, მშობლებიც გვეხმარებიან სოფლიდან და ასე გავდივართ იოლას. მე და ნათიას ურთიერთობაში პრობლემა არასდროს გვქონია, არც ისეთი ადამიანები არიან ჩვენს წრეში, რომ რაიმეში ოდესმე ეჭვი შემპარვოდა. ჩემი მეუღლე ისე ცხოვრობს როგორც ოჯახის ქალს შეეფერება, დილით მიდის სამსახურში და სამსახურის დამთავრებისთანავე, სახლში მოდის. იმ დღესაც ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში, საღამოს ექვსზე უნდა დაბრუნებულიყო. დააგვიანდა მობილურ ტელეფონზე დავურეკე და გამორთული ჰქონდა, ვიფიქრე, ცოტა ხანში მაინც ჩართავდა, მაგრამ არ ჩართო. სახლიდან გამოვედი, არსად ჩანდა, მერე მის სამსახურში მივაკითხე, მითხრეს: საღამოს ექვს საათზე წავიდაო, მის მეგობრებსაც დავუკავშირდი, მაგრამ არც მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, სად შეიძლებოდა, ნათია წასულიყო. მთელი ღამე ვეძებე. მორგებშიც კი წავედი მეგობრებთან ერთად, მაგრამ ვერსად მივაგენი”.
სამართალდამცველებმა დაკარგული ქალის ძებნა დაიწყეს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს, რომ ნიკოლოზ ბარბაქაძეს და მის მეუღლეს მშვიდი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ და წესით, კრიმინალურ სამყაროსთან არ უნდა ჰქონოდათ კავშირი. იგივე განაცხადეს მეზობლებმა და ოჯახის ახლობლებმაც, ვერსია, რომ ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, არცთუ სარწმუნო გახლდათ – გადამოწმდა ყველა საავადმყოფო, მორგი, ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ ნათია გაგნიძის კვალის მიგნება ვერ მოხერხდა. მოვლენები, ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ შეიცვალა. ნიკოლოზ ბარბაქაძის მობილურ ტელეფონზე დარეკა უცნობმა მამაკაცმა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე გატაცებულია. ამონაწერი ნიკოლოზ ბარბაქაძის ჩვენებიდან: „ეს ზარი იმდენად მოულოდნელი იყო და ისე დავიბენი, რომ გაცნობიერებაც ვერ მოვახერხე, რა მითხრეს, გამთენიისას დაირეკა ჩემთან დაფარული ნომრით. ახალგაზრდა მამაკაცმა მიკითხა, თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა მისი ზარი. ჩემთვის უცნობი მამაკაცი, არაქართული აქცენტით მესაუბრებოდა და მითხრა: თქვენი მეუღლე გატაცებულია და ორ დღეში 20 ათას დოლარს თუ არ მოიტანთ, პრობლემები შეექმნებაო. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ვთხოვე: მეუღლე დამალაპარაკეთ, მისი ხმა გამაგონეთ-მეთქი. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ტელეფონში ჩემი მეუღლე დამელაპარაკა, აღელვებული ხმა ჰქონდა, ძლივს ჩაილუღლუღა: ნიკო, უცხო ხალხთან ვარ, არ ვიცი სად ვყავარ მათ და მიშველეო. ამის მეტი მან ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ყურმილი ისევ უცნობმა გამოართვა და მითხრა: სამ დღეს გაძლევ ფულის მოსატანად, არ გაბედო და ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადო, თორემ ნათიას ცოცხალს ვერასდროს ნახავო. ამის მერე ტელეფონი გამითიშეს. მეგობარს დავურეკე რჩევის საკითხავად. ერთი დღე ვიყოყმანე, განმეცხადებინა თუ არა ამის შესახებ პოლიციაში. შემეშინდა, ნათიასთვის რამე არ დაეშავებინათ, მაგრამ, მერე მაინც გადავწყვიტე, რომ პოლიცია საქმის კურსში ჩამეყენებინა”.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე საეჭვო პირების ძებნა დაიწყეს. ნიკოლოზ ბარბაქაძეს მცირე ბიზნესი ჰქონდა, ის რომ მეწარმეს სამ დღეში ოცი ათასი დოლარის შოვნა, პრაქტიკულად, არ შეეძლო, მისი ყველა ნაცნობ-მეგობრისთვის იყო ცნობილი. გადამოწმდა ნიკოლოზ ბარბაქაძის საქმიანი კავშირებიც, როგორც თავად დაზარალებულმა განაცხადა, რამდენიმე დღეში ის მართლაც ელოდა ფულს იმ შეკვეთიდან, რომელიც ერთი თვის წინ აიღო სოლიდური კომპანიის მიერ. თუმცა, საუბარი იყო 10 ათას დოლარზე. როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ნიკოლოზის მეუღლე, თავად დაკარგული ქალბატონი ფლობდა. ამონაწერი ნიკოლოზ ბარბაქაძის ჩვენებიდან: „წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა ასეთი რამ. მე არ მაქვს დიდი ფული, რომ მტრები მყავდეს, მით უმეტეს, ჩემს მეუღლეს. არც აგარაკი გვაქვს, არც ძალიან ძვირფასი ნივთები. უახლოეს დღეებში 10 ათას დოლარს ველოდი საქმიანი გარიგებიდან. ამის შესახებ ისე, გაკვრით ვუთხარი ნათიას. შეიძლება, მისი გატაცება ამ ფულთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ვის უნდა მოეწყო ეს, არ ვიცი”.
სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დაზარალებულთან ერთად დაგეგმეს ოპერაცია. სატელეფონო ზარების გადამოწმებამ შედეგი ვერ გამოიღო – მობილური ტელეფონის სიმბარათი, უცნობ ადამიანზე იყო გაფორმებული. მან განაცხადა, რომ ქუჩაში შემთხვევით გააჩერა ახალგაზრდა ქალმა და სთხოვა, მისთვის სიმბარათი აეღო, რადგან თავად პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბარბაქაძეს გადასცეს დანომრილი 20 ათასი დოლარი. თუმცა, იქამდე, ნათია გაგნიძის გამტაცებლებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი კიდევ შედგა. დამნაშავეებს ეჭვი რომ არ აეღოთ, ნიკოლოზ ბარბაქაძემ პირველი საუბრის დროს განაცხადა, რომ ამდენ ფულს ვერ მოაგროვებდა და იქნებ, თანხა ცოტა დაეკლოთ. თუმცა, გამტაცებლები ამაზე არ დათანხმდენ. ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარბაქაძემ კიდევ ერთი დღე მოითხოვა. გამტაცებლებმა კიდევ ერთხელ ცოლ-ქმარს გასაუბრების საშუალება მისცეს, და ნათია გაგნიძემ ქმარს განუცხადა, რომ უცნობ მამაკაცებს ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ. სასწრაფოდ შველას ითხოვდა. ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარბაქაძე გამტაცებლებს შეხვედრაზე შეუთანხმდა. შეხვედრა მიტოვებულ სკვერში უნდა შემდგარიყო – ბარბაქაძეს ფული სკამის საზურგეში უნდა დაეტოვებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნებდნენ გამტაცებლები მის მეუღლეს – ფულის აღებიდან ერთ საათში დაბრუნდებოდა ქალი სახლში.
ნიკოლოზ ბარბაქაძემ ფული დათქმულ დროს და დათქმულ ადგილზე მიიტანა. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩასაფრებული – დამნაშავემ სკამის საზურგეში დატოვებული ფულის აღება დააგვიანა – სკვერში სამი საათის შემდეგ მივიდა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 26 წლის ვასიკო ფირანიშვილი აღმოჩნდა. დაკავების დროს ფირანიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. თავიდან მან განაცხადა, რომ სკამის საზურგიდან ფულის ამოღება მისთვის უცნობმა მამაკაცმა სთხოვა. თუმცა, მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნათია გაგნიძის გატაცება ინსცენირებული იყო და ახალგაზრდა ქალი თავად იყო ამ დანაშაულის მთავარი მონაწილე.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ნათია გაგნიძე და ვასიკო ფირანიშვილი თანასოფლელები და კლასელები იყვნენ. მათ ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა ერთი წლის წინ გააბეს, ნათიას ეს ამბავი ისე ჰქონდა გასაიდუმლოებული, რომ ამის შესახებ მისმა უახლოესმა მეგობრებმაც არაფერი იცოდნენ. ნათია და ვასიკო ერთმანეთს ნაქირავებ ბინაში ხვდებოდნენ. ერთ დღესაც საყვარელმა ქალს განუცხადა, რომ საქართველოდან წასვლას აპირებდა და თუ ნათია თანახმა იქნებოდა, მზად იყო მასთან ერთად გაქცეულიყო. ნათია ისე იყო შეყვარებული ბავშვობის მეგობარზე, რომ ოჯახის მიტოვება გადაწყვიტა. მან თავად შესთავაზა საყვარელს, რომ ვიზებისა და გამგზავრებისთვის საჭირო ფული მისი მეუღლისთვის, ნიკოლოზისთვის გამოეძალათ. ვასიკო ქალს აჩქარებდა: დროზე თუ არ წავედით აქედან, პოლიცია დამიჭერს. თუ შენ არ წამოხვალ, მე მარტო წავალ და მერე შენც ჩამოხვალო, რაც შეყვარებული ქალისთვის მძიმე სასჯელი აღმოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში გაარკვია, რომ მეუღლეს საქმიანი გარიგებიდან 10 ათასი დოლარი უნდა აეღო. ამის შესახებ მან საყვარელსაც განუცხადა. მათ ჯერ ბავშვის გატაცების ინსცენირება გადაწყვიტეს, მაგრამ ნათიამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა შვილის მოტაცება და ამ როლში საკუთარი თავი შესთავაზა საყვარელს. მათ ერთად გადაწყვიტეს, როგორ უნდა მოეგვარებინათ ყველაფერი. ნათიამ ვასიკოს ისიც კი უთხრა: ჩემს ქმარს ისე ვუყვარვარ, ქვეყანას გადაატრიალებს და რამდენსაც მოვთხოვთ, იმდენ ფულს იშოვისო. ნათია საკუთარი ფეხით მივიდა ნაქირავებ ბინაში, თავად მოძებნა ქუჩაში ადამიანი, რომლის მეშვეობით ახალი სიმბარათი აიღო. იმ დროს, როდესაც ნიკოლოზ ბარბაქაძე სამართალდამცველებთან დაკარგულ მეუღლეს ეძებდა, ნათია გაგნიძე საყვარელთან ერთად ნაქირავებ ბინაში სიყვარულის მორევში ცურავდა. თუმცა, მან ვერ შეძლო დაგეგმილი სცენარის სისრულეში მოყვანა – დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. ვასიკო ფირანიშვილმა ინსცენირების ავტორად ნათია დაასახელა, რაც თავად ნათიამაც არ დამალა წინასწარი გამოძიების დროს.
სასამართლო განხილვის დროს, პროკურატურამ ნათია გაგნიძისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალმდებლის მხარის მოთხოვნა და როგორც მცირეწლოვანი შვილის დედას, ნათია გაგნიძეს 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვასიკო ფირანიშვილსაც. ჩადენილი დანაშაულისთვის საყვარლებს ესპანეთში მოსახვედრი ვიზა საპატიმროში „ჩაურტყეს.”