როგორ იძია შური ქალმა ტყუპისცალ ძმაზე, რძალსა და საყვარელზე
ისტორია, რომელსაც მოგითხრობთ, თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული იყო და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი მთავარი მოქმედი გმირების ვინაობა შეცვლილია, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...
– მაპატიე, არ მომკლა! – აღმოხდა რკინის საწოლზე დედიშობილა მიბმულ ქალს, რომელსაც შავი თმა წელამდე სწვდებოდა და პირისახე ცრემლებით ჰქონდა დასველებული.
– არ მოგკლა? – ჩაეცინა შავქურქიანს და ალესილი სამართებელი გახსნა.
– არა, გთხოვ, მაპატიე! – შეევედრა ქალი, – შეცდომა ვის არ მოსვლია!
– რაც შენ ჩაიდინე, შეცდომა კი არა, დანაშაულია, თანაც ისეთი, სისხლითაც ვერ გამოისყიდი... ასე რომ, მოემზადე!
– არ მომკლა, გევედრები!..
– მოემზადე-მეთქი! – კბილებში გამოსცრა ქურქიანმა, სამართებელი ქალს ყელში გამოუსვა და არტერიიდან ამოხეთქილმა სისხლმა ქათქათა ზეწარი წითლად შეღება.
ყელგამოჭრილი ქალი ახროტინდა, რადგან კივილი აღარ შეეძლო. მერე კი, როცა სამართებელმა კიდევ ორჯერ, ღრმად გაისრიალა მის ყელზე, სისხლმა უფრო სქლად იფეთქა, ხუთიოდე წუთში კი ყელგამოჭრილი ქალი მიბმული ხელებით უსულოდ გადმოეკიდა საწოლიდან.
– ჩაძაღლდა! – ჩაილაპარაკა მკვლელმა და ქალს ჯერ ხუთლიტრიანი ავზიდან ბენზინი გადაასხა სხეულზე, შემდეგ კართან მივიდა, გამოაღო და სანამ გარეთ გავიდოდა, ანთებული ასანთი ესროლა...
1969 წლის 2 ოქტომბერს ზემო ვერის ერთ-ერთ კერძო სახლს საშინელი ხანძარი გაუჩნდა და სანამ იქ მეხანძრეები მივიდოდნენ, ორსართულიანი ხის ნაგებობა ასანთის კოლოფივით ჩაიფერფლა. ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა და მილიციამ იქ სახლის პატრონის, 33 წლის როზა გუდაძის ჩაფერფლილი სხეული აღმოაჩინეს. იმავე დღეს მილიციაში საქმე აღიძრა ხანძრის ფაქტზე, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირდა და მის გამოძიებას გივი აბაშიძე ჩაუდგა სათავეში.
კიეველი პრიმადონა
დანახშირებული ცხედრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როზა გუდაძე ჯერ მოკლული იყო, შემდეგ კი დამწვარი და ამ საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია სწორედ ამის გამო მიეცა.
გივი აბაშიძის საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ მოკლული როზა გუდაძე ძველი ბალერინა, კიევის საოპერო დასის წამყვანი პრიმადონა იყო ათი წლის განმავლობაში. გაირკვა, რომ თბილისში სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ზემო ვერაზე შეიძინა ბინა, რომელშიც ის ასე სასტიკად იქნა მოკლული. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ მოკლული გუდაძე არასდროს ყოფილა გათხოვილი და ისე იყო შეყვარებული ბალეტზე, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის ვერ იცლიდა. მილიციისთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ გუდაძის მშობლები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ და ის ბებიამ გაზარდა, რომელმაც 4 წლის გოგონა კიევში წაიყვანა საცხოვრებლად და ბალერინობაც მან დააწყებინა, მაგრამ ბებია შვილიშვილის ტრიუმფს ვერ მოესწრო – ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც გოგონას 17 წელი შეუსრულდა და საბალეტო კარიერას იწყებდა.
– აი, ბატონო გივი, ამონაწერი მოკლული გუდაძის შრომის წიგნაკიდან და მისი დახასიათებიდან, რომელიც კიევის ოპერის დირექტორმა გამომიგზავნა, – უთხრა აბაშიძეს უმცროსმა ლეიტენანტმა თაზო ქვარცხავამ და დაამატა, – მე დავინტერესდი იმითაც, თუ რამ აიძულა სახელგანთქმული ბალერინა, რომ 32 წლის ასაკში ცეკვისთვის დაენებებინა თავი.
– და რა გაიგე?
– რა და, თურმე როზა გუდაძეს წვივში მოუტეხავს ფეხი, მოტეხილობა გაუმიზეზდა, ცეკვა ვეღარ შეძლო და საშინელ დეპრესიაში მყოფმა კიევი დატოვა, თბილისში ჩამოვიდა და სახლის ყიდვის მერე მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა. მას არც მეგობრები ჰყოლია აქ, მეზობლებსაც კი არ იცნობდა ხეირიანად და ძალიან კარჩაკეტილი ადამიანი იყო.
– იდუმალებით მოცული საქმეა, – თავი გააქნია აბაშიძემ, – თითქმის არაფერია ხელჩასაჭიდი და მისი გახსნა გაგვიჭირდება. როგორც ეტყობა, ამ კიეველმა პრიმადონამ ვიღაც ისე გაამწარა, რომ ასე გაიმეტეს და იმ ვიღაცის კვალს უნდა დავადგეთ. ასე რომ, ჩემო თაზო, შენ მივლინებით კიევში უნდა გაემგზავრო და მოკლულ როზა გუდაძეზე დამატებითი ცნობები შეკრიბო. მივლინება უკვე მზადაა, ბუღალტერიაში შეიარე, ფული აიღე და ხვალვე გაემგზავრე.
თაზო ქვარცხავა მეორე დღესვე გაემგზავრა უკრაინის დედაქალაქში, სადაც მას კოლეგები დახვდნენ, დააბინავეს და ცნობების შეგროვებაში დაეხმარნენ.
ლამაზი პეტრო
თაზო ქვარცხავა სასტუმრო „უკრაინაში“ ცხოვრობდა, საიდანაც საოპერო თეატრამდე ფეხით ათი წუთის სავალი იყო. მისი ვიზიტის მესამე დღეს, სასტუმროში დაბრუნებულ ქვარცხავას ჰოლში ორმოციოდე წლის ლამაზი ქალი დახვდა, რომელიც მას მიესალმა:
– გამარჯობა.
– გაგიმარჯოს. გისმენთ, ქალბატონო!
– მე ლარისა პრიხოდკო გახლავართ, ყოფილი ბალერინა და როზას ყოფილი მეგობარი. როზას ამბავი რომ შევიტყვე, კინაღამ გული გამისკდა, შემდეგ გავიგე, რომ ჩემს კოლეგებს ეკითხებით როზას შესახებ და გადავწყვიტე, გაგესაუბროთ.
– გისმენთ, ქალბატონო ლარისა, რაშია საქმე?
ყოფილი ბალერინა და თაზო სასტუმროს ნომერში განმარტოვდნენ და პრიხოდკომ გამომძიებელს უთხრა:
– მე პეტრე პრიხოდკოს ტყუპისცალი და ვარ. ჩემი ძმა, პეტრე, სახელგანთქმული ბალერონი იყო და როზასთან ერთად თითქმის ათი წელი ცეკვავდა. ჩემს ძმას „ლამაზ პეტროს“ ეძახდნენ და მას ყველა ქალი ეტრფოდა, თუმცა ბოლოს ის ანას დარჩა. მიუხედავად ამისა, მათ შვილი არ ჰყავდათ, ხშირად კონფლიქტები მოსდიოდათ და სულ რაღაც ორი წლის შემდეგ სულაც დაშორდნენ ერთმანეთს. ანა კიევიდან გაემგზავრა, მაგრამ, როგორც პეტრომ მითხრა, დაიმუქრა, რომ მოვა დრო და ისეთ შურს ვიძიებ, კედლებიც კი ატირდებიანო. ერთი სიტყვით, ჩემი ყოფილი რძალი გაქრა, ზუსტად ერთი წლის მერე კი პეტრო მოულოდნელად გარდაიცვალა – მას გული გაუსკდა, როგორც ექიმებმა თქვეს, მოულოდნელი ინფარქტი დაემართა. მე კი ეს დღემდე არ მჯერა, რადგან ჩემი ძმა ხარივით ჯანმრთელი იყო, არ სვამდა, არ ეწეოდა... აქ რაღაც სხვა რამეში უნდა ყოფილიყო საქმე. თუმცა, დასკვნას წყალი არ გაუვიდოდა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმა თქვენმა ყოფილმა რძალმა მოკლა?
– მე ამას ვერ დავიჟინებ, მაგრამ პეტროს ყოველთვის ეშინოდა შურისძიების. ერთხელ კი პირდაპირ მითხრა: „იცი, დაიკო, ის ურჩხული ერთ მშვენიერ დღეს მობრუნდება და ყველას მუსრს გაგვავლებსო“, – პეტრო ანას გულისხმობდა.
– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს როზა გუდაძის მკვლელობასთან?
– პირდაპირი, – თქვა ლარისამ, – პეტროს და როზას რომანი ჰქონდათ. და ვფიქრობ, ანამ ჯერ პეტროზე იძია შური, შემდეგ კი – როზაზე და, გამორიცხული არაა, რომ ჩემი ჯერიც დადგა.
თაზო ქვარცხავა გაოცებული იყო ლარისა პრიხოდკოს მონათხრობით და აღელვებულ ქალს ჯერ წყალი დაალევინა, შემდეგ კი უთხრა:
– რა გვარია თქვენი ყოფილი რძალი?
– ანა რიჟიკი.
დასახიჩრებული გვამი
თაზო ქვარცხავა ერთ კვირაში დაბრუნდა. თბილისში, აბაშიძეს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– ტიპური სასიყვარულო სამკუთხედია. როგორც ეტყობა, იმ ანა რიჟიკს შურისძიება აქვს დაწყებული. ამიტომ, მე ჯერ კიდევ კიევში ყოფნისას ველაპარაკე ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და რიჟიკის მოძებნაში დახმარება ვთხოვე. როგორც კი რამე გამოჩნდება, ისინი აუცილებლად შეგვატყობინებენ.
– ვითომ ასე მარტივადაა საქმე?! – ეჭვით თქვა აბაშიძემ, – ასე მარტივად მოქმედებს ის ვიღაცა რიჟიკია და, თან, არ ჩანს?
– მარტივად რატომ, ამხანაგო მაიორო, – თქვა ქვარცხავამ, – ლარისა პრიხოდკოს მეტმა არავინ იცის ამ მუქარის ამბავი, რაც ლარისას მისმა ტყუპისცალმა ძმამ შეატყობინა.
– საეჭვოა, – ჩაილაპარაკა მაიორმა აბაშიძემ.
– რა ბრძანეთ, ამხანაგო მაიორო? – ჰკითხა უფროსს ქვარცხავამ, – რა არის საეჭვო?
– მოკლედ, ასე, თაზო, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა აბაშიძემ, – შენ ახლა მხოლოდ ანა რიჟიკის ბიოგრაფიის შესწავლაზე იმუშავებ. ამისთვის მე შენ ორ კვირას გაძლევ, მერე კი კვლავ კიევში უნდა გაემგზავრო, მაგრამ, ერთი პირობით: შენი იქ გამგზავრების თაობაზე ლარისა პრიხოდკომ არაფერი უნდა შეიტყოს.
– რატომ?
– ასეა საჭირო. მოკლედ, ინკოგნიტოდ გაემგზავრე და მხოლოდ ჩვენს კოლეგებს ეკონტაქტე, გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო გივი.
თაზო ქვარცხავას თბილისში დაბრუნების შემდეგ, ეტყობოდა, რომ საკმაოდ შეცვლილი ჰქონდა წარმოდგენები და აბაშიძეს უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, აქ რაღაც სხვა რამეშია საქმე.
– მაინც რაში, თაზო?
– რა და მე მგონი, ლარისა პრიხოდკო რაღაცას გვატყუებს.
– მაინც, რას?
– რას და ანა რიჟიკის შესახებ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ ანა რიჟიკს სულაც არ ახასიათებენ ისეთად, როგორც ამას ლარისა პრიხოდკო ამბობს. რიჟიკი მართლა იყო ორი წლის განმავლობაში გათხოვილი პეტროზე და მართლა დაშორდა მას, თუმცა იქვე, კიევის მახლობლად, დედათა მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა და, როგორც მონასტერში მითხრეს, თურმე ძალიან სათნო, კეთილი და მორწმუნე ადამიანი ყოფილა. ასეთი კი მსგავს საშინელ დანაშაულს არ ჩაიდენდა. მონასტრის წინამძღოლმა დედა მატრონამ მიამბო ეს ყველაფერი და, დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ასეა.
– ესე იგი, შენ რიჟიკის კვალს მიაგენი?
– პირიქით, დავკარგე. როგორც დედა მატრონამ მითხრა, თურმე, ანა შარშან სამების ლავრაში გაემგზავრა და გზაში დაიკარგა. ხოლო, როდესაც დედებმა მილიციას შეატყობინეს ეს ამბავი, სამი დღის შემდეგ იმ მიდამოებში ქალის ცხედარი იპოვეს. ქალს ყელი სამ ადგილას ჰქონდა გადაჭრილი, მთელი სხეული კი ისეთი დასახიჩრებული ჰქონდა, რომ დაკარგული ადამიანების ჭირისუფალთაგან ვერც ერთმა ვერ ამოიცნო.
– ანუ, შენ ფიქრობ, რომ დასახიჩრებული სხეული ანა რიჟიკს ეკუთვნის?
– მე ასე ვვარაუდობ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, – მიუგო თაზომ მაიორს.
– კეთილი, ჩემო კარგო, – თქვა აბაშიძემ, – მე ერთი იდეა მომივიდა და ერთად უნდა დავხვეწოთ ის, საამისოდ კი კიევში გამგზავრება ორივეს მოგვიწევს.
– რა იდეა, ამხანაგო მაიორო?
– პატარა საგამოძიებო აფერა უნდა ჩავატაროთ.
საგამოძიებო აფერა
გივი აბაშიძე და თაზო ქვარცხავა მეორე დღესვე კიევში გაემგზავრნენ და მას მერე, რაც თავიანთ კოლეგებს ვიზიტის ნამდვილი მიზანი შეატყობინეს, საქმეს შეუდგნენ.
კიევის მილიციის კაპიტანმა, მიკოლა ლისკომ, რომელიც სპეციალურად შეირჩა აბაშიძის მიერ, რადგან ქართველ გამომძიებელს უაქცენტოდ მოლაპარაკე უკრაინელი სჭირდებოდა, ლარისა პრიხოდკოს ტელეფონის ნომერი აკრიფა და თქვა:
– პრიხოდკოს ბინაა?
– დიახ, გისმენთ!
– თუ შეიძლება, ლარისას სთხოვეთ!
– ლარისა პრიხოდკო გისმენთ, ვინ ბრძანდებით?
– ლარისა ხართ?
– დიახ, დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს, – თქვა მიკოლა ლისკომ, – მთავარი ისაა, რომ მე მოწმე ვარ და, თუკი ერთი კვირის განმავლობაში ათი ათას მანეთს არ ჩამაბარებთ, მაშინ მილიციას შევატყობინებ, როგორ მოკალი სადისტურად სამების ლავრის გზაზე ახალგაზრდა მონაზონი. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცი. სამაგიეროდ, თქვენ გიცანით, რადგან თქვენი ძმა, პეტრო, ცნობილი ბალერონი იყო, თქვენ კი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ.
– რა სისულელეა, – ხმის კანკალით თქვა ლარისამ.
– ჰოდა, თუ სისულელეა, მაშინ კარგად მეყოლეთ, მაგრამ, არა მგონია, კარგად იყოთ, რადგან სულ მალე მილიცია მოგაკითხავთ. თუ შეიძლება, სახლში დარჩით, რომ ძებნა არ დაგიწყონ!..
– მოიცადეთ, მოიცადეთ! – წამოიყვირა ლარისამ, შევხვდეთ და პირისპირ დავილაპარაკოთ.
– მხოლოდ და მხოლოდ ათი ათასით თუ შემხვდებით, სხვა ლაპარაკზე არ ვარ თანახმა.
– კარგი. ზუსტად სამ დღეში ხმელნიცკის სკვერში მოდით და ფულს მიიღებთ, – უთხრა ლარისამ მილიციელს და ტელეფონი დაკიდა.
ლესბოსელის მონათხრობი
სატელეფონო აფერიდან მესამე დღეს, ხმელნიცკის სკვერში, 40 წლის ლარისა პრიხოდკო მილიციამ 10 ათასი მანეთით და „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტით დააპატიმრა.
ქალმა რომ ოპერმუშაკები დაინახა და მიხვდა, რაში იყო საქმე, გაქცევა სცადა, მაგრამ ის დააკავეს, მილიციის სამმართველოში მიიყვანეს და ურჩიეს, ყველაფერი მოეყოლა. თავიდან ქალი თავს იშტერებდა, სიგიჟეც კი გაითამაშა, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა, კბილებში გამოსცრა:
– კეთილი. ვაღიარებ, რომ ჩემი ძმა პეტრო, ანა და როზა – სამივე მე მოვკალი.
– რაო, რას ბრძანებთ? – ჰკითხა აბაშიძემ პრიხოდკოს, რადგან მისგან ამ სიტყვებს არ მოელოდა.
– რა და ის, რომ მე და როზა საყვარლები ვიყავით. ახლა სხვა დროა და ჩვენ გარიყულები ვართ, მაგრამ ჩვენი დროც დადგება.
– რას როშავთ, რომელ დროზე ლაპარაკობთ? – განრისხდა აბაშიძე.
– დიახ, დიახ, – ჯიუტად იმეორებდა პრიხოდკო, – ლესბოსელების დროც მოვა. ერთი სიტყვით, როზამ ჯერ ჩემს ძმასთან მიღალატა და სწორედ ამის გამო მოვკალი მე პეტრო, რადგან მან მე საყვარელი ადამიანი წამართვა. ჩემ შესახებ ანამ მანამდე შეიტყო, პეტროს დაშორდა და მონასტერში აღიკვეცა, მე კი ზედმეტი მოწმე არ მინდოდა და ანაც მოვკალი. ბოლოს კი თბილისში გამოქცეული როზაც საიქიოში გავისტუმრე...
სამი ადამიანის მკვლელობისთვის 40 წლის ლარისა პრიხოდკოს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ის ციხის საკანში პატიმრებმა ჩამოახრჩვეს.