რატომ უნდა ჩაუთქვათ გულით შობა დღეს სურვილი და როდის ხდება სარკე მთელი წელი თქვენი დამცველი
საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა, უბრალოდ, აუცილებელი ტრადიციაა. ახალი წელი ყოველთვის მწვანე ნაძვთან და მის გარშეო დაწყობილ სათამაშოებსა და საჩუქრებთან ასოცირდება. ძველი ხალხი, იმასაც ამბობს, ახლი წლის ღამეს ყველა სახლში, გაწყობილ ნაძვის ხეზე ოჯახის ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახის წევრებს ბრჭყვიალა და ლამაზად მორთული ხის კენწეროდან ლოცავსო. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ახალი წლის ჩავლის შემდეგ, არც მისი დაწვა და არც დაჩეხვა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, ასეთ საქციელს, იმ წელშივე უბედურება მოჰყვეს.
მანანა: ბავშვობიდან მესმოდა ოჯახის წევრებისგან, რომ შობა ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აუხდება ადამიანს. მთავარია, ის გულით გინდოდეს და გულით ისურვოო. შვიდ იანვარს გარკვეული პოზიტიური ენერგია აქვს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. ასე რომ, შობა დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ, თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება, წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ, თუ თქვენს სურვილს სწორ, მიზანმიმართულ გეზს მისცემთ. საერთოდ, ახალი წლის დღეებში ადამიანს განსაკუთრებული დაკვირვება მართებს. თითოეულ ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. უცხოეთიდან ტრადიციად შემოვიდა, რომ ახალ წელს სახლიდან გადაყარონ ძველი ნივთები და რაც მეტ ნივთს გადაყრით, მით მეტ სიმდიდრეს მოგიტანთ ახალი წელიო.
– ეს არ ვიცოდი. ესე იგი, ახალი წლის დღეებში, რაც მეტ ნივთს გავიტანთ გარეთ და გადავყრით, მით მეტ სიკეთესა და ბედნიერებას უნდა ველოდოთ იმ წელიწადს?
– არა, ეს სიმართლე არ არის. ვიცოდი, რომ ასე გაიგებდით. ახლა, თუ ყველაფერი გადაყარეთ, ცარიელ ოთახში დაჯექით და ბედს დაელოდეთ, მთლათ ასეც არ არის საქმე (იცინის). მოლედ, ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა, რა გადააგდოს და რა – არა. თუ გინდათ, ახალმა წელმა ბედნიერება მოგიტანოთ, სწორედ ამ ახალი წლის დღეებში უნდა მოიქცეთ გონივრულად. მაგალითად, ახალი წლის დღეებში არ შეიძლება სურათების, წამლების, ძველი ჩანაწერების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ჩანთების გადაყრა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად მოისროლოთ ნაგვის ყუთში მოძველებული აპარატურა, სამზარეულოს ნივთები ან ავეჯი.
– გამიგია, ნაძვის ხის გადაგდება ან დაჩეხვაც არ შეიძლებაო. ეს თუა რეალური? და, სად უნდა წავიღოთ ნაძვის ხე ახალი წლის ზეიმის შემდგომ?
– ყველგან ვამბობ, რომ აუცილებელია ნაძვის ხესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეს ადამიანი. მთავარია, არ გაანაწყენოთ და არ გაგებუტოთ თქვენი ნაძვის ხე. თუ ასე მოხდა, მაშინ იმ წელს უბედურება გარდაუვალია ოჯახში. ამიტომ, არასდროს დაწვათ ის, არც დაჩეხოთ და არც უხეშად მოექცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს, მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და იქიდან გლოცავდათ. ახალი წლის შემდგომ, ნაძვის ხე ფრთხილად უნდა აიღოთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადოთ. სხვათა შორის 2, 3, 5, 6 და 7 იანვარი ყველაზე განსაკუთრებული დღეებია. ამ დღეებში ნანახ სიზმრებს აუცილებლად დააკვირდით და გამოიტანეთ აზრი. არ არის გამორიცხული, ამ დღეებში ნანახი სიზმარი მალევე აგიხდეთ. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ ეს დღეები, რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებელი დღეები, ესტუმროთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ. ასევე, ერთ პატარა ეშმაკობასაც გასწავლით. მოკლედ, თუ ახალი წლის დღეებში ვინმემ ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე. ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ბალიშის ქვეშ ამოდეთ და ისე დაიძინეთ. ის დაგიცავთ ბოროტისგან, მთელი წლის განმავლობაში ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ძველ, დაბინდულ და შელახულ სარკეს. ის სწორედ ახალი წლის დღეებში უნდა გაიტანოთ გარეთ და გზაჯვარედინზე დატოვოთ, რომ უბედურება სახლიდან გარეთ გავიდეს და ზიანი ვერ მოგაყენოთ.
– ქალბატონო მანანა, გამიგია, რომ შობას ძველად, ყველა ოჯახში აუცილებელი ატრიბუტი იყო ცომისგან მოზელილი და შემდეგ გამომცხვარი კვერები. ზოგი მას თურმე კართან კიდებდა, ზოგიც ღარიბებს ურიგებდა და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით თუ იცით რამე?
– როგორ არა. ჩემს ბავშვობაში, შობის დღეს ჩვენი ოჯახიც ასე იქცეოდა. დედა მოზელდა ტკბილ ცომს, მამა კი მისგან ათასგვარ ფიგურებს აკეთებდა, შემდეგ მას გამოაცხობდნენ და ზოგს კარზე კიდებდნენ, ზოგს ალილოზე მოსულ ბავშვებს ურიგებდნენ, ზოგსაც გაჭირვებულებს აძლევდნენ. დანარჩენებს კი, ბავშვები მივირთმევდით. არ დამავიწყდება, განსაკუთრებით მიყვარდა ბეკეკასგამოსახულებიანი კვერი. ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის გამოცხვებოდა და დიდხანს ვინახავდი, ვერ ვიმეტებდი, რომ მეჭამა (იცინის). როცა წამოვიზარდე, მერე გავიგე, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ რიტუალს. ბავშვობაში კი, უბრალოდ, პროცესი მიყვარდა. რომ გავიზარდე და გავიგე რატომაც აცხობდნენ ოჯახებში ასეთ კვერებს 7 იანვარს, მივხვდი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. არსებობს მოსაზრება, რომ შობა დღეს აუცილებელია ყველა ოჯახში იყოს ცომისგან გამომცხვარი ბეკეკა, რომელსაც კარზე დაკიდებთ. მით უმეტეს, თუ ბავშვია ოჯახში, ეს აუცილებლად უნდა მოახერხოთ. ამბობენ, ეს რიტუალი, ბავშვებს იცავს ბოროტისა და განსაცდელისგანო. ასევე, კარგია, თუ ასეთ პატარა ფიგურებს თავად დააცხობთ შობა დღეს და მას პატარებს დაურიგებთ. მათგან წამოსული სიკეთე და სუფთა ენერგია თქვენზე აუცილებლად დადებითად აისახება.
– სარწმუნოა თუ არა ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმრები?
– საერთოდ, ბევრს სჯერა სიზმრის, ბევრს არა, აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი. პირადად მე, მჯერა სიზმრის ფენომენის და ახალი წლის დღეებში, კერძოდ კი 3, 5, 6 და 7 იანვარს ნანახი სიზმრების ახდენის. სიზმარი ერთგვარი ცხოვრებისეული წინასწარმეტყველებაა და თუ მას ახალი წლის დღეებში ნახავთ, არ არის გამორიცხული, ის თქვენი მომავლის მაცნე იყოს. საკუთარი სიზმრის ახსნა, გაგება და წაკითხვა, ნიშნავს უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო შენს გარშემო. ზოგს შესაძლოა, ფანტასტიკად მოეჩვენოს ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ დამიჯერეთ, ზოგჯერ, სიზმარს შეუძლია, გაგვიწიოს ის დახმარება, რასაც ასე დიდხანს და ამაოდ ელოდით გარშემო მყოფებისა და მეგობრებისგან. ასე რომ, იმისთვის რომ სიზმრისგან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მისი სწორი ახსნა უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმარი გვკარნახობს, რომელი მიმართულებით ვიმოქმედოთ, რა ცვლილებები შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ წარმატებულები, თავდაჯერებულნი ან თუნდაც ძლიერები. ზოგჯერ, სიზმარს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ცნობილ ფსიქოლოგებს. სიზმრების მიმართ ადამიანებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ ყველა როდი აქცევს ყურადღებას. ჰოდა, თუ დამიჯერებთ, გეუბნებით, რომ ახალი წლის შემდგომ დღეებში, არ არის გამორიცხული სწორედ სიზმრად მოვიდეს თქვენთან წინასწარმეტყველება ღამით და ამას, იგნორირებას ნუ გაუკეთებთ. კარგად დააკვირდით რას ნახავთ ახალი წლის დღეებში და თავად მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ პირად ცხოვრებაში, რომ მეტად ბედნიერი, იღბლიანი და სასურველი იყოთ ახალ წელს.