როგორ დაბრუნდა ორწლისთავგადახდილი სიდედრი ახალ წელს
კახელი ვარ, თელავის რაიონიდან, ცოლი კი სოხუმელი მეგრელია. სტუდენტობისას ბიჭები სოხუმში წავედით დასასვენებლად და ერთ ლამაზ სახლში ვიქირავეთ ოთახი. სამნი ვიყავით და მათგან ყველაზე შეუხედავი მე გახლდით, მაგრამ, რატომღაც, ჩვენი დიასახლისის ერთადერთ ქალიშვილს დანახვისთანავე შევუყვარდი და თავისი გრძნობა არც დაუმალავს. იმას კიდევ, რა ჰქონდა ჩემი დასაწუნი, ანგელოზივით გოგო იყო. გავრისკე და წამოსვლის წინა დღეს დედამისს (მამა იმ დროს უცხოეთში მუშაობდა) მისი ხელი ვთხოვე, მაგრამ, რომ იტყვიან, პანღურით გამომაგდო სახლიდან – საიმისო რა მჭირს, ერთადერთი, განებივრებული შვილი შენისთანა ვირს არ გავატანოო. ავდექი და მეორე დღეს ჩავისვი ჩემი ცირა ნაქირავებ მანქანაში, პირდაპირ თელავში წამოვიყვანე და სასწრაფოდ მოვაწერეთ ხელი მმაჩის ბიუროში. მეორე არა და, მესამე დღეს ნახევარი სოხუმი თავზე დაგვადგა კახეთში – ქალის უკან წაყვანას ითხოვდნენ. მამაჩემმა გამოუცხადა: ამ გოგოს ცოცხალი თავით არ გაგატანთ, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილის კანონიერი ცოლიაო. ბოლოს, საჩხუბრად მოსული ხალხი მაყრად შემოუსხდა სუფრას.
მე და ცირას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მისმა ნათესავებმაც შემიყვარეს, მაგრამ, ვერ იქნა და ვერ მოვიგე სიდედრის გული.
ჩემი სიმამრი რომ გარდაიცვალა, სხვა გზა არ მქონდა და ჩავედი სოხუმში. ჩემს მოვალეობადაც ჩავთვალე და თან, ვიფიქრე, ეგებ სიდედრის გული მოვიგო-მეთქი და მიცვალებულთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საკუთარ თავზე ავიღე, თუმცა, ამაზეც შარი მომდო – ჩემს სახლ-კარზე უჭირავს თვალი და ამით უნდა, მომთაფლოს, მაგრამ, მე მაგას სიძედ მაინც არ ვცნობო. ერთი სიტყვით, ქალი კი არა, ელვა და მეხი იყო.
მერე ისე მოხდა, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო. მე გუდაუთასთან ვიბრძოდი და, ამდენი წყენის მიუხედავად, მაინც ვეძებდი სიდედრს, რომ სამშვიდობოს გამეყვანა, მაგრამ, მის კვალსაც ვერ მივაგენი. მერე ვიღაცამ მითხრა, მაგათ სახლს ყუმბარა მოხვდა და მიწასთან გაასწორაო.
ომის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი ჩვენი აღარ იყო, ორი წლის განმავლობაში ვეძებდით ჩემს სიდედრს ოფიციალური თუ არაოფიციალური გზებით, მაგრამ მისი მნახველი კაცი ვერ აღმოვაჩინეთ. ის კი დავადგინეთ, რომ სახლს მართლა დასცემია ყუმბარა.
ისღა დაგვრჩენოდა, მისი სულისთვის გვეზრუნა. ამიტომ, ყველაფერი ეკლესიურად, წესისა და რიგის მიხედვით გავუკეთეთ: პანაშვიდები, პარაკლისი, საკურთხები, ორმოცი, წლისთავი... გაზეთშიც გამოვაცხადეთ და ორი წელი ცირას შავები არ გაუხდია.
ამ ამბებიდან დაახლოებით ორი წლის თავზე, ახალი წლის ღამეს, ოჯახში სუფრა გავშალეთ. სადღეგრძელო სადღეგრძელოს მიჰყვა და უდროოდ წასულების გახსენება მე ვითავე. სხვებთან ერთად, ცირას მშობლებიც მოვიხსენიე: ჯერ მამამისზე ვთქვი ორიოდ სიტყვა, მერე კი, ის იყო, სიდედრის სახელი ვახსენე, რომ ჩემს ბინაში შუქი ჩაქრა. შევწუხდით, მაგრამ, ისეთი სასაცილო სიტუაცია შეიქნა, ყველას ხარხარი აუტყდა. ცირას ერთმა ნათესავმა სუფრის ბოლოდან გადმომძახა – ხომ ხედავ, იქიდანაც არ გასვენებს. დაგენიძლავებით, მისი სული ახლა აქ არის და რაღაცა ნომერს ჩაგვიტარებსო. ცირასაც კი გაეცინა. დედაჩემმა სასწრაფოდ შემოიტანა ანთებული სანთლები, მე განვაგრძე სიდედრის შესახებ ლაპარაკი და ბოლოს ვთქვი, – მართალია, დიდად არ ვუყვარდი, მაგრამ მე მას მაინც პატივს ვცემ, რადგან ჩემი ცირა მან გაზარდა და, ახლა უცებ კარი რომ გაიღოს და შემოვიდეს, ყველაფერს დავივიწყებ და შევურიგდები-მეთქი. უცებ, დენი მოვიდა და სუფრაზე ისევ ხარხარი ატყდა. ის ნათესავი კი იმეორებდა – ხომ გეუბნებით, მისი სული აქ ტრიალებსო. ამ დროს ზარის ხმა გაისმა. და კარის გასაღებად მე წავედი. ბოლო კადრი, რაც იმ ღამიდან მახსოვს, ჩემი სიდედრის გაღიმებული სახე იყო (სხვათა შორის, პირველად მაშინ ვნახე, რომ, თურმე, გაღიმება სცოდნია), მერე კი ვიგრძენი, რომ თვალთ დამიბნელდა და სადღაც შავ უფსკრულში ჩავინთქი. მერე რა მოხდა ჩემს სახლში, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რადგან დილამდე გონს ვერ მომიყვანეს.
ასე დამიბრუნდა ორწლისთავგადახდილი და გამოტირებული სიდედრი საღი და უვნებელი. დღეს კი ჩემი სიდედრი ჩვენთან ცხოვრობს და ვერც კი წარმოუდგენია, მის სიძეზე უკეთესი დედამიწის ზურგზე თუ დაიარება.