ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მამისგან მემკვიდრეობით მივიღე 70 000 ლარის ღირებულების ქონება. უნდა იქნეს გათვალისწინებული თუ არა აღნიშნული თანხა ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მიღებულ შემოსავალში?
პასუხი: ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის ფიზიკური პირის შემოსავლებში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრებისგან (მათ შორის, პირველი რიგის მემკვიდრის) მემკვიდრეობით ჩუქების ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება. შესაბამისად, 70 000 ლარი პირის შემოსავლებში არ იქნება ჩათვლილი.
კითხვა: 2003 წელს 60 000 ლარად შევიძინე ბინა, რომლის რეალიზაცია მოვახდინე 2010 წელს 100 000 ლარად, მეკუთვნის თუ არა ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხიდან (40 000 ლარიდან) საშემოსავლოს გადახდა?
პასუხი: ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის პირის მიერ მიღებულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
კითხვა: შევავსე საგადასახადო დეკლარაცია, თუმცა დღემდე ქონების გადასახადი არ გადამიხდია. რა სანქცია გავრცელდება გადასახადის გადამხდელის მიმართ, თუ მან დადგენილ ვადაში არ გადაიხდა ქონების გადასახადი?
პასუხი: თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი შეადგენს საგადასახადო დავალიანების 0,07 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისთვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.
კითხვა: მამაჩემმა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მიაქირავა მის ძმისშვილს, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდგომაც განაგრძობს ბინაში ცხოვრებას. ვის ეკუთვნის გადაიხადოს საგადასახადო ვალდებულება, კერძოდ კი ქონების გადასახადი, – მე თუ მამაჩემის ძმისშვილს?
პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ მამათქვენის ქონება არ დაირეგისტრირეთ თქვენს სახელზე, ხოლო თქვენმა ბიძაშვილმა ქირის გადახდა განაგრძო თქვენს სახელზე, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ბიძაშვილის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება ქირით, იგი აღნიშნულ ბინაზე ქონების გადასახადის გადამხდელად არ განიხილება. ასეთად, აღნიშნული ბინის მიხედვით, განიხილება გარდაცვლილის შვილი, ანუ თქვენ.
კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ დამიბარეს ნაფიც მსაჯულად, მაინტერესებს, მაქვს თუ არა რაიმე უფლებები ან მოვალეობები?
პასუხი: ნაფიც მსაჯულებს აქვთ როგორც უფლებები, ასევე აკისრიათ მოვალეობებიც, კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ:
1. სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
2. წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
3. სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება:
ა) სხდომის თავმჯდომარისგან – კანონის შესახებ;
ბ) მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;
გ) მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვის შესახებ.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
გარდა ამისა, მსაჯულებს შეუძლიათ სხდომის მიმდინარეობისას გააკეთონ ჩანაწერები.
ნაფიც მსაჯულებს ეკრძალებათ:
1. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
2. ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
3. განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის გარდა, სხვა პირებთან ურთიერთობა;
4. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ;
5. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
6. სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
კითხვა: გარდაიცვალა ის პირი, ვის სახელზედაც გაფორმებულია საკონტროლო-სალარო აპარატი. როგორ მოვიქცეთ და ხომ არ არის საჭირო, რომ აღნიშნული სალარო აპარატი მოიხსნას რეგისტრაციიდან?
პასუხი: ამ შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნას ახდენს მისი მემკვიდრე, რომელმაც საგადასახადო ორგანოს (სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი) უნდა წარუდგინოს:
– სამკვიდროს მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული;
– გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
– მემკვიდრის განცხადება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ;
– საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის საბუთი;
– საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან.
კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს „ჩგდ“ და რაში გამოიყენება იგი?
პასუხი: „ჩგდ“ არის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი და სტამბური წესით დაბეჭდილი საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტის, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენის გამოყენების უფლება აქვს პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას, ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციაში, საწარმოებში). ამ შემთხვევაში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.