როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სალაია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – სალა.
ამავე ძირისაა გვარები: სალაძე, სალია, სალიაშვილი, სალიბეგაშვილი.
სალაია მოიხსენიება დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ თხინას მოსახლეობის 1837 წლის აღწერის სიაში.
სალაიათა გვარი დღეს უპირატესად გურიაში ცხოვრობს.
საქართველოში სულ 55 სალაია ცხოვრობს: ოზურგეთში – 14, რუსთავში – 13, ფოთში – 13. არიან სხვაგანაც.
უტიაშვილი
კახეთში წარმოშობილი გვარია, გვარის ფუძეა სახელი უტა.
უტიაშვილები დაფიქსირებული არიან მეჩვიდმეტე საუკუნიდან.
„გარსევან ანდრონიკაშვილის ყმა, უტიაშვილი მამულითურთ, როსტომ მეფემ უწყალობა დემეტრე ენდრონიკაშვილს, 1651 წელს“;
„უტიაშვილი გიორგი, მცხოვრები ვეჯინს ან გუჯანში, ლუარსაბ ენდრონიკაშვილის ყმა, უტა უტიაშვილთან ერთად, აბაზყულიმ და შემდეგ ნაზარალი-ხანმა უწყალობეს ზაალ ენდრონიკაშვილს, 1694 წელს“.
ასევე, გვხვდება გვარი უტიძე. „ტირძნისში მცხოვრები ვინმე უტიძე, მამულით შეუწირავთ სვეტიცხოველისთვის. სიმონ მეფემ განუახლა ეს შეწირულობა სვეტიცხოველს, 1559 წელს“.
საქართველოში 640 უტიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 513, თბილისში – 98, რუსთავში – 29.
სამსონია
გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელისგან – სამსონი.
სამსონი ძველი ებრაული სახელია, ის „მზიანს“ ნიშნავს. ასევე, გვხვდება გვარები სამსონაძე და სამსონიძე.
სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.
სამსონია მოხსენიებულია, ასევე, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, კერძოდ, სოფელ კვიტოულში.
საქართველოში 507 სამსონია ცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.
ფანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ფანია.
1710 წელს აზატობის წიგნში, რომელიც რევაზა ჟორჟოლიანისთვის მიუციათ, მოიხსენიება პეტრე ფანიაშვილი.
1721 წელს ღორისთავში მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.
საქართველოში 112 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
ნინიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ნინია.
პაპუა, ბასილა და თევდორე ნინიაშვილები 1685 წელს შეყვანილები არიან უდავობის წიგნში, რომელიც მდივან ზურაბისთვის მიუციათ.
1823 წლის აღწერით, სოფელ დრეში მოიხსენიება იესე ნინიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ნინიძე, ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი, ნინიკური, ნინუა, ნინუაშვილი.
საქართველოში 574 ნინიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 125, თბილისში – 125, ქარელში – 61. არიან სხვაგანაც.
ქერაული
ქერაული საქმიანობის მიხედვით ნაწარმოები გვარია.
1873 წლის აღწერით, უკანხადუში ქერაულების 18 ოჯახი ცხოვრობდა. მათი წინაპრები ხევსურეთში ჩარგლიდან გადმოსახლებულან. მარტოხელა კაცი ასულა ხადუში, ქერი დაუთესია და დამხვდურებს ქერაული დაურქმევიათ. ეს მარცვლეული იქ იშვიათობა ყოფილა მაშინ. ჩარგლიდანვე გადმოტანილად ითვლება ქერაულთა სალოცავი „სანების ჯვარი“.
საქართველოში 179 ქერაული ცხოვრობს: თბილისში – 52, თონეთში – 49, დუშეთში – 21. არიან სხვაგანაც.
შოშიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – შოშიტა.
1721 წელს ლიყურეთში მოიხსენიება დათუნა შოშიტაშვილი.
1721 წელს ღოლოვანში მოიხსენიება იოსებ შოშიტაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი შოშიტაიშვილი.
საქართველოში 427 შოშიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 134, მცხეთაში – 125, გორში – 89. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ბატკუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი – ბატკუა, რომელიც შემდეგში საკუთარ სახელადაც გვხვდება.
ვინმე ბატკუა მოიხსენიება ყმების გაყრილობის წიგნში 1674 წელს, რომელიც დავით იარალაშვილს ბატონისთვის მიუცია.
საქართველოში 216 ბატკუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, კასპში – 56, მცხეთაში – 9. არიან სხვაგანაც.
მარიამული-ყანდაშვილი
მარიამულები ცხოვრობენ შუა უბანში, სოფლის მთავარი გზის პირას. ეს უბანი დიღმის ციხის სამხრეთით არის გაშენებული, ზერთელაშვილებისა და გენებაშვილების მეზობლად. მარიამულები ადრე სამეფო ყმებად ითვლებოდნენ, შემდეგში საბატონო ყმებად გვხვდებიან.
მარიამულები მთიდან ჩამოსულებად მიიჩნევენ თავს, მაგრამ რომელი კუთხიდან – ამის თქმა გვარში აღარავის შეუძლია. ვახტანგ მეექვსის „დასტურ ლამალის“ მიხედვით, მარიამულების უმეტესი ნაწილი მსახურებად იწერებოდნენ და მართლაც, სამეფო კარის სხვადასხვა თანამდებობაზე მარიამულთა წარმომადგენლები მრავლად გვხვდებიან.
„იასაულებისთვის“ განკუთვნილ თავში მოხსენიებულია შემდეგი პირები, მარიამული რამაზა გრიგოლაშვილი, მარიამული ბერი, მარიამული ბერუა. ხოლო, „სახაბაზო მოხელეთათვის“ განკუთვნილ თავში დასახელებულია „მარიამული დათუნა“. „სამზარეულოს მოხელეთათვის“ ნათქვამ თავში აღნიშნულია „მარიამული პაპუა, მარიამული გოგია, მარიამული ლომკაცი“. „საუშტროსათვის“ დადგენილ თავში „მარიამული ბერუაა“ დასახელებული. „დასტურლამელ სადედოფლოში“ აღნიშნულია: „დიღომში რაც სადედოფლო გლეხები არის, იქ დიღმიდან მეჯინიბეთ მარიამულები არიანო“.
მარიამულების ერთი ოჯახი 1784 წელს იესე ბარათაშვილისთვის უბოძებია სამეფო კარს, სადაც სხვა დიღმელ გვარებში მოხსენიებულია მარიამული. ესე იგი, აშკარაა, რომ მარიამულები დიღომში იმ დროს უკვე ცხოვრობდნენ და ხალხმრავალ გვარადაც მოსჩანან. მარიამულების გვარს გამოეყო ყანდაშვილები.
მარიამულების გვარი განიყოფება შემდეგ საძმო სახელად: ტიკიანი, ტეტიკაანი, ტალახაანი და ასე შემდეგ.
ყანდაშვილები დასახლებულნი არიან ქვემოუბანში წერწვერაზე. ყანდაშვილები საბატონო ყმებად ითვლებოდნენ. მათი ადრინდელი გვარი მარიამულია და მათ განაყარად მიიჩნევენ თავს, ხოლო ეს გვარი მიიღეს მათი წინაპარი „ყანდასაგან“. გადმოცემით შემდეგი ირკვევა, რომ მათი წინაპარი ქეთევან დედოფალს ჩამოუყვანია და აქ, დიღომში დაუსახლებია. შემორჩენილი წყაროების მიხედვით, როგორც მარიამულთა შთამომავალნი, ყანდაშვილების დასახლებაც დიღომში მეჩვიდმეტე საუკუნეზე ადრე ხანად უნდა მივიჩნიოთ.
საქართველოში 102 მარიამული ცხოვრობს: თბილისში – 24, მცხეთაში – 78.
345 ყანდაშვილი: თბილისში – 69, მცხეთაში – 49, რუსთავში – 33. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით