კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკარგა 19 წლის წინათ მოსკოვში სასიკვდილოდ ნაცემი კაცი და ვინ იპოვა იქ ბიძა ბერების დახმარებით

22 წლის გაიანე არუთინიანმა იპოვა ბიძა, 42 წლის გარნიკ მოჰანიანი.

ისტორია: მე და ჩემი ოჯახი ვეძებდით ბიძაჩემს (დედის ძმას), რომელიც 1992 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ბიძაჩემი გაურკვეველ გარემოებაში დაიკარგა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში და 2010 წლამდე იმედიც კი აღარ გვქონდა, რომ მას ვიპოვიდით. ჩვენ მას ვეძებდით თბილისიდანაც და მას ეძებდა მისი ოჯახი სომხეთიდან, ქალაქ სპიტაკიდან. მისი პოვნა მართლაც დიდი სასწაული იყო.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რუბრიკის რესპონდენტის ოჯახში მართლაც დიდი სასწაული მოხდა, რადგან მათ იპოვეს 19 წლის წინათ დაკარგული ბიძა, რომლის პოვნის იმედი მათ უკვე აღარ ჰქონდათ. სამწუხაროდ, გაიანეს ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესდღეობით არცთუ სახარბიელოა – მას ყველაფერი ფრაგმენტულად ახსოვს მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევა მოხდა. გაიანე თვითონ უამბობს მკითხველს თავისი ოჯახის ისტორიას.

გაიანე არუთინიანი: დედაჩემი 14 წლის ასაკიდან ცხოვრობს თბილისში. მეც თბილისში დავიბადე. დედას ჰყავს ერთი ღვიძლი ძმა, რომელიც მას ძალიან უყვარს, მაგრამ ისინი ერთმანეთს იშვიათად ნახულობდნენ, რადგან დედა საქართველოში ცხოვრობს, მისი ძმა კი – სომხეთში. ბიძაჩემი ბოლოს რომ ვნახე, ერთი წლის ვიყავი და, ბუნებრივია, ის არც კი მახსოვს, მაგრამ დედისგან ბევრი მსმენია მასზე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბიძაჩემს ჰქონდა ბიზნესი, რომელიც ძალიან კარგად აეწყო, ამ ბიზნესში ის ისეთი წარმატებული გახდა, რომ გადაწყვიტა, თავისი საქმიანობა რუსეთში განეგრძო. თავიდან ის მარტო წავიდა და რადგან იქაც ყველაფერი კარგად აეწყო, თავისი ცოლ-შვილიც წაიყვანა მოსკოვში და ბინაც კი იყიდა. ბიძას ჰყავდა ერთი ვაჟი. ერთ მშვენიერ დღეს ბიძაჩემი სამსახურიდან აფორიაქებული და ანერვიულებული დაბრუნებულა და უთქვამს თავისი ცოლ-შვილისთვის, ხვალ უთენია უნდა წახვიდეთ აქედან. შეკითხვები არ დამისვათ, მეც მალე ჩამოვალ სომხეთში და ყველაფერს აგიხსნითო. ბილეთები მას უკვე ნაყიდი ჰქონდა. ბიცოლა და ბიძაშვილი მართლაც ჩავიდნენ თავიანთ სამშობლოში, ბიძაჩემი კი იქ დარჩა. მას შემდეგ გავიდა თვე, შემდეგ წელი და ასე შემდეგ გადიოდა დრო, მაგრამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბიძაჩემისგან არაფერი ისმოდა. როგორ არ ვეძებდით მას, თითქმის ყველა დავიხმარეთ, ჩვენი სანათესაო სომხეთშიც და რუსეთშიც (პოდმოსკოვიეში გვყავდა ნათესაობა), მაგრამ ვერავინ პოულობდა. დედაჩემი დღედაღამ ლოცულობდა ბიძაჩემის დაბრუნებაზე და იმაზე, რომ ის ცოცხალი ყოფილიყო. დღემდე ვერ ვხსნი, მაგრამ, მიუხედავად ამდენი წლის უნახაობისა და ინფორმაციის არქონისა, დედას სჯეროდა, რომ მისი ძმა ცოცხალია და ეს მართლაც ასე ყოფილა.

– როგორ გაიგეთ მისი ადგილსამყოფელი, რა მოხდა მის ცხოვრებაში?

– ამაზე საუბარი ჩვენთვის ძალიან ძნელია, რადგან ვერავინ ვხსნით იმას, რაც მაშინ ბიძაჩემს მოსკოვში შეემთხვა. თურმე, როგორც შემდგომ ექიმებმა დაამტკიცეს, ბიძაჩემი ყოფილა ძალიან ძლიერად ნაცემი რამდენიმე ადამიანის მიერ. მას თავში მთავარი ნერვი დაზიანებული აღმოაჩნდა. რის გამოც მან მეხსიერება დაკარგა. ეს ყველაფერი მისი პოვნის შემდეგ შევიტყვეთ, მისი პოვნა კი დიდ სასწაულთან არის დაკავშირებული, რადგან, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის დღემდე ინვალიდია და ვერ დადის, თანაც, არაფერი ახსოვს. ცემის შემდეგ, მას მერე, რაც ყველანაირი საბუთი წაართვეს და სულ მარტო დარჩა ქუჩაში, მისი პატრონობა თავის თავზე აუღიათ ბერებს. ხუთი წლის განმავლობაში იგი მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ ვერაფერს იხსენებდა. ბოლოს, თურმე, გაუხსენებია, რომ ჰყავს მეუღლე და შვილი და დიდი გაჭირვებით, წლების შემდეგ, ბერების მონაწილეობით და ექიმების დახმარებით მას გაუხსენებია თავისი გვარიც. რის შემდეგაც, თურმე, ბერებმა ინტერნეტში მოძებნეს ბიცოლაჩემისა და დედაჩემის მისამართი და გამოუგზავნეს წერილი. ბიცოლაჩემის პირველი რეაქცია შოკი იყო, მას თავისი ქმარი უკვე ცოცხალიც აღარ ეგონა. დედასაც ძალიან გაუხარდა, მაგრამ, მოსკოვში ჩასვლა არც ერთს და არც მეორეს არ შეეძლო მატერიალური მდგომარეობის გამო. ამიტომ მათ ეს საქმე ჩემს დას მიანდეს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. სიმართლე გითხრათ, ბოლო მომენტამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ვნახავდი ჩემს დაკარგულ ბიძას, რომელიც როგორც გითხარით, ბოლოს რომ ვნახე 1 წლის ვიყავი.

– იცნო თუ არა ბიძამ შენი და და როგორი იყო მათი შეხვედრა?

– ბერების მიერ გამოგზავნილ მისამართზე ჩემი და იმ დღესვე მივიდა, როგორც კი მას ეს ბიცოლამ სთხოვა. ბიძაჩემი ძალიან გასაწყლებული, გამხდარი და ავადმყოფი ყოფილა, მაგრამ ფიზიკურად არც ისე შეცვლილი დახვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძაჩემმა იცნო ჩემი და და ორივე ატირდა. ამის შემდეგ მალევე ჩამოვიყვანეთ სომხეთში, სადაც მე და დედაჩემიც ჩავედით. დედა მარტო ვერ გავუშვი, რადგან ის ძალიან ემოციურია.

– რა მოხდა სომხეთში, როგორი იყო შენი ბიძაშვილისა და თავისი დაკარგული მამის შეხვედრა, ვინ შეხვდა კიდევ მას თავისი ოჯახის გარდა?

– 19 წელი ძალიან დიდი დროა. სამწუხაროდ, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი მთელი ეს წლები ძალიან ნერვიულობდნენ და ბოლოს ამ ნერვიულობამ გადაიყოლა კიდეც ისინი. ბებიამ სიკვდილის წინ უთხრა დედაჩემს, რომ მას ბევრი ელოცა იმისთვის, რომ ძმა ეპოვა. ბიძას სომხეთში დახვდა თავისი უკვე გაზრდილი შვილი (ჩემმა ბიძაშვილმა სწორედ ამ წელს დაასრულა ჯარში სამსახური). ის მორბოდა მამის სანახავად და მთელი გზა ტიროდა თურმე და ყვიროდა: მე მჯეროდა, რომ ცოცხალია, რომ ჩვენ მას ვიპოვითო. დედა სულ ტიროდა და ეკითხებოდა: ნუთუ არ გახსოვს შენი მეუღლე, ეს კი შენი შვილია. ნახე, როგორ გაიზარდაო. გარნიკი ვერავის ცნობდა, ბოლოს თავისი მეუღლე კი გაიხსენა, მაგრამ შვილის აღქმა დღემდე ძალიან უჭირს. ჩემი ბიძაშვილი 7 წლის იყო, როდესაც მამა ბოლოს ნახა.

– ის მაინც თუ გაიხსენა, რა მოხდა მოსკოვში, რა ბიზნესით იყო დაკავებული და ვინ იყვნენ მისი მტრები?

– მას მხოლოდ ჩხუბამდე ახსოვს ყველაფერი. ექიმები იმედს არ გვაძლევენ მის გამოჯანმრთელებაზე. დღესდღეობით ის დამოუკიდებლად ვერ დადის, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებაში მაინც დიდი სასწაული მოხდა, რადგან 19 წლის წინ დაკარგული ბიძა ვიპოვეთ. დედაჩემმა იპოვა ძმა, ბიძაშვილმა – მამამისი. თუკი უფალმა ინება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი სასწაული მომხდარიყო, ვფიქრობ, შეიძლება, კიდევ ერთი სასწაული მოხდეს და მას მეხსიერებაც დაუბრუნდეს ან სიარული დაიწყოს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3