ამერიკულმა კომპანიებმა ირანთან ბიზნესით მილიარდები გამოიმუშავეს
ამერიკის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ბიზნესმენებს საშუალება მისცა, ირანთან ბიზნესის წარმოებაში მილიარდობით დოლარი დაეხარჯათ. საუბარია, არა მხოლოდ ირანზე, არამედ „ბოროტების ღერძის“ შემადგენელ სხვა ქვეყნებზეც. „ბოროტების ღერძი“ თავის დროზე ჯორჯ ბუშმა იმ ქვეყნებს უწოდა, რომლებიც ტერორიზმს უწყობდნენ ხელს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, კომპანიებმა „კრაფტ ფუდმა“, „პეპსიმ“ და ამერიკის უმსხვილესმა ბანკებმა, ირანში დიდი ფული გამოიმუშავეს. საერთო ჯამში, ხელისუფლებამ 10 ათასამდე ლიცენზია გასცა ბიზნესის წარმოებაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, „ბოროტების ღერძის“ წევრ ქვეყნებთანაა კავშირში. უმეტეს შემთხვევაში, საუბარი იყო უცხოეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე. თუმცა, ამ კატეგორიების მიხედვით, შედიოდა ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა: სიგარეტი, რეზინა, გასახდომი და კუნთების გაზრდის საშუალებები, სპორტული მოწყობილობები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია მონაწილეობდა ირანიდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების მიმართ სანქციებს ამერიკის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური აწესებს, რომელიც ხაზინას ექვემდებარება. მათ გარკვეული გამონაკლისების დაშვების საშუალება აქვთ.