ოლიგარქმა პინჩუკმა იუბილეზე 5 მილიონი ევრო დახარჯა
ცნობილმა უკრაინელმა ოლიგარქმა, ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძემ, ვიქტორ პინჩუკმა თავისი 50 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. პინჩუკი უკრაინის ფოლადისა და მედიის მაგნატია. მისი მეუღლე, კუჩმას ქალიშვილი ელენა – 40 წლის შესრულდა. საზეიმო ღონისძიებები საფრანგეთში, მსოფლიოში აღიარებულ კურორტ კურშევილში გაიმართა, რომელიც ალპებში მდებარეობს. იტალიური გაზეთის – „ლა სტამპას“ მტკიცებით, ეს ღონისძიება პინჩუკს, არც მეტი, არც ნაკლები, 5 მილიონი ევრო დაუჯდა. მოარული ხმების თანახმად, იუბილეს პლანეტის ყველაზე გავლენიანი 144 საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პინჩუკის ძველი მეგობრები – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის მეუღლე ბილ კლინტონი, ოსკაროსანი რეჟისორი სტივენ სპილბერგი, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი და ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა. ელტონ ჯონი და აგილერა სტუმრებისთვის საგანგებო ნომრებს ასრულებდნენ. პინჩუკმა კურშევილში 3 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია იქირავა და აკრობატები – „სირკუ დე სოლეილიდან“ სპეციალურად კანადიდან გამოიწერა. ვახშამს ორგანიზებას ალენ დიუკასი და მისი 150 მზარეული უწევდნენ. გაშლილი იყო 12-კაციანი 12 მაგიდა. მენიუ გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ პინჩუკი დიდი გურმანია. მეგაზეიმი ჯაზური მუსიკითა და ფოიერვერკით დასრულდა.