რა კონფერენციას აწყობენ ყოველდღე კალათბურთელების ცოლები უცხოეთში და სად იმღერა მათთვის ზაზა ფაჩულიამ
ახალი წელი ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული და საყვარელი დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რესპონდენტები ახალ წელს საქართველოში არ შეხვდნენ, მათ მაინც მხიარულად აღნიშნეს ეს თარიღი. „თბილისელების“ მკითხველისთვის ამჯერად ოთხი რესპონდენტი შევარჩიეთ, სხვადასხვა ქვეყნიდან. ოთხივე კალათბურთელის მეუღლეა. თიკა ალავიძე ზაზა ფაჩულიას მეუღლეა, სოფო გოგებაშვილი – ნიკა ცქიტიშვილის, ნანა ცინცაძე – გიორგი ცინცაძის, ხოლო სალომე მგელაძე – ნიკა, იგივე ვაჟიკო მეტრეველის. ასე რომ, თიკა ამერიკიდან, სოფო ესპანეთიდან, ნანა ესტონეთიდან, ხოლო სალომე იტალიიდან სკაიპის საშუალებით გვიზიარებდნენ იმ საახალწლო განწყობას, რომელიც საკუთარ ოჯახებთან ერთად უცხოეთში შეიქმნეს.
– როგორ შეხვდით ახალ წელს?
თიკა ალავიძე: თავიდან გადავწყვიტე, რომ ზაზასთან ერთად ვერ შევხვდებოდი ახალ წელს, რადგან ბავშვების დატოვება არ მინდოდა. მერე ვიფიქრე, ბავშვები მაინც დაიძინებენ და მარტო მომიწევდა სახლში ყოფნა-მეთქი, ამიტომ, გადავწყვიტე, პატარები ატლანტაში დამეტოვებინა, მე ზაზასთან, ლოს-ანჯელესში წავსულიყავი და ახალ წელსაც ერთად შევხვდით.
სოფო გოგებაშვილი: სან-სებასტიანი ძალიან მომწონს და სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. ამიტომ, ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგად ჩაიარა ახალი წლის ღამემ. გვქონდა ქართული სუფრა, საცივიც გვქონდა და კიდევ ბევრი სხვა ქართული კერძიც. ასე რომ, ესპანეთში ქართული განწყობით შევხვდით ახალ წელს. ლიზისთვის ეს პირველი ახალი წელი იყო და ამიტომ, მინდოდა, ყველაფერი ძალიან ლამაზად ყოფილიყო. ყველაფერი ლამაზ ფერებში მოვრთეთ და ჩანაფიქრიც გამოგვივიდა. რაც მთავარია, ლიზი კმაყოფილი დარჩა.
სალომე მგელაძე: ჩემი ქმრის გუნდელებთან და მათ ოჯახებთან ერთად რესტორანში შევხვდით ახალ წელს. სპეციალური შესაფუთი საშუალებებით გოზინაყი, ჩურჩხელები და საცივი თბილისიდან თვითონ ჩამოვიტანე. შარშანაც იტალიაში შევხვდით ახალ წელს და მაშინაც ძალიან კარგად გავერთეთ.
ნანა ცინცაძე: გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტნი ვიყავით. შარშან თუ მე და გიო წყნარად ვისხედით სახლში, წელს თამუნაა ჩვენთან – გიოს და, და უფრო მხიარული ახალი წელი გვქონდა. სტუმრადაც ვიყავით ერთად აქ მცხოვრებ ქართულ ოჯახში. ახალი წლისთვის ტრადიციულად, გოზინაყიც გავაკეთე, საცივიც, ხოლო ჩურჩხელები თბილისიდან ჩამოვატანინე. განსაკუთრებული არაფერი დაგვიგეგმავს ახალი წლის ღამეს, რადგან ჩემი მდგომარეობაც არ მიწყობს ამაში ხელს.
– როდის ელოდებით პატარას?
– როგორც მეუბნებიან, დაახლოებით თებერვლის ბოლოს. თუ 10 თებერვალს დაიბადება, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემად მე და გიო ჩვენს შვილს მის სახელს დავარქმევთ, თუ არადა ნიკოლოზს. ასე რომ, ვნახოთ.
თიკა: ზაზას ისე უნდა თქვენი ბავშვი 10-ში დაიბადოს, რომ რაღაცას მოგიწყობთ.
სოფო: ორი ვარიანტია, ან ზაზას გაუმართლებს, ან – ნიკას.
– რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?
ნანა: მე ერთი ეგოისტური ტრადიცია მაქვს. ახალი წლის ღამეს ჩვენს სახლში მაინცდამაინც მე და გიორგი უნდა ვიყოთ მეკვლეები. გარეთ გავდივართ და მერე უკან შემოვდივართ. თუ ვინმემ ფეხი შემოდგა, შეიძლება, ფეხი მოვაჭრა.
თიკა: მე და ზაზას გვირჩევნია ახალ წელს ტრადიციულად, სახლში შევხვდეთ. მაგრამ, მისი პროფესიიდან გამომდინარე ეს ხშირად არ ხერხდება. თუ ზაზა სახლშია, მაშინ გარეთ არასდროს ვხვდებით ახალ წელს.
სოფო: ჩვენც ისევე, როგორც ყველა, 12 საათს სახლში ვხვდებით. რადგან ლიზი ჯერ ძალიან პატარაა მე და ნიკა არსად გავსულვართ, წელს ჩვენ მივიღეთ სტუმრები. ახლა კი მთელი ოჯახი ბარსელონაში მივემგზავრებით.
– მართალია, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთს ხშირად ესაუბრებით და სკაიპში დიდ დროს ატარებთ.
თიკა: ამას ხშირად კი არა ქრონიკულად ჰქვია.
ნანა: ზაზა და თიკა ხომ საერთოდ რეკორდსმენები არიან.
თიკა: ერთი პერიოდი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდით გიოს და ნანას. ერთ დარეკვაზე გიომ უთხრა ზაზას – წავედი, ვარჯიში მაქვს, მერე ლანჩი და მერე თიკაო. ზუსტად იცოდნენ, რომ საღამოს ჩემი დრო იყო. ახლა კი ყველა ერთად ვიკრიბებით სკაიპში და კარგად ვერთობით. ერთხელ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ კიდეც. ზაზას აქვს ამის ფაქტები გადაღებული.
ნანა: ზაზა გვიმღერის ხოლმე. კი შევპირდი, არ ვიტყვი-მეთქი, მაგრამ მაინც ვამბობ. ჰო კიდევ, ჩაძირობანას ვთამაშობთ. თიკა ბავშვებს ეჩხუბება ხოლმე, გაჩერდით, ვერ ხედავთ, დედა თამაშობსო. ხომ ხედავ, ყველაფერი, ვთქვი.
– რა საჩუქრებს უკეთებთ მეუღლეები ერთმანეთს?
თიკა: მე ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან 30 დეკემბერს დაბადების დღე მაქვს, ამიტომ ზაზა 30-შიც მიკეთებს საჩუქარს და 31-შიც.
ნანა: მე 1 იანვარს მაქვს დაბადების დღე და ამიტომ, ყოველთვის გრანდიოზული საჩუქარი მაქვს ხოლმე. ყოველთვის მეგონა, ეს მხოლოდ დაბადების დღის საჩუქარი იყო და ვერ ვხვდებოდი, მეც რომ უნდა მეჩუქებინა გიოსთვის რამე.
– როგორი იყო თქვენთვის 2010 წელი?
სოფო: ჩემთვის პირადად, 2010 წელმა, დიდი საჩუქარი მომართვა ლიზის სახით.
თიკა: საქართველოს ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან, პირველად გავედით ევროპაზე. გამომდინარე აქედან ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან კარგი წელი იყო.
ნანა: ჩვენი პატარაც 2010 წელს ჩაისახა, რომელიც მალე დაიბადება.
სალომე: ჩემთვისაც ძალიან კარგი წელი იყო, 31 აგვისტოს გვქონდა მე და ვაჟიკოს ქორწილი.
– როგორია თქვენი ერთი, რიგითი დღე?
სოფო: ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე, ბავშვის მოვლით შემოიფარგლება. ამჟამად ჩვენი მთელი დრო ლიზის ეთმობა და ყოველი წუთი მასზე ნაწილდება.
– ნიკა თუ გეხმარება?
– ნიკა მართლა ძალიან მეხმარება, არაჩვეულებრივი მამაა. დილის აბაზანას უტარებს, პამპერსებს ნებისმიერ დროს უცვლის, ასეირნებს და ასე შემდეგ.
სალომე: დილით მეუღლეს ვაცილებ ვარჯიშზე. იტალიაში პირველიდან ოთხ საათამდე ყველაფერი დაკეტილია და ყველას სძინავს. ამიტომ, მეც შევეჩვიე, შუადღეს ჩემს ქმართან ერთად ძილს. საღამოს ვარჯიშიდან რომ მოდის, თუ ძალიან დაღლილი არ არის, კინოში ან მეგობრებთან მივდივართ. ეს არის ჩვეულებრივი დღე, ხოლო თუ დასვენების დღეა გასართობად მივდივართ ხოლმე.
თიკა: ატლანტაში სტუდია გავხსენი. 8 იანვარს პირველი გაკვეთილი ჩატარდება და ძალიან მიხარია. ჯერჯერობით ერთი ჯგუფი მყავს გოგონების. ბავშვებს, რომლებიც აქ დაიბადნენ და საქართველოში ძალიან იშვიათად ჩადიან, ქართულ ცეკვებს ვასწავლი. ყველას ძალიან გაუხარდათ. ილიკოს შვილიც აქ სწავლობს სკოლაში და დაშკასაც ძალიან გაუხარდა სტუდიის გახსნა, მეც ვივლიო. დაშკას რა უნდა ვასწავლო ოღონდ, არ ვიცი, რადგან, მგონი, ჩემზე კარგად იცის ყველაფერი.
– პედაგოგი მხოლოდ შენ იქნები?
– კი, მარტო მე ვიქნები.
– რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს? თვითონ თუ ხართ ემოციური გულშემატკივრები?
სალომე: ძალიან აქტიური, იმდენს ვყვირი, მთელი ზაფხული ხმა აღარ მაქვს.
ნანა: მე მშვიდი ვარ.
სოფო: მეც ძალიან მშვიდი გულშემატკივარი ვარ.
თიკა: ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ, ზოგჯერ ვერ ვახერხებ, წამოვხტები და ვყვირი. ვცდილობ, ძალიან გიჟივით არ მოვიქცე. სახლში, როცა ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ.
– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?
ნანა: ჩვენ, მაისის ბოლოს.
სალომე: მე 15 იანვარს ჩამოვალ ორი კვირით, მერე კი ზაფხულამდე იქ დავრჩები.
სოფო: ჩვენი ჩამოსვლა კი, გუნდი რას იზამს იმაზეა დამოკიდებული. თუ ფლეიოფში გავა, უფრო მოგვიანებით ჩამოვალთ, თუ ვერ გავიდნენ, – ადრე.
თიკა: ალბათ, სეზონი რომ დასრულდება, მერე, არ ვიცი.
– თბილისს და „თბილისელებს“ რას ეტყვით?
ნანა: ყველას გილოცავთ ახალ წელს!