კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პაველ ბურეს რომელი რეკორდი დაამხო და ჰოკეის რომელ ვარსკვლავს აჯობა „წლის საუკეთესო ახალწვეულის“ გამოკითხვაში ალექსანდრ ოვეჩკინმა

კითხვაზე პასუხი, თუ რომელი ზამთრის სპორტის სახეობის წარმომადგენლებმა იხეირეს ყველაზე მეტად, საბჭოთა კავშირის დაშლის და საზღვრების გახსნის შემდეგ, ძნელად გამოსაცნობი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჰოკეი, ყველაზე სანახაობრივი და ბრუტალური გუნდური თამაშია, რომლის რუსმა მოთამაშეებმა ამერიკისა და კანადის წამყვან კლუბებში იოლად დაიმკვიდრეს ადგილი და მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია „ენჰაელის“ მატჩების ნახვა. ლარიონოვი, ბურე, ფიოდოროვი და ძმანი მათნი ლეგენდების სტატუსს ატარებენ ჩრდილოეთ ამერიკაში და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი თაობის ჰოკეის ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი, სწორედ მათი რანგისაა, მართლა უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა ამერიკის ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში.

ალექსანდრ ოვეჩკინი მოსკოვში 1985 წელს დაიბადა. მისი მშობლები სპორტსმენები იყვნენ. დედა – ტატიანა ოვეჩკინა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი გახლდათ კალათბურთში, ხოლო მამა, მიხაილ ოვეჩკინი – მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელი. „მამა სპორტსმენი იყო, დედა უდიდესი სპორტსმენი და ნუთუ მქონდა უფლება, სპორტსმენი არ გამოვსულიყავი?“ - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსანდრი. ტატიანა ოვეჩკინას თქმით, ალექსანდრი ორი წლის ასაკში დაინტერესდა ჰოკეით, როდესაც სათამაშოების მაღაზიაში ჰოკეისტის ფორმა და ჯოხი დაინახა. რვა წლის ასაკში კი, იგი ჰოკეის სექციაში უფროსმა ძმამ, სერგეიმ მიიყვანა. ჰოკეის მწვრთნელებმა თავიდანვე შენიშნეს ოვეჩკინის დიდი პოტენციალი და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად – მათ მიაჩნდათ, რომ ჰოკეი ტრავმატული სპორტია, და ძმის ხელშეწყობით, ალექსანდრმა მტკიცედ გადაწყვიტა, ჰოკეისტი გამხდარიყო. იმ პერიოდში მისი კერპი ყინულის მოედანზე ლეგენდარული კანადელი მოთამაშე, მარიო ლემიე გახლდათ, ხოლო კლუბებიდან, მშობლიურ მოსკოვის „დინამოს“ და კანადურ „პიტსბურგს“ ქომაგობდა. ალექსანდრი 10 წლის იყო, როდესაც მისი ძმა საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა და სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა ბიჭმა „ენჰაელში“ გადასვლა. თუმცა, ძმის თემა ოვეჩკინისთვის დღემდე ტაბუდადებულია და ამის შესახებ იგი არ საუბრობს, რადგან მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა უდიდესი ტკივილი მიაყენა.

მოსკოვის „დინამოს“ ყველა ასაკობრივ გუნდში ოვეჩკინი საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა. 12 წლის ასაკში მან ლეგენდარული პაველ ბურეს რეკორდი დაამხო, როდესაც მოსკოვის ჩემპიონატზე ერთ მატჩზე 59 შაიბა გაიტანა. 2000 წელს კი იგი „დინამოს“ ძირითად გუნდში მოხვდა და იმავე სეზონში, 16 წლის ასაკში, შედგა მისი დებიუტი პროფესიულ დონეზე. ოვეჩკინი თავიდანვე იქცა „დინამოს“ საკვანძო მოთამაშედ, გარდა ამისა, 17 წლიდან იგი რუსეთის ნაკრებშიც ირიცხებოდა, სადაც მისი დებიუტი 2003 წელს შედგა. იმავე წელს იგი პირველად წავიდა დრაფტზე ამერიკაში, სადაც მასთან თანამშრომლობის სურვილი „ფლორიდამ“ გამოთქვა. თუმცა, არასრულწლოვნობის გამო, ოვეჩკინი უკან გამოუშვეს. 2004 წელს ამერიკის ჰოკეის პროფკავშირების გაფიცვის – ლოკაუტის გამო რეგულარული ჩემპიონატი არ ჩატარებულა, ხოლო 2005 წელს, ხანგრძლივი სასამართლო სხდომების შემდეგ, სადაც „ოვეჩკინის საქმედ“ წოდებული, საკლუბო გარჩევა მიმდინარეობდა, თუ ვის ეკუთვნოდა ჰოკეისტი, გამარჯვებული ამერიკული ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბი „ვაშინგტონ კეპიტელზი“ დარჩა, ოვეჩკინის დებიუტი შედგა ამერიკულ ყინულზე. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის დრაფტზე ოვეჩკინი გახდა პირველი რუსი, ილია კოვალჩუკის შემდეგ, რომელიც პირველ ნომრად აირჩიეს დრაფტზე. იმავე წელს „ენჰაელში“ სიდნი კროსბის – ოვეჩკინის კონკურენტის დებიუტი შედგა ყინულზე და მას შემდეგ ეს ორი ჰოკეისტი „ენჰაელის“ სახეა. საინტერესოა, რომ გამოკითხვაში „წლის საუკეთესო ახალწვეული“ ოვეჩკინმა ხმების უმრავლესობით „ახალ უეინ გრეცკიდ“ წოდებულ კროსბის მნიშვნელოვნად აჯობა.

თამაშის მანერით ოვეჩკინს ლეგენდარულ ჩეხს იარომირ იაგრს ადარებენ. იგი ერთ-ერთი ყველაზე უხეში და ხისტი მოთამაშეა „ენჰაელში“. სხვადასხვა შეტაკებების დროს მას ხუთჯერ გაუტეხეს ცხვირი, ხოლო ყინულის მოედანზე ჩხუბით მას ძნელად თუ ვინმე შეედრება. მიუხედავად ამისა, ოვეჩკინი „ვაშინგტონის“ ლიდერია და მიმდინარე სეზონში გუნდის კაპიტნადაც დაინიშნა. მისი 13-წლიანი კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან სულაც რეკორდულია და ამ ხნის განმავლობაში იგი 124 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. კლუბის შეფები სწორედ ოვეჩკინზე ამყარებენ იმედებს და ფიქრობენ, რომ იგი მათ სანუკვარ გამარჯვებას მოუტანს „სტენლის თასზე“. საკლუბო კარიერის გარდა, ოვეჩკინი რუსეთის ნაკრებშიც ასპარეზობს, იგი 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. თუმცა, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ვანკუვერში მისი გამოსვლა წარუმატებლად შეფასდა, რადგან რუსეთმა თავის მუდმივ კონკურენტთან – კანადის ნაკრებთან მეოთხედფინალში გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ოვეჩკინი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა რუსეთში. პრესაში ხშირად იწერებოდა მის რომანებზე პოპ-მომღერალ ჟანა ფრისკესთან, ყოფილ „მის რუსეთთან“ – ვიქტორია ლოპიროვოსთან და „ბლექ აიდ ფისის“ სოლისტ ფერჯისთან. თვითონ ჰოკეისტი აცხადებს, რომ მხოლოდ რუს გოგონაზე დაქორწინდება. იგი არლინგტონში დედასთან და მეორე ძმასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, ყოველ ინტერვიუში აცხადებს, რომ კონტრაქტის დასრულებისთანავე საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნდება. მისი ჰობი ცნობილი ჰოკეისტების ავტოგრაფებიანი ჯოხების შეგროვებაა და მის პირად კოლექციაში უკვე ინახება – კერპის მარიო ლემიეს, ზდენო ჰარას, უეინ გრეცკის, დომინიკ ჰაშეკისა და სიდნი კროსბის ავტოგრაფებიანი ჰოკეისტის ჯოხები. გარდა ჰოკეისა ოვეჩკინი ფეხბურთითაც არის გატაცებული და ორ სუპერკლუბს – „ბარსელონას“ და „ლივერპულს“ ქომაგობს. ალექსანდრი კომპიუტერული თამაშის, სიმულატორ „ენჰაელის“ მუდმივი სახეა, გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობს სარეკლამო სფეროშიც, კერძოდ, მასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული „რიბოკს“, რომელთან ერთადაც იგი საკუთარი ტანსაცმლის ხაზს „A8-ს“ აწარმოებს და „ენერჯაიზერს“. ოვეჩკინი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საპატიო ელჩია და გარდა ამისა, მას მოსკოვის „დინამოს“ პრეზიდენტის საპატიო მრჩევლის თანამდებობაც უკავია. „ფორბსის“ 2010 წლის მონაცემებით, იგი მეორე პოზიციაზეა სპორტის ყველაზე მდიდარ რუს ვარსკვლავებს შორის. მისი ყოველწლიური შემოსავალი 12 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.


скачать dle 11.3