ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი შვილი 9 თვისაა და დამატებით საკვებს არ იღებს, მხოლოდ ძუძუთი კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა, მსუქანი ბავშვია. იქნებ მირჩიოთ რამე?
პასუხი: თუ შეიძლება, ზუსტად მოგვწერეთ ბავშვის წონა და სქესი, სიგრძე. ძუძუთი კვებაც არ უნდა იყოს უზომო. ის უნდა გრძელდებოდეს 15 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია ინტერვალების მეტ-ნაკლები დაცვაც.
კითხვა: ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ რამე კარგი პრეპარატი ხველის საწინააღმდეგოდ ან რაიმე ხალხური რეცეპტი. მახველებს დიდი ხანია. ვარ 18 წლის ბიჭი.
პასუხი: კვლევის გარეშე მკურნალობის სქემის დანიშვნა სახიფათოა. რომ არ გამოგეპაროთ სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს.
კითხვა: ჩემი მეუღლე ადრე იყო წამალზე დამოკიდებული, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და თავი დაანება. მაგრამ, მე სულ ეჭვებში ვარ და მგონია, რომ მატყუებს. ნერვები წესრიგში არ აქვს, ხშირად არის გაღიზიანებული, აწუხებს უძილობა. რამდენიმე დღის წინ მის ოთახში ვიპოვე კოაქსილის ტაბლეტები. მიმტკიცებს, რომ დასაწყნარებლად სვამს და ღამე ისე იძინებს. ადრე გამიგია, რომ ეს წამალი ხრწნის ორგანიზმს. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ რამე. ამ წამლის ზემოქმედებას რა სიმპტომები აქვს?
პასუხი: კოაქსილი ფსიქოტროპული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. თუ ეს პრეპარატი ნევროლოგმა დანიშნა და რასაკვირველია, დოზაც მანვე შეარჩია, მაშინ გვერდითი ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრaამ, კოაქსილს ნარკომანები ბოროტად მოიხმარენ. ისინი ტაბლეტებს ფშვნიან და გაზავებული სახით, ვენაში იკეთებენ. რის შემდეგაც, ხშირ შემთხვევაში, სისხლი იწამლება, ვითარდება კიდურების განგრენა, სიბრმავე და შინაგანი ორგანოების დაზიანება.
თუ თქვენს მეუღლეს ნევროლოგმა დაუნიშნა ეს წამალი და მას სვამს (არ იკეთებს), მაშინ სანერვიულო არაფერია. მაგრამ, თუ ნარკომანების მსგავსად, კოაქსილს ვენაში იკეთებს, მაშინ, დროთა განმავლობაში, გართულება გარდაუვალია.
კითხვა: გთხოვთ, გვირჩიოთ, კბილების გათეთრების ყველაზე ეფექტური საშუალება.
პასუხი: კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათი შერჩევა დამოკიდებულია თქვენსა და სტომატოლოგზე. უნდა გითხრათ ისიც, რომ კბილების გათეთრების ნებისმიერ პროცედურას, წინ უძღვის კბილების გაწმენდა. მისი ჩატარების შემდეგ, შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ ნადების ფენის ქვეშ იმალებოდა თეთრი მინანქარი (ემალი). ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული, თქვენი კბილების მინანქრის ფერი, შეიძლება, ის ბუნებრივად სულაც არ არის თოვლივით ქათქათა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ათასნაირი გამათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტები (ფხვნილების გამოყენებას ბევრი სტომატოლოგი არ გვირჩევს, რადგან შეიძლება მინანქარი დააზიანოს). ყველაფერს სტომატოლოგთან ვიზიტი და ამ პრობლემის მისი დახმარებით მოგვარება აჯობებს.
კითხვა: რამდენჯერ შეიძლება, გადაიღოს ორსულმა ექოსკოპია?
პასუხი: თანამედროვე ექოსკოპიური აპარატურა სრულიად უსაფრთხოა ნაყოფისათვის. ამიტომ შეგიძლიათ, გადაიღოთ ხშირად, თუნდაც თვეში ერთხელ – არც დედის და არც ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი