კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვევს ღალატი სტრესსა და პიროვნების გახლეჩას და რა მამაკაცური კომპლექსები უშლის ხელს ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნებას

ღალატი მარადიული და გადაუჭრელი პრობლემაა ყველა საზოგადოებაში. კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში თავს იმტვრევდა ღალატის მიზეზის მოსაძიებლად – საერთო ინტერესების უქონლობა, მეორე ნახევრის მიმართ ინდიფერენტულობა, კომპლექსები, სქესობრივი შეუთავსებლობა. ჩნდება „სხვისი“ მოლოდინი და ის „სხვაც“ არ აყოვნებს ხოლმე. ცოლქმრული ღალატის მიზეზებსა და პრევენციაზე ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო თეა, ცოლქმრული ღალატი – არის თუ არა ეს კონკრეტული მოვლენა ხალხის მენტალობაზე დამოკიდებული?

– ეთნოსის ფსიქიკური განწყობები, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში, ერში არსებობს, გადამწყვეტ როლს ასრულებს რაოდენობრივი ფაქტორის განსაზღვრაში, იქნება თუ არა ერთგულება, როგორც ფასეულობა ამ საზოგადოების შიგნით მიღებული, თუ ნაკლებად ან საერთოდ არ იქნება. ყველაფერი არის იმ ღირებულებათა სისტემაზე დამყარებული, რომელიც სოციალურ, ანუ საზოგადოებრივ განწყობებს უდევს საფუძვლად. ვიცით, რომ მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობები არ არის ტაბუდადებული და ამ გაგებით, მოზარდი იქნება თუ ზრდასრული ადამიანი, ვინც ასეთი ურთიერთობებით ცხოვრობს, თავისუფალია არჩევანში, ჰყავდეს მონაცვლეობით, ან სულაც პარალელურ რეჟიმში, იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც მისი „თვითგამორკვევისა“ და საბოლოოდ, რჩეულის მოძიებისთვის იქნება საჭირო. მაგრამ, როდესაც უკვე შედგება ის კავშირი, რომელსაც ქორწინება ჰქვია, როცა ადამიანი შეგნებულად და გააზრებულად დგამს ამ ნაბიჯს, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის მეუღლეთაშორისი ურთიერთობა და ერთგულება სწორედ ზემოხსენებულ დასავლეთის ქვეყნებში უმაღლეს დონეზეა. ადრე ჩვენში ასეთი შეხედულება იყო გავრცელებული, რომ საქართველოში ოჯახი და მისი სიწმინდე არის სხვა ერებზე უპირატესი ფასეულობა, რომ ქართველი ადამიანი მსოფლიოში გამორჩეულად ერთგულია თავისი ოჯახისა და ასე შემდეგ. არადა, რკინის ფარდის ახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სურათი სხვაგვარია – ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გაცილებით უფრო მყარ ნიადაგზე დგას ოჯახები და საქორწინო ფიცის სიმტკიცე ხშირად უფრო მაღალია იქ, ვიდრე – ჩვენთან.

– მომავალში რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით?

– მოდი, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ საკითხის განხილვა. იყო დრო, როდესაც, ტრადიციულად, საქართველოში ოჯახი, ანუ ცოლქმრული ურთიერთობა და ერთგულების პრინციპი, როგორც ღირებულება, ძალიან მაღალ დონეზე იდგა, იმის გამო, რომ ჩვენში ეროვნული თვითშეგნება და სარწმუნოება იდენტური გახლდათ. აქედან გამომდინარე, იმ საზოგადოების მენტალობაში არავითარი გენდერული განსხვავება იმ მხრივ არ უნდა ყოფილიყო, რომლის მიხედვით, მამაკაცს მისი მდგომარეობა ბევრად მეტ უფლებას ანიჭებს, ჰქონდეს ოჯახსგარე ურთიერთობები, ვიდრე ქალს. სარწმუნოებრივად, ქრისტიანობაში როგორც ქალს, ასევე მამაკაცს ერთგულება პრინციპულად თანაბრად მოეთხოვება. დღევანდელ დღეს, როცა ძველი წყობა და მასთან ერთად ღირებულებათა სისტემა რღვევას განიცდის და სოციალურად ხდება ახალ ფორმაციაზე გადასვლის ხელშეწყობა, აღარც ძველი ღირებულებები მოქმედებს და ვერც ახალი შეიქმნა, რომელიც მოახდენდა ძველის ჩანაცვლებას. ასეთ ვითარებაში, ადამიანთა დიდ ნაწილს, ფაქტობრივად, საყრდენი გამოეცალა და ყოველი მათგანი, პირობითად რომ ვთქვათ, თავად არეგულირებს თავის ქცევას იმ მიკროსოციალურ გარემოში მიღებული სტანდარტების შესაბამისად, რომელშიც თვითონ ცხოვრობს. თანამედროვე საქართველოში კულტურული სოციალური განწყობები ხშირად ბუნდოვანი, დიფუზური და აღრეულია.

რა თქმა უნდა, რელიგიურ ოჯახებში ღალატისა და განქორწინების პრობლემა ბევრად უფრო ნაკლებად დგას, ვიდრე იქ, სადაც ამოსავალი წერტილი ხორცზე ზრუნვა და ათეისტური მსოფლმხედველობაა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს, იქნება ის მორწმუნე თუ – არა, ცხოველებისგან განასხვავებს მორალი, მორალური კატეგორიები. კაცობრიობის განვითარების ისტორია ეფუძნება არა იმდენად ტექნიკურ პროგრესს, რამდენადაც ზნეობას. თუმცა, ჩვენში არსებული ცხოველური ინსტინქტები, ასევე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენი ქცევის ტიპს. ამიტომ, მორალის არმქონე ადამიანისთვის ძალიან მარტივია, უღალატოს, დაამციროს, გული ატკინოს მეორე ადამიანს. რაც შეეხება მორალურად მეტ-ნაკლებად მდგრად ადამიანებს, გარემოზე მეტად, ღალატს ზიანი მოაქვს თავად მოღალატისთვის. არ გეგონოთ, ეს ადვილი იყოს, ღალატი, გინდ სიყვარულით იქნას ჩადენილი, გინდ გრძნობის გარეშე, ფსიქიკური სტრესია. ეს ფსიქიკის ტრავმირებას, პიროვნების გახლეჩას, გაორებას უწყობს ხელს, ვითარდება შიდაპიროვნული კონფლიქტი. თუ ადამიანს ოჯახიც აქვს და სხვა სექსუალური პარტნიორიც ჰყავს, მას მორალური პრინციპების მქონე სოციალური გარემო დისკომფორტს უქმნის, რადგანაც უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები ადამიანის ქცევის მიმართ. სხვა საქმეა, რამდენად ერევა ურთიერთობაში საზოგადოება, ეს კონკრეტული ქვეყნის სოციუმზეა დამოკიდებული.

– მოდი, ზოგადიდან უფრო კერძოსკენ წარვმართოთ ჩვენი საუბარი. რატომ ღალატობენ მეუღლეები ერთმანეთს?

– უპირველესად, და უფრო ხშირად იმიტომ, რომ საერთო ორ ადამიანს შორის არის ძალიან მცირე. ოჯახური ცხოვრება და წყვილების ურთიერთობა ეყრდნობა საერთო ინტერესებს, მისწრაფებებს, გემოვნებას, მსოფლმხედველობრივ პოზიციას. ეს არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა დეფიციტი პრობლემებს ქმნის პიროვნებათშორის ურთიერთობებში და ურთიერთგაგებისა თუ დიალოგის დანაკლისს წარმოშობს. ერთმანეთის მიმართ ინტერესი ნელდება და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ნიადაგზე ასპარეზზე გამოდის ახალი ობიექტი. სწორედ განწყობა წარმართავს შესაბამისი ობიექტის გამოჩენას. ეს ფსიქოლოგიაში უკვე კარგად გამოკვლეული საკითხია. განწყობის ბუნებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ახალი ურთიერთობის მზაობა, ანუ განწყობა, როგორც წესი, წარმოშობს იმ ვიღაც „სხვას“, მესამეს.

– ხშირად, შემთხვევითი კავშირები მამაკაცებს ღალატად არ მიაჩნიათ.

– ნურას უკაცრავად, ეს მათთვის თავის მართლების საშუალებაა. თანაც, ახალგაზრდა თაობა ასე აღარ მიიჩნევს, აქ გენდერულ საკითხზე მეტად, მთავარ როლს თამაშობს მიდგომა ოჯახის შენარჩუნების საკითხის მიმართ. ჰგონიათ, რა, რომ თუ ინტერესი გაუნელდებათ, მაშინვე შეუძლიათ, შემცვლელი მოძებნონ, ამიტომ ინგრევა ოჯახები პანტაპუნტით.

– სექსუალური თავსებადობაც ხომ მნიშვნელოვანია?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ძალიან მაღალ მატერიებზე ვისაუბრეთ, სულიერი ერთობა, ნდობა, ურთიერთგაგება, ინტერესები, მისწრაფებები და ასე შემდეგ. მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს უფრო დაბალი, მარტივი მოთხოვნილებები – ხორციელი ფაქტორი, რომლის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ადრე თუ გვიან შეუთავსებლობა თავს იჩენს და კონფლიქტის, ნევროზის წყარო ხდება. ფიზიკური ჰარმონია აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა სრულფასოვანი ურთიერთობისთვის.

კიდევ ერთი: ერთ ფიზიკურ სივრცეში არსებობა, ჯერ კიდევ სრულებით არ ნიშნავს ერთად ყოფნას. თუ ცოლ-ქმარი უბრალოდ ზის თავისთვის, ერთმანეთს ხმას არ სცემს და სათქმელი არაფერი აქვთ, ეს არ არის ცოლქმრობა. ხშირად კიდევ, მამაკაცები ვერ ხვდებიან, რომ ქალი სხვაგვარადაა მოწყობილი: სითბო, ყურადღება, ზრუნვა სჭირდება. მნიშვნელოვანია ცოლ-ქმარი მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ერთმანეთზე და არა საკუთარ ეგოზე.

– ჩემი აზრით, ღალატის ერთ-ერთი მიზეზი არასრულფასოვნების კომპლექსიცაა.

– აბსოლუტურად მართალი ხართ. სხვადასხვა სახის კომპლექსი არსებობს, მაგალითად, დონ ჟუანის კომპლექსი, რომელიც დედაშვილური სიყვარულის დეფიციტითაა განპირობებული; ოტელოს კომპლექსი, როცა კაცს თავის სქესობრივ შესაძლებლობებში ეპარება ეჭვი და მეუღლეს სტანჯავს თავისი ეჭვებით; ასევე, არსებობს ქალთა კომპლექსებიც. ამ დროს ადამიანი სხვას კი არ უმტკიცებს, რომ რამე შეუძლია, არამედ უწინარესად საკუთარ თავს. არათუ ქალი, არამედ მდედრიც, ცხოველთა სამყაროში ბევრად უფრო მონოგამურია, ვიდრე – მამრი. სხვათა შორის, ჩვენს სინამდვილეში ქალები უფრო ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ვიდრე მამაკაცები.

– შეიძლება ღალატობდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო?

– დიახ. ჩვენს სინამდვილეში მომრავლდა ჰომოსექსუალური ლტოლვის მიზეზით განქორწინება. ამგვარ ვითარებაში, ქალებთან შედარებით, მამაკაცები უფრო ხშირად აღიარებენ რეალობას და წყვეტენ ოჯახურ ურთიერთობას.

– როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ ქმარი ღალატობს ან პირიქით?

– ასე, მზა რეცეპტი როგორ გითხრათ? ნებისმიერ შემთხვევაში, მეტოქესთან ანგარიშსწორება არ მიმაჩნია ნორმად. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თვითონ უნდა გადაწყვიტოს – აპატიოს, გაეყაროს თუ სხვა. ღალატის პრეცედენტის საუკეთესო პრევენცია ეკლესიური ცხოვრებაა.

– ერთხელ რადიოგადაცემაში მოვისმინე, რომ ქართველი ქალების ფსიქიკაში სექსი გარყვნილებასთან იგივდება და ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. შემდგოში მათ დანაშაულის კომპლექსი უჩნდებათ მეუღლესთან ლეგიტიმური ურთიერთობის დროსაც კი.

– ეს უფრო ძველი თაობის პრობლემა იყო. თუმცა, ისინი ინერციით ახალგაზრდებს გადასცემენ თავიანთ განწყობებს. ასეთი ქალების ფსიქიკა საოცრად ტრავმირებულია. ხშირად არიან შებოჭილები ქორწინების შემდეგაც კი. თუკი ისინი განიხილავენ სქესობრივ ურთიერთობას, როგორც მანკიერებას, ბუნებრივია, აქ თავისთავად შემოვა თვითბრალდების დამთრგუნველი განცდა. ამიტომ, ყველაფრის მიმართ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა.


скачать dle 11.3