კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა თბილისში გარეგნობის შეცვლის სურვილი მასობრივ ფსიქოზად და რა იწვევს ბულემიასა და ანორექსიას მოზარდებში

თბილისში ბოლო წლებში პლასტიკური ქირურგიის ნამდვილი ისტერიაა ატეხილი. ცნობილ კლინიკებთან ლამის ცოცხალი რიგები დგას. უმეტესად ამით ქალები არიან გატაცებული, თუმცა მამაკაცებიც ფეხდაფეხ მისდევენ მათ. პლასტიკური ოპერაციის მსურველთა ფსიქოპორტრეტსა და პრობლემებზე ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი სოფიო ვერულაშვილი გვესაუბრება.

– ჩვენ ვცხოვრობთ კოლექტიური ცნობიერების მქონე საზოგადოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაც პატარაა და ქალაქიც, საზოგადოების აზრი, ალბათ, ინდივიდზე უფრო მეტ გავლენას ახდენს.

– შესაძლოა, გარკვეულწილად ესეც ახდენდეს გავლენას იმაზე, რომ ადამიანი მეტისმეტად თვითკრიტიკულია. მართალია, ჩვენ ვართ კოლექტივისტური საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ჯგუფზე, კოლექტივზე, მაშინ, როდესაც დასავლეთის საზოგადოება ინდივიდუალისტურია – მათთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, ანუ ფოკუსირება კონკრეტულ პიროვნებაზე. შესაბამისად, ინდივიდუალობა, ორიგინალობა იქ უფრო დაფასებული და წახალისებულია, ვიდრე ჩვენში. კოლექტივისტური კულტურა უფრო მეტად მიდრეკილია დადგენილი სტანდარტების განუხრელად დაცვისკენ, იქნება ეს ჩაცმულობის სტილი, გარეგნობა, ქცევის ტიპი თუ სხვა რამ. საზოგადოებას არ შეუძლია მის წევრებზე უშუალოდ ზემოქმედება – ამას სოციალური ჯგუფის წევრები აკეთებენ. ცალკეული ადამიანის ქცევა განპირობებულია არა მხოლოდ მისი „მემკვიდრულობით“, არამედ როლით საზოგადოებაში და სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებით. შესაბამისად, ის იღებს ამ ჯგუფის წესებს და აიტაცებს ნებისმიერ ქცევით ტენდენციას, რომელიც ჯგუფში გაჩნდება: „დაიბერეს ტუჩები, გაიდიდეს მკერდი. ესე იგი, მეც რაღაც მსგავსი უნდა გავაკეთო“... ანუ, ადამიანის ინდივიდუალური ქცევა იხსნება მისი, როგორც საზოგადოების წევრის, ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქიკური თავისებურებებით. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ „სასტავთან“ (ჯგუფთან) გაიგივებას ადამიანი ახორციელებს მიბაძვით. ინდივიდი ამ ჯგუფში „ჩასაწერად“ ყველაფერს გააკეთებს: ივლის სოლარიუმში, გაიკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, „დაჯდება“ დიეტაზე.

ჩვენთან პლასტიკური ქირურგიის მიმართ ინტერესის ზრდა, ბოლო ხანებში, დაკავშირებულია როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგებით ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან. შესაძლებლობებში ვგულისხმობ არა იმდენად მატერიალურ ხელმისაწვდომობას, არამედ, უფრო ინფორმაციის ქონას, ახალი კლინიკების გახსნას და ასე შემდეგ. თბილისში არის რამდენიმე ცნობილი კლინიკა, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მსურველი მიმართავს გარეგნობის შეცვლის მიზნით. ადრე იყო მხოლოდ ერთი კლინიკა და ინფორმაციაც მწირი იყო პლასტიკური ქირურგიის შესახებ. ქირურგიის ეს დარგი მარტო ჩვენში კი არა, მთელ მსოფლიოშია პოპულარული, თუმცა, რადგან ჩვენთან შედარებით გვიან შემოვიდა, ამიტომ არის ასეთი ისტერიკა. პაციენტს შეუძლია, შეარჩიოს როგორც კლინიკა, ასევე, კონკრეტული ექიმი თუ მეთოდი. მაგრამ პლასტიკური ქირურგიის მიმართ ინტერესის ასეთ ზრდას მარტო ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული რეაქცია არ განაპირობებს. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ესთეტიკურ აღქმასა და გარეგნობის შეცვლაზე, არამედ, უპირატესად, პიროვნულ თვითშეფასებაზე. პრაქტიკაში ხშირად მქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანს პრობლემები უჩნდება თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით: აქვს დაბალი თვითშეფასება, მუდმივად უხასიათოდაა, ამ ფონზე არ მოსწონს არც თავისი გარეგნობა – ჰგონია, რომ გარეგნობის ცვლილებით მოაგვარებს „ყველაფერს“ და გუნება-განწყობის გამოსწორებას შეძლებს...

– გარეგნობის ცვლილება აისახება ხოლმე შინაგან ცვლილებაზე?

– თუ საქმე ეხება არარადიკალურ ცვლილებებს, თმის შეღებვას, ვარცხნილობისა და სტილის შეცვლას, რომელსაც დროებითი ეფექტი აქვს, პოზიტიურად მოქმედებს დროებით განწყობის გაუმჯობესებაზე. ფსიქოლოგები ხშირად ვურჩევთ პაციენტებს, რომ რამე შეცვალონ საკუთარ გარეგნობაში, მაგრამ, შევცვალოთ ისეთი რამ, რისი შეცვლაც ყოველთვის შეიძლება და, არმოწონების შემთხვევაში, გამოსწორებას ექვემდებარება: შესაძლოა, თმა გავიზარდოთ ან თუ მოგვწონს, შევუცვალოთ ფორმა და არა, შევიცვალოთ ცხვირის ფორმა ან რაღაც ასეთი. ფსიქოთერაპევტისთვის, ცხვირის ფორმის შეცვლის სურვილი პაციენტების მხრიდან, უკვე სიმპტომია. კავკასიელები გამოვირჩევით როგორც გარეგნული, ასევე, ტემპერამენტის თავისებურებით. კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელი მოგრძო და კეხიანი ცხვირია, ხომ? თუ ადამიანი შინაგანად კომფორტს განიცდის, მას საკუთარი კავკასიური ცხვირიც კი ორიგინალურად და საჭიროდ ეჩვენება და ეს ფსიქიკის სიჯანსაღის ნიშანია. ჩემი აზრით, ცხვირის კორექციით ადამიანი ზუსტად იმ სახასიათო შტრიხს კარგავს, რომელიც მისი რეგიონისთვის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი პიროვნულისთვის არის დამახასიათებელი. სხვა საქმეა, თუ გვაქვს შესაძლებლობა, მცირე ჩარევით გარეგნობა უფრო სრულყოფილი გავხადოთ. ასევე, თუ არის სამედიცინო ჩვენება, როდესაც საქმე გვაქვს გარეგნობის თანდაყოლილ გამოხატულებებთან (კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა) ან უბედური შემთხვევის (დამწვრობა, სხეულის დაზიანება) შემდგომ საჭიროა ჩვეული ფორმის დაბრუნება. აი, თუნდაც, რომ ავიღოთ ბარბარა სტრეიზანდი, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული, არატიპური გარეგნობა. საზოგადო სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ქალბატონს ლამაზი არ ეთქმის, მაგრამ, სწორედ ასეთმა გარეგნობამ აიძულა ჰოლივუდიც კი, ეს „კომერციული სილამაზის ფაბრიკა“, ეღიარებინა და მიეღო ის ისეთი, როგორიც არის. ყველა ადამიანის ხასიათში დევს სწრაფვა განუმეორებლობისკენ. ამ დროს კი პირიქით, ცდილობს, თავისი საქციელით ყველანაირად დაემსგავსოს სხვას და გახდეს შაბლონური. ამიტომ, ვიდრე ვინმე გადაწყვეტს ცხვირის ან მკერდის ფორმის შეცვლას, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს, ნამდვილად სჭირდება თუ არა მას ქირურგიული ჩარევა. მინახავს ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივი ფორმები აქვს ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილოა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს საკუთარ სქესთან – არ უნდა, იყოს კაცი ან ქალი. ბევრი იმედგაცრუებული რჩება თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო. ზოგიერთი მათგანი მარტო კომპლექსისგან გათავისუფლების მიზნით კი არა, რაიმე კონკრეტული წარუმატებლობის გამოც მიმართავს პლასტიკურ ქირურგს. ამ ყველაფერს აქვს დროებითი ეფექტი და ხდება ისე, რომ იცვლება ვიზუალი, მაგრამ რჩება პრობლემა. მერე ხშირ შემთხვევაში არ მოსწონთ ოპერაციის შედეგი, მათ წარმოსახვაში არსებულს არ ემთხვევა. ზოგჯერ ოპერაცია წარმატებულია, ზოგჯერ – წარუმატებელი. ის, რომ ადამიანი არ არის კმაყოფილი პლასტიკური ჩარევის შედეგით, ზოგჯერ არაა დაკავშირებული ამ ფაქტორთან. შეგუება ახალ სახესთან ძალიან რთულია. ადამიანი თავისი „ნაკლით“ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, უცებ მისი გარეგნობა არსებითად იცვლება და მას უჭირს ამასთან შეგუება, ამიტომ ვებრძვით ფსიქოლოგები ფსევდოპრობლემებს და ვცდილობთ ჩვენთან მოსულ ადამიანებს, ნამდვილი პრობლემის გაცნობიერებაში დავეხმაროთ. დაშლით ვერაფერს დაუშლი – ეს ადამიანის უფლებაა, მაგრამ, გვინდა, მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ. კომპლექსის წყარო ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია: ძირითადია, ოჯახური პრობლემები, მერე თანატოლების წრე და, ასევე, მათი კერპი, რომელიც მოზარდისთვის იდეალია. საკუთარ თავთან შედარებას ის ხშირად ახდენს და ითრგუნება. თუმცა იმ ასაკში ის, ვერ გააცნობიერებს, რომ კერპი, შესაძლოა, სწორედაც კოსმეტიკის და ქირურგიის ქმნილება იყოს. ჰუბერტაციის ასაკში ბევრი ვიზუალური პრობლემაა: აკნე, გამონაყარი, დისპროპორცია. მოზარდები ადვილად იქმნიან კერპებს. ამას მასმედიაც უწყობს ხელს. ხშირად მოზარდმა არ იცის, რომ ამგვარი გამონაყარი სავსებით ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა. იგი ადარებს თავს თავის იდეალს და უყალიბდება დაბალი თვითშეფასება. მოზარდს სურს, დაემსგავსოს თავის იდეალს. ეს მისწრაფება, გარდატეხის ასაკში ხდება ძალზე გავრცელებული დაავადებების – ნერვული ბულემიისა და ანორექსიის მიზეზი. როგორც ბულემიას, ისე ანორექსიას, ერთი და იგივე მიზეზი აქვს, მაგრამ პირველისთვის მხოლოდ ფსიქოთერაპიული მეთოდებიც სავსებით საკმარისია; ანორექსია კი ძალზე საშიშია და ფსიქოთერაპია ვერ შველის, მას სტაციონარული მკურნალობა სჭირდება ხელოვნური კვებით. მისი მძიმე ფორმა განუკურნებელია და, სამწუხაროდ, სიკვდილით მთავრდება.

– ჰოლივუდი, მოდის ჟურნალები, მასმედია თუ მოქმედებს ამაზე და, ზოგადად, სილამაზის ინდუსტრიაზე რას ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა, სტანდარტების დამკვიდრებას სამივე სეგმენტი პირდაპირ უწყობს ხელს! ღირებულებები, სტანდარტები აღრეულია, ფაქტობრივად, იშლება ზღვარი ქალსა და მამაკაცს შორის და ეს ძალიან ცუდია. სტანდარტულმა მეტისმეტმა სიგამხდრემ, ხომ ხედავთ, რა შედეგებიც მოუტანა მსოფლიოს? – ანორექსიის პრობლემას ვგულისხმობ. მოდას რაც შეეხება, ეს მიმბაძველობის ერთ-ერთი სახეა. ადამიანები მიბაძვის კანონებით ცხოვრობენ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა წონის, სიმაღლის, ფორმების თუ ფერის ქალი იყო მოწონებული. ადრე იდეალებს მხატვრული ლიტერატურა ამკვიდრებდა, ახლა – კინო და მედია.

– ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, ხშირად კომპლექსები ლამაზ ქალბატონებს აწუხებთო. მართებულია თუ არა ეს მოსაზრება და როგორია იმ ქალბატონების ფსიქიკა, რომლებიც მოდის ან შოუ-ინდუსტრიაში არიან ჩართულები? ესეც ხდება ნევროზის წყარო?

– კომპლექსი არ უკავშირდება ვიზუალურ მხარეს. რა თქმა უნდა, ის ლამაზ ქალბატონებსაც აქვთ. ნევროზის წყარო ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონკრეტული სფერო. ზოგადად დღევანდელი შოუინდუსტრია მკაცრ მოთხოვნებს უყენებს თითოეულს.


скачать dle 11.3