კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემმა შეყვარებულმა ჯერ გამარტყა, მერე მიჩივლა


ეს ისტორია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო: ტრანსპორტში ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა, მერე ბილეთი ამიღო. გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ჩამომყვა და სამსახურამდე მიმაცილა. მაშინ მითხრა, მეც აქეთ მაქვს საქმეო, მაგრამ, მერე გავიგე, რომ არანაირი საქმე არ ჰქონია. რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურთან დამხვდა ყვავილებით ხელში და კაფეში, ყავაზე დამპატიჟა. საერთოდ, უცნობებს არ ვეკონტაქტები ხოლმე, მაგრამ, რატომღაც, იკასთან ურთიერთობა თავისთავად აეწყო. როგორც თვითონ მითხრა, იყო უცოლო, ცხოვრობდა დედასთან ერთად საბურთალოზე, ჰყავდა გათხოვილი და, მუშაობდა ერთ-ერთ ბანკში. მეც არ დამიმალავს ჩემი ანკეტური მონაცემები.

ჩვენი შეხვედრები გახშირდა. საკმაოდ დავახლოვდით. ვგრძნობდი, რომ შემიყვარდა და თვითონაც აშკარად არ იყო ჩემ მიმართ გულგრილი, მაგრამ, რაღაცნაირად, უცნაური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: ხან ისე ახლობლად მიმაჩნდა, მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს, ხან კი ისე გამინაპირებდა, ელემენტარული საუბარიც კი არ გამოგვდიოდა. მთელი წელი ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩვენ შორის კოცნის მეტი არაფერი ყოფილა, ისიც ძალიან იშვიათად. როგორც კი ინტიმზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს, მე მაშინვე სიტყვას ბანზე ვუგდებდი, რაც ძალიან სწყინდა. პატარა გოგო ნამდვილად აღარ ვარ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ძალიან მიჭირდა. ჩემი ყოველი უარის თქმის შემდეგ, ვგრძნობდი, როგორ მშორდებოდა შინაგანად. ის კი არა, კოცნის მერეც უცნაური გაუცხოება ეწყებოდა. ვერ ვიგებდი, რაში იყო საქმე. ბევრი ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ რაღაც კომპლექსი სჭირდა ურთიერთობაში, და, შესაძლოა, იმის გამო, რომ ბოლომდე არ მივყვებოდი, ღიზიანდებოდა. ბოლოს ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება, მაინც ოჯახის შექმნას ვაპირებთ-მეთქი და ერთ-ერთ მორიგ შემოთავაზებაზე დავთანხმდი. უნდა გენახათ, რა დაემართა. ჯერ სიცილი აუტყდა, მერე ცინიკურად შემომხედა და მითხრა: მთელი წელი პატიოსან გოგოს თამაშობდი, მაგრამ ბოლოს მაინც ხომ გამოაჩინე შენი ნამდვილი სახე. ქალები ყველანი ერთნაირები ხართ. გგონია, ლოგინში თუ ჩამიწვები, ჩემზე გათხოვება გარანტირებული გაქვს? მე შენ წესიერი გოგო მეგონე, შენ გამო ცოლთან გაყრაც კი მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ამად ნამდვილად არ ღირხარო. ცოლის ხსენება აშკარად არ შედიოდა მის გეგმებში, თუმცა, ეტყობა, სიბრაზისგან წამოსცდა. ძალიან ეცადა, გადაეკეთებინა თავისი ნათქვამი, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. ახლა მე ავენთე – აკი მითხარი, უცოლო იყავი. ასეთი ტყუილის შემდეგ კიდევ აქეთ მდებ ბრალს და წესიერებაზე მელაპარაკები-მეთქი?! ხმა ვეღარ ამოიღო. რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვედი. რამდენიმე დღე არც გამოჩენილა, არც დაურეკავს. მერე ისევ სამსახურთან დამხვდა, ვარდებით ხელში, მაგრამ ჩემი ხსენებაც კი ავუკრძალე. ის კი მაინც არ მომეშვა. ბოლოს ვუთხარი, ხომ გყავს ცოლ-შვილი, ხომ ვარ უპატიოსნო და უწესო, ჰოდა, რა გინდა ჩემგან, თავი დამანებე-მეთქი. ვერც კი წარმოიდგინეთ, ისეთი პასუხი გამცა: შენ გამო ცოლს ნამდვილად ვერ გავეყრები. არც შენ ხარ ისეთი მზეთუნახავი, რომ კაცები ვენებს იჭრიდნენ. შეიძლება, ისე დაბერდე, ზედ არავინ შემოგხედოს. ამიტომ, კარგ ვარიანტს გთავაზობ – გახდი ჩემი საყვარელი და არაფერს მოგაკლებო. ისე გამამწარა ამ სიტყვებმა, რომ ხელიდან გამოვტაცე ვარდების თაიგული და ის ეკლებიანი ტოტები მთელი ძალით შემოვარტყი სახეში. ისეთი იღრიალა სიმწრისგან, მეგონა, გველეშაპი ბღაოდა. რომ შევხედე, სახე სულ დაკაწრული და დასისხლიანებული ჰქონდა. სანამ გონს მოვიდოდი, მომიბრუნდა და ისეთი გამარტყა სახეში, თვალთ დამიბნელდა და წავიქეცი. ჩვენი ორთაბრძოლა გოგოებმა ფანჯრიდან დაინახეს, კაცებსაც დაუძახეს და ყველა ერთად გამოიქცა ჩემს საშველად. მერე ვიღაცამ პატრული გამოიძახა, ორივე წაგვიყვანეს და იქ ახსნა-განმარტების დაწერა მოგვთხოვეს. მე ძალიან შემრცხვა, თან ცუდად ვიყავი და ვთქვი, ყველაფერს თვითონ გავარკვევთ-მეთქი. ვაჟბატონმა კი ახსნა-განმარტების ნაცვლად, სარჩელი აღძრა – მიჩივლა, უმიზეზოდ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაო და მოითხოვა, დაკაწრული სახე მტკიცებულებად ჩაეთვალათ. იმის მერე, რაც მანამდე მითხრა და ჩაიდინა, თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა მისგან, ვეღარ წარმომედგინა. მაგრამ, როცა პატრულმაც გაიგო, ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის, ჩემზე მეტად ისინი აღშფოთდნენ. საბოლოოდ კი, ყველაფერი სოლიდური ჯარიმით დასრულდა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მე გადავიხადე.

ამ ყველაფერს თუ კიდევ ექნებოდა გაგრძელება, ნამდვილად აღარ მეგონა. მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ, ყოველ საღამოს ჩემს სახლში ვიღაც რეკავდა (ხან ქალი, ხან – კაცი) მაგინებდა და ყურმილს მიკიდებდა. რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობი არ იყო, ვინ მიშლიდა ნერვებს და იძულებული გავხდი, ჩემი მეგობარი მამაკაცები ჩამერია – ერთ დღეს სახლთან დახვდნენ და ისე შეაშინეს, იმის მერე საერთოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მაგრამ დეპრესია კარგა ხანს გამყვა. მეგობრების დახმარებით, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან და, რომ მეგონა, იმ ვაჟბატონის სახეც კი აღარ მახსოვს-მეთქი, ჩემს მობილურზე დამირეკა – ცოლს გავშორდი, შენთან შერიგება მინდა და 2 იანვარს შევხვდეთ ერთმანეთს, ბედობაა და იქნებ ერთად ყოფნა დაგვებედოსო. არ მინდა, ჩხუბი დამებედოს, თორემ, მართლა შევხვდებდი, ოღონდ, ვინმე ბიჭთან ერთად და ერთი კარგად ვაბეგვინებდი, ეგებ ჭკუაზე მოვიდეს.

ლიკა, 29 წლის.



მშობლებს სახლიდან წასვლით დავემუქრე

17 წლის ისე გავხდი, ერთი დღე არ მახსოვს, ჩემს მშობლებს რომ არ ეჩხუბოთ. უფრო სწორად, ძირითადად მამაჩემი ჩხუბობს, დედა კი ჩუმად არის და ითმენს. მაგრამ, ხანდახან თუ ხმა ამოიღო, ანუ, თუ ოდნავ მაინც შეეპასუხა, მერე იწყება გინებისა და შეურაცხყოფის კორიანტელი, რაც ორივეს გვეხება – მეც და დედაჩემსაც.

მამაჩემი უკვე რამდენიმე წელია, აღარ მუშაობს – მათი სამსახური გაუქმდა. ხანგრძლივი დეპრესია ჩვენ მიმართ აგრესიაში გადაეზარდა და სულ იმას გვაყვედრის, მადლობლები იყავით, ჩემს სახლში რომ გაჩერებთო. დედაჩემის ხელფასის აღების დრო გაიგო და, როგორც წესი, იმ დღეს სამსახურთან ხვდება, სრულ კონფისკაციას უკეთებს და მერე ავტობუსის ფულს უხდის სახვეწარს. თვითონ არანაირი შემოსავალი არ აქვს და, იმის მაგივრად, რომ მიდგეს-მოდგეს, რაღაც მოძებნოს, ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, შერცხვეს და შეწუხდეს მაინც, რომ მთლიანად ცოლის კისერზეა, იქით ერჩის, რატომ უკეთ არ მარჩენო.

ამას წინათ სახლში გახარებული მივედი: დირექტორს სავარაუდო მედალოსნების სია შეუდგენია და კლასის დამრიგებელმა მითხრა, სამკაციან სიაში ერთ-ერთი შენ ხარო. სიხარულით მოვფრინავდი სახლში – მინდოდა, დედასთვის მეხარებინა, მაგრამ კარი რომ შევაღე, ისეთი სურათი დამხვდა, ოქროს მედალი კი არა, სიცოცხლე აღარ მინდოდა: მამაჩემს ვიღაც ორი თავისნაირი უსაქმური (და, რაც მთავარია, კარგად გამობრუჟული) ტიპი ჰყავდა მოყვანილი და დედაჩემს უშვერი სიტყვებით აგინებდა – რას ჰქვია, ჩემი ძმაკაცების საკადრისი სუფრა არ გაგვიწყვეო. დედა უხმოდ იდგა და ცრემლი ჩამოსდიოდა, ის ნაგავი სტუმრები კი ღორებივით იღმურძლებოდნენ დედაჩემის მოტანილ საჭმელ-სასმელს და ერთხელაც არ უცდიათ, მამაჩემი გაეჩუმებინათ.

ჩემს შესვლას არავინ ელოდა. რომ დამინახა, მამაც შეცბა და წამით გაჩუმდა. მაგრამ, ეტყობა, მერე იფიქრა, ამ ჩემს ძმაკაცებს არ ეგონოთ, შვილის შემეშინდაო, ისევ დააპირა დედას ლანძღვა-გინება გაეგრძელებინა, მაგრამ, უკვე ვეღარ მოვითმინე, ჩავავლე ხელი საკინძეში, მეორე ოთახში გავათრიე და დავემუქრე: ან გონზე მოხვალ და წესიერად მოექცევი დედაჩემს, ან ცემაში ამოგხდი სულს და ციხეში წავალ. ასეთი ნაგავი ხალხის სახლში მოყვანა კი არა, მაგნაირებთან ქუჩაში დამდგარი რომ დაგინახო, იცოდე, მწარედ განანებ. ახლა კი შენ თვითონ უთხარი, „დაახვიონ“ აქედან, სანამ წიხლით არ გამიყრია-მეთქი. ეტყობა, გიჟის სახე მქონდა, რადგან მამაჩემი მომენტალურად გამოფხიზლდა და აქეთ დამიწყო დაწყნარება. ამ ორი ლოთის გაგდება აღარ გახდა საჭირო, რადგან თვითონ გაპარულიყვნენ. დედაჩემი კი იჯდა მაგიდასთან გაშტერებული, თითქოს არ ესმოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. გავიდა თუ არა ოთახიდან მამაჩემი, დედა მომიბრუნდა და ისე დამტუქსა, გაოგნებული დავრჩი, როგორ გაბედე, მამაშენს ხელით შეხებოდი (ანუ, საკინძით რომ დავითრიე) და მისთვის ასეთი სიტყვები გეთქვა. ავია თუ კარგია, ის მამაშენია და ამის უფლება არ გაქვსო. ისე გამაგიჟა დედაჩემის სიტყვებმა, ვიფიქრე, ამასაც სჭირდება გამოფხიზლება-მეთქი და ცოტა დაყვავებით ვუთხარი, როდემდე უნდა აჩაგვრინო თავი, ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, ამისთანა კაცს როგორ უჩერდები-მეთქი. კიდევ უფრო მწარე სიტყვების თქმაც მინდოდა, მაგრამ თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა – ჩემ წინ იჯდა დაჩაგრული, თავის ბედს შეგუებული ქალი; უფრო მეტიც – მონა, რომელიც მზადაა, თავის მკაცრ ბატონს მთელი ცხოვრება თვალებში უყუროს, ოღონდ კი მისი, თუნდაც მცირე კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ეს რომ დავინახე, დედაჩემის მიმართ საოცარი სიბრალული და, პარალელურად, გაღიზიანება ვიგრძენი. არ ვიცი, შეიძლება, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ, ვერ მოვითმინე და ვუთხარი: თქვენ, ეტყობა, მაზოხისტები ხართ, მე კი თქვენს არანორმალურ ურთიერთობას ვერ შევეწირები. ახალი წლის შემდეგ დეიდაჩემთან გადავალ საცხოვრებლად, უმაღლესში რომ ჩავაბარებ, მუშაობას დავიწყებ, ერთ ოთახს ვიქირავებ და როგორმე ჩემს თავს მივხედავ-მეთქი – და სახლიდან გავედი. აღარც კი მახსოვდა ჩემი ოქროს მედალი.

იმ დღის მერე მამაჩემი სულ თაფლად და შაქრად იღვრება, დედაც სულ თვალებში მიყურებს, მაგრამ, ვიცი, ვერაფრით შევეგუები ასეთ ცხოვრებას და რაც დედას ვუთხარი, აუცილებლად შევასრულებ. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავეხმარები მატერიალურად და სანახავადაც მივალ ხოლმე. ერთი კი ზუსტად ვიცი – მე ასეთი ოჯახი არ მექნება.

ნიკა, 17 წლის.



რატომ დავკარგე დაქალი

ჩემი კურსიდან ხუთნი ვმეგობრობთ. არანაირი სერიოზული კონფლიქტი არ მოგვსვლია ერთმანეთთან, უკვე მეხუთე წელია, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ მე და ია ლამის შევასკდით ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ იას ერთი საშინელი თვისება აქვს – ძალიან უყვარს ჭკუის დარიგება. მართალია, ხუთივეს ხშირად მიგვიცია ერთმანეთისთვის რჩევები, მაგრამ მიუხედავად ჩვენი დაქალობისა, ყოველთვის ფრთხილად ვაკეთებდით ამას, ისე, რომ არ გვეწყენინებინა ერთმანეთისთვის. ია კი ზომიერების შეგრძნებას კარგავს ხოლმე (განსაკუთრებით ჩემ მიმართ) და, სინამდვილეში, რჩევას კი არ მაძლევს, ჭკუას მარიგებს და თან მტუქსავს, თუ მისი ნათქვამი არ გავითვალისწინე. ამას წინათაც ასე მოხდა და ისე შეტოპა, ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე, ჩემს პირად ცხოვრებაში ნუ ერევი-მეთქი. ითაკილა ჩემი შეტევა და მომახალა, მე რომ არ გყავდე, ცხრაჯერ იქნები უფსკრულში გადაჩეხილიო. საქმე ისაა, რომ მომწონს ერთი ბიჭი, რომელსაც ვხვდები, მაგრამ ვერ გავარკვიე, მართლა ვუყვარვარ თუ არა. ია კი წინასწარ მიგეგმავს ყოველ სიტყვას და ნაბიჯს: ასე უთხარი, ისე შეხედე, ასე მოიქეცი, ისე მოიქეცი... თავიდან, რაღაცნაირად, დამორჩილებული ვყავდი და მეც სულელივით ვუჯერებდი, მაგრამ, ძალიან რომ „გამიხურა“ საქმე და წინააღმდეგობა გავუწიე, საშინელი დღე მაყარა. ისე ამომიყვანა ყელში, ვუთხარი, დედაჩემი ვერ მიბედავს ამდენს და შენ ვინ მყავხარ-მეთქი, ის კი მომიბრუნდა და მითხრა, დედაშენი რომ ვიყო, კი ვიცი, როგორ მოვექცეოდი შენისთანა შვილსო. არ უნდა მწყენოდა? მისი სიტყვებიდან ისე გამოვიდა, რომ სამარცხვინო შვილი ვიყავი. მეც უკან აღარ დავიხიე და კარგა სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. იმანაც ბევრი მწარე სიტყვა მითხრა: ცანცარა ხარ, ატეხილი, ბიჭებს კუდში დასდევ და თავმოყვარეობა არ გაქვსო. არც მე დავრჩი ვალში და მივახალე, – შენ კი ბოღმა გალაპარაკებს, რადგან ჯერ შენი მომწონებელი ბიჭი არ დაბადებულა და შურით სკდები, მე რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს-მეთქი. ერთი სიტყვით, კაპასობაში ტოლი არ დავუდეთ ერთმანეთს და, საბოლოოდ, ჩვენი მეგობრობაც წარსულს ჩავაბარეთ. დანარჩენი დაქალები კი ჩვენ გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, აღარ იციან, როგორი პოზიცია დაიკავონ.

სიმართლე გითხრათ, ყველაფრის მიუხედავად, ვნანობ, ასე რომ მოხდა და შერიგებაზეც თანახმა ვარ, ოღონდ, ორი პირობით:

პირველი – ია უნდა გადაეჩვიოს ჭკუის დარიგებას და, მეორე – ბოდიში უნდა მომიხადოს, რადგან მან დაიწყო ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ კარგად ბრძანდებოდეს, როგორმე მის გარეშეც გავძლებ!

ირმა, 21 წლის.



ძალიან ძუნწი დაქალი მყავს

სამსახურში ერთი თანამშრომელი მყავს, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია, ვმეგობრობ. ყველაფრამდე წესიერი ადამიანია: არც ჭორაობა უყვარს, არც ენების წაღებ-წამოღება, ყველას კარგი უხარია და ცუდი სწყინს, მაგრამ ერთი ჩემთვის მიუღებელი თვისება აქვს – საშინლად ძუნწია. ვიცი, დღეს თავზე არავის გადასდის ქონება, მაგრამ ნანას ნამდვილად არ აქვს იმის გასაჭირი, რომ ხურდები ითვალოს. არ გეგონოთ, სხვის ქონებას ვითვლიდე, მაგრამ, მსუბუქად რომ ვთქვა, ცოტა უხერხულია, მეგობრებს რომ ეტყვი, ამოსვლას თუ აპირებთ, ყავა და ნამცხვარი ამოიყოლეთ, ქვემოთ ჩასვლა მეზარებაო და მერე სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, ყავაც ჰქონია, ნამცხვარიც და ბევრი სხვა რამეც.

თავისი სიძუნწიდან გამომდინარე, ძალიან ანგარიშიანია: დაბადების დღეზე საჩუქარს რომ მიართმევენ, ვთქვათ, სუნამოს, წაიღებს მაღაზიაში ან ბაზრობაზე (რომ არ ეზარება!), დაადგენს ფასს და თვითონაც ზუსტად იმ ღირებულების საჩუქარს მიუტანს. ერთხელ ისე მოხდა, ერთ წელიწადს საკმაოდ ძვირფასი ნივთი მივართვი. ჩემს დაბადების დღეზე მანაც მომიტანა საჩუქარი და მითხრა, მთლად იმდენი არ ღირს, შენ რომ ბეჭედი მომიტანე, მაგრამ ამჯერად მეტის საშუალება არ მქონდაო. მე კინაღამ გადავირიე – რა სისულელეს მეუბნები-მეთქი. მეორე წელს ისე მოხდა, რომ ქალაქში არ ვიყავი და მხოლოდ ტელეფონით მივულოცე. ჩემს დაბადების დღეზე თვითონაც დამირეკა (არ მოსულა, ალბათ სამაგიერო გადამიხადა), რამდენიმე დღის შემდეგ კი სამსახურში მომიტანა რაღაც სუნამო და მითხრა, – მართალია, ამჯერად არაფერი გიჩუქებია, მაგრამ შენი წინა საჩუქარი ძალიან ძვირიანი იყო და ჩემი კი – ნაკლებფასიანი და ფასებს შორის განსხვავებით ეს სუნამო მომივიდაო.

ისე ძალიან მღლის და მთრგუნავს მისი ანგარიშიანობა, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

თიკა, 34 წლის.



მე და ჩემი შეყვარებული თვეში ერთხელ ვჩხუბობთ

ორი წელია, შეყვარებული მყავს და, ლამის ოცდაორჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. საერთოდ, ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანი ვარ, არ მიყვარს აყალმაყალი და გაურკვეველი ურთიერთობები. ოღონდ უსიამოვნება არ მოხდეს და ყველანაირ დათმობაზე ვარ თანახმა. რა თქმა უნდა, პრინციპულ საკითხებს არ ვგულისხმობ, მაგრამ, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას განსაკუთრებით ვუფრთხილდები. აქედან გამომდინარე, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მოვუფრთხილდებოდი ურთიერთობას შეყვარებულთან. მაგრამ, არაფერი გამომდის. როგორც წესი, თვეში ერთხელ რაღაცაზე უნდა ამიშარდეს, მეჩხუბოს, გამებუტოს, რის შემდეგაც ითხოვს, რომ მე ვუხადო ბოდიშები და ვეხვეწო, შემირიგდეს. თავიდან მართლა ასე ვიქცეოდი, მაგრამ ეტყობა, ძალიან გაუტკბა და თანდათან გაახშირა სცენების მოწყობა. მე კი ეს ძალიან მომბეზრდა, მით უმეტეს, რომ ვერ ვიგებ, რატომ მიშარდება და მებუტება. მიზეზს ვეკითხები და მეუბნება, რომ გიყვარდე, თვითონ მიხვდებოდიო. ისე დამღალა, მგონი, მართლა აღარ მიყვარს. ორი წელია, თვალებში შევციცინებ, ის კი ასე მექცევა. სხვა თუ არაფერი, უკვე მეგობრებთანაც მრცხვენია. ბიჭები დამცინიან – მეუბნებიან, იმ პატარა გოგომ მონად და ფეხის ტილოდ გაქციაო. კი მწყინს, მაგრამ, რომ ვუფიქრდები, მართლები არიან. ამიტომ, უნდა დავანახო, რომ მეც მაქვს თავმოყვარეობა. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა.

ლუკა, 26 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3