ინსტრუმენტების კოლექცია, „უგულავჩიკების“ ოჯახი და სოლ დიეზზე ამღერებული ავტობუსის ძრავა
დავით უგულავას ინსტრუმენტების კოლექცია მრავალფეროვანია. მასში რამდენიმე სახეობის ინსტრუმენტია გაერთიანებული. საინტერესოა, რომ კოლექციონერი ყოველ მათგანზე უკრავს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს 200 წლის წინანდელი გიტარა, რაიმე ნოვაცია, თუ რომელიმე ეგზოტიკური ინსტრუმენტი. ბატონ დავითთან სტუმრობამ და მისი ინსტრუმენტების აჟღერებამ, საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაგვიმძაფრა და ინტერვიუს ჩაწერას ხალისიანად შევუდექით.
დავით უგულავა: კოლექციას საფუძველი ჩემდაუნებურად ჩაეყარა. თავდაპირველად, მისი შექმნის მიზეზი, ჩემს წინაშე არსებული შემოქმედებითი ამოცანები გახლდათ. საქმე ისაა, რომ ჩემი მუსიკალური თვალსაწიერი, ერთობ ფართო სპექტრისაა. ჩემს ინტერესებშია კლასიკაც, ჯაზიც, ფოლკლორიც და პოპულარული მუსიკაც, რაც ბუნებრივია, სათანადო ინსტრუმენტულ უზრუნველყოფას საჭიროებს. ამგვარად, ჩემს კოლექციას, ფუნქციონალური პრინციპი დაედო საფუძვლად.
– როგორც ვხედავ, ამ კოლექციაში ძირითადად სიმებიანი ინსტრუმენტებია გაერთიანებული.
– არა მხოლოდ. ამ კოლექციაში ნახავთ, როგორც ახალი ტენდენციის ინსტრუმენტებს, ასევე შედარებით ტრადიციულს, კლასიკურს. ეს კლასიკური გიტარა, ლამის ჩემი ხნისაა. მასზე სრულდება როგორც კლასიკური ნაწარმოებები, აგრეთვე ლათინურ-ამერიკული რეპერტუარიც. ეს კი ჯაზური ბლუზ-გიტარაა, პირველი თაობაა ელექტროგიტარების. 1949 წელსაა დამზადებული. ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ამ კოლექციაში ფირმა „ჯიჰსონის“ გიტარა. მისი დეკა ხელით არის ამოწნეხილი. ნათალი გიტარაა – ტალღოვანი ნეკერჩხლისგან და კანადური ნაძვისგან გაკეთებული. იშვიათი ვარიანტია. აქვეა „იბანეზი“ პოპულარული მუსიკისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტს ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ხოლმე, როდესაც საჭიროა საესტრადო სიმღერების აკომპანემენტი, ან ძალიან მსუბუქი, რბილი და მელოდიური სოლოების შესრულება. ერთი პერიოდი, შეხება მქონდა ბოშურ მუსიკასთან. სწორედ მაშინ შევიძინე იტალიელი ოსტატის, ენცო მაზეტის მიერ გაკეთებული ინსტრუმენტი. მაზეტი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსეთში მოღვაწეობდა და იქაური სალონებისთვის ამზადებდა ინსტრუმენტებს. ეს პალისანდრის ინსტრუმენტია, რომლის თავსაც ბრინჯაოს მტრედის გამოსახულება ამშვენებს. სახმო ხვრელი მოვარაყებულია – კანტები სპილოს ძვლით, კუს ჯავშნითა და სადაფის ელემენტებითაა ნაკეთი. გიტარის გრიფი ვარდის ხისგანაა დამზადებული.
ჩემი კოლექცია სამ ნაწილად იყოფა.
– დავიწყოთ პირველით.
– კოლექციის პირველი ნაწილი მოიცავს ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
საქმე ის გახლავთ, რომ არც ისე შორეულ წარსულში, ხარისხიანი ინსტრუმენტის შეძენა დიდ სირთულესა და სოლიდურ ფინანსურ რესურსებთან იყო დაკავშირებული. ის ინსტრუმენტები, რომლებზედაც ჩვენ ხელი მიგვიწვდებოდა, ხშირად უკმარისობის გრძნობას იწვევდა შემსრულებელში. რადგან „ალტერნატივა“ არ გამაჩნდა, იძულებული ვიყავი მათი „მოდერნიზაცია“ მომეხდინა. მადლობა ღმერთს, „ჩხირტკედელაობა“ ყოველთვის მეხერხებოდა. თანდათანობით, დაიხვეწა პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გამდიდრდა მატრიალურ-ტექნიკური ბაზა, გაღრმავდა თეორიული ცოდნა და გამოცდილება. სხვათა შორის, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ტექნიკურ დახმარებას მრავალ ცნობილ და დამწყებ შემსრულებელსაც კი ვუწევ.
– ვინ არიან ეს ცნობილი შემსრულებლები?
– ესენი არიან მაგალითად: თამაზ ყურაშვილი, ნიაზ დიასამიძე, პაკო გუკასოვი, ვალერი კაჩაროვი, გიორგი ცინცაძე, თემურ ღრუბელაძე, ვახტანგ ხოსიტაშვილი, დავით ხოსიტაშვილი და სხვები.
ასე გადამექცა ჰობი, ბიზნესად. დღეს ამ საქმიანობას, უამრავ დროსა და ენერგიას ვახმარ. მეტადრე, რომ ინსტრუმენტების მოდერნიზაციის პრობლემა დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
თანდათანობით, გამოცდილების, გემოვნებისა და მოთხოვნილებების ევოლუციასთან ერთად, შეიცვალა ჩემი პრიორიტეტებიც. გამიჩნდა პრეტენზია გიტარის არქიტექტონიკის მიმართ. აღარ მაკმაყოფილებდა ტრადიციული დიზაინი.
– მერე როგორ აისახა ეს თქვენს კოლექციაზე?
– ჩვეულებისამებრ დავიკაპიწე ხელები და შედეგად, ჩემს კოლექციაში გაჩნდა „მინიმალისტური“ ტენდენციების ამსახველი ინსტრუმენტები.
საერთოდ, ჩემს ინსტრუმენტებს ვარქმევ სახელებს. მაგალითად, ამ ინსტრუმენტს, ჩემი სახოვანი ასოციაციიდან გამომდინარე, შევარქვი „ბალუ“ (ბას-გიტარა), ამას – „შოტ-გან“ (გიტარა), ამას – „ლედი ბი ქაინდ“ (ბას-გიტარა).
– როგორც ვხდები, ეს ინსტრუმენტები კოლექციის მეორე ნაწილში შედის. რაც შეეხება მესამეს?
– კოლექციის მესამე ნაწილი მოიცავს ეგზოტიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ეს ინსტრუმენტები საკმაოდ იშვიათი და უჩვეულოა. მაგალითად, „კალიბასა“, რომელსაც ხშირად აფრიკულ ვიოლინოსაც უწოდებენ. ეს საკრავი ქოქოსისგან არის დამზადებული და მას ორკამერიანი კორპუსი აქვს. ეს გიტარის აღმოსავლური მოდიფიკაციაა, რომელიც არაბეთშია დამკვიდრებული, თუმცა საგრძნობლად განსხვავებული აღნაგობის, ჟღერადობის, პრინციპებისა და წყობისაა. მისი სახელწოდებაა „კიფაია“. აზერბაიჯანში ვიყავი და როდესაც მოვუსმინე, გამიტაცა. ყიდვა რომ მოვინდომე, ძალიან ძვირი დამიფასეს. ჩამოვედი და გადავწყვიტე, ჩემით დამემზადებინა მისი ანალოგი, რადგან ვიცოდი, უმისოდ ვეღარ გავძლებდი. აქვეა „ბანჯო“, „დომბრა“, „გიტანერა“ და ასე შემდეგ.
ჩემი კოლექციის „შტატგარეშე“ ნაწილში წარმოდგენილია ქართული ხალხური ინსტრუმენტები. მათი ამ კოლექციაში შემოჭრა ჩემი ვაჟიშვილების დამსახურებაა. აქ საკმაოდ ხარისხიანი ფანდურებისა და სალამურების სერიაა, რომლის ავტორი ჩემი მეგობარი, ცნობილი ოსტატი – თამაზ ფანჩულიძე გახლავთ. კოლექციის ამ ნაწილით ძალიან ვამაყობ. სამწუხაროა, რომ ჩემი დაინტერესება ამ ინსტრუმენტების მიმართ საკმაოდ გვიან მოხდა.
დამეთანხმებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია, აღდგენილი ინსტრუმენტები. ჩემი აქტივობა ამ მხრივ ცნობილი მხატვრის, მიხეილ იაშვილის უკეთილშობილესმა ინიციატივამ განაპირობა. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი პიროვნება დიდი პაოლოს პირდაპირი შთამომავალი გახლავთ. იგი იძენს დაზიანებულ ინსტრუმენტებს, საკუთარი სახსრებით აფინანსებს მათ რესტავრაციას და საჩუქრად გადასცემს უდედმამო ბავშვებს. ამგვარად, კოლექციის ეს ნაწილი ხშირად იცვლება, პერიოდულად კი საერთოდ ცარიელდება.
– სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ?
– მაქვს შორსმიმავალი გეგმები. ვაპირებ გიტარის შორეულ წინაპართა და ახლო სანათესაოს კოლექციის შექმნას, „ექსპერიმენტულის“ გამდიდრებას და „ხალხური“ ნაწილის შევსებას.
– ერთი შეხედვით, ნათელია და კითხვა აღარ გიჩნდება, რომ მუსიკალური ოჯახი გაქვთ...
– დიახ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი უკრავს და მღერის. შუათანა ვაჟს აქვს აბსოლუტური, ჰარმონიული და ინტონაციური სმენა. ამას წინათ, მე და ჩემი შუათანა ბიჭი ავტობუსით ვმგზავრობდით. უცებ ბავშვი გაირინდა, რაღაცას დაკვირვებით უსმენდა, მერე შემომხედა და მითხრა: მამა, ყური დაუგდე, ამ ავტობუსის ძრავა სოლ დიეზზე მუშაობსო. საინტერესო და უჩვეულო მიგნებები აქვს ხოლმე. „დოლი ფემელი“ – იყო ასეთი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ერთი ოჯახის წევრებისგან. ან ბრაზილიაში იყო ლოს ბრილიანტოს. ალბათ, ჩვენ ვიქნებით „ლოს უგულავოს“ – „უგულავჩიკების“ ოჯახი.
– რას ნიშნავს ეს კოლექცია დავით უგულავასთვის?
– ჩემთვის ეს მხოლოდ კოლექცია კი არა, შემოსავლის წყაროცაა. რატომ, იცით? განსხვავებულ ინსტრუმენტებზე რომ უკრავ, შენზე დიდი მოთხოვნაა და დატვირთული ხარ. ხუმრობა ხომ არაა, ამ კოლექციის წყალობით, 36 განსხვავებული პროგრამის უზრუნველყოფას ვახერხებ.
– კოლექციის შექმნის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
– კოლექციის პარალელურად, ვასრულებ საკლუბო, სარესტავრაციო სამუშაოებს, ცოტა არანჟირებას ვაკეთებ, ცოტა კომპოზიციებს, ცოტა პედაგოგიური მოღვაწეობასაც ვეწევი და ასე გადის დრო.
– გილოცავთ დამდეგ დღესასწაულს, რას უსურვებდით ჩვენი რუბრიკის მკითხველს?
– ჩინელები ამბობენ: „დიდი უბედურება დიდხანს ვერ გასტანს, პატარა კი, – საერთოდ ყურადღების ღირსი არ არის.“ შობას გისურვებთ სიყვარულს, სიკეთეს, ბედნიერებასა და უფლის დიდ წყალობას. იხარეთ და იბედნიერეთ!