კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯავს ზამირა თორდინავა მოგებულ თანხას და როგორ მოიგო მან ჯეკპოტი ალალბედზე შევსებული ბილეთით

რამდენიმე დღეა, მთელი ქალაქი ერთ ამბავზე ლაპარაკობს: აფხაზეთიდან დევნილმა ზამირა თორდინავამ 4.400 000 ლარი მოიგო, თანაც, ერთი ბილეთით. ქალბატონი ზამირა ბაგების სტუდქალაქში – მომცრო ფართში და საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისალოცად და გამარჯვებულთან ინტერვიუს ჩასაწერად სწორედ იქ მივედი.

– ქალბატონო ზამირა, პირველ ყოვლისა, ჟურნალი „თბილისელები“ გილოცავთ გამარჯვებას და თქვენს სიხარულს ვუერთდებით. უკვე რამდენიმე დღე გავიდა მას მერე, როგორი განცდა გაქვთ? ცოტათი გაგინელდათ ეიფორია თუ ისევ ისეთ მდგომარეობაში ხართ?

– ემოცია და ეიფორია ჯერ არ გამნელებია და, მე მგონი, თანხას რომ ავიღებ, არც მაშინ გამინელდება. სულ ვიძენდი ბილეთს, სულ ვუყურებდი ხოლმე „ლოტოს“ გათამაშებას, შინაგანად რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ აუცილებლად რაღაც დიდი სიხარული მელოდა. რა თქმა უნდა, ამხელა თანხას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ მოვიგებდი. ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, გაოგნებიდან ვერ გამოვსულვარ. ერთი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ბიჭი მთელი კინოს განმავლობაში სიზმარს ხედავს, მერე ეღვიძება და ხვდება, რომ ეს ყველაფერი ცხადში არ მომხდარა. მეც ასე მგონია – გავიღვიძებ და ისევ ის სინამდვილე დამხვდება. ჯერ კიდევ მეშინია, რა ვიცი, გაურკვევლობაში ვარ.

– მანამდე თუ მოგიგიათ რამე?

– ნამდვილად არასდროს არაფერი მომიგია, მაგრამ, უიღბლო და საწყალი ვარ-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი. ყოველთვის, ჩემთვის უმძიმეს მომენტებში, გამოჩნდება ხოლმე რაღაც ხსნა ან მხსნელი. აუცილებლად, ბოლო წუთს მაინც. ასე რომ, ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის.

„ლოტოს“ გათამაშებას ვუყურებდი მას მერე, რაც ჯეკპოტი 300 000 ლარი გახდა. იქიდან მოყოლებული, სულ ვყიდულობდი რამდენიმე ბილეთს – ხან თითოს, ხან – ორ-სამს და დაბადების წლების, თვეების მიხედვით ვავსებდი. ერთხელ ორი ბილეთი ვიყიდე, ერთს „თეონა“ დავაწერე, მეორეს – „ხატია“, მაგრამ მაშინ არაფერი მომიგია, ახლა კი აბსოლუტურად შემთხვევითი რიცხვები ჩავწერე და გამიმართლა, თუმცა, ამას მარტო გამართლებას ვერ დავარქმევდი.

– როგორც ჩანს, კარგი ინტუიცია გაქვთ და ამ ინტუიციამ უზარმაზარი თანხაც მოგაგებინათ.

– კი, ასე გამოდის. იგივე რიცხვები სხვა დროსაც ჩამიწერია, 1, 3, 5, 8. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ეს რიცხვები ამოდიოდა, ორი-სამი ციფრი ადრეც დამთხვევია. ამიტომ ჩემები ხანდახან ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ. ხანდახან ხელის ჩაქნევაც მდომებია, მაგრამ, ვფიქრობდი: „სხვამ რომ მოიგოს, ხომ გული დამწყდება-მეთქი”.

– თქვენი მეუღლე რას ფიქრობდა ამაზე? კაცები უფრო სკეპტიკურად ეკიდებიან ასეთ რაღაცეებს.

– ჩემს ქმარსაც ჰქონდა იმედი, ბილეთებს ერთად ვყიდულობდით ხოლმე. იმ დღესაც იქ იყო, მაღაზიაში, ერთად შევავსეთ ბილეთი.

– თქვენი აფხაზეთში ცხოვრების შესახებ მიამბეთ. ვიცი, რომ კინდღიდან ხართ. რა პროფესიის ხართ და თუ მუშაობდით პროფესიით?

– კინდღი მართლაც ულამაზესი ადგილია. ძალიან მენატრება, სიზმარში ვხედავ ხოლმე. პროფესიით ბუღალტერი ვარ, მაგრამ, 19 წლისა გავთხოვდი, შემდეგ შვილები მეყოლა და დიასახლისი გავხდი. არც მეცალა სამუშაოდ და არც იყო ამის აუცილებლობა. აფხაზეთში ნამყოფი თუ ხართ, გეცოდინებათ, იქ საკმაოდ შეძლებული ხალხი ცხოვრობდა. ომმა სულ სხვანაირად წარმართა ჩვენი ბედ-იღბალი. ყველაფერი დავკარგეთ – სახლი, ქონება; თან, ვერაფრის წამოღება ვერ მოვასწარით, ტანზე და ფეხზე რაც გვეცვა, იმით გამოვიქეცით. ჩემი მეუღლე სოჭში იყო რაღაც საქმეებზე და ვერ დავუკავშირდი – არც ტელეფონები მუშაობდა, არც ფრენები იყო, არც არაფერი. სოჭში სეინერს გავყევი სოხუმიდან, სადაც რის ვაი-ვაგლახით ჩავაღწიეთ. მერე ექვსი წელიწადს ნიჟნი ნოვგოროდში ვცხოვრობდით. იქ ქართველების მიმართ აგრესია ჯერ კიდევ არ იყო, თან, ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ. ვმუშაობდი რძის კომბინატში, სადაც ერთმა ყაზახმა ქალმა მომაწყო რძის მიმღებად.

– გოგონები პატარები იყვნენ, როცა იქიდან წამოხვედით. თუ ახსოვთ აფხაზეთი?

– არა, საიდან ემახსოვრებათ. ერთი 5 წლის იყო, მეორე – 3-ის. ძალიან ბუნდოვნად ახსენდებათ ზოგიერთი რამ, როგორც სიზმარი. ფოტოებს გადმოვიღებ და ვაჩვენებ ხოლმე, ხან ვუყვები, რომ იცოდნენ, სად დაიბადნენ. რაღაც სურათები შემოგვრჩა, მადლობა ღმერთს.

– თბილისმა როგორ მიგიღოთ?

– ბევრმა ძალიან თბილად, განსაკუთრებით მათ, ვინც კინდღში და, საერთოდ, აფხაზეთში ნამყოფი იყო. ზოგმა, პირიქით, მეგრელობისა და ლტოლვილობის გამო ამითვალწუნა – ჩამოვიდნენ ეს მეგრელები და მოასხდნენ ყველაფერსო. ამის გამო ჩხუბიც კი მომსვლია.

– თქვენი შვილები შინ იყვნენ, როცა ეს თანხა მოიგეთ?

– ხატია შინ იყო, თეონა სენაკშია გათხოვილი. წინა დღეს დამირეკა და მითხრა, ჩემი ქმარი და მამამთილი ჩამოდიან თქვენთანო. დავფაცურდი. თურმე, ჩემთვის სიურპრიზის მოწყობა უნდოდა – თავადაც ჩამოდიოდა და, წინასწარ არ გამაფრთხილა. სადღაც, 12-ის წუთებზე დავურეკე და ვუთხარი: თეონა, იცი, მილიონერის შვილი რომ ხარ-მეთქი? მილიონერი არა, კვახიო, მიპასუხა (იცინის). ალბათ, იფიქრა, მეხუმრება დედაჩემიო. მერე ხატიამაც რომ დაუდასტურა და სახლიდანაც ყვირილის ხმები ესმოდა, დაიჯერა. მოკლედ, ისეთი წივილ-კივილი ატყდა, ერთი-ორი მეზობელი გულგახეთქილი შემოვარდა. მთელი ღამის განმავლობაში აღვნიშნავდით, ლატარიის ოფისში მეორე დღეს წავედი. მეშინოდა, ვაითუ ტყუილია-მეთქი და ინტერნეტითაც გადავამოწმე, მაგრამ, სანამ არ მივედი და არ ვნახე ჩემი თვალით, არ მჯეროდა. მერე ცოტათი შემეშინდა კიდეც.

– რისი შეგეშინდათ?

– რა ვიცი, ქუჩაში რომ გავედი და გავიგონე, ხალხი რაებს ლაპარაკობს ამ ამბავზე, ცოტა შემეშინდა; ბავშვს ან ოჯახის წევრებს რამე არ ავნონ-მეთქი. სულ იმის ფიქრში ვარ, ზოგს არ სჯერა, რომ მართლა მოვიგე, ზოგი ამბობს, თანხის მცირე ნაწილს მისცემენო. თვითონ გავიგონე ტრანსპორტში ერთი ქალი მეორეს ეუბნებოდა: ნახე, იმ ქალმა რამხელა თანხა მოიგოო? და პასუხი: – მოიგო არა, ისო.

– თქვენ დაიჯერებდით, სხვას რომ მოეგო?

– არ ვიცი, შეიძლება, არც მე დამეჯერებინა. სანამ თვითონ არ გადაგხდება, ცოტათი ძნელია, დაიჯერო.

– ვიცი, რომ მაღაზიაში მუშაობდით. როგორ უძღვებოდით ამხელა ოჯახს თქვენ ერთი? მეუღლე არ მუშაობს?

– ადრე ელიავას ბაზრობაზე ხე-ტყის გადამამუშავებელ საამქროში მუშაობდა, მაგრამ, ბოლო ექვსი თვეა, აღარ მუშაობს და ძალიან გაგვიჭირდა. ისე, რომ ვთქვა, ოდესმე ლუკმაპური მენატრებოდა-მეთქი, არა. ძალიან მშრომელი და მებრძოლი ადამიანი ვარ, ვცდილობდი, შვილებისთვის არაფერი მომეკლო. მე კარგი ცხოვრებაც მინახავს და ცუდიც, ბევრი რამ გადავიტანე. ცალი თირკმელი ამპუტირებული მაქვს – კენჭები მქონდა და სულ დამილპა. 1 770 ლარი ძლივს მოვიძიეთ, ოქრო გავყიდე, ძმაც მომეხმარა და მალე დავდექი ფეხზე. ბოლოს კი ღმერთმა ასეთი სიხარული მარგუნა, ეს ღვთის საჩუქარია. აუცილებლად გავიღებ თანხის ნაწილს ეკლესიის მშენებლობისთვის და აუცილებლად ვივლი ტაძარში, ძალიან განვიცდი, რომ აქამდე ვერ დავდიოდი.

– თქვენ, ალბათ, ემოციური ადამიანი ხართ, სიხარული როგორ გამოხატეთ?

– ძალიან ემოციური ვარ. ისე გავითიშე, აღარაფერი მახსოვს! რაღაც უმკლავებო მოსაცმელი მეცვა, გავიხადე, ვყვიროდი, ბილეთი მოვისროლე... კიდევ კარგი, არ დამეკარგა! ჩემი ძმაც აქ იყო, დას სამეგრელოში დავურეკე, მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი! მერე ჩავიცვი, ეტყობა, ნერვებმა ამიტანა და შემცივდა. „ლოტოს“ ოფისში მისვლამდე წესიერად არაფერი მახსოვს.

– რაში დახარჯავთ თანხას, რამე ბიზნესიდეა ხომ არ გაქვთ?

– ჯერჯერობით არაფერი გადაგვიწყვეტია, მაგრამ, რამეს მოვიფიქრებთ – შემოსავლის წყარო ხომ გვინდა! მფლანგველი არ ვარ. მფლანგველი რომ ვიყო, დღეში 15 ლარად ვიცხოვრებდი? მინდა, ერთი დიდი ბინა ვიყიდო, შემდეგ თეონასთვისაც – ცალკე. აქ ჩემი ახლობლებიც ცხოვრობენ – მული ქმრით და ვეცდები, მათაც დავეხმარო თანხით, ასევე, რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან დამეხმარნენ. მინდა, ხატიამ სწავლა გააგრძელოს – ჭკვიანი გოგოა და უსამართლოდ დამეჩაგრა.

– საქართველოდან წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ?

– არა, არანაირად, არც მაინტერესებს, თან, პატრიოტი ადამიანი ვარ. რუსეთში ქართულ სიმღერებს ვუსმენდი და ვტიროდი. ზოგმა მითხრა, ამხელა თანხით საქართველოში რა გამაჩერებდაო. მე არ შემიძლია. ხატია ოცნებობდა მოგზაურობაზე, განსაკუთრებით – ეგვიპტეში. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, სახლი მქონდეს, კიდევ ზღვა მენატრება ძალიან, რამდენი ხანია, ზღვა თვალით არ მინახავს...

P.S. ხუთშაბათს, 30 დეკემბერს, ზამირა თორდინავას ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა მოგებული თანხა 12 პროცენტის გამოკლებით. გამარჯვებულმა უკვე მოხსნა ანგარიშიდან სიმბოლური თანხა – 5 ლარი.

„თბილისელების“ რედაქცია კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ზამირას და წარმატებებსა და სიხარულს უსურვებს!


скачать dle 11.3