კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფრო მატერიალისტი ან რეალისტია, ვიდრე რომანტიკოსი

ყოფიერების წიაღში უკვე ჩაიდო სასწაულის მარცვალი, როდესაც მოხდა ქალური და მამაკაცური საწყისების გამოკვეთა. მამაკაცი – ხილული, აღქმადი ძალის ინკარნაციად, ხოლო ქალი – შინაგან, ინდივიდუალურად შესაგრძნობ სულიერ ძალად წარმოგვიდგა. გახსოვთ, ალბათ, გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: „დედაკაცი კოსმიურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი. კაცი ხეა სიცოცხლისა, მისი უნაზესი ნაწილისგან შექმნილმა, თითქოსდა უძლეველი წაართვა შემქმნელს“. კაცობრიობის შექმნა და მასში სიკეთის გახსნა ქალის უდიდესი მისიაა ამქვეყნად. იგი ერთ წერტილში კონცენტრირებული სინათლეა, რომელსაც განსაკუთრებული თვისება აქვს: ცეცხლად იქცევა, საკუთარ თავს ძლევს და საკუთარ „მეს“ ამკვიდრებს დედამიწაზე. იბრძვის სიკეთისა და სიმშვიდისათვის. ბრძოლის იარაღად კი აქვს სიმდაბლე, რომელშიც სულის ჭეშმარიტება ვლინდება.

... ისიც სიკეთისა და სიმშვიდისათვის იბრძვის. მეტად ქალური და კომუნიკაბელურია. მასში უდიდესი ძალაა კონცენტრირებული. ამაყი გამოხედვით გაგრძნობინებთ, რომ დედამიწაზე მყარად დგას. კაბინეტში შესულს მოზომილი ნაბიჯებით შემომეგება. ჰაბიტუსით ნებისმიერ მოდელს „გააღიზიანებს“, ახალგაზრდაა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცეს აშკარად გრძნობ. სისადავე მის დახვეწილ გარეგნობას საოცარ შარმს ჰმატებს. იმერული ფესვებით ამაყობს. უფრო მატერიალისტი ან რეალისტია, ვიდრე რომანტიკოსი. ლექსების წერა არასდროს უცდია. ჩინებულად ცურავს. უყვარს დოჩანაშვილისა და მარკესის შემოქმედება. საქმეს ყოველთვის უანგაროდ და მოწოდების სიმაღლეზე ასრულებს. იგი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის შეფია – ქალბატონი ხატია დეკანოიძე.

სკოლა თბილისში დაამთავრა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტექნიკური საგნებიც ხელეწიფებოდა. დედა – ქალბატონი მარინე იაშვილი, გეოლოგია. მამა – რევაზ დეკანოიძე – ინჟინერი. მეუღლე – გრიგოლ კოპალეიშვილი – იურისტი გახლავთ; იგი ამერიკის მოქალაქეა და დღეს ბიზნესითაა დაკავებული. 12 წლის ვაჟი, თორნიკე, კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლაში სწავლობს. კარგი მოსწავლეა, მაგრამ, ქალბატონი ხატია წუხს, რომ შვილისთვის, დრო ცოტა რჩება.

– ქალბატონო ხატია, თქვენ მყარი და საფუძვლიანი განათლება მიიღეთ. პროფესიით პოლიტოლოგი ბრძანდებით. მუშაობდით ამერიკის საელჩოში მრჩევლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში – ხელმძღვანელ პოსტებზე, ვაშინგტონში გაიარეთ პოლიტიკური ანალიზის სპეცკურსი, მსოფლიო დიპლომატიისა და მსოფლიო ისტორიის შესწავლასაც სერიოზული დრო მოანდომეთ. სწავლობდით ბუდაპეშტში, ფლობთ ინგლისურ და რუსულ ენებს. თქვენს „სივში“ წერია, რომ გაქვთ ბრწყინვალე ანალიტიკური გამოცდილება და გამოირჩევით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ღრმა ცოდნით. დღეს კი ძალიან სერიოზული პოსტი გიკავიათ – ხელმძღვანელობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას. რა არის თქვენთვის ამოსავალი წერტილი ამ თანამდებობაზე მუშაობისას და რამდენად რთულია ქალბატონისთვის ეს ყველაფერი?

– ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, არ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი და სერიოზული გეგმები მაქვს ჩემს მეგობრებთან ერთად განსახორციელებელი, თუმცა, ამაზე ზრუნვა მოსვლის დღიდანვე დავიწყეთ. აქტიურად ვმონაწილეობთ რეფორმის განხორციელებაში, პოლიცია ფეხზე დადგა. დღეს პოლიციელის სახელი საამაყოა და პატიოსნებასთან, განათლებასთან, კულტურასთან, პროფესიონალიზმთან, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულთან, სამართლიანობის ბრძოლასთან ასოცირდება და ამ ყველაფრის მიღწევა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. თითოეული ჩვენგანის დიდი შრომისა და თავდადების შედეგია, დღეს სისტემაში კორუფცია და ნეპოტიზმი რომ არ არსებობს. აკადემიაში სერიოზული კონკურსის გავლის შემდეგ ხვდებიან. რიგ ფაკულტეტზე 30 ადგილზე 800 კაცი მოდის. სწავლა იოლი არ გახლავთ. უნარ-ჩვევები, ლოგიკა, აზროვნება, მათემატიკური ნაწილი – ეს ყველაფერი თანამედროვე პოლიციელის პროფესიონალიზმისათვის საჭიროა. არის შემთხვევები, როდესაც კურსანტი ვერ ამთავრებს აღნიშნულ კურსს და რჩება აკადემიის მიღმა. აქ საჭიროა ყოველდღიური-სისტემური მუშაობა, ნებისყოფა, არჩეული პროფესიის სიყვარული და თავდადება. დღევანდელ პოლიციელს აქვს მაღალი ხელფასი, სამედიცინო დაზღვევა, ნორმალური სამუშაო პირობები, მანქანა – მოკლედ, ყველაფერი, რაც ხელს უწყობს, კეთილსინდისიერად ემსახუროს თავის ქვეყანას, რაც სჭირდება სამართალდამცველს სამსახურისთვის. აქედან გამომდინარე, დაინტერესება ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ღირსებით აღსავსე პროფესიაა.

– როდის და რა ფორმით შეიქმნა პირველი პროფესიული საგანმანათლებლო სკოლა?

– პირველი საგანმანათლებლო სკოლა შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში 1925 წელს, სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით შეიქმნა და კონტინგენტი მხოლოდ 61 მსმენელს შეადგენდა. მილიციის სკოლა 1934 წელს (ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებით) მილიციის ხელმძღვანელი კადრების მომზადების ძირითად ცენტრად ჩამოყალიბდა. 1978 წლიდან მილიციის სკოლას მიენიჭა უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი. 1994 წელს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მილიციის უმაღლესი სკოლის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს შსს აკადემია. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის, ¹458 ბრძანებულების შესაბამისად, აკადემიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. დღესდღეობით შსს აკადემია ახორციელებს შსს სამინისტროს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების კურსებს.

– რა ფაკულტეტებია დღეს აკადემიაში?

– საპატრულო ფაკულტეტი, უბნის ინსპექტორის ფაკულტეტი, საბაჟო-საგადასახადო, ტექნიკური მომზადების განყოფილება, გადამზადების განყოფილება, სპეცმომზადების ცენტრი, სასაზღვრო პოლიციის ფაკულტეტი, მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება.

– მემორანდუმებზე რას გვეტყვით?

– ამ მხრივ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს: ესტონეთის საჯარო სამსახურის აკადემიასთან, ავსტრიის უსაფრთხოების დაცვის აკადემიასთან, ლატვიის პოლიციის სახელმწიფო კოლეჯთან, აშშ ჯორჯიის საჯარო მომზადების ცენტრთან, საქართველოს საზოგადოების საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლასა და კავკასიის სამართლის სკოლასთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, საქართველოს საზოგადოების ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან.

– რა პუნქტებს ითვალისწინებს აღნიშნული მემორანდუმები?

– მემორანდუმები ითვალისწინებს შსს აკადემიის კურსანტთა და პოლიციის თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინფორმაციის გაზიარებას. საქართველოს უნივერსიტეტებთან კი ყურადღება ვაკანსიებზე გვაქვს გამახვილებული, რაც ინფორმაციის გაცვლასა და შესაძლებლობის ფარგლებში სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ შსს აკადემიაში ტარდება ერთობლივი ტრენინგებიც.

– ვიცი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, მაგრამ, მეგობრებისთვის თუ იცლით? თავისუფალ დროს სად ატარებთ და რომელი სუნამო და ყვავილი მოგწონთ?

– მეგობრებისთვის რაღაც დროს მაინც ვპოულობ, თუმცა, მათი უმეტესობა უცხოეთშია. ვინც აქ ვართ, ვიკრიბებით დაბადების დღეებზე, ტრადიციულ დღესასწაულებზე. დიდი „ტუსოვკების“ მოყვარული არ გახლავართ, არც ღამის კლუბებში დავდივარ ხშირად. სუნამოებს რაც შეეხება, მიყვარს ნაზი და მსუბუქი სურნელი, ყვავილები კი, უფრო მინდვრის – ბუნებრივი სილამაზე მეტად მხიბლავს.

– თქვენივე თანამდებობის შსს სამინისტროს აკადემიის რექტორის როლის განსახიერება რომ შემოგთავაზონ რომელიმე სერიალში ან ფილმში, დათანხმდებოდით?

– არა. ამისთვის არსებობენ მსახიობები. საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ მე რეალისტი ვარ. უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე, რომლისთვისაც ყველაფერს ვდებ სასწორზე და იმავეს ვითხოვ თანამშრომლებისგან, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან. მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არავის მოვაკლო. მაგრამ, ყველამ იცის ჩემი დევიზი: „საქმე – უპირველეს ყოვლისა“. უმადურობას, დაუნახაობას სიკეთე არ მოაქვს. დღეს უდიდესი ძვრებია სახელმწიფოში, ბრმა ის არის, ვისაც ამის დანახვა არ სურს. აშკარაა, საზოგადოება დღეს ჩამოშორდა პოლიტიკას (კარგი გაგებით), ადამიანების მენტალიტეტი შეიცვალა, თავშეყრისას პოლიტიკაზე აღარ საუბრობენ. მათთვის უფრო საინტერესო და სასიამოვნო ან საჭირბოროტო საკითხები წამოვიდა წინა პლანზე. აღარ ჩანს პოლიტიკური უმადურობა და ეს ძალიან კარგია, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ქართველმა ხალხმა ბევრი რამ გამოიარა და დასკვნებიც თავად გააკეთა. შეიძლება, ჩვენი ცეცხლოვანი ბუნება, ემოცია ხანდახან არასასურველ პოზიციაში გვაყენებს, მაგრამ, ფიქრი, მომავლის საღი ჭვრეტა და რეალური დასკვნების დროული გაკეთება ყველაფერს ალაგებს.

ჩვენ მოკლე ხანში საოცარი შევძელით – კორუმპირებული, უხერხემლო, ნაომარი ქვეყნიდან ძლიერი და მყარი სახელმწიფო ავაშენეთ და ეს პროცესი გრძელდება. ქართული პოლიცია კი ამის აქტიური თანამონაწილე და საყრდენია.


скачать dle 11.3