ვინ იყო კაკო კვანტალიანის ორეული და როგორ გადარია მან ვასო გოძიაშვილი
ვახტანგ ნინუა, იპოლიტე ხვიჩია, სანდრო ჟორჟოლიანი, კაკო კვანტალიანი – ქართული კინოს კომედიური ჟანრის ელვარე ვარსკვლავები. ეს ადამიანები და, საერთოდ ყველა ამ თაობის მსახიობი, სცენასა თუ ეკრანზე ერთნაირად ბრწყინავდნენ, მაყურებელს აოცებდნენ და თავს აყვარებდნენ. დღეს კაკო კვანტალიანის საოჯახო ალბომს დაგათვალიერებინებთ. ბუთხუზა, საყვარელი მიმიკებითა და ლაპარაკის მანერით გამორჩეული მსახიობის, რომლის ცხოვრების დღიურს ერთი გვერდი უჩვეულოდ ამძიმებს.
ქალბატონი ქეთინო (კაკო კვანტალიანის ქალიშვილი): ჩემი ძმა, გელა, 1944 წელს დაიბადა. ორი წლის შემდეგ მე გავჩნდი. მოგეხსენებათ, მამებს ქალიშვილების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვთ. ჩვენს ოჯახშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენცია. მამა თავის სითბოს ჩემ მიმართ უფრო გამოხატავდა, გელას მიმართ კი, გრძნობები დამალული ჰქონდა. ალბათ, უნდოდა, მკაცრი მამის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. გაბრაზებაც იცოდა, მაგრამ გასაბრაზებლად სად ეცალა. ზოგჯერ, ისე გადიოდა ორი სამი დღე, ვერც ვხედავდით. ხან გადაღებები ჰქონდა, ხან თეატრში – რეპეტიციები, რადიო, ინტერვიუები... თუ მამა სახლში იყო, აუცილებლად გვყავდა სტუმარიც. დედა არ მუშაობდა. დიასახლისი გახლდათ. ამიტომ, მისთვის სტუმრიანობა სასიამოვნო და საინტერესო იყო. მეგობრები იმასაც ახერხებდნენ, სხვაგანაც წასულიყვნენ სტუმრად, არაფერს გამორჩებოდნენ. მამას ძალიან უყვარდა ცირკი და კინო. ორშაბათი თეატრში დასვენების დღე იყო და ხან კინოში მივყავდით, ხან – ცირკში. სახლში რომ მოვიდოდა, თუ სახლი დაუგველი დახვდებოდა, მე მეჩხუბებოდა – რატომ არ დაგავეო. რადგან წამოვიზარდე, მიაჩნდა, რომ ყველანაირი საქმე უნდა მეკეთებინა. განა სხვა ვერ გააკეთებდა, მაგრამ უნდოდა, უსაქმოდ არ ვყოფილიყავი. სიამოვნებდა, როცა ხედავდა, რომ ვკერავდი, ვქსოვდი ან საჭმელს ვაკეთებდი.
– როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ვიდეომასალა გაქვთ შემონახული მამას ცხოვრებაზე. წარმომიდგენია, მისი ყურებისას რამხელა სევდას და მონატრებას გრძნობთ.
– გელას გულით უნდოდა, კინოაპარატი და უყიდა. მამა აგარაკზე პომიდვრის, კიტრის კვლებს რომ თოხნიდა, ჩემი ძმა ხეზე აძვრებოდა და ზემოდან უღებდა. მოუტრიალდებოდა და ებუზღუნებოდა – რას მიღებ, რომ მიღებ, ისიც მეყოფა, სხვები რომ მიღებენ. თუ ამდენი დრო გაქვს, ჩამოდი და მომეხმარეო. კარგია, რომ გადაიღო. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა შენს საყვარელ ადამიანს, რომელიც აღარ არის, ეკრანზე უყურებ და სასიამოვნო წუთები გახსენდება. როგორც კი დროს გამონახავდა, წყნეთში გარბოდა. ყველაფერს თვითონ რგავდა და უვლიდა. ჩვენ ნაკლებად ვიყავით დაინტერესებული ამით. დედა უფრო ეხმარებოდა. მამას ძალიან უყვარდა სამზარეულო. ჩაყრიდა ქვაბში და რას აკეთებდა, თვითონაც არ იცოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გემრიელი გამოსდიოდა. დედა სულაც არ ბრაზობდა, თუ გასარეცხ ჭურჭელს დაყრიდა. ოღონდ საჭმელი არ გაეკეთებინა და სიამოვნებით გარეცხავდა. არ ჰქონდა კერძების კეთებისკენ მიდრეკილება. ბაზარშიც მხოლოდ მამა დადიოდა. ხანდახან, დღეში სამჯერაც კი და ყველაფერს ხარისხიანს ყიდულობდა. ერთხელ გლეხმა კიტრი არ მიჰყიდა. არ ხარ შენ კაი კაცი, არ გრცხვენია, მაგდანას ვირი როგორ წაართვიო? მერე, სახლში რომ მოვიდა თქვა – არა, მართლა კარგად მითამაშიაო.
– თქვენი მშობლების გაცნობაზე და მათ ურთიერთობაზე გვიამბეთ.
– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი მარჯანიშვილის თეატრში გაიცნეს. დედაჩემს რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ თეატრალურში რუსულსკოლადამთავრებულებს არ იღებდნენ. ურჩიეს, ერთი წლის განმავლობაში კარგად შეესწავლა ქართული ენა და პარალელურად, თეატრში ევლო, რომ სცენას შეჩვეოდა. მამა უკვე პოპულარული მსახიობი იყო, დედა კი – 19 წლის, როცა თეატრში მივიდა. რომ დაქორწინდნენ, მამამ კატეგორიულად მოსთხოვა, თეატრისკენ აღარ გაეხედა. დედამ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში დაიწყო მუშაობა, ისიც მამას გარდაცვალებიდან ორი თუ სამი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო (დედა მამაზე ჩვიდმეტი წლით უმცროსი გახლდათ. მამა 36 წლის ასაკში დაქორწინდა), ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და დედაც კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. მართალია, მამას არ ჰქონდა ის ანაზღაურება, რაც, წესით, უნდა ჰქონოდა მისი დონის მსახიობს, მაგრამ მათ შორის ამის გამო უთანხმოება არასდროს ყოფილა. ყოველთვის არ იყო ხუმრობის ხასიათზე. ბევრს ნერვიულობდა. სულ რაღაცას განიცდიდა. ბევრმა აწყენინა. ზოგს აპატია, ზოგს – არა. თუმცა, ბუნებით მომთმენი ადამიანი იყო. რაღაც მომენტამდე ითმენდა, მაგრამ იმის იქით, უკვე აღარ. არც კი გაიხედავდა მისკენ.
– მამათქვენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრო ჟორჟოლიანთან, რომელმაც, თურმე, ფრანგული ასწავლა. რა იცით, ამის შესახებ?
– სანდრო ჟორჟოლიანმა ძალიან კარგად იცოდა ფრანგული. კვირაში ერთხელ გამოდიოდა ფრანგი კომუნისტების გაზეთი „ლუმანიტე დიმანჟე“. იღლიაში ამოიჩრიდა, თეატრში მოდიოდა და იქ კითხულობდა. მამას მოსწონდა, რომ ბატონმა სანდრომ ასე კარგად იცოდა ფრანგული, აღფრთოვანებული იყო და სულ რაღაცეებს ეკითხებოდა. მერე სახლში, ლაპარაკის დროს ჩართავდა ხოლმე შიგადაშიგ ფრანგულ სიტყვებს, ისე, რომ არც იცოდა, ამ სიტყვების მნიშვნელობა.
– მის და-ძმებზე რას გვეტყვით?
– მამას გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ასეთი რამ მოხდა: რუსეთიდან წერილი მოვიდა, გვატყობინებდნენ, რომ ძმათა სასაფლაოზე აღმოაჩინეს კვანტალიანის გვარი და ჩათვალეს, რომ ეს მისი ძმის საფლავი იყო, რომელიც ორმოცდახუთი წლის წინ ფრონტზე დაიკარგა. ეს მომენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რადგანაც თვითონ გადავეცი წერილი. მამა არასოდეს მინახავს ატირებული და ამხელა კაცი პატარა ბავშვივით აქვითინდა. იცით, ეს ძმა დედმამიშვილებში ყველაფრით გამორჩეული იყო – ტანადი, სიმპათიური, არაჩვეულებრივი თამადა, კარგად მღეროდა, ცეკვავდა. სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ მოესწრო, მეორე ძმა და ძმისშვილი კი, წავიდნენ მისი საფლავის მოსანახულებლად. მამა არასოდეს ყოფილა მსუქანი. ბოლო წლებში გასუქდა. ომის დროს ტიფი გადაიტანა, სამი დღე მკვდარი ეგონათ. გამოიტირეს კიდეც, იმდენად ცუდად იყო, მაგრამ გადარჩა.
– ამბობენ, ძალიან მეოჯახე კაცი იყოო.
– გიჟდებოდა ქვაბებზე, თეფშებზე, დანებზე, ტაფებზე... სადმე რომ მიდიოდა, ბევრი ჩამოჰქონდა. „ოჯახი ხრამია“ და ყველაფერი გამოგადგებაო – იტყოდა. ზოგს ნათესავებს აჩუქებდა. ასევე უყვარდა წიგნები. დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. აბსოლუტურად ყველა წიგნი ჰქონდა წაკითხული. თან, ისე კი არ კითხულობდა, მხოლოდ შინაარსი გაეგო. ყველა წიგნში ფრაზები წითელი ფანქრით ჰქონდა მონიშნული.
– იმასაც ამბობენ, საკმაოდ უშუალო იყო. საერთო ენას ყველასთან გამონახავდაო.
– ძალიან პრინციპული იყო. თავის სიტყვას იტყოდა და არ გადათქვამდა. ამავდროულად, უზომოდ კეთილი, უბრალო და უშუალო იყო ყველას მიმართ. თავისუფლად შეეძლო, ქუჩაში გაცნობილი ერთ ბოთლ ღვინოზე შემოეპატიჟებინა.
ოთხი დედმამიშვილი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. ყველაზე მეტად მამას თამარა მამიდა ჰგავდა. ერთხელ დიდი წვეულება გვქონდა სახლში. იმ დღეს ყველა ცნობილი მსახიობი ჩვენთან იყო თავმოყრილი. მამამ რატომღაც გადაწყვიტა, ვასო გოძიაშვილს გახუმრებოდა. არ მოიწყინო, ვასო, გენაცვალე, ახლავე მოვალო და მეორე ოთახში გავიდა. თავის დას თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, ცილინდრი დაახურა და მისაღებ ოთახში შეუშვა. მამიდაც მიუჯდა ბატონ ვასოს გვერდით. ვასოს არც მიუქცევია ყურადღება, ისე განაგრძო საუბარი. მთელი საათი რაღაცას ელაპარაკებოდა და ეჭვი არაფერში შეჰპარვია. მერე, მამა ხარხარით შემოვიდა ოთახში. გოძიაშვილი გაფითრდა, ვა, ორი კაკო?! ფუი, ეშმაკს, ფუი, ეშმაკსო, – გაიძახოდა.
ქალბატონი ქეთინო ოცი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, როგორც ის იხსენებს, მამას რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა და შვილს სადმე წაყოლაზე უარს არ ეუბნებოდა. ბოლოს ერთმანეთს ვაკეში დაშორებულან. ქეთინო სახლში წამოსულა, ბატონი კაკო კი – წყნეთში, საიდანაც მეორე დღეს გარდაცვლილი ჩამოასვენეს. კაკოს დედას, მოხუცებულ ანეტას, თურმე, არ უმხელდნენ შვილის გარდაცვალებას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კაკო კვანტალიანს უთქვამს, – თუ ისე მოხდა, რომ დედაჩემზე ადრე მე მოვკვდი, გთხოვთ, არ გააგებინოთ ჩემი ამბავი. გაუშვი, სადმე შორს, გასტროლებზე ვეგონო წასულიო. მართლაც, ანეტას არ გაუგია შვილის გარდაცვალება. ბოლოს, როცა კვდებოდა, თურმე სულ თავისი შვილის ხსენებაში ყოფილა. ბატონი კაკო 59 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა.