როგორ გახდა ნინო არაზაშვილი ზოოპარკის დირექტორი
ასე ჰგონია, რომ სიყვარულისთვის არის დაბადებული, ალბათ, ამიტომაც ყველასთან გულისხმიერი და თბილი, ყოველთვის დიდ სიყვარულს გასცემს... თავადაც განებივრებულია სიყვარულით. ცხოვრება ტკივილთან ერთად სასიამოვნო სიურპრიზებსაც უწყობს. არც თავად ამბობს უარს, იყოს კეთილი თოვლის ბაბუა, თანაც არა მხოლოდ საახალწლო დღეებში. გასულ წელს, იმასაც მიაგნო, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა – თბილისთან ახლოს პატარა სამოთხე მოიწყო, სადაც შესვლის შანსს ყველა იმ ადამიანს აძლევს, რომელთა გარეშეც ნინო არაზაშვილს ცხოვრება ძალიან უჭირს...
ნინო არაზაშვილი: ჩემთვის წინასაახალწლო ემოციები ბარბარობას იწყება. თუმცა, ამ დღესასწაულებს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შობაა, რომელიც ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. საახალწლო განწყობა მიმძაფრდება მაშინ, როცა დედაჩემი იწყებს ნიგვზის დაჭრას და ვიცი, რომ დღეს ან ხვალ ჩვენს სახლში გოზინაყი გაკეთდება. მერე იწყება ფიქრი იმაზე, აბა, ვინ მოურევს დღეს ღამე საცივს. როგორც წესი, ამ რიტუალის ჩატარებას დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე საკუთარ თავზე. ძალიან მიყვარს ნიკოლოზობაც, ჩემს უმცროს ძმას ნიკოლოზი ჰქვია და ამ დღეს მისთვის საგანგებოდ ვემზადები. ნიკოლოზობა მთავრდება და იწყება ჩემი დაბადების დღე – ვგიჟდები ამ დღეზე. მთელი ცხოვრება ამ დღეს მიწყობენ უამრავ სიურპრიზს. ყველა ჩემს მეგობარს ახსოვს, როგორ ვატარებდით ჩემს დაბადების დღეებს წარსულში – სამ, ოთხდღიან დაბადების დღეებს ვიხდიდი ხოლმე. სტუმრების დიდი ნაწილი ჩემთან სახლში რჩებოდა – ზოგს სკამზე ეძინა, ზოგს დივანზე, ზოგს, მორიგეობით, ჩემს საწოლში. მეორე დილას იყო ტრადიციული ხაში. ეს პროცესი მორჩებოდა და იწყებოდა ნამცეცობა. საღამოს მივხვდებოდით ხოლმე, რომ დაშლა არ გვინდოდა და ისევ გრძელდებოდა ქეიფი ცეკვითა და სიმღერით.
– როგორც ვიცი, შენ ბევრი ადამიანისთვის ხარ თოვლის ბაბუა...
– კი, საკმაოდ ბევრისთვის. სახლში ხომ ბევრნი ვცხოვრობთ და აბა, სხვაგვარად როგორ იქნება? ამას მაშინაც კი ვახერხებდი, როცა პატარა ხელფასი მქონდა. ყველა ტრადიციულ ოჯახში ხომ არსებობს სერვიზი?! ერთხელ, როცა ვერ მოვიფიქრე, რა მეყიდა ახალ წელს ოჯახის წევრებისთვის, ვთქვი: რატომ უნდა იყოს ეს ტრადიცია და რატომ უნდა ჰქონდეს ყველას ერთნაირი ჭიქა? ავდექი და ოჯახში ყველას ახალი ჭიქა მოვუტანე პატარ-პატარა სუვენირებთან ერთად. ასე მოვაწყვე ჭიქების ახალი წელი (იცინის). ძალიან ბევრი თავსატეხი მაქვს ხოლმე იმის გამო, თუ სად უნდა დავმალო საჩუქრები. სამალავებად ვიყენებ, ხან ჩემს კარადას, ხან აივანს, ხან მეზობელთან ვინახავ და მერე გამომაქვს. სულ მეშინია, რომ ვინმემ წინასწარ არ მოჰკრას თვალი ჩემს საჩუქრებს. ბავშვები ატუზულები დგანან ხოლმე შემოსასვლელში საპატიო ყარაულივით, რომ ერთხელ მაინც ნახონ თოვლის ბაბუა, რის შანსსაც მე მათ არ ვაძლევ. როგორც კი ბათქა-ბუთქი დაიწყება, გიორგი ნატაშას ფანჯარასთან მიიყვანს და ელვის სისწრაფით, ისე რომ მეც არ მჯერა ამას როგორ ვახერხებ, ვრეკავ ზარს და კენგურუსავით ვხტები უკან, სამზარეულოში. ასე რომ, ძალიან მოხერხებული თოვლის ბაბუა ვარ (იცინის).
– შენი თოვლის ბაბუა ვინაა?
– დედა და მამა. ისინი არასდროს არღვევენ ტრადიციას. წლების განმავლობაში მეც ვყარაულობდი ხოლმე თოვლის ბაბუას, მაგრამ ერთხელაც ვერ გამოვიჭირე. დეკემბერში ნებისმიერი აზრის გამოხატვას ოჯახის ყველა წევრი ყურადღებით უსმენს: აბა, რაღაც ნახა მაღაზიაში და ყიდვა ხომ არ უნდა? რაო, რა თქვა, რამეზე ხომ არ დაწყდა გული? ასე რომ დეკემბერში ყველა აზრის გამოთქმისგან თავს ვიკავებ, პირი მაქვს ხოლმე ამოკერილი. დედა, ძირითადად, საჭირო ნივთებს მჩუქნის, რადგან იცის, რომ ჩემი თავისთვის ვერ გავიმეტებ. სულ საკუთარ თავზე ვაკეთებ სეკვესტრს, რაზედაც ყველა ჩემი ახლობელი მეჩხუბება.
– რატომ არ იბრძვი საკუთარი თავისთვის?
– მებრძოლი ქალი არ ვარ. მე უფრო ჩემი შვილების, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვიბრძვი. ძალიან მიმნდობი ვარ. მებრძოლი რომ ვყოფილიყავი, ცხოვრებაში არ დამემართებოდა ამდენი რამ, არ დამენგრეოდა ოჯახი. მაშინ მეგონა, რომ ვიბრძოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ძალიან არც მწყდება გული – რაცა ვარ, ესა ვარ. ყველაფერს ვანდობ არა ბედს, არამედ ღმერთს. ბედისწერის არ მჯერა, მგონია, რომ ბედისწერა ყველა ჩვენგანის ხელშია. ცხოვრებამ რამდენიმე ისეთი ტკივილი მომაყენა, რომ გამომიმუშავდა იმუნიტეტი. მახსოვს, როდესაც პირველად ჩავვარდი საგონებელში – როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მერე შევხედე ბავშვებს და ვუთხარი საკუთარ თავს: ნინო, შენ ხომ გაქვს ზურგი, მოდი, აბა, შემოტრიალდი. ზუსტად ვიცი, ეს როგორ გამომივიდა – როცა საკუთარ თავს ეს სიტყვები ვუთხარი. ეს ძალიან ბევრჯერ დამეხმარა მომავალშიც და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩემი ადამიანური იმუნიტეტი. სხვათა შორის ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს, ამას ჩემი თანამშრომლები ყველაზე მძიმე წუთებში აფიქსირებენ. როცა რაღაც ხდება, ხმამაღლა ვეტყვი ხოლმე საკუთარ თავს: ნინო, აბა მიდი! აბა, ნინო – ისეთი გადამდები აღმოჩნდა, რომ ამ ფრაზებით ჩემი თანამშრომლებიც მიმართავენ საკუთარ თავს, (იცინის).
– მკაცრი შეფი ხარ?
– ხანდახან კი, ისე დავიყვირებ და ისე დავარტყამ მუშტს მაგიდაზე, ყველაფერი ზემოთ შეხტება ხოლმე, მაგრამ ეს არ ხდება ხშირად. მე ძალიან მიყვარს ადამიანები და მჯერა, რომ რასაც გასცემს შენია. ასე მგონია, სიყვარულისთვის დავიბადე. დაბადების დღეზე ისეთი სიურპრიზი მომიწყვეს ჩემმა თანამშრომლებმა, ბედნიერებისგან ვტიროდი. იმ დღეს სამსახურში მოსვლა შემაგვიანდა და ბევრჯერ დამირეკეს, ვიფიქრე, რომ სიურპრიზს მიწყობდნენ, მაგრამ ასეთს არ ველოდი – კარი გავაღე და დავინახე, მთელი გუნდი დგას ერთად. მორთულან თეთრი, ხელით ნაკეთი აქსესუარებით პაპუასებივით და ყვირიან, კივიან. მთელ ოთახში იყო გირლიანდები. უზარმაზარი, ორმეტრიანი პლანშეტი გაეკეთებინათ, სადაც ყველას საკუთარი სურვილი ჰქონდა დაწერილი. ოთახი ისეთი შეცვლილი იყო, მეგონა, სხვაგან მოვხვდი. ენთო სანთლები. ჩვენ გვაქვს ისეთი სანთლები, სხვაგან რომ ვერ ნახავთ. ვთქვათ, არ გვაქვს ტორტის ფული. ვისი დაბადების დღეც არ უნდა იყოს, იუბილარი რომ შემოდის, ვხვდებით სანთლებით ხელში და „ჰეფი ბერზდეის” ვუმღერით.
– ამბობენ, პირადი ცხოვრებით უკვე ძალიან ბედნიერიაო.
– პირად ცხოვრებაში ბედნიერი და მშვიდი ვარ. მგონია, რომ ასე არასდროს არავის ვეყვარებოდი, ეს განცდა ძალიან მაგარია. შეყვარებული ქალისთვის სიყვარული ძალიან დიდი სტიმულია, ჩემთვის დიდი საყრდენია და მე ამ საყრდენს მთელი ცხოვრება ვეძებდი. ასეთ დროს უფრო მშვიდად და წყნარად ვარ, გაცილებით უფრო ორგანიზებული ვხდები და უფრო მეტ საქმეს ვასწრებ – ვარ მშვიდად, რადგან მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია მთლიანად ვენდო და დავეყრდნო, მაგრამ ფოიერვერკებს ვერ ვუწყობ ხშირად და მაპატიოს ამისთვის (იცინის).
– ეს სიყვარულიც გასულ წელს დაიწყო?
– ეს სიყვარული გასულ წელს არ მოსულა, ყველაფერი ცოტა უფრო ადრე დაიწყო. თუმცა, 2010 წელს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს კარიერაშიც ძალიან სტაბილური და გაწონასწორებული წელი იყო. ტელევიზიაში მუშაობიდან 20 წელი შემისრულდა... წელს მივხვდი, რომ საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ და რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს – დილის გადაცემა, ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობებსა და ღირებულებებზე დგას. ამიტომაც არის მისი რეიტინგი შეუდარებლად მაღალი. მე ამოვხსენი ეს საიდუმლო – ეს არის მაღალი ხელოვნების სამსახური, სოციალური თემები, რომლითაც ყოველთვის ვცდილობთ, გვერდში ამოვუდგეთ ხალხს. არის კიდევ ერთი რაღაც, რომელიც თქვენ რომ გაგიმხილოთ, გამოვა, ხეზე ასვლა გასწავლეთ (იცინის).
– რატომ გაიქეცი თბილისიდან და გადასახლდი აგარაკზე?
– ბიწმენდში ის ვიპოვე, რაც მთელი ცხოვრება მენატრებოდა, უკვე ყოველ შაბათ-კვირას მივდივარ იქ, შვილებთან ერთად. შეშაც ვიყიდე და ისე ლამაზად აწყვია კედელთან, უკვე ნამდვილ სოფლის სახლს დაემსგავსა. მაქვს ბუხარი. უნდა ნახოთ, რა იდილიაა ჩემს ქოხში (იცინის), სულ ორი ოთახია, სველი წერტილები და პაწაწუნა სამზარეულო, სადაც ძლივს, მარტო ვფუსფუსებ. მაპატიე, დედ (იცინის), ახლა თოვლი, მოუხდებოდა ჩემს სახლს და აივანს, თუმცა, წლევანდელმა ზამთარმა ძალიან გამანებივრა. ძალიან მაგარია ბუხართან, ცეცხლის ტკაცუნში რომ დაიძინებ. ისეთი სიმშვიდეა, მანქანის ხმაც კი არ მესმის. ჩემს მეზობლად ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ღორს დაკლავენ თუ ცხვარს, არ არსებობს, მეც არ მიწილადონ. ღვინითაც მამარაგებენ. ზაფხულში ბევრი ცხოველიც გვყავდა. კარზე გავაკეთეთ წარწერა: „ზოოპარკი, შესვლა 50 თეთრი”. მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ზოოპარკის დირექტორს სცალიაო (იცინის)?
– წელს, ალბათ, კურდღლებსაც დაამატებთ თქვენს ზოოპარკს.
– ზოოპარკი დროებით დაკეტილია. ზღარბი გავუშვით, იმიტომ რომ გვთხოვა. კუზე, დავეჭვდით, რომ სადღაც შვილები ჰყავდა. ვიფიქრეთ, რომ შვილებთან უნდოდა წასვლა და ისიც გავუშვით. ზღვის გოჭი თბილისში წამოვიყვანეთ. ერთი ძაღლი გავაჩუქეთ, მეორეს თბილისში, ავტოფარეხში მოვუწყვეთ სადგომი. ჩემს შვილს ძალიან უნდოდა, რომ ბიწმენდში კურდღლებიც გვყოლოდა, წელს აუცილებლად მოვიყვან ჩვენს საზაფხულო ზოოპარკში ორ კურდღელს – ერთს თეთრს და აუცილებლად გრძელყურებას, პირობას როგორ დავარღვევ (იცინის)...