როგორ გააოცა მსოფლიო მახათელების ოჯახმა
„ხანდახან კიდევაც ვფიქრობ, თითქოს ჩემს მიზანს მივაღწიე. შვილები ბალეტის წამყვანი მსახიობები არიან. მე თითქმის 10 წელია, აქტიურ მუშაობას ვეწევი – ვასწავლი, ვდგამ. ვუყვარვარ ჩემს მოსწავლეებს, კოლეგებს, ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. მაგრამ, რაც ყველაზე ძალიან მინდა, ეს არის საქართველო, საკითხავი კი ის არის, საქართველოს უნდიხარ?“ – ამ სიტყვებს ნუგზარ მახათელი ამბობს. დღეს ნუგზარ მახათელი, მისი მეუღლე, შვილები მთელ მსოფლიოში საბალეტო ხელოვნებას ემსახურებიან და მათი ოჯახი საბალეტო „ოსკარს“ ფლობს.
– ბატონო ნუგზარ, ვიდრე უცხოეთში გაემგზავრებოდით, საქართველოში სად მოღვაწეობდით?
– ვიდრე საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრებოდი, ვმუშაობდი მთავარ ბალეტმაისტერად ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში და ხელოვნების ინსტიტუტში, ქორეოგრაფიულ კათედრას ვხელმძღვანელობდი (1992-2001 წლები). ფაქტობრივად, იმ დროს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ბრძოლა გაჩაღდა გავლენის სფეროების მოსაპოვებლად და ყველა ხერხი გამართლებული იყო მიზნის მისაღწევად. ამ ვითარებამ საქართველოშიც დაისადგურა – ომი, ბანდიტიზმი, ყაჩაღობა, ღალატი, ვაუჩერებისა და პრივატიზაციის ფიქცია... ყველა ნეგატიურმა მოვლენამ თავი იჩინა მთელ საქართველოში. ხელოვნებაზე აღარავინ ფიქრობდა, თუ კიდევ ვინმე მუშაოდა ამ სფეროში, ეს მხოლოდ წარსული თვეების ინერციით შენარჩუნებული მდგომარეობა იყო. ხალხი უხელფასოდ მუშაობდა. გაყინული ხელფასები ზოგმა დღემდე ვერ მიიღო. ბანკების გაკოტრება და ბანკირების გაქცევა უცხოეთში... ქაოსი იყო გამეფებული. ეს ვითარება ჩემს ოჯახსაც შეეხო, რამაც მაიძულა, დროებით დამეტოვებინა საქართველო და მიღებულ სამუშაო მიწვევაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხმობა განმეცხადებინა.
– თქვენ აქ რთულ პირობებში მოგიხდათ მუშაობა, მაგრამ ბევრი რამ მოასწარით. თქვენი შვილის წარმატებები საქართველოდან იწყება...
– 1990 წლის იანვარში ჩამოვედი ნიკარაგუიდან, სადაც 1987 წლიდან პედაგოგ-ქორეოგრაფად ვმუშაობდი ერთ-ერთ მოდერნ ბალეტ-კომპანიაში და ვიყავი ნიკარაგუის კულტურის მინისტრის მრჩეველი. ამ დროს დამოუკიდებელ საქართველოს ჰყავდა ხალხის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ძალიან მეამაყებოდა ნიკარაგუიდან დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნება. 1990 წლის მარტში, ჭაბუკიანის რეკომენდაციით, შემომთავაზეს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორობა, რაც, რასაკვირველია, სიხარულით მივიღე. უნდა ვყოფილიყავი პირველი დირექტორი საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ. ამ დროს სასწავლებლის ხელმძღვანელობა ადვილი არ იყო. თბილისში ომის დროს სწავლა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი შვილი – დავით მახათელი, ყოველ დილით ფეხით დავდიოდით ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ტყვიების ზუზუნის ქვეშ, ორთაჭალის მოედნიდან თითქმის რკინიგზის სადგურამდე. ჩვენი მუშაობის შედეგმაც არ დააყოვნა და თებერვლის დასაწყისში დათომ პირველი ადგილი დაიკავა ლოზანას საერთაშორისო კონკურსზე თავისი ასაკის კატეგორიაში და უფლება მოიპოვა სწავლა ინგლისის სამეფო საბალეტო აკადემიაში გაეგრძელებინა. ამავე წლის აპრილში მოსკოვის დიაგილევის სახელობის პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზეც საქართველოს სასწავლებელმა წარმატებას მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში ბევრი წარმატება მოიპოვა ქორეოგრაფიულმა სასწავლებელმა საერთაშორისო კონკურსებში. მიუხედავად ქორეოგრაფიული სასწავლებლის წარმატებული მუშაობისა, მაინც გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
– ამერიკაში რომელ შტატში მოღვაწეობთ დღეს?
– ამჯერად ვმუშაობ სახელმწიფო განათლების დაწესებულებაში – ამერიკის, ლუიზიანას შტატის ნიუ-ორლეანში პედაგოგ-ქორეოგრაფად ცეკვის დეპარტამენტში. ეს არის ხელოვნების სკოლა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა დეპარტამენტები – ფერწერა, მუსიკა (ჯაზი და კლასიკა), სავოკალო, მიუზიკლის, დრამის, ცეკვის, დიზაინის, კულინარიისა და სხვა ფაკულტეტები. აქ დაახლოებით 500 სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს. ჩვენ 6 წელი ვცხოვრობდით დენვერში, სადაც ვმუშაობდი დევიდ ტეილორის თეატრში ბალეტმაისტერად, პედაგოგად და რეპეტიტორად. ამერიკის თითქმის ყველა შტატი მოვლილი მაქვს მასტერ-კლასებზე მიწვევებით, რომელიც ზაფხულობით იმართება. დღეს ჩემი მოსწავლეები ამერიკის სხვადასხვა საბალეტო კომპანიებში მოღვაწეობენ.
– თქვენი ოჯახი ერთადერთია, ქართულ ოჯახთაგან, რომლის ყველა წევრი მთელ მსოფლიოში დიდი წარმატებით წარმოაჩენს საბალეტო ხელოვნებას.
– რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ოთხი წელია, მე და ჩემი მეუღლე – მარინა ლოლაძე ამერიკაში ვცხოვრობთ. მეუღლე ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელია. მარინა რომ არა, მე ამერიკაში ვერაფერს მოვახერხებდი. ის ყველაზე დიდი კრიტიკოსია ჩემთვის საბალეტო ხელოვნებაში. რაც შეეხება მის დედობას, შედეგი სახეზეა, ორივე შვილი ბალეტის წამყვანი მსახიობია, რაც არცთუ ხშირი მოვლენაა საბალეტო ხელოვნებაში.
– დავითზე და მაიკოზე იქნებ უფრო მეტი მოგვიყვეთ...
– დავით მახათელის საბალეტო კარიერა თბილისში დაიწყო. უფრო სწორად ოჯახში. მისი ბაბუა, კოტე ლოლაძე (ქართული ცეკვის დიდოსტატი, ბალეტის თეატრის მსახიობი, დამსახურებული არტისტი) ერთობოდა და ბავშვს ნელ-ნელა ასწავლიდა როგორც ბალეტის, ისე ქართული ცეკვის ილეთებსაც. სამი წლის ასაკში დათო ფლობდა ბალეტის ტერმინოლოგიას და ასევე ახდენდა ბალეტის ამა თუ იმ ელემენტების დემონსტრირებას. შემდეგ თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა, ასევე, მოსკოვის სასწავლებელში, სადაც მხოლოდ ორი თვე გაძლო. როგორც კი თბილისში დაბრუნდა, დათოსთან მიზანმიმართული მუშაობა დავიწყე. გაიმარჯვა ლოზანაში, მოსკოვში, სწავლა ერგო ინგლისის სამეფო საბალეტო სკოლაში. შემდეგ ბირმინჰემის „როიალ ბალეტის“ კომპანიაში, სადაც პირველად დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა. ჰოლანდიაში იყო უკვე როგორც ბალეტის სოლისტი, შემდგომ ნინო ანანიაშვილის რეკომენდაციით გადავიდა ჰიუსტონის საბალეტო კომპანიაში, ბენ სტივენსონთან. იქ დაიხვეწა მისი ოსტატობა, გახდა ბალეტის წამყვანი მსახიობი. მისი პირველი გასტროლი საქართველოში 1998 წელს ნინო ანანიაშვილის მოწვევით განხორციელდა. დათომ პირველად იცეკვა ნინოსთან ერთად „ჟიზელში“, რომელიც მიეძღვნა გენიალურ მოცეკვავეს და ქორეოგრაფს ვახტანგ ჭაბუკიანს. შემდეგ დათო მიიწვიეს ლონდონის სამეფო თეატრში გასტროლებზე. შესთავაზეს კონტრაქტი და მას შემდეგ დღემდე ლონდონში მოღვაწეობს. დათოს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის ბალეტის „ოსკარის“ მინიჭება 2008 წელს „ლინკოლნ-ცენტრში“. დათოს საბალეტო რეპერტუარი ძალიან მდიდარია. იცეკვა ყველა კლასიკური ბალეტი. ფორსაიტის, დუატოს მოდერნი, თანამედროვე, ბალანჩინის ნეოკლასიკა. 2009 წელს საუკეთესო ონეგინის სახელი მოიპოვა ონეგინის სარეპერტუარო ისტორიაში.
– დათოს მეუღლეც ბალერინაა?
– 2007 წელს დათომ იქორწინა. მისი მეუღლე გახდა ნატალია კრემერი, რომელიც ცეკვავს ლონდონის ნაციონალური ბალეტის კომპანიაში. ძალიან კარგი და ლამაზი რძალი გვყავს. ამავე დროს პერსპექტიული ბალერინაც არის. ახლა დათომ ცეკვასთან ერთად, ბალეტის მენეჯერობასაც მიჰყო ხელი. პირველი საღამო ნურიევს მიუძღვნა, რომელიც 2009 წელს ჩატარდა ლონდონში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. შემდგომ საბერძნეთში გააკეთა იგივე პროგრამა. იქ მიიწვია თბილისის ბალეტის ვარსკვლავი ნინო გოგუა. დღეს დათოს ურეკავენ მსოფლიო ბალეტის წამყვანი სოლისტები და თავიანთ შემოქმედებას სთავაზობენ, რაც უკვე წარმატებისა და ნდობის ნიშანია!
– საბედნიეროდ, დავით მახათელი ქართველმა მაყურებელმა რამდენჯერმე ნახა, მაიკოს კი საქართველოში არასოდეს უცეკვია...
– მაია მახათელის საბალეტო კარიერაც ოჯახში იწყება. ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში მაიკო თეატრში დაგვყავდა და იქვე, სადაც მარინა ვარჯიშობდა, ძელთან ახლოს მაიკოს ადგილი იყო. ალბათ, ყველა თეატრის დამახასიათებელი სურათია „ბალეტის ბავშვები“, რომლებიც თეატრში იზრდებიან და უმრავლესობა მერე ბალეტს მიჰყვება. ბალეტის ზღაპრულმა სამყარომ მაიკოც შემოიტყუა. 15 წლის მაიამ სწავლა ამერიკის საბალეტო სკოლაში განაგრძო, სადაც მე მხატვრული ხელმძღვანელი ვიყავი. 2001 წელს დავდგი „მაკნატუნა“, სადაც წამყვან პარტიებს ჰიუსტონიდან მოპატიჟებული გამოცდილი მსახიობები ასრულებენ. ასევე, დათო მახათელი და ახალბედა მსახიობი მაია მახათელი. დისა და ძმის სცენური ნათლობა წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით მიხარია, რომ მე ვიყავი მათი ნათლიაც, მამაც და ქორეოგრაფიც. ეს დღე მე და მარინასთვის (რომელიც ძალიან მეხმარებოდა რეპეტიციებზე) ძალიან ბედნიერი იყო. 2002 წლიდან ბალეტმაისტერის კონტრაქტი მივიღე. დევიდ ტეილორის ცეკვის თეატრიდან გადავედით დენვერში და მაისთან ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტეთ „კოლორადო ბალეტ კომპანის“ მისაღებ გამოცდაზე გავსულიყავით. 17 წლის გოგო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჩაირიცხა „კოლორადო ბალეტ კომპანის“ დასში კორდებალეტის ხელფასით. საერთოდ, 18 წლიდან ირიცხებიან თეატრში, როგორც სტაჟიორები. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა უკვე აღებული ჰქონდა პირველი ადგილები საერთაშორისო კონკურსებში. 19 წლის მაია „კოლორადო ბალეტის“ წამყვანი ბალერინა გახდა, ეს კი ამერიკის საბალეტო ისტორიაში იშვიათობაა. 20 წლის ასაკში მაიამ დათოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავების ფესტივალზე ტოკიოში. საფესტივალო პროგრამას დენვერში ვამზადებდით, დათო საგანგებოდ ჩამოვიდა ჩვენთან რეპეტიციებისთვის. ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა „რომეო და ჯულიეტას“ რეპეტიციების დროს. ტექნიკურად ყველაფერს ასრულებდნენ, მაგრამ სასიყვარულო სცენა და კოცნა არ გამოსდიოდათ. მაია სულ გაჰყვიროდა, – როგორ, ის ხომ ჩემი ძმაა? არ შემიძლია! – იქ უკვე არაფერი მშველოდა, არც სტანისლავსკი და არც ბერტოლდ ბრეხტი. დიდი შრომის შემდეგ ტოკიოში ერთ-ერთ საკუთესო წყვილად მიიჩნიეს. ამჯერად მაიკო ჰოლანდიაში, ამსტერდამის ნაციონალურ კომპანიაში მუშაობს. ამ სეზონზე მიენიჭა უმაღლესი კატეგორია – „წამყვანი ბალერინა“. მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, უკვე მეორედ გაიკვლია სცენური გზა და მეორედ გახდა წამყვანი ბალერინა. ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ მშობლებმა ჩაუწყვეს პრიმაბალერინობაო.
წელი ისე არ გადის, მოწვევა სხვა შტატებიდან არ მივიღო. შეკვეთებს მაძლევენ და მეც ვდგამ სპექტაკლებს. თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი შვილებია.