რამდენი ცოლი და შვილი ჰყავს ყატარის ემირს, შეიხ ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანის და რით არის გამორჩეული მისი
133-მეტრიანი იახტა „ალ მირქაბი“
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ „ფიფამ” 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ყატარს გადასცა, ინტერესი ამ არაბული სახელმწიფოს მიმართ ერთიორად გაიზარდა. ნავთობით მდიდარი ყატარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ამაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვის ყველაზე რეფორმისტულ არაბ მეთაურად წოდებულ, ყატარის ემირს, შეიხ ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანის – ამერიკის და დანარჩენი მსოფლიოს სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელმაც ყატარი მრავალმილიარდ დოლარად შეფასებულ ოაზისად აქცია არაბეთის ნახევარკუნძულზე.
* ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანი 1952 წელს დოჰაში დაიბადა. იგი ყატარის სამეფო ტახტის მემკვიდრის უფროსი შვილი იყო – იმ ოჯახის შთამომავალი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნიდან მართავს ყატარის ემირატს. ჰამადს უმაღლესი სამხედრო განათლება აქვს მიღებული ბრიტანული სანდჰერსტის სასწავლებელში, საიდანაც პოლკოვნიკის წოდებით დაბრუნდა სამშობლოში და ყატარის სწრაფი რეაგირების სამხედრო დანაყოფს ჩაუდგა სათავეში. 1972 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მამამისი მოვიდა, ჰამადი ყატარის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. გარდა ამისა, იგი გაზისა და ნავთობის მრეწველობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო.
* 1995 წლისათვის ჰამად ბენ ჰალიფა გავლენის მხრივ მეორე პირი გახლდათ ყატარში და როდესაც მამამისი – მოქმედი ემირი შვეიცარიაში იმყოფებოდა, ჰამადმა იგი უსისხლო რევოლუციით ტახტიდან ჩამოაგდო და საკუთარი თავი ახალ ემირად გამოაცხადა. მას შემდეგ ყატარში რიგი რეფორმები გატარდა, რომელთა ინიციატორი ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანი იყო. კერძოდ, ყატარი გახდა პირველი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, სადაც ქალების უფლებები გაფართოვდა და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. ასევე, ზოგ სახელმწიფო თანამდებობაზე ქალები დაინიშნენ, მათ შორის განათლების მინისტრად. სწორედ ყატარში მიეცათ არაბ ქალებს პლაჟზე ბიკინის ჩაცმის უფლება. სასტუმროებში კი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დაიწყეს.
* ყატარის ემირმა ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანიმ, პირველმა რეგიონში, მასმედიის საშუალებებს სრული თავისუფლება მისცა და 1996 წელს საერთაშორისო არაბულენოვანი ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა” დააარსა, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ტელევიზიაა მსოფლიოში.
* „ვიკილიქსის” სკანდალური ფაქტებიდან ცნობილი გახდა, რომ ყატარის ემირი ჰამად ბენ ჰალიფა სიმპათიით არის განწყობილი ისრაელის მიმართ და სრულიად არ იზიარებს „ჰამასისა” და „ჰეზბოლას” მტრულ იდეოლოგიას. ამის თაობაზე ემირს ამერიკელ სენატორ ჯონ კერისთანაც უსაუბრია. გარდა ამისა, ემირმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ჰეზბოლას” და „ჰამასის” ლიდერებთან. ყატარის ემირი დასავლეთის უმთავრესი მოკავშირეა სპარსეთის ყურეში და მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტ-ელიტასთან.
* ყატარის ემირი, შეიხი ჰამადი 2010 წლის ყველაზე გავლენიანი 1 000 ლონდონელის სიაში პირველ ნომრად დაასახელეს. შეიხის პირველობა ლონდონში მისი უზარმაზარი ინვესტიციებით არის განპირობებული. კერძოდ, გასულ წელს მან 1,5 მილიარდ დოლარად ცნობილი „ჰეროდსი” შეიძინა და ასევე, სურვილიც გამოთქვა აუქციონების სახლის „კრისტის” შესყიდვისა. მისი საკუთრებაა „ჩელსის” უბანში მდებარე სამხედრო ყაზარმების უდიდესი ტერიტორია, რომელთა დანგრევას და მათ ადგილას მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავდა შეიხი. თუმცა, პრინცი ჩარლზის ზეწოლის შედეგად გადაიფიქრა. მის მფლობელობაშია აგრეთვე, „ფორბსის” ვერსიით, მსოფლიოში სილამაზით მეორე, 133-მეტრიანი იახტა „ალ მირქაბი”, რომლის სავარაუდო ფასი 68 მილიონი ამერიკული დოლარია.
* ლონდონში ერთ-ერთი პენტჰაუზი 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა და მყიდველის ვინაობა ჯერაც უცნობია. თუმცა, ჩვენთვის ეს ფაქტი იმით არის საინტერესო, რომ საცხოვრებელ კომპლექსში – „უან ჰაიდ პარკი”, რომელიც ლონდონის ელიტურ ნაითსბრიჯის რაიონში მდებარეობს, ზუსტად ასეთივე აპარტამენტებს ფლობს ყატარის ემირი, შეიხი ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანი. მისი შეძენა კი შეიხს შედარებით ნაკლები, 100 მილიონი დაუჯდა. ორსართულიანი პენტჰაუსი 6 საძინებელს ითვლის და მისი საერთო ფართი 2 ათასი კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, აპარტამენტებში მოწყობილია სპეციალური სამალავი. საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა შუშა ტყვიაგაუმტარია და ასევე ყოველ ბინას პერსონალური ლიფტი გააჩნია, რომელიც მხოლოდ აპარტამენტების მფლობელის სკანერზე მიდებული თვალის ბადურაზე რეაგირებს.
* ყატარის ემირი – შეიხი ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანი პლანეტის 15 ყველაზე მდიდარ მონარქს შორის ფიგურირებს. მისი პირადი ქონება 2,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ექსპორტიდან შემოსული თანხების კონცენტრაცია ემირის პირად ბანკებში ხორციელდება, რთული დასაჯერებელია, რომ ბუნებრივი წიაღისეულით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მმართველს, მხოლოდ 2,4-მილიარდიანი კაპიტალი აქვს.
* ყატარის ემირი ჰამადი სპორტის დიდი ქომაგია და გარდა იმისა, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრებსი ნაწილია, იგი კრივითაც არის გატაცებული და პერიოდულად დოჰაში საინტერესო ტურნირებსაც აწყობს. მაგალითად, 2009 წლის ბოლოს, მისი ინიციატივით, გაიმართა სამოყვარულო ტურნირი კრივში ქალებს შორის „სელებ-რინგი”, რომლის მონაწილეები ყველასთვის კარგად ნაცნობი ვარსკვლავები იყვნენ – ჰოლივუდის მსახიობი ჯინა გერშონი, „ვიქტორია სიქრეტის” მოდელი მარისა მილერი, ასევე ათამდე მოდელი და მსახიობი პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან – მათ შორის პოპულარული უკრაინელი მოდელი და ტელეწამყვანი ვალერია ბარდო, რომელიც 2008 წლის „ფლეიბოის” წლის მოდელად აღიარეს უკრაინაში. ტურნირის ჟიურის თავმჯდომარე კი ჰოლივუდელი სექს-სიმბოლო, პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული ბრძოლებით ცნობილი – მიკი რურკი გახლდათ.
* 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევის შემდეგ, მრავალი კითხვა გაჩნდა „ფიფას” და პირადად იოზეფ ბლატერის მისამართით. რატომ ყატარი და არა, თუნდაც ავსტრალია? სწორედ ამ თემას შეეხო რამდენიმე გავლენიანი დასავლური გამოცემა და ახლახან ცნობილი გახდა კულუარული ინფორმაცია, თუ რა მიზეზით გაიმარჯვა კონკურსში ყატარმა. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს ჯერაც გასარკვევია. 2010 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსვლელობის დროს, სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრმა „ფიფას” თასს ნაწილი მოხერხა, რომელიც 244 გრამს იწონის, პოლიციამ ადგილზევე დააკავა ვანდალი, თუმცა თასის დაკარგული ნაწილის პოვნა ვერ მოხერხდა. სწორედ ეს ინფორმაცია გაიხსენა ყატარის ემირმა არჩევნების წინა დღეს და ზეპ ბლატერს შეჰპირდა, ყატარის კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, თასის დაკარგულ ნაწილს საკუთარი 13 ოქროს კბილის ხარჯზე აღადგენდა. ამ ფაქტმა გავლენა იქონია ბლატერზე და ამიტომ დამტკიცდა ყატარის კანდიდატურა „ფიფას” ყრილობაზე.
* შეიხ ჰამად ბენ ჰალიფა ალ-ტანის სამი ცოლი ჰყავს, რომელთაც მას 11 ვაჟიშვილი და 13 ქალიშვილი აჩუქეს. გარდა ამისა, შეიხს 14 შვილიშვილიც ჰყავს. საინტერესოა, რომ საზოგადოებაში ან უცხოური ვოიაჟების დროს, შეიხი მხოლოდ რიგით მეორე ცოლთან – მოზაჰ ბინ ნასერ ალ მისნედთან ერთად ჩნდება. მოზაჰი ყატარში დიდი გავლენით სარგებლობს, იგი ირიცხებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამართულ ყრილობაზე ყატარის დელეგაციაში. ჟურნალმა „ფორბსმა” შეიხის მეუღლე მოზაჰი პლანეტის 2010 წლის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის 76-ე პოზიციაზე დააყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთ დასავლურ გამოცემას ეს ქალბატონი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სასურველ პირველ ლედიდ ჰყავს მოხსენიებული.