რაზეა დამოკიდებული ნატო გაგნიძის ცხოვრება და რისი განწყობა უფერულდება მისთვის წლებთან ერთად
მსახიობი ნატო გაგნიძე საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ის მაინც ახერხებს კარგ და მხიარულ განწყობაზე ყოფნას. ახალი 2011 წლისგან განსაკუთრებულს არაფერს მოელის. ერთადერთი, რაც ძალიან გაუხარდება, პატარა საჩუქარია, რომელიც მას ძალიან სჭირდება. როგორ და რა ვითარებაში შეხვდა ნატო გაგნიძე ახალ წელს და რა სურვილი ჩაუთქვა მან ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ვარსკვლავებს, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობ „რუსთავი 2-თან“. ასევე, ვთანამშრომლობ „იმედთანაც“. ამჟამად სერიალის სეზონი დავასრულეთ და ახლა ცოტას ვისვენებთ. მოკლედ სულ გადარბენებზე ვარ.
– საერთოდ, წინასწარ გეგმავთ ხოლმე, რას გააკეთებთ შემდეგ დღეს, შემდეგ კვირას?
– სამწუხაროდ, ისეთი პროფესია მაქვს, რომ ყოველთვის სხვაზე ვარ დამოკიდებული, ჩემით ვერაფერს ვერ დავგეგმავ. შესაბამისად, ვერც პირად ცხოვრებაში ვერ ვგეგმავ წინასწარ ვერაფერს, იმიტომ, რომ შეიძლება, წინა საღამოს შეიცვალოს ვითარება. ყოველთვის ცოცხალ რეჟიმში ვმოქმედებ. როდესაც დილა თენდება, ზოგადად, მაშინ ვიცი ხოლმე, სად უნდა წავიდე. შორს მიმავალ გეგმებს არასდროს ვაწყობ.
– რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან“: როგორ მოხვდით, ქასთინგი გაიარეთ თუ მიგიწვიეს?
– დიახ, ქასთინგი გავიარე. მგონი, ყველა მსახიობმა, ვინც იქ მოხვდა ქასთინგი გაიარა. შემდეგ დამიკავშირდნენ და დავიწყეთ თანამშრომლობა.
– პროფესიით მსახიობი ხართ?
– დიახ, მსახიობი ვარ. ეს ჩემთვის არის ის საქმე, რისი კეთებაც მსიამოვნებს. ზოგიერთი ადამიანი იძულების წესით მუშაობს, შეიძლება, არც სიამოვნებდეს, რასაც აკეთებს, მაგრამ, სხვა გზა არ აქვს. ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, მსახიობობასთან ერთად ვითავსებ მეორე საქმესაც – ეს არის სერიალების გახმოვანება. რასაკვირველია, ამას კარგ ფილმში ან სპექტაკლში თამაში მირჩევნია, მაგრამ, ეს ჩემი სამუშაოა და უნდა შევეგუო.
– თავი იღბლიან ადამიანად მიგაჩნიათ?
– იმით, რაც მაქვს, ყოფითი ცხოვრება იქნება ეს, პირადი თუ შემოქმედებითი, უმადური ვიქნებოდი, რომ მეთქვა, კმაყოფილი არ ვარ-მეთქი. თუმცა თავს იღბლიან ადამიანად არ მივიჩნევ. ჩემი აზრით, იღბალი ცოტა სხვა რამეა. ყველაფერი მაინც ადამიანის ბედზეა დამოკიდებული.
– თქვენი აზრით, იღბალი თავისით მოდის თუ ყველა ადამიანმა თავისი ბედი თავად უნდა შექმნას?
– ბედი მოდის თავისით, მაგრამ, რა თქმა მუნდა, ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ის, რომ დაამტკიცო შენი შესაძლებლობები, წარმოაჩინო შენი თავი, მაგრამ, ყველაფერი მაინც ბედზეა დამოკიდებული – თუ ბედი არ გაქვს, შეიძლება, არც მოგეცეს იმის საშუალება, რომ სხვამ შეგამჩნიოს, ნახოს შენი შესაძლებლობები.
– ახალ წელს როგორ შეხვდით?
– სამსახურიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ მოვემზადე. ერთადერთი, რითაც საახალწლო სამზადისში ჩავერთე, იყო დაფინანსება (იცინის). სამწუხაროდ, მეტი ვერაფერი მოვახერხე.
– რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ, რასაც ყოველ ახალ წელს ასრულებთ?
– განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ტრადიცია ის არის, რომ ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად სადმე რესტორანში, კაფეში ან ბარში მივდივარ. უკვე ორი წელია, ძალიან მინდა, ახალ წელს ბაკურიანში შევხვდე. წელს თოვლი არ არის და იმდენად აღარ დამწყდა გული. ერთადერთი რაც ძალიან მინდა სწორედ ესაა, მაგრამ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ხომ გეუბნებით, იმდენად გადატვირთული ვარ, რომ ახალ წელსაც ვერ ვახერხებ დასვენებას.
– როგორც ჩანს, ძალიან აქტიურად ცხოვრობთ.
– მე ვიტყოდი, რომ ზეაქტიურად. ერთი ადამიანისთვის ეს მეტისმეტიც კია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მაქვს სამსახური. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა შენი საქმე გაქვს? ხანდახან ერთმანეთს ისე მიეწყობა საქმეები, მილიონ ადგილას მიწევს ხოლმე წასვლა, ხანდახან კი საერთოდ არაფერი არ ხდება. უსაქმურობისგან დაღლას, მირჩევნია, საქმისგან დავიღალო.
– თუმცა, ალბათ, როგორც ყველა ადამიანს, თქვენც გექნებათ პასიური პერიოდები.
– ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში, ისეთ პერიოდს, საქმე რომ არ მქონოდა, ვერ გავიხსენებ. არის ჩვეულებრივად დატვირთული დღეები და არის ძალიან დატვირთული დღეები. მაგალითად, დიდი ხანია, ჩემთვის არ არსებობს შაბათ-კვირა.
– ახალ წელთან დაკავშირებით რაიმე სასაცილო შემთხვევა თუ გახსენდებათ?
– განსაკუთრებული არაფერი მახსენდება. სასაცილო ადრე უფრო იყო ხოლმე, როცა ჩემი შვილი პატარა იყო და თოვლის ბაბუის სჯეროდა. ყველა იმას ვცდილობდით, ვერაფერს მიმხვდარიყო და ძალიან ვწვალობდით ხოლმე (იცინის).
– ძალიან დატვირთული ხართ შემოქმედებითად. სულ სამსახურზე, საქმეებზე საუბრობთ, მაგრამ, რა ხდება ამ დროს პირად ცხოვრებაში?
– სულ სამსახურზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, სიმშვიდე და სიწყნარეა. რატომღაც ამ კუთხით არანაირი სიახლე არ არის.
– როგორ ფიქრობთ, თქვენთან ურთიერთობა ადვილია?
– ურთიერთობებში საკმაოდ გახსნილი ადამიანი ვარ. ნამდვილად არანაირი გამოცანა არ ვარ. ერთადერთი, რაზეც ხშირ შემთხვევაში მსაყვედურობენ, არის ის, რომ მიყვარს ყველაფერზე ჩემი აზრის გამოხატვა – მინდა ხოლმე იმის თქმა, რასაც იმ მომენტში ვფიქრობ. მთავარია, აკონტროლო კრიტიკულად გამოთქმული აზრის დოზები, თორემ, შენი აზრი ყოველთვის გულწრფელად და ღიად უნდა დააფიქსირო.
– კომუნიკაბელური ადამიანი ხართ?
– ვიტყოდი, რომ საკმარისზე მეტად კომუნიკაბელური ვარ. ჩემი აზრით, ჩემთან ურთიერთობა არავის უჭირს, არ ვარ საშიში და უხასიათო (იცინის).
– მოდი, ისევ ახალი წლის თემას დავუბრუნდეთ: სახალწლო ღამეს რა სურვილს ჩაუთქვამთ ვარსკვლავებს?
– ალბათ, ბანალურია, მაგრამ, ჯანმრთელობას ვისურვებდი როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის – ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ესაა. სხვა ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ჯანმრთელობის პრობლემა დგება. ძალიან არ მიყვარს არარეალური სურვილების ჩაფიქრება.
– თქვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანს თუ შეცვლიდით, ამის შანსი რომ მოგეცეთ?
– არა, არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ არაფერი საშინელი და ცუდი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, ყველა ადამიანს აქვს თავის განსაცდელი, მთავარია, ეს გადალახო და მე ამის გაკეთება მოვახერხე. მთავარია, ცხოვრების ხალისით გაგრძელება შეძლო. როდესაც კარგად ხარ და შენი საყვარელი ადამიანებიც კარგად არიან, ყველაფერი კარგად იქნება რა (იცინის).
– დეპრესია თუ გახასიათებთ?
– ხანდახან მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა დეპრესია დამრევს ხელს და მეჩვენება, რომ ყველაფერი რუხია. თუმცა ეს დიდხარს არ გრძელდება, რადგან მიდრეკილი არ ვარ დეპრესიისკენ. ჩემი ახლობელი ადამიანები მეხმარებიან ხოლმე მდგომარეობიდან გამოსვლაში.
– რას ელით ახალი წლისგან?
– ახალი წლისგან, ისევე, როგორც ახალი დღისგან, ახალი კვირისგან, ველი რაღაც ახალს, კარგს. ყოველთვის მიხარია ახალი წლის მოსვლა. განსაკუთრებით ნაძვის ხის მორთვა მიყვარს ძალიან. შარშან მივხვდი, რომ ჩემ შვილს ვაბრალებდი, თითქოს მას უნდოდა ფერადი და ბრჭყვიალა სათამაშოების შეძენა და ნაძვის ხის მორთვა, მაგრამ, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ეს მე მიხარია.
– მოკლედ, საახალწლო განწყობა გაქვთ.
– მართალია, ეს განწყობა წლებთან ერთად თანდათან უფერულდება, მაგრამ, ჯერჯერობით კიდევ მაქვს შემორჩენილი (იცინის). ახალი წელი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია იმ დღესასწაულებს შორის რომლებიც მიყვარს.