კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას დასტყუებს ხოლმე სხვადასხვა ხერხით სალომე წაქაძე დავით კირკიტაძეს და რატომ ერიდება მას ქმრისთვის რამის თხოვნა

მომხიბვლელი წამყვანისა და კომპანია „ბარამბოს“ ფიარ-მენეჯერისთვის, სალომე წაქაძისთვის 2010 წელი განსაკუთრებულად ტკბილი იყო, რადგან მას მთელი წლის განმავლობაში ტკბილ შოკოლადებთან და კანფეტებთან ჰქონდა ურთიერთობა. ის, ასევე, თავის საყვარელ საქმეს – ტელევიზიაში მუშაობასაც დაუბრუნდა და ამით რამდენიმე წლის ოცნება აისრულა. თუმცა ღიმილიანი და დადებითი ენერგიით სავსე სალომე მომავალი წლისგან კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო და საინტერესო ამბებს ელოდება.

სალომე წაქაძე: 31 დეკემბრის საღამოს, როდესაც საახალწლო მზადებაა და ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება, ყოველთვის ვუფიქრდები, რა იყო ამ წელს კარგი ან ცუდი, რა მინდა, რომ მომავალ წელს მოხდეს. თუმცა, ზოგჯერ, როდესაც მგონია, რომ რაღაც ცუდი იყო, საბოლოო ჯამში, ამას კარგი შედეგი მოუტანია. ვფიქრობ, რომ 2010 წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო – ტელევიზიაში დავბრუნდი. ოთხი წელია, სულ მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა, ეს არ არის ის პროექტი, რომელიც ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უბრალოდ, ტელევიზიაში მისაბრუნებლად საკმაოდ ნორმალური ნაბიჯი იყო. ისევ ვტრიალებ შოკოლადებში, „ბარამბოში“ იმდენი სიტკბოა, რომ ასეთი ტკბილი წელი არასდროს მქონია.

– წელს იყო ისეთი ნიუანსები, რომლებსაც 2011 წელს აუცილებლად გაითვალისწინებ?

– მომავალ წელს მინდა, რომ ჩემი დრო უკეთესად გადავანაწილო, უფრო კომფორტულად ვიყო ყველა საკითხში – როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. ახლა ისეთი გადარბენები მაქვს, მგონია, რომ ვერაფერს ვასწრებ. ყველგან ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ, ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს. მეგობრების ნახვას ვერ ვასწრებ, სახლშიც ძალიან დაღლილი და დაცლილი მივდივარ.

– ანუ, დროის დეფიციტი გაქვს?

– დროის დეფიციტი მაქვს, თუმცა, მგონია, რომ, რაც უფრო ცოტა დროს გაქვს, მეტ რაღაცას ასწრებ.

– ის, რომ შედარებით უფრო გვიან მიდიხარ სახლში, თან, ასეთი დაღლილი, არ იწვევს მეუღლის პროტესტს?

– ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევა, რომ შეიძლება, დათომ მიმასწროს სახლში მისვლა. ეს, რა თქმა უნდა, არც მას სიამოვნებს და არც მე. ჩემთვისაც არ არის მისაღები, რომ მეუღლე სახლში იყოს, გელოდებოდეს, შენ კი სადმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ და არ ერთობი. ამ დროს შეიძლება მას შიოდეს, მე კი სხვას ვთავაზობ ნაირ-ნაირ კერძს.

– ამაზეც ფიქრობ გადაცემის ჩაწერის დროს?

– თუ 8 საათი გახდა და ვიცი, რომ დათო სახლში მივიდა, მე კიდევ გადაღებაზე ვარ, მეფიქრება ხოლმე. შეიძლება, მთლიანად ვიყო საქმეში ჩართული, მაგრამ შინაგანად ეს არასდროს მავიწყდება. ახლა ვცდილობ, ისე გავანაწილო დრო, რომ კარიერის აწყობას ოჯახში პრობლემები არ მოჰყვეს. არ მინდა, ჩემს მეუღლეს რამე არ სიამოვნებდეს. რთული კია, მაგრამ, უკვე ვმუშაობ ამ გეგმაზე, ანუ დროს ისე გადავანაწილებ, რომ 2011 წელს ყველა კმაყოფილი იყოს..

– სულ უყურებს დათო შენს გადაცემებს?

– რაღაც შენიშვნებიც მითხრა, რაც წყნარად მოვისმინე და გავითვალისწინე. მეუბნება, რომ გადაცემა უფრო და უფრო უკეთესია. თუმცა, ვერ ვიტყვი, აღფრთოვანებულია ამ გადაცემაში რომ ვარ-მეთქი, უბრალოდ, იცის, რომ ტელევიზია ძალიან მიყვარს, დიდი ნოსტალგია მქონდა და ამიტომ უფრო მშვიდად არის. თან, ეს რამდენიმეთვიანი პროექტია, დამთავრდება და შემდეგ, შეიძლება, გავაკეთო არაპოლიტიკური, არასკანდალური, უფრო მშვიდი, კარგი საყურებელი გადაცემა.

– დათოს მაინც რომელი სალომე მოსწონს: ის, რომელიც „ბარამბოში“ მუშაობს, რომელსაც გადაცემა მიჰყავს, თუ რომელიც სახლშია?

– სალომე მაინც სახლში უყვარს. ჩემს საქმეს პატივს სცემს, თუმცა, ზოგჯერ საღამოს რომ მისმენს, ტელეფონზე როგორ ვსაუბრობ საქმეებზე, უკვირს – ამდენ რამეს აკეთებო? რადგან ორგან ვარ, ამიტომ კვირაობითაც მიწევს მუშაობა. ამას წინათ, ერთი კვირა დღე იყო, როდესაც ნახევარი დღე სახლში ვიყავი და შევამჩნიე, რომ უხაროდა.

– ახალ წელს ყოველთვის დიდი ემოციებით ხვდები?

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წელი, სულ დიდი ემოციით ველოდები. სულ მეგონა, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, მერე, ასე რომ არ ხდებოდა, გული მწყდებოდა. მაგრამ მაინც მგონია, რომ ახალი წელი სასწაულებთან არის დაკავშირებული.

– შენს ცხოვრებაში ხშირად ხდება სასწაულები?

– ჩემი ცხოვრება სულ სასწაულებითა და მოულოდნელობებითაა სავსე. რომ მოვიცალო და წიგნი დავწერო, ალბათ, ძალიან საინტერესო გამოვა. მჯერა და ხდება კიდეც პატარა და დიდი სასწაულები. ვიღაცამ, შეიძლება, დამთხვევა დაარქვას, მაგრამ ჩემთვის სასწაულია. მე ჯერ კიდევ მჯერა ჯადოსნური რაღაცეების. სხვათა შორის, დედასთვის და მამასთვის არასდროს მითქვამს, რომ თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა. დღემდე ყოველ ახალ წელს მივდივარ ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუისგან მხვდება საჩუქრები. ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, როდის დებდნენ საჩუქარს. 7-8 წლამდე ამ თემაზე სხვა ბავშვებთან არც ვლაპარაკობდი, ვინმეს რომ არ ეთქვა, მამაშენი და დედაშენი დებენ საჩუქარსო, რადგან სულ მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა მიტოვებდა საჩუქრებს. 7-8 წლის მერე დავიწყე დაკვირვება, აბა, რა დროს დებენ-მეთქი, მაგრამ ორი წელი მაინც ვერ დავიჭირე. ბოლოს დავინახე, როგორ დებდნენ საჩუქარს, მაგრამ არ შევიმჩნიე და გავბრუნდი, იმის მერეც არ მითქვამს მშობლებისთვის, რომ ვიცოდი. მგონია, ახლა ამას რომ წაიკითხავენ, აღარ დამახვედრებენ საჩუქარს.

– არ სწერდი თოვლის ბაბუას წერილებს?

– დედა სულ მაწერინებდა, რა მინდოდა. საერთოდ, რაღაცის მოთხოვნა ძალიან მიჭირს. ამიტომ, ერთხელ რომ მითხრეს, დაწერე, რა გინდა, თოვლის ბაბუამ მოგიტანოსო, დიდხანს ვფიქრობდი, ნეტავ ამას ბევრი ფული ხომ არ დასჭირდება-მეთქი. ბოლოს დავწერე – თოვლის ბაბუა თუ ფიქრობს, რომ წელს, მე ეს დავიმსახურე, დედა არ გავაბრაზე, მაშინ მომიტანოს ის, რაც შეუძლია და რაც აქვს-მეთქი. თოვლის ბაბუას კი სულ ის მოჰქონდა, რაც მინდოდა. სულ ზოგად წერილებს ვწერდი, იმიტომ რომ, ჯერ თოვლის ბაბუის მერიდებოდა და მერე – მშობლების.

– დათოს საახალწლოდ არ სწერ წერილს?

– არც წერილს ვწერ და, თუ თვითონ ვერ მიხვდა, შანსი არ არის, რამე ვთხოვო. მირჩევნია, ცოტა ხანს მოვიცადო, მე მოვაგროვო ფული და ვიყიდო. ერთად რომ გავივლით, თუ რაღაცას შევხედავ და მომეწონება, თვითონაც ხვდება და მიყიდის, მაგრამ, მე ვერ ვთხოვ. დათო ისეთია, რაც უნდა სთხოვო, თუ იმ წუთას საშუალება აქვს, აუცილებლად გიყიდის. ამიტომ, მერიდება და ვერ ვთხოვ. მე ახალ წელსაც და ისედაც ვუკეთებ საჩუქრებს. ახალ წელს ნაძვის ხესთან ვდებ, მაგრამ ყველაზე რთულია იმის გაგება, რა უნდა. ამას რაღაც ხერხებით, ლაპარაკში, თვე-ნახევრით ადრე გამოვტყუებ ხოლმე. არ მინდა, მიხვდეს, რომ ახალი წლის საჩუქარზე ველაპარაკები. თვითონ უფრო მკითხავს, რა გინდა, ახალ წელს გაჩუქოო. მე უნდა მოვიფიქრო, მაგრამ ვერასდროს ვერ ვამბობ. ბოლოს წამიყვანს და მიყიდის ხოლმე.

– 12 საათზე ახერხებ სურვილების ჩაფიქრებას?

– ორ-სამს ვასწრებ, მაგრამ, იმ წამს, ალბათ, ერთი ემთხვევა. რადგან ახალი წელი ერთხელ არის წელიწადში, მენანება ერთი კონკრეტული სურვილის ჩაფიქრება, ამიტომ ზოგად რაღაცას ჩავიფიქრებ ხოლმე.

– როდის დგამ ნაძვის ხეს?

– ძალიან მიყვარს, როდესაც დიდხანს დგას ნაძვის ხე. წელსაც ვეღარ მოვითმინე და 14 დეკემბერს დავდგი. შარშან პირველად შევხვდით ჩვენს სახლში ახალ წელს და დიდი ნაძვის ხე ვიყიდეთ. დათო აწყობს, მერე, როცა მარტო ვარ, საახალწლო მუსიკას ვრთავ – განწყობას ვიქმნი.

– რას ელოდები 2011 წლისგან?

– მე სულ რაღაცას ველოდები: დილით რომ ვიღვიძებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაღაც უნდა მოხდეს. ჩემი დაბადების დღიდან ხომ წლის ათვლა იწყება, ამიტომ, მეორე დღესვე მგონია, რომ სიახლეები დაიწყება და, ყველაფერი სხვანაირად წავა. ამიტომ სულ ვცდილობ, ახალ წელს დადებითი განწყობით შევხვდე.


скачать dle 11.3