როგორი იყო ჯეჯი სხირტლაძის გზა სასულიერო სემინარიიდან „სეზონამდე”
„სეზონი“ ქართული კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია. ფილმმა, რომლის შექმნაშიც საშუალოდ, ოცდახუთი წლის ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას, მთელი ქვეყანა აალაპარაკა და აახმაურა. „სეზონში“ ერთადერთი მონაწილეა პროფესიით მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ ჯეჯი სხირტლაძის თამაში მაყურებელსაც და მის კოლეგებსაც ყველაზე მეტად მოეწონათ, თავად მსახიობი, მაინც უკმაყოფილოა. საკუთარ შესრულებაში იმ ხარვეზებს პოულობს, რომლის შესახებაც, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს.
ჯეჯი სხირტლაძე: დავიბადე და ვიზრდებოდი თბილისში, თუმცა მერე, ცოტა ხნით, წასვლა მოგვიწია. სკოლაში პეტერბურგში შევედი. იქ სულ სამი წელი ვცხოვრობდით. მამაჩემს იქ ჰქონდა სამსახური. მამა მღვდელია, სანკტ-პეტერბურგში გადაიყვანეს და მთელი ოჯახიც თან გავყევით. ეს იყო 1993 წელს. აქ ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, პეტერბურგი ევროპის ცენტრად მომეჩვენა. მერე ჩამოვედი თბილისში და ჩვეულებრივად გავაგრძელე სწავლა სასულიერო გიმნაზიაში.
– როგორია, იყო სასულიერო პირის შვილი და იმავდროულად, შეინარჩუნო ის, რასაც ჩვენ უკვე ეკრანზე ვხედავდით.
– მამაჩემი ისეთი ადამიანია, ყველაფერში მხარში მიდგას და მიგებს. მთავარია, რა თქმა უნდა, რელიგიურად არ იყოს ესა თუ ის ჩემი ქმედება გაუმართლებელი. თან, ჩემს ხასიათს ბავშვობიდან შეჩვეულები იყვნენ. სკოლაში ისეთი ცელქი ვიყავი და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, იქ ჩანდა ჩემი მსახიობური ნიჭი. ვისაც დავინახავდი, იმის პაროდიას ვაკეთებდი, ვმაიმუნობდი, ხმას ვბაძავდი. მაგრამ იმავდროულად, კარგად ვსწავლობდი და ყველას ვუყვარდი. ყოველთვის ღიად და თავისუფლად ვიზრდებოდი – არანაირი შებოჭილობა, შეზღუდვა არ მიგრძნია და კომპლექსი არ მქონია იმის გამო, რომ მამაჩემი სასულიერო პირია. ბუნებით საოცრად ოპტიმისტი ვარ – სულ კარგ ხასიათზე, მხიარული. ეს რომ ჩემში ჩაკლულიყო, მე ჯეჯი აღარ ვიქნებოდი.
– არ გქონდა მამის გზის გაგრძელების სურვილი?
– კი. ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ მერე, გადავიფიქრე. საერთოდ, პროფესიის მიგნება ძალიან გამიჭირდა. დიდხანს მინდოდა, ქირურგობა. მეცხრე კლასიდან გამოვედი, ჩავაბარე სამედიცინო კოლეჯში და მერე უკვე ინსტიტუტში ჩაბარებას ვაპირებდი. კოლეჯი რომ დავამთავრე, მივხვდი, ამ საქმის კეთება არ შემეძლო. ავადმყოფებთან ყოველდღიური ურთიერთობა, მძიმე გარემო – ეს ჩემთვის არ იყო...
– შენი ოპტიმიზმი იქ დამთავრდებოდა.
– მაშინ სხვა ტიპის თამაში უნდა დამეწყო. მთელი ცხოვრება ექიმის როლს ხომ არ ვითამაშებდი, რომელიც ვითომ, ძალიან სერიოზულია და გიჟდება თავის საქმეზე. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩამებარებინა კონსერვატორიაში, კლასიკური გიტარის განხრით. ჯერ კონსერვატორიის ათწლედი მინდოდა გამევლო და მერე კონსერვატორიაში უგამოცდოდ გადამიყვანდნენ. სხვათა შორის, კარგი მონაცემები მქონდა, მაქებდნენ. მქონდა იმის პოტენცია, კარგი მუსიკოსი გამოვსულიყავი.
– და სად იფეთქა მსახიობობამ?
– ზაფხულში ბახმაროში ვიყავი წასული. მთელ დღეებს მარტო ვატარებდი და დაუსრულებლად ვფიქრობდი იმაზე, რა მინდოდა, ცხოვრებაში მეკეთებინა. ყველაფრით უკმაყოფილო ვიყავი. უცებ გამახსენდა, რომ ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა – აუ, ბიჭო, შენ სამსახიობოზე უნდა ჩააბარო! აუ, შენ მსახიობი უნდა იყო! და განათდა გონება! ამ გადაწყვეტილებამ ისეთი სტარტი ამაღებინა, რომ არ ჩამებარებინა, ალბათ, მორჩა, ხელს ჩავიქნევდი ყველაფერზე.
– „სამ მეგობარში“ რომ არის, ამ ბორცვს თუ ვერ გადავახტები, ეს არ გამოვა – რაღაც ასეთი მგონიხარ.
– ზუსტად, სულ რაღაც გამოცდებს ვუწყობ საკუთარ თავს. შეიძლება, მერე ფარ-ხმალი არ დავყარო, მაგრამ კონკრეტულად მსახიობობაზე ძალიან სწორხაზოვანი დამოკიდებულება მქონდა. იმ წელს რომ არ ჩამებარებინა, ალბათ, აღარც ვცდიდი. გამოცდაზე საშინლად მოუმზადებელი ვიყავი. იგავ-არაკი არ ვიცოდი, პროზა ვიცოდი ნახევარი და ლექსი წავიკითხე ძალიან ცუდად. პირველი ტური გავიარე და მითხრეს, მეორე ტურზე იგავ-არაკი აუცილებლად უნდა იცოდეო. მეორე ტურზე იგავ-არაკი ისევ არ ვიცოდი, წარმოიდგინე, რა უპასუხისმგებლო ვარ. სანამ გამოცდაზე, შევიდოდი ერთ-ერთი იგავის ფაბულა უცბად გადავიკითხე და მოვიფიქრე, მიმიკებით მომეყოლა. უბრალოდ, ვიჯექი სკამზე და მხოლოდ მიმიკის ცვლილებით ვყვებოდი – როგორია მგელი, ცხვარი, მელია... გაოცებულები იყვნენ, ასეთი რაღაც ჯერ არავის გაუკეთებიაო.
– ჯიმ ქერის ნიჭი გაქვს.
– სხვათა შორის, ბევრი ამბობს ამას, ჯიმ ქერის ბაძავსო. ამ პლასტიკის გამო მიმიღეს და მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი. მერე 2009 და 2010 წელს მარჯანიშვილის თეატრში ეტიუდების ფესტივალი ჩატარდა. ორივე წლის საუკეთესო მსახიობი გავხდი. პირველ წელს მქონდა ეტიუდი – „ხელები“. ჩემი ხელები თითქოს სხვა სხეული იყო, ისინი მანიაკები იყვნენ და მოკვლას მიპირებდნენ – ჩემი ხელები მე არ მემორჩილებოდნენ. ჩემმა რეჟისორმა, ნიკა ლუარსაბიშვილმა მოიფიქრა ეს ყველაფერი. ჯილდოს აღება როგორ გამიხარდა, ხომ წარმოგიდგენიათ. მანამდე მთელი ღამეები ვფიქრობდი, უეჭველი მოვიგებ, რომ არ მოვიგო, გავგიჟდები-მეთქი. რაღაცას რომ ავიკვიატებ, ფიქრს თავიდან ვეღარ ვიშორებ. რომ არ მომეგო, მთელი ცხოვრება რაღაც საშუალო მსახიობი ვიქნებოდი, რომელზეც იტყოდნენ, სადღაც მინახავს იცით, სოკოს როლშიო. მაგრამ, აი, მეორე წელს, მოგებას ნამდვილად აღარ ველოდი. ნიკამ დადგა ეტიუდი – „რევანში“, სადაც ორი მსახიობი ერთი სკამისთვის იბრძოდა. მომავალ წელს, მგონი, აღარ გამოვალ.
– არ გინდა, აიკვიატო, რომ ლოტოს ჯეკპოტს მოიგებ?
– (იცინის) ეს, მგონი, შეუძლებელია. ისე, კარგი იქნებოდა, დავჯდებოდი და ვიძახებდი, რომ არ მოვიგო, მოვკვდები-მეთქი.
– ოჯახში შენს არჩევანს როგორ შეხვდნენ? სახლში, ალბათ, ბევრნი ხართ?
– არა, ერთი და მყავს. ოჯახში ნორმალურად, გაგებით შეხვდნენ ამ ყველაფერს. უბრალოდ, დედაჩემს გაუკვირდა, სად ექიმობა და სად მსახიობობაო. მამამ, სხვათა შორის, ყველაზე კარგად გამიგო. უბრალოდ, ამ საქმეში ნაკლები პერსპექტივაა, მსახიობები გაჭირვებულები არიან, ამიტომ არ გირჩევო. სხვა საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. ახლა მეორე კურსზე ვარ. წესით, მესამეზე უნდა ვიყო, მაგრამ „სეზონის“ გამო, თითქმის მთელი წლის გაცდენა მომიწია და მერე დავბრუნდი. პარალელურად, იანვარში მექნება პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში. ბერნარდ შოუს „როგორ ატყუებდა ის მის ქმარს“ – ასეთი პიესაა.
– ქმარი ხარ თუ საყვარელი?
– საყვარელი. თვრამეტი წლის ბიჭი, რომელიც ორმოცი წლის ქალზეა შეყვარებული და უძღვნის ლექსებს. კომედიური პიესაა. საერთოდ, ვფიქრობ, უფრო კომედიის ჟანრში ვვარგივარ, ვიდრე დრამაში. ამის ნიჭი უფრო მაქვს. „სეზონში“ ცოტა სხვა როლი მაქვს, დაჩაგრული, პესიმისტი ტიპია, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში გაბოროტდა. არ ვარ კმაყოფილი ჩემი შესრულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიმუშავე. სპეციალურად მოხრილი დავდიოდი – დაჩაგრული, პესიმისტი, დაკომპლექსებული ტიპის მანერებს ვამუშავებდი. ალბათ, მაინც მეტი უნდა გამეკეთებინა. საკუთარი თავიდან გამომდინარე ვითამაშე – მე როგორი ვიქნებოდი, გიგასნაირი ტიპი რომ ვყოფილიყავი. ცოტა არადეკვატურია, განათლებული ადამიანი, რომელიც ნიცშეს ციტატებით ლაპარაკობს, ვფიქრობ, გოგოებს არ გააუპატიურებდა.
– როგორი იყო პირველი გრანდიოზული პრემიერა, წითელი ხალიჩებით და ამბებით?
– საშინლად დაძაბული ვიყავი. საკუთარი თავით როგორი უკმაყოფილო იცი? – ნერვიულობისგან სახეს ვიკაწრავდი. ამოვიჩიჩქნე ლოყა და რომ გამოვედი, მერე მივხვდი – უყურებ, რაღაცეები არ მოგწონს და ვეღარ შეცვლი. კინო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვხვდები, რომ თეატრის სცენაზე უკეთესი ვარ.
– იმიტომ რომ, მიმიკური ხარ?
– კი და ბევრი მიმიკა, კინოს არ უხდება.
– რა გიტაცებს, რით ხარ კიდევ დაკავებული?
– მიყვარს მუსიკა, ვგიჟდები ჯაზზე, როკ-ენ-როლზე, პოპზე. ვგიჟდები ელვისზე, სხვათა შორის, ბაბუაჩემის დამსახურებით. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ბაკენბარდებით, საყელოაწეული ტყავის ქურთუკითა და „შლაქსებით“ დავდიოდი, (იცინის). თან, ელვისის სიცილსა და ლაპარაკს „ვამუღამებდი“. მერე იყო ჯეკსონი, მაგრამ მის მიმსგავსებას არ ვცდილობდი (იცინის). გიტარა, ელვისი – ეს ყველაფერი ახლაც ძალიან მიყვარს. ზეაქტიური ტიპი ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. მანქანის მართვის დროსაც კი, ყველა მე მიყურებს, იმდენს ვმოძრაობ და ვცეკვავ საჭესთან. თან, ან ელვისს ვუსმენ ან ჯეკსონს (იცინის).
– შეყვარებული ჯეჯი როგორია?
– სხვათა შორის, ახლა შეყვარებული ვარ. ორი თვეა, ეს ამბავი დაიწყო. ეს არის ნინო კვერნაძე, უსაყვარლესი ადამიანი. თეატრალურში სწავლობს, ოღონდ ჟურნალისტიკაზე...
– შენ გახდები ჰოლივუდის ვარსკვლავი და ექსკლუზიურ ინტერვიუებს მისცემ ნინოს.
– (იცინის) ამაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე. პირველად, „ფეისბუქზე“ ვნახე შემთხვევით. მაშინ არ იყო თავისუფალი, შეყვარებული ჰყავდა. მერე დაშორდა იმ შეყვარებულს. ამ პერიოდში სტადიონზე შევხვდი. ვიცოდი, რომ იქ იქნებოდა. მთელი ღამე ვგეგმავდი, როგორ შევხედავდი – ვითომ ვერ ვიცანი და მერე, მეორედ რომ მიიხედავ, უი, შენ ის არ ხარ?! მთელი ღამე მასზე რომ ფიქრობ და ვითომ ვერ იცანი. მერე მოვუყევი ეს ყველაფერი და ბევრი ვიცინეთ. მოკლედ, შევხვდით და ძლივს გამოვართვი ტელეფონის ნომერი. მახსოვს, ნომერს რომ მკარნახობდა, უბრალოდ, ვაჭერდი ტელეფონს ხელს. საერთოდ არ მესმოდა, რას მეუბნებოდა, ისე ვნერვიულობდი. თან, ამ დაძაბულობამ ისე გადამრია, რომ პირდაპირ მივედი და ვუთხარი – აქედან არ წავალ ნომერს თუ არ მეტყვი-მეთქი, დავემუქრე. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი სიყვარულის ამბავი და ყველა მეუბნება, რომ ცოტა დავსერიოზულდი.
– შენ რამდენად რელიგიური ხარ?
– რელიგიური ვარ, მაგრამ ისე არ ვიქცევი, როგორც მღვდლის შვილი უნდა იქცეოდეს. მინდა, უფრო ხშირად დავდიოდე ეკლესიაში და უფრო ახლოს ვიყო ეკლესიასთან. დილის და საღამოს ლოცვებს კი, ყოველთვის ვკითხულობ.