კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს აქვს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა და რატომ არ იყიდება ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში „კოკა-კოლა“

ის, რომ საქართველოში სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის შემოტანა-დანერგვა იგეგმებოდა, ჯერ კიდევ ბიუჯეტის დამტკიცებამდე იყო ცნობილი. შესაბამისად, 2011 წლის ბიუჯეტში სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის მოსამრავლებლად 30 მილიონი ლარიც გამოიყო; თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჯიში ერთწლიანია, განსხვავებით, სიმინდის ქართული ჯიშისგან, მისი თესლის შემოსატანად ყოველწლიური ხირჯის გაღება იქნება აუცილებელი. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრი გვაიმედებს, რომ ერთ-ორ წელიწადში საქართველო ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოში ქართული სიმინდი ითესება, მასზე მოთხოვნილებაც არსებობს და მისი ხარისხიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელია (მეტიც, მსოფლიო სწორედ ასეთი ჯიშის სიმინდის ნაკლებობას განიცდის და არა – ჰიბრიდულისას). აქვს თუ არა საქართველოს ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტიორ ქვეყნად ქცევის შესაძლებლობა და ღირს თუ არა ქართული სიმინდის ჯიშის ჰიბრიდულით ჩანაცვლება? – თემაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება.

– ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თურქმა ქართველმა – ზაზაძემ მიამბო. კანარის კუნძულებზე შეხვედრია ერთ მეგრელს, რომელსაც საქართველოში ამერიკელებისთვის მიუყიდია ტყე და საქართველოში აღარ ჩამოესვლებოდა. ის ყოველთვე მიფრინავდა მექსიკაში, რომ ღომისთვის თეთრი სიმინდი ჩაეტანა. ევროპაში თეთრი სიმინდი არ იშოვება, არის მხოლოდ ყვითელი ჯიშის სიმინდი, რომელზეც ჩვენები აპირებენ გადასვლას.

– ჩვენ თეთრი გვაქვს?

– მოგიყვებით. რასაკვირველია, ჩვენ თეთრი სიმინდი გვაქვს. ყვითელი სიმინდი გამოსადეგია მხოლოდ პირუტყვის საკვებად. მეორე საკითხია ის, რომ სიმინდის ბიზნესში ჩარევა არის სრული სიბეცე და რატომ: მსოფლიოში სიმინდის ყველაზე დიდი ექსპორტიორია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სიმინდს თესავენ იმისდა მიხედვით, როგორი მოთხოვნა იქნება მასზე გაისად. შესაბამისად, ყოველწლიურად ყანების, დაახლოებით, 40-60 პროცენტი დაუთესავი რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების მოსავლიანობა არ არის უბრალო სიტყვები. ეს არის ძალიან ზუსტი ანალიზი, რომელიც მე გავაკეთე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უზარმაზარ კვლევებზე დაყრდნობით. ისინი სიმინდს თესავენ წინსწრებად, რამდენიც მსოფლიოს დასჭირდება და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლიანობა რვაჯერ მეტია, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოში. ეს კი ზუსტად ის სიმინდია, რომლის დათესვაც გვინდა ჩვენ. ჩვენ გვაქვს თეთრი სიმინდი, რომელიც თავის დროზე მექსიკიდან შემოვიტანეთ და რომელიც დღეს არის მხოლოდ მექსიკასა და საქართველოში. ამდენად, თეთრი სიმინდიდან ყვითელ სიმინდზე გადასვლა არის არაპროფესიული მიდგომა და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ახლახან გამოვაქვეყნე ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასგვერდიანი მონოგრაფია და, რასაც მოგახსენებთ, ეს არის ძალიან ზუსტი ანალიზი.

– ესე იგი, ამერიკა კონკურენციის გარეშეა ჰიბრიდული სიმინდის წარმოებაში?

– მოსავლიანობა არის ათჯერ უფრო დიდი, ვიდრე საქართველოში და ამასაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. კიდევ ერთი, სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით, მე არ ვურჩევდი ჩვენს მთავრობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციას.

– თეთრ სიმინდზე როგორი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე?

– ძალიან დიდი. ეს ის სიმინდია, რითაც მზადდება ფრანგული და ესპანური კერძები. ამას ჯობია, დავდოთ კონტრაქტი შესაბამის ფირმებთან და დავიწყოთ ჩვენი თეთრი სიმინდის გაყიდვა, რომელიც ათჯერ უფრო ძვირი ღირს საერთაშორისო ბაზარზე, ვიდრე ყვითელი სიმინდი, რომლის შემოტანაც იგეგმება.

– რა იწვევს ამ მოთხოვნას?

– დეფიციტურია, ეს სულ სხვა ჯიშია, რომელიც ძალიან ცოტაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ არის საქართველოში. მაგალითად, თეთრი სიმინდით დამზადებული სალათა „ცეზარი“ ხუთჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყვითელი სიმინდით დამზადებული. ყვითელი სიმინდის 90-პროცენტი პირუტყვის საკვებად იხმარება. მაგალითად, ღომი და მჭადი ყვითელი სიმინდისგან არ კეთდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში მხოლოდ ძალიან ღარიბი ადამიანები მიირთმევენ ყვითელი სიმინდისგან დამზადებულ კერძებს.

– თქვენ რით ხსნით ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ქართულ თეთრ სიმინდზე? მით უმეტეს, რომ დასავლეთ საქართველეში სიმინდი ითესება.

– სიმინდი არის ის იშვიათი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, რომლის იმპორტიც არ ხორციელდება, არადა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ხილი და ყურძენიც კი იმპორტირებულია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მოგვიწევს ძალიან ძვირი, მექსიკური სიმინდის ყიდვა.

– რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?

– ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ, როდესაც თქვა, რომ სახელმწიფოს მართვა შეიძლება ისევე, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების. ხელისუფლებაში არიან მენეჯერები და არა თავიანთი საქმის პროფესიონალები. თუმცა იმის თქმა არ მინდა, რომ ეს მხოლოდ ამ მთავრობის დროს ხდება. ეს წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. მაგალითად, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლის სახელის და გვარის დასახელება არ მინდა, ვიყავი ირლანდიაში. დავათვალიერეთ ფერმები და მან თქვა, რა კარგი კარტოფილიაო. არადა, კარტოფილი კი არა, კომბოსტო იყო. იძულებული გავხდი, მეთქვა, ცუდად იცის ინგლისური და აერია კარტოფილი და კომბოსტო-მეთქი. სოფლის მეურნეობის მინისტრი, უპირველესად, უნდა იყოს ფერმერი და, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვბაძავთ, მე ვერ ვიხსენებ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ვერ ერკვეოდა სოფლის მეურნეობაში. ჯერ კიდევ თავის დროზე თქვა ბისმარკმა: პოლიტიკა, რაც უნდა მცდარი იყოს, თუ თანმიმდევრულია, მაინც გამარჯვებული იქნებაო. ჩვენს პოლიტიკას კი თანმიმდევრულობა აკლია. ხან ერთ მხარეს მირბიან, ხან – მეორე მხარეს. ხან ბურები ჩამოჰყავთ, ხან ყვითელ სიმინდს თესავენ. სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის ყველაზე უფრო კონსერვატული დარგი, რომელიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზეა აგებული. წარმოიდგინეთ, საფრანგეთში რომ ვაზი გაჩეხონ და ჭარხალი მოიყვანონ?! ხომ აჯანყდა მოსახლეობა?! იგივე უნდა იყოს საქართველოშიც. თუ არ გიყვარს შენი მიწის თითოეული გოჯი და არ უფრთხილდები მას, როგორც ამას ქართველი გლეხი აკეთებს, ესე იგი, მომხმარებლურად უდგები მიწას. შეეცდები, რაც შეიძლება, მეტი მოსავალი აიღო, შემდეგ ჩაჯდები თვითმფრინავში, დაუქნევ ხელს საქართველოს მთავრობას და ჩვენ დაგვრჩება გაპარტახებული მიწა.

– სოფლის მეურნეობის რაღაც ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში დოტაციაზეაო?

– ყველაფერი ზუსტად ვთქვათ: სოფლის მეურნეობა არ არის დოტაციაზე. დოტაციაზეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რამდენიმე სახეობა. უპირველესად, ეს არის რძე. ევროკავშირის ქვეყნებში ევროკავშირის შექმნამდე და ევროს შემოღებამდეც, ძალიან დიდი კონკურენცია იყო ფერმერებს შორის. ეს კონკურენცია რომ მოესპოთ, ამიტომაც რძის წარმოება დოტაციაზე გადაიყვანეს. შემდეგ ნელ-ნელა უნდოდათ ამ დოტაციის მოხსნა, მაგრამ გახსოვთ, რას აკეთებდნენ ევროპელი ფერმერები?

– ღვრიდნენ რძეს.

– დიახ. ასე რომ, დოტაცია ეხება მხოლოდ რძეს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყანაში არის ცალკეული საფერმერო მეურნეობებისთვის დოტაციები. მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია და დოტაციების ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. სამაგიეროდ, ევროკავშირში წარმოებული რძის 60 პროცენტი დოტაციაზეა. ეს ხდება იმისთვის, რომ რძისგან დამზადებულ პროდუქტებზე ფასებმა არ აიწიოს, რადგან ეს უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, ბავშვების სიცოცხლეს. ამიტომ ბავშვთა საკვები მხოლოდ ნატურალური რძით მზადდება და არა ფხვნილით.

– ჩვენს სკოლებში კი „კოკა-კოლა“ იყიდება და რძის პროდუქტების ნასახიც არ არის, თუმცა ისიცაა, რომ მათი დიდი ნაწილი ფხვნილისგან მზადდება?

– ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებში „კოკა-კოლა“ არ იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული პროდუქციაა. სკოლებში უნდა იყოს უტილირებული წყალი, რომელიც მთელ მსოფლიოში საქართველოშია ყველაზე კარგი და არა – კოკაინზე დამზადებული სასმელები.

– საქართველოს სოფლის მეურნეობის რომელ პროდუქციასთან მიმართებაში აქვს საექსპორტო პოტენციალი?

– ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა ჩვენთან საკვები პროდუქტების 63 პროცენტი იმპორტირებულია. საქართველომ შეიძლება, აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მოგიყვანთ მაგალითს: ევროპაში პირუტყვის ხორცი, ეგრეთ წოდებული „ჯენერიკი“ 10-15 ევრო ღირს, ეკოლოგიურად სუფთა ფერმერული ხორცი კი, იმ პირუტყვისა, რომელიც სიმინდზეა გაზრდილი, 150-200-300 ევრო.

– ანუ ჩვენ ევროპელებზე ეკოლოგიურად ვიკვებებით, ბუნებრივია, ვისაც ხორცის ყიდვის ფუფუნება აქვს?

– თუ მაღაზიაში ყიდულობთ, ნუ გგონიათ, რომ დაცული ხართ და ეს ქართული ხორცია. ეს შეიძლება, იყოს ინდოეთიდან და არგენტინიდან შემოტანილი ხორცი. ეკოლოგიური სუფთა პროდუქტის სახით, ჩვენ შეიძლება, რძეც გავყიდოთ, თუნდაც, ევროკავშირში, რადგან იქ არ არის ისეთი ხარისხის რძე, როგორიც ქართულია. შეგვიძლია, გავყიდოთ ეკოლოგიურად სუფთა ხილი, ხორცი, ბოსტნეული, მაგრამ ამის ნაცვლად, ყურძენიც კი შემოგვაქვს.

– ჩემთვის ქართული პროდუქცია ყველაზე გემრიელია, ნამდვილად ასე მგონია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა სუბიექტურიც ვიყო, იმიტომ რომ სიყვარული ბრმაა. ობიექტურად რით არის განპირობებული ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის უპირატესობა?

– ხომ გახსოვთ ძველი ქართული ლეგენდა: ქართველებს ღმერთმა თავისთვის დატოვებული მიწა მისცაო. მართლაც, შედით და ნახეთ ამინდის პროგნოზი – რა ამინდია რეგიონში და ამ დროს როგორი ამინდია საქართველოში. აი, ამ ყველაზე დიდ რესურსს, რომელიც ღმერთმა, გნებავთ, ბუნებამ გვიბოძა, უბრალოდ, არ ვიყენებთ. მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე დავწერე წერილი, „საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანა“ და მერაბ მამარდაშვილი ვიგულისხმე, როგორც გამოუყენებელ შესაძლებლობათა სიმბოლო. ოცი წლის შემდეგაც ვრწმუნდები, რომ ეს სიტყვები სიმართლე იყო. ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ სიმდიდრესა და პოტენციალს, იმიტომ რომ არ გვაქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისა. არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება, დაფუძნდეს ტურიზმზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყველაზე დიდი ტურისტული ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და საბერძნეთი, დეფოლტის წინაშე დგანან: მე ეს ეკონომიკურად შემიძლია, დავამტკიცო. ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება, განვითარდეს მხოლოდ სინქრონულად, როდესაც სხვადასხვა დარგი ერთდროულად ვითარდება. შეუძლებელია, განავითარო სოფლის მეურნეობა, თუ არ განავითარებ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ დარგებს: ეს იქნება ტრაქტორებისა თუ მინერალური სასუქების გამოშვება. გლეხი არ უნდა დადიოდეს სასუქების საძებნელად. მეტიც, არ შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება „ფიუჩერზული“ კონტრაქტების გარეშე.

– ეს რას ნიშნავს?

– როდესაც პროდუქტის გაყიდვამდე, დგინდება პროდუქტის მიწოდების რაოდენობა და დრო. ფერმერი, რომელიც მოიწევს მოსავალს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის მოსავალს ვიღაც იყიდის. ამას ბაზარი უნდა არეგულირებდეს და არა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ 30 მილიონი კი არ უნდა გამოყოს რაღაცისთვის, არამედ შექმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და კონკურენტულ საწყისებზე დააფინანსოს მომგებიანი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პროექტები. უპირველესად, უნდა დაფინანსდეს სოფლის მეურნეობის მომსახურება და ეს ფარულ კოოპერაციას შეუწყობს ხელს. ჩვენი სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი მანკიერებაა სრული ინდივიდუალიზმი. კოლექტივიზაცია იმდენად ძალდატანებით მოხდა, რომ ამისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაგვიჩნდა. სინამდვილეში კი კოოპერაციის გარეშე სოფლის მეურნეობა არ შეიძლება, განვითარდეს. წარმოიდგინეთ, რა ხდება, როდესაც სოფელს აქვს ერთი ტრაქტორი?! ჩვენ მიწების პრივატიზაცია მოვახდინეთ, მთელი ტექნიკა დაგვავიწყდა და ექსკომუნისტებმა, რომლებმაც შემდეგ ერთი-ორი ეკლესია ააგეს, ჯართად გაყიდეს ეს უზარმაზარი რესურსი. საქართველოში 150 000 ტრაქტორი იყო, რომლებიც ჯართად გაიყიდა! სამცხე-ჯავახეთში გაიყიდა ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სულ ახალი, გაუხსნელი! აი, ასეთები ვართ ქართველები.

– ვამბობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა ვაწარმოოთო, მაგრამ არის საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა გარემო?

– ნამდვილად არის და ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ოღონდ, ბუნებრივია, არა თბილისში. დასავლეთი საქართველო: გურია, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, თეთრი წყარო. ჯერჯერობით ეს ეკოლოგიურად სუფთა ადგილებია, თუკი არ გავაბინძურეთ. საქართველოში მოსახლეობის 53, 4 პროცენტი არის დაკავებული შიდა მეურნეობებით, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია და ეს 53,4 პროცენტი აწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს. სხვათა შორის, ერთადერთ გამონათქვამს ვუწონებ ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, არ შეიძლება ტურიზმზე ლაპარაკი, როდესაც არ გყავს ეროვნული გადამზიდავი. არ შეიძლება, ბილეთი პარიზი – თბილისი უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე პარიზი – ლას-ვეგასი. მსოფლიოს ცხვირწინ აქვს ტურისტული სამოთხეები, სხვათა შორის, ყველა ჩამორჩენილი ქვეყანაა.

– ჩამორჩენილები რატომ იწევენ ტურიზმისკენ? საბერძნეთი და ესპანეთიც ევროკავშირის ფონზე ჩამორჩენილებად განიხილებიან?

– ტურიზმი ტლუ საქმეა, არ იქმნება ინტელექტუალური პოტენციალი და ერის შინაგანი ენერგია არ იზრდება. არ შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება ჭურჭლის მრეცხავი იყოს და არ ჰქონდეს არანაირი პერსპექტივა, ამიტომ არ შეიძლება ტურიზმზე ქვეყნის დაფუძნება. ეს დამანგრეველია როგორც ინტელექტუალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გლობალიზებული სამყაროს ღრიჭოები და ჭკვიანურად შევძვრეთ, როგორც ეს მოახერხა შვეიცარიამ.

– თქვით, რომ ტურიზმი განუვითარებელი ქვეყნების საქმეაო. იმავდროულად, ჩვენთან 53,4 პროცენტი შიდა მეურნეობებითაა დაკავებული. მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას?

– მაგრამ, როგორც გითხარით, ეს 53,4 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს ქმნის. ეკონომიკა უნდა იყოს სინერგიული. ეკონომიკაში სამი ძირითადი ბოძია: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მომსახურება. ჩვენთან კი, მომსახურების წილი 70 პროცენტია და არანაირი დოვლათი არ იქმნება. ჩვენთან არის მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების საბანკო თუ ინტერნეტმომსახურება, მობილური კავშირი და არაფერი იქმნება საქართველოში. მეტიც, ბიზნესების ლობირების ხარჯზე შემოგვაქვს: ყურძენი, ხორცი, კვერცხი, ოხრახუშიც კი! ახლა სიმინდიც დავამატეთ. ამიტომ სოფლის მეურნეობას თავისი წილი უნდა ჰქონდეს – 16-20, მრეწველობას – 40 პროცენტი და ამდენივე – მომსახურებას.


скачать dle 11.3