ტარიფების გამძვირებლები
ანუ მარჯვნიდან – მარცხნივ თუ მარცხნიდან – მარჯვნივ
მართალია, „ლეიბორისტების“ მიერ დარისხებულ ზარებს, დასუფთავების ტარიფი იზრდებაო, დედაქალაქის მერია და საკრებულო, თავდაპირველად, გატრუნული უსმენდა, მაგრამ, რაკი „მე კი ვმალავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავს“, გასულ კვირას დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანომ დასუფთავების ტარიფის 1,2-ლარიდან 2,5-ლარამდე ზრდა დაამტკიცა. მმართველი გუნდის წევრებმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად აგვიხსნეს: ტექნიკა გაგვიფუჭდა, ნაწილი გაგვიცვდა, ამიტომაც ახლები უნდა შევიძინოთ და, რაკი უფრო ლაზათიანად გვსურს დედაქალაქის დასუფთავება, ფულიც ბევრი გვჭირდებაო. მეტიც, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა არც ის დაგვიმალეს, რომ ახალი პოლიგონიც გაიხსნა, რაც, თურმე, დამატებით ხარჯებს ითხოვს (თუმცა ისიცაა, თუ ახალი პოლიგონი მომხმარებლის ხარჯზე გახსნეს, თვითონ რატომღა გახსნეს საზეიმოდ?!). საკრებულოელი ოპოზიციონერები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ გადაწყვეტილებას (რითაც, რაც მართალი, მართალია, იოტისოდენადაც ვერ შეაფერხეს გადაწყვეტილების მიღება) დოკუმენტაციას ითხოვენ: რამდენი და რა სახით ტექნიკის შეძენას აპირებენო. მეორე მხრივ, რაკი დედაქალაქის მთავრობამ დასუფთავების სამსახურის ხარჯებს კარგა ხანია, დაადო გრიფი „საიდუმლოდ“ (ეტყობა, იმის შიშით, მტერმა არ გაიგოს მეეზოვეთა არმია რომელი მხრიდან იქნევს ცოცხს: მარჯვნიდან – მარცხნივ თუ მარცხნიდან – მარჯვნივ), ნაკლებ სავარაუდოა, დავადგინოთ, ტექნიკის შესაძენად გაორმაგდა ტარიფი თუ ენერგოავტომანქანების.
თუმცა ტარიფის გამძვირებლებმა აგვიხსნეს, რომ 50-პროცენტიანი შეღავათებით არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოხვედრილი ბედნიერი ოჯახები ისარგებლებენ (რომელთა სიღარიბის რეიტინგული მაჩვენებელი 50 000-ია), არამედ 100 000-რეიტინგიანებიცო. ხოლო, თუკი თბილისი გადამხდელებისთვის ტარიფის გაორმაგების ხარჯზე სუფთავდება, ვფიქრობ, მათ სრული უფლება აქვთ, ორჯერ მეტი ნაგავიც დაყარონ – ბოლოს და ბოლოს, ტარიფის გაორმაგება რომ გაამართლონ და დამსუფთავებლებს გაორმაგებული შრომის ილუზიაც შეუქმნან.