კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე ეგუება იოლად თბილისის პირობებს და როგორ შევუნარჩუნოთ კალადიუმს სინოტივე



ალბათ დამეთანხმებით, რომ თბილისში ძალიან ბევრი ლამაზი ბაღია გაშენებული. ამ სილამაზეს კი ბევრი კარგი მცენარის გაზრდა და მოვლა განაპირობებს. თუ თქვენც გაქვთ ბაღი, ან მისი გაშენების სურვილი გაგაჩნიათ, გირჩევთ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერს, თენგიზ პაპავას დაუჯეროთ და მის მიერ აღწერილი მცენარეები გაახაროთ.



– ბატონო თენგიზ, რომელ მცენარეს გვირჩევდით ბაღში გასახარებლად?

– ასკულუსი თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით და აგებულებით უნიკალურ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. ის საუკეთესოა ბაღში გასაშენებლად, რადგან ჰაერს წმენდს და ამასთანავე სახლს გაგილამაზებთ.

– როგორ პირობებში ხარობს უკეთ ასკულუსი?

– კარგია, თუ მას განათებულ ადგილას დარგავთ, თუმცა ჩრდილსაც იტანს. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ჩრდილში მცენარე ნაკლებად ყვავილობს, ვიდრე მზიან გარემოში. ძალიან ცხელ და მზიან ადგილას დარგვას არ გირჩევთ. ამ დროს მცენარეს ეწვება ფოთლები. მისი ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ იოლად ეგუება ქალაქის უსუფთაო ჰაერსაც. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ამ მცენარის გაზრდა თბილისშიც.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ მცენარეს?

– საერთოდ, ეს მცენარე ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არ არის. ნებისმიერ ნიადაგში ვითარდება და იზრდება. მას უყვარს კირიანი და ნახევრად თიხანარევი ნიადაგი. ეცადეთ მიწას სინესტე შეუნარჩუნოთ. პირველი რამდენიმე წელიწადი ნელა გაიზრდება, თუმცა შემდეგ სიმაღლეშიც კარგად მოიმატებს და ლამაზი ყვავილებითაც ხშირად დაგიმშვენებთ ბაღს.

– რით მრავლდება ასკულუსი და როგორ რეაგირებს გადარგვაზე?

– მცენარე იოლად მრავლდება თესლით. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მისი თესლი უნდა დათესოთ. ასკულუსის ნერგის გახარება შემოდგომაზეა შესაძლებელი. ის კარგად იტანს გადარგვას ზრდასრულ ასაკშიც კი. გადარგვის საუკეთესო დრო გაზაფხულია.

– რაც შეეხება მორწყვას...

– ეს მცენარე იმდენად გამძლეა, რომ ყინვაშიც კი არ ზიანდება. არც მორწყვაზე შეგიქმნით პრობლემას, მაგრამ თუ მშრალ ადგილას გაქვთ დარგული, ხშირად მორწყეთ, რომ მცენარემ სილამაზეც შეინარჩუნოს და ყვავილობის სრული ეფექტიც.

– როგორ მოქმედებს მასზე პარაზიტები?

– ასკულუსი ძალიან გამძლეა პარაზიტებისა და დაავადებების მიმართ. მისი გახარება შეგიძლიათ როგორც ბაღში, ასევე სკვერებში. ის საუკეთესოა ხეივნების მოსაწყობადაც.

– გვესაუბრეთ ისეთ მცენარეზე, რომელიც ბინაშიც გაიხარებს კარგად...

– ასეთი მცენარე კალადიუმია. მისი ულამაზესი შეფერილობის ფოთლები დეკორატიულ ეფექტს ქმნის. მართალია კალადიუმი იშვიათად ყვავის, მაგრამ ის ყვავილების გარეშეც ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ, ამ მცენარის სილამაზით შეგიძლიათ დატკბეთ გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ზამთარში დასვენების პერიოდი ეწყება, ფოთლები უხმება და სცვივა. თუ სურვილი გაქვთ, მალე შეიძინეთ, რომ შემოდგომით გაიხაროს, შემდეგ კი ნუ შეგაშინებთ მისი ფოთლების ჩამოცვენა. ზამთრის სეზონზე იძინებს და შემდეგი გაზაფხულისთვის ემზადება, რომ კვლავ გაიხაროს.

– პრეტენზიული მცენარეა კალადიუმი?

– კალადიუმი საკმაოდ მომთხოვნი მცენარეა. თუ მკაცრად არ დაიცავთ მისთვის საჭირო პირობებს, მცენარე დაიღუპება.

– როგორ მოვუაროთ, რომ არ გახმეს?

– მცენარე გაზაფხულის დაწყებისთანავე უნდა დარგოთ კარგად გადამწვარ ნაკელსა და ფხვიერ მიწაში. დადგით ნათელ და თბილ ადგილას, 25 გრადუსზე ან უფრო მეტ ტემპერატურაზე. ეცადეთ, მიწაში სინოტივე შეუნარჩუნოთ. როგორც კი ფოთლები ამოიზრდება, მოუმატეთ მორწყვას და ჰაერის დანოტივებასაც. რეკომენდებულია ქოთნის ჩადგმა წყლიან სადგამში ან ნესტიან ტორფში. ასე მცენარე მუდამ სინოტივეში იქნება. გახსოვდეთ, ჰაერის სიმშრალემ შეიძლება მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს. კარგია თუ მიწაზე თხელ ნაკელს მოასხამთ, მხოლოდ ფოთოლზე ერთი წვეთიც არ უნდა დაეცეს, რომ მცენარეს ლაქები არ დააჩნდეს.

– როგორ მოვიქცეთ მცენარის გაზრდის შემდეგ?

– ძალიან ნათელ ადგილას აღარ დადგათ. მას შემდეგ, რაც კალადიუმი ზრდას დაასრულებს, მისი ნიადაგი კვირაში ერთხელ მინერალური სასუქით გაამდიდრეთ. აგვისტოში კვება შეუწყვიტეთ. სექტემბერში კი წყლის რაოდენობაც შეამცირეთ.

– რა პირობები სჭირდება ზამთარში კალადიუმს?

– შემოდგომის ბოლოს კალადიუმის ფოთლები გახმება და დაცვივდება. ამის შემდეგ მცენარე შეგიძლიათ, დატოვოთ ქოთანში, ან მშრალ სილაში შეინახოთ. მისი შენახვა ხდება ოთახის ტემპერატურაზე, არანაკლებ 18 გრადუსისა.

– როგორ გავამრავლოთ კალადიუმი?

– მცენარე მრავლდება ბოლქვის დაყოფით ან ამონაყრების მოცილებით. თქვენთვის იოლი ბოლქვის დაყოფა იქნება. ამ დროს გახსოვდეთ, რომ თითოეულ დანაყოფზე საზრდელი ყლორტი უნდა იყოს, რათა კარგად გამრავლდეს მცენარე. განაყოფის ადგილზე კი სასურველია ნახშირის წასმა.

როგორც ვიცი, კალადიუმს მავნებლები ემტერებიან...

– მცენარე შეიძლება დააზიანოს ობობის ქსელმა და ტკიპამ. ამის გამომწვევი მიზეზი ჰაერის სიმშრალე და სინოტივის სიმცირეა. ამიტომ ეცადეთ, ეს პირობები აუცილებლად დაიცვათ, რათა მავნებელმა არ დააზიანოს მცენარე.


скачать dle 11.3