უ-უ-უპრეცედენტულესი!
2010 წელი არა მხოლოდ ხელისუფლებამ შეაფასა (ამ უკანასკნელმა, რა თქმა უნდა, დადებითად) და საკუთარი მიღწევებით უპრეცედენტოდაც კმაყოფილიც დარჩა (თუ გავიხსენებთ, რომ თითქმის თითოეული წელი „უპრეცედენტოდ წარმატებულად“ მიიჩნევა, დროულია, ახალ სიტყვათა წყება შევქმნათ, რომლებიც ტავტოლოგიას თავიდან აგვაცილებდა). „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, გასული წლის შეფასებას არც „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა ლალიაშვილი ჩამორჩენია (ისიც ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს პარტიებში რიგითი წევრები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, რადგან ყველა ლიდერია). კერძოდ, ზემოხსენებულმა „ერთ-ერთმა ლიდერმა“ გაგვიმხილა, რომ მომავალ წელს სტაბილურ სტაგნაციას მოელის და, შესაბამისად, მშვიდად ძილის პირობაც მოგვცა. მშვიდად კი იმის გამო შეგვეძლება ძილი, რომ ბ-ნი ლალიაშვილი 2011 წელს საპროტესტო აქციების ახალ ტალღას გამორიცხავს. ხოლო გამორიცხავს იმ მოტივით, რომ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადანაცვლების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს (ან კი როგორ დაინახავს, როდესაც პოლიტიკური ტიტანები პარლამენტში ეგულება?! სავარაუდოდ, უპირველესად, საკუთარი გუნდის სახით). კერძოდ, ბ-ნი ლალიაშვილი შენიშნავს, რომ „ქუჩის ოპოზიციას“ პერიოდულად, ანუ გამოცოცხლების მიზნით ოყნა სჭირდება (სავარაუდოდ, „ქრისტან-დემოკრატების“ „ოყნად“ საპარლამენტო ცხოვრება მიაჩნია, ამიტომაც გამოიყურებიან, როგორც ჩანს, მუდამ გამოცოცხლებულად). მეორე მხრივ, ისიცაა, რომ ბ-ნი იაკობაშვილის ოკეანის გაღმა წასვლის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ენაკვიმატობა შემოაკლდა, თუმცა აშკარაა, რომ ამ ვაკუუმის ამოვსება ბ-ნ ლალიაშვილს უცდია. ჰოდა, რაკი სცადა, მხოლოდ ოყნებს არ დასჯერდა. კერძოდ, ბრძანა რომ „ოპოზიციის ენერგია ჭიაყელის ენერგიის მსგავსია, რომელსაც ფეხს ადგამენ და ჭყლეტენ“. მეტიც, ხალხის რჩეული დასძენს, „როგორც ამბობენ (თუმცა, ვინ ამბობს, აღარ აკონკრეტებს), ოპოზიციას უშვილობის წამალი აქვს მიღებული და მისგან არაფერს არ უნდა ველოდოთ“.
ბუნებრივია, ჩვენ არაფერი ვუწყით, რატომ შემოუწყრნენ „ქრისტიან-დემოკრატები“ დანარჩენ ოპოზიციას, მხოლოდ ის ვიცით, რომ მომავალ წელს პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებასა და 2012 წლის არჩევნებისთვის მზადებას აპირებენ. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ არც საკუთარ პოტენციაში ეპარებათ ეჭვი (განსაკუთრებით, ზემოხსენებული უშვილობის ფონზე) და არც კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებაში!