„დედას ბუშტები“
ანუ „ჩვენი საკანონმდებლო მუშაობა წმინდა არის, ვით ლამპარი“
მართალია, აგერ უკვე ორი წელია მსოფლიოში გამძვინვარებულ ფინანსურ კრიზისს ჩვენი ხელისუფლება „ქამრების შემოჭერით“ პასუხობს, ოღონდ იმის პარალელურად, რომ ახალ-ახალ შენობებსაც იგებს (მათ შორის, ქუთაისში პარლამენტისას, ზედაც, მთავრობის სახლისაც). სახელდობრ, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის ნაგებობაზე ცნობილი ესპანელი არქიტექტორები მუშაობენ (რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძვირსაც იღებენ). აშენებამდე კატალოგიც გამოიცა (საკმაოდ მაღალი ხარისხის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება მაინცდამაინც არ ეპუება ამ გამძვინვარებულ მსოფლიო კრიზისს და იმდენსაც ახერხებს, რომ თანხას კატალოგებშიც ხარჯავს), რომელიც პარლამენტის შენობის კონცეფციას გვამცნობს: ის, არც მეტი, არც ნაკლები, წყლის უზარმაზარ ზედაპირზე ამოტივტივებულ გიგანტურ ბუშტს შთაუგონებია. ბუშტს კი იმიტომ, რომ ის „დაცულობასთან, გამჭვირვალობასთან და სიწმიდესთან“ ასოცირდება (ეტყობა, დაახლოებით, ასე: „ჩვენი საკანონმდებლო მუშაობა წმინდა არის ვით ლამპარი“). მაგრამ არა მხოლოდ: ბუშტი მყარი გარსითაა დაცული, რომელიც რბილად ერწყმის მას (ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე, თუ მყარია, რბილად როგორ ერწყმის?) და გამოხატავს მთავრობის სიმტკიცეს (სავარაუდოდ, ბუშტის, ანუ პარლამენტის სიწმინდის სადარაჯოზე ფოლადივით მტკიცედ გამოწრთობილი მთავრობა იდგება).
მეორე მხრივ, იმას გარდა, რომ ამ ღრმა კონცეფტუალური შინაარსით დატვირთული შენობა საკმაოდ ძვირად დაგვიჯდება (მისი მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს), არანაკლებ ძვირად ღირებული სიამოვნება იქნება დეპუტატთა წინ და უკან (ანუ თბილისსა და ქუთაისს შორის) სიარულიც. მეტიც, ხალხის რჩეულთათვის (და მათი ოჯახებისთვის) ქუთაისში საცხოვრებელი სახლებიც აშენდება. როგორც დეპუტატი ბ-ნი ცაგარეიშვილი ამბობს, სასტუმროს ტიპის (ესე იგი, პატიმრებს ციხეებში ექნებათ გრძელვადიანი პაემნებისთვის ადგილი, დეპუტატებს – ქუთაისში) და ინიციატივითაც გამოდის, ბარემ ხალათები და ფლოსტებიც დაგვირიგონო (რა თქმა უნდა, სახელობითი წარწერებით, როგორც ფეშენებელურ სასტუმროებშიო).
ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს დეპუტატების კანონშემოქმედებით აღტკინებაზე შენობის კონცეფცია და იმასაც მხოლოდ შემდეგი მოწვევის პარლამენტის არჩევის შემდეგ გავიგებთ, „დედას ბუშტები“ იქნებიან თუ მხოლოდ „საპნისანი“?!