კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ არის პედიკიურის გაკეთება მიზანშეწონილი და როგორ უნდა გავიკეთო ის სახლის პირობებში, სხვის დაუხმარებლად?
პასუხი: პედიკიური უნდა გაიკეთოთ თვეში ერთხელ მაინც. პროცედურა უნდა დაიწყოს ფეხების დალბობით: ჩაასხით ტაშტში თბილი, საპნიანი წყალი და ჩაყავით ფეხები 15-20 წუთით. შემდეგ კარგად გაიწმინდეთ და დაიმუშავეთ პემზით ან სკრაბით. გადაივლეთ წყალი, ისევ შეიმშრალეთ, წაისვით მკვებავი ან დამარბილებელი კრემი და გაიკეთეთ მასაჟი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ პედიკიური: მოიქლიბეთ ფრჩხილები და დააყენეთ თქვენთვის სასურველ სიგრძეზე, მჭრელი, წვრილპირიანი მაკრატლით შეისწორეთ ნუნები, გადაისვით სპეციალური ზეთი და როცა ის შეშრება, წაისვით ჯერ უფერო, ფრჩხილების დამცავი, შემდეგ კი – თქვენთვის სასურველი ფერის ლაკი.
კითხვა: რომელი ვიტამინის მიღება უწყობს ხელს თმის რქოვანა ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებას?
პასუხი: ამაში დაგეხმარებათ ვიტამინი H, რომელიც დიდი რაოდენობით არის კვერცხის ცილაში, საფუარსა და ქათმის ან საქონლის ღვიძლში. სხვადასხვანაირად მომზადებული ღვიძლი, შეგიძლიათ, მიირთვათ. ათქვეფილი ცილა და თბილ წყალში გახსნილი საფუარი კი მონაცვლეობით შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში ორჯერ და მერე კარგად ჩამოიბანეთ.
კითხვა: მაქვს თხელი თმა. ვიცი, რომ ყოველ მეორე დღეს ფენით გაშრობა მავნებელია, მაგრამ, სხვა გზა არ მაქვს, რადგან თავისით გამშრალ თმას სასურველ ფორმას ვეღარ ვაძლევ. არის თუ არა ფენით გაშრობის რამე ხერხი, რომ თმა მაქსიმალურად ნაკლებად დაზიანდეს?
პასუხი: თმა ნაკლებად დაგიზიანდებათ, თუ ფენს მიიშვერთ, თმის ზრდის საწინააღმდეგოდ და, მინიმუმ, 20 სანტიმეტრი სიშორიდან.
კითხვა: რისთვის არის გამიზნული ლაზერული პილინგი და სად ჯობია მისი გაკეთება?
პასუხი: ლაზერული პილინგის გაკეთება შეიძლება მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში. ამ პროცედურის შედეგად კანი იწმინდება მკვდარი უჯრედებისა და ნაწიბურებისგან, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მაღლდება კოლაგენებისა და ელასტინების ბოჭკოების სინთეზი, რაც აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს კანს.