რა ასაკში იქორწინა ერეკლე მეორემ უკანასკნელად და ვინ იყო მისი 12 წლის თანამეცხედრე
პატარა კახი – ერეკლე მეორე ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეა. ჯერ კახეთის, შემდეგ კი ქართლ-კახეთის მმართველი 54 წლის განმავლობაში იყო... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე ეცდება, მისი ბიოგრაფიის საოჯახო ნიუანსებში ჩაგვახედოს.
– ბატონო გელა, დღეს ჩვენ მეფე ერეკლეს შვილებსა და შვილიშვილებზე უნდა ვისაუბროთ. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით მეუღლეებსაც... თქვენ ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელიც მიიჩნევს, რომ პატარა კახს ოთხი მეუღლე ჰყავდა.
– დიახ, ამ საკითხზე აზრი არ შემიცვლია. მეფე ერეკლეს პირველ ცოლად ჰყავდა ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილი ქეთევანი. ამ ქორწინებას შვილიერება არ მოჰყოლია, ერეკლემ მალევე „მიზეზითა რითამე განუტევა იგი”... (ვახუშტი).
რადგან ქეთევანი მონაზვნად აღიკვეცა, როგორც ჩანს, მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა ამ ქორწინების მიმართ ჯვრის აყრის რიტუალი შეასრულეს. ამ აქტით ეს ჯვრისწერა გაბათილდა და ერეკლეს შემდგომი სამი ქორწინება მართლმადიდებლური ეკლესიის ნორმებში ჯდება. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია. მაშინდელი მემატიანენი ორბელიანების ქალს საერთოდ არ ახსენებენ, ვახუშტის გარდა.
– თქვენი სათვალავით, მეფე ერეკლეს მეორე მეუღლისგან რამდენი შვილი დარჩა?
– კახთ ბატონის მეორე მეუღლეა გიორგი ფხეიძის ქალიშვილი – ქეთევანი. ამ ქორწინებიდან ერეკლეს ერთადერთი ვაჟი – ვახტანგი დარჩა.
– მეფე ერეკლემ რომ ანა აბაშიძე 1745 წელს მოიყვანა ცოლად, ამაზე არც ერთი მემატიანე არ დავობს. რამდენი შვილი დარჩა ანა დედოფალს?
– ერეკლეს მესამე მეუღლეს ანა ზაალის ასულ აბაშიძეს დარჩა 2 შვილი – გიორგი და თამარი. ანაც ყმაწვილქალობაშივე აღესრულა, 19 წლისა.
გიორგი ბატონიშვილმაც გამოსცადა დაქვრივების სიმწარე. 1763 წელს 17 წლისამ იქორწინა 13 წლის ქეთევან ანდრონიკაშვილზე. ქეთევანი ამ დროს მამით ობოლი გახლდათ, პაპუნა ანდრონიკაშვილი – ქიზიყის მოურავი, უკვე გარდაცვლილია. 19 წლის განმავლობაში სანამ ერეკლეს რძალი იყო. ქეთევანმა 12 შვილი გააჩინა – 6 ვაჟი, 6 ქალი. 1782 წლის ივნისში კი გარდაიცვალა, ნაბოლარა შვილის (თეიმურაზის) მშობიარობაზე.
გიორგისა და ქეთევანის შვილებია, ბატონიშვილნი: დავით, იოანე, ბაგრატ, სოლომონ, ლუარსაბ, თეიმურაზ, ბარბარე, სოფიო, ნინო, რიფსიმე, სალომე, გაიანე.
გიორგი ბატონიშვილმა დაქვრივებიდან მალევე, ორიოდე თვეში, შეირთო ცოლად გიორგი ციციშვილის 14 წლის ასული მარიამი.
მარიამმა, ქართლ-კახეთის უკანასკნელმა დედოფალმა, თერთმეტი შვილი შობა: მიხეილ, ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, იოსებ, სფირიდონ, სვიმეონ (ეს სამნი უკანასკნელნი ყრმობაშივე გარდაიცვალნენ), თამარ, ანა (მიიცვალა 7 წლის), ანა (მეორე), რომელიც მამის გარდაცვალებისას დაიბადა და 21 წლის ასაკში აღესრულა.
თამარ ბატონიშვილი მარტყოფში მოევლინა წუთისოფელს 1747 წელს. 15 წლისა მიათხოვეს სარდალ რევაზ ორბელიანის ვაჟს, 23 წლის დავითს.
თამარმა 8 შვილიშვილი აჩუქა ერეკლე მეორეს: ივანე, მარიამ, ანა, ბარბარე, თინათინ, ეკატერინე, ქეთევან, ყაფლან.
– ახლა კი ვისაუბროთ მეფე ერეკლეს უკანასკნელ მეუღლეზე, გიორგი დადიანის ასულ დარეჯანზე. მომავალი განსჯის, მერამდენე ცოლი გახლდათ იგი მეფე ერეკლესი. როგორც ცნობილია, მათ 1750 წელს იქორწინეს – 30 წლის ნეფემ 12 წლის პატარძალზე დაიწერა ჯვარი. რამდენი შვილი დარჩა ამ წყვილს?
– ორბელიანის ქალი, რომ თეიმურაზ მეორის რძალია, იმით მტკიცდება, რომ შემორჩენილია წერილი, რომელსაც ეს უკანასკნელი ძმებს – ელისბარ (დედანში ასეა მოხსენიებული) და ვახტანგ ორბელიანებს უგზავნის (დედანი) და სადაც ასეთი სიტყვებია: „...თქვენი ოჯახი ხელმწიფეთ მემძახლენნი ყოფილან და ჩვენც თქვენი მოყრობა მოვინდომეთ. ერეკლესათვის თქვენი ქალი მოგვეცით და მოყრობა და ერთობა კიდევ უფრო გავაახლოთ”...
ასევე, ვერ უარვყოფთ იმერელი ფხეიძეების მოყვრობას კახეთის სამეფო კართან. თანაც დარჩენილია, მათი ერთად ცხოვრების ნაყოფი – ვახტანგ ბატონიშვილი – რომელმაც ცოლიც კი მოიყვანა და მისი მამამძუძის ვინაობაც კი ცნობილია – გივი გურამიშვილი. ამასთან, ფსიქოლოგიურად გაუმართლებელია, ვახტანგი ორბელიანის ქალს გაეჩინა და, იგი (დედა) სამეფო კარიდან გაეძევებინათ, ხოლო მისი შვილი დაეტოვებინათ და ერეკლეს ახალი ცოლისთვის – ფხეიძეების ქალისთვის გერი დაეხვედრებინათ.
– თქვენი აზრით, ეს საკმარისი არგუმენტია?
– კიდევ ერთი ინებეთ: პლატონ იოსელიანი მუშაობს რა ნაშრომზე „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”, სთხოვს ცნობილი მემატიანის, ომან ხერხეულიძის ქალს, ბარბარეს – შეეწიოს მის ხელთ არსებული ძველი ცნობების წერილობით გადმოცემით. ბარბარე ხერხეულიძე სწერს: „მეფე გიორგი და თამარ ბატონიშვილი მეფისა ირაკლისა შვილები იყვნენ, აბაშიძის ქალის ანნას ნაშობნი. გარდაიცვალა ქალბატონი რძლობაში”...
აქ „წამოცდენასთან” გვაქვს საქმე. „გარდაიცვალა ქალბატონი რძლობაში” – ნიშნავს, რომ არსებობდა, ისეთი ქალბატონიც, რომელიც რძლობაში არ გარდაცვლილა...
– გასაგებია, რომ თქვენ, როგორც ფსიქოლოგს, ჭეშმარიტების მოპოვების უფრო მრავალფეროვანი ხერხი გექნებათ, ვიდრე ისტორიკოსებს...
– დარეჯანისა და ერეკლეს ვაჟებია (მყარად არგუმენტირებულნი): ლევან, იულონ, ვახტანგ (ალმასხან), თეიმურაზ, მირიან, ალექსანდრე, ლუარსაბ, ფარნაოზ, არჩილ.
ლევან ბატონიშვილი დარეჯანის პირველი ვაჟია. 18 წლისამ იქორწინა ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასულ ნინოზე. შთამომავლობა არ დარჩენია. დაიღუპა საეჭვო ვითარებაში.
იულონ ბატონიშვილიც 18 წლისა დაოჯახდა. ბედი რევაზ ამილახვრის ასულ სალომეს დაუკავშირა. სალომემ მას 4 შვილი გაუჩინა: ლევან, ლუარსაბ, თამარ, დიმიტრი.
ვახტანგ ბატონიშვილი პირველი ვაჟია სამეფო კარზე, რომელიც 1760 წელს გარდაცვლილი ვახტანგ ბატონიშვილის შემდეგ დაიბადა. რომელსაც ზედმეტი სახელი „ალმასხანიც” შეერქვა.
19 წლისამ ცოლად დავით ანდრონიკაშვილის ქალი მარიამი შეირთო, რომელზეც ცოტა გვიან გული გაუცივდა. მათ შვილებზე ცნობები არ მომეპოვება, ალბათ, არც ჰყავდათ.
თეიმურაზ ბატონიშვილი 8 იანვარს დაიბადა, იმ დღეს, როცა ზუსტად 2 წლის წინ მისი პაპა გარდაიცვალა..
თეიმურაზი სასულიერო ცხოვრებას გაჰყვა და სახელიც შეეცვალა. ანტონ მეორე კათალიკოსი ვის აღარ სმენია?!
მირიან ბატონიშვილი დიპლომატიურ სარბიელზეც მოღვაწეობს და მწერლობაშიც სცდის ძალებს. დავით გურამიშვილმა სწორედ მას გამოატანა თავისი „დავითიანი” უკრაინიდან 1787 წელს.
ცოლი გვიან შეირთო 1814 წელს, – მარიამ ხილკოვა, რომელიც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. (არავინ დარჩენიათ).
ალექსანდრე ბატონიშვილი ყველაზე შეუპოვარი და ყველაზე დაუძინებელი მტერია რუსეთის რეჟიმისა.
ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა ერევნელი მელიქის საჰაკ აღაბაბოვის ქალი მარიამი, რომელმაც მხოლოდ ერთი ვაჟი გაუჩინა – ირაკლი.
ფარნაოზ ბატონიშვილმა მამის ნებართვისა და კურთხევის გარეშე შეირთო გიორგი ქსნის ერისთავის (ყულარაღასის) ქალი – ანა. ჰყავდა 4 ქალიშვილი – სალომე, ელენე, ელისაბედი, ნინო.
ერეკლეს ორი ვაჟი დაბადების წელსვე გარდაიცვალა – ლუარსაბი და არჩილი.
– დარეჯანის მყარად „არაარგუმენტირებულნი” ვაჟები რომელნიღა არიან?
– ასეთებად მიჩნეულია სოსლან-დავითი და ასლამაზ-ხანი.
– რას გვეტყვით დარეჯანის ქალიშვილებზე?
– ელენე ბატონიშვილი ორჯერ იყო გათხოვილი: პირველად იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმას მიათხოვეს – არჩილს, რომლისგანაც ბარბარე და მარიამი გააჩინა, მოგვიანებით კი როცა დაქვრივდა – თავისი სიყმაწვილის შეყვარებულს ზაქარია ანდრონიკაშვილს გაჰყვა. მისგან მხოლოდ ერთი ქალიშვილი ეყოლა – ხორეშანი.
მარიამი ქალაქის მოურავს, დავით ციციშვილს შერთეს. ამ ქორწინებით ერეკლეს შვილიშვილთა რიცხვი კიდევ შვიდით გაიზარდა: ალექსანდრე, ევსტათი, ნიკოლოზ, იოანე, დიმიტრი, ანასტასია, ნატალია.
ანასტასიას 5 შვილი შეეძინა რევაზ ქსნის ერისთავზე ჯვრისწერის შემდეგ – თამარ, შალვა, ბიძინა, იასე, გიორგი.
დარეჯანის მეორე ქალიშვილი ქეთევანი 12 წლისა გათხოვდა იოანე მუხრან-ბატონზე და 6 შვილის დედა შეიქმნა: კონსტანტინე, თეიმურაზ, გრიგოლ, დავით, ირაკლი, ბარბარე.
ეკატერინე კახეთის სახლთუხუცესის, გიორგი ჩოლოყაშვილის მეუღლეა. მან 4 შვილი გაზარდა: ივანე, დავით, ლუარსაბ, ნინა.
თეკლე ერეკლეს ყველაზე საყვარელი შვილი იყო. 1800 წელს მიათხოვეს ვახტანგ ორბელიანს. მისი ვაჟებია: ალექსანდრე, დიმიტრი, ვახტანგ. თეკლე სვეტიცხოველში თავისი მამის სიახლოვეს არის დაკრძალული.
– ალბათ, დარეჯანს მყარად „არაარგუმენტირებული” ქალიშვილებიც ეყოლება.
– ხორეშანი ისტორიული წყაროებით ნამდვილად ფიქსირდება მის შვილად. იგი ბავშვობაში გარდაცვლილა.
რაც შეეხება სოფიოს და სალომეს – მათი ნამდვილად დარეჯანის შვილობა მომავალ მკვლევრებს მივანდოთ.
– საკვირველია, რომ შვილიშვილების რაოდენობა ზუსტად შეგვიძლია დავითვალოთ, აქ სადავო არაფერია. ახლა კი მინდა ისეთი შეკითხვა მოგცეთ, ზოგიერთ „ობივატელს“ გული მოეფხანება: რიგით ადამიანს რას აძლევს ერეკლეს შვილებისა და შვილიშვილების სახელების ცოდნა?
– იოანე ორბელიანი ერეკლეს შვილიშვილია თამარ ბატონიშვილისგან. იოანეს 5 შვილი ჰყავდა: ელენე (შანშე ქსნის ერისთავის ცოლი), ელისაბედი (ცოლი ესტატე ჯავახიშვილისა), სალომე (ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლი), ლუარსაბა, დავით (მანანა ქსნის ერისთავის ქმარი). ყველა მათგანის ოჯახის რამდენიმე წევრი 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილეა. მათ შორის მიხეილ ესტატეს ძე ჯავახიშვილი, რომელიც იოანეს შვილიშვილია და თავის მამასთან ერთად „არსენა მარაბდელში” მოიხსენიება... ესტატე ჯავახიშვილი „მარაბდელის” ავტორის პაპის პაპაა...
გამოდის, რომ მწერალი რომანში ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს: რეალურად თავის წინაპრებს ელაციცება, „რეალისტურად” კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის თავგადასავალს მოგვითხრობს.