კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა რუსი გენერალი იმერეთში სახელმწიფოებრიობა სოლომონ მეორის ხელითვე მოესპო

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ პერიოდზე და მისი შედეგების შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

– ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ, რუსეთისთვის უმთავრესი იმერეთის სამეფოს დაპყრობა იყო, მაგრამ ამას პირდაპირ, ღია აგრესიის გზით, არ აკეთებდა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, იმერეთის მეფის, სოლომონის ანტირუსული განწყობილება გაძლიერდა, რაც რუსებს მასთან ურთიერთობას გაუძნელებდა. რუსებმა ისიც კარგად უწყოდნენ, რომ იმერეთის მეფესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ სამეგრელოსა და გურიის მთავრებს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ნომინალურად, იმერეთის მეფე გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების მფლობელიც იყო, ანუ დადიანები, გურიელები და შერვაშიძეები იმერეთის მეფის ქვეშევრდომები იყვნენ. მაგრამ, პრაქტიკულად, ეს სამთავროები კარგა ხანია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ და არ ცნობდნენ იმერეთის მეფის უზენაეს ხელისუფლებას. სწორედ ამ მომენტის გამოყენებაზე აიღო გეზი რუსეთის საიმპერატორო კარმა. რუსებმა ისიც შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სამეგრელოს მთავარი იმერეთის მეფეს ლეჩხუმს ედავებოდა და ეს დავა ომშიც კი გადაიზარდა.

– უფრო კონკრეტულად, რას გვეტყვით, ამასთან დაკავშირებით?

– რუსმა სამხედროებმა და დიპლომატებმა სამეგრელოს მთავარი, გრიგოლ დადიანი დაარწმუნეს, რომ იმერეთის მეფე მას დაამარცხებდა და მთავრის ტახტსაც დააკარგვინებდა. კარგა ხნის მერყეობის შემდეგ გრიგოლ დადიანი დაეთანხმა რუსეთის საიმპერატორო კარის წინადადებას – 1803 წელს სამეგრელოს მთავარი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. ცხადია, სოლომონ მეორემ ვითარება რეალისტურად შეაფასა. გრიგოლ დადიანის დასჯა მას აღარ შეეძლო. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და აქტიური მოქმედებისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, სამეგრელოში მოპოვებული წარმატების შემდეგ, რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურდა.

– რაში გამოიხატა ეს?

– ქართლს-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, იმერეთს თავს აფარებდნენ ბატონიშვილები – იულონი და ფარნავაზი. ისინი, როგორც სამეფო სახლის სხვა წევრები, იმპერატორის ბრძანების თანახმად, რუსეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ. ბატონიშვილებმა ეს არ ისურვეს და ქუთაისს შეაფარეს თავი.

– მაინც, რატომ იკავებდა იმერეთის ოკუპაციისაგან თავს საქართველოს მთავარსარდალი, გენერალი პავლე ციციანოვი?

– საქმე ის გახლდათ, რომ 1802 წელს კახეთის თავადებმა შეძლეს პოლიტიკური გამოსვლის ორგანიზება, რომლის მიზანი იყო გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებზე დაყრდნობით, სამეფო ხელისუფლების აღდგენა. იმავდროულად, საინგილოში ჯარით იდგა რუსების დაუძინებელი მტერი, ერეკლე მეორის ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი და კახეთში შემოჭრისთვის ემზადებოდა. მართალია, რუსებმა შეძლეს კახელი თავადების პოლიტიკური გამოსვლის ჩახშობა, მაგრამ კახელ თავადთა ნაწილი საინგილოში გაიქცა ალექსანდრე ბატონიშვილთან და ბრძოლისთვის მზადებას შეუდგა. მათ კვალდაკვალ საინგილოში შეიჭრა რუსის ჯარიც. საინგილო (ისტორიული პროვინცია – ჰერეთი) იმხანად ირანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, და იქ რუსის ჯარის შეჭრამ ძალზე დაძაბა რუსეთ-ირანის ურთიერთობა, რასაც საბოლოოდ, 1804 წელს ამ ორ ქვეყანას შორის ომი მოჰყვა. ციციანოვმა ისიც კარგად უწყოდა, რომ იმერეთის სამეფოს ოსმალეთის სულთანი თავის ვასალად თვლიდა, რის გამოც, იმერეთში რუსის ჯარის შეჭრა ოსმალეთის მწვავე რეაქციას გამოიწვევდა. ყოველივე ამის გამო, ციციანოვი ფრთხილობდა და ცდილობდა, სილომონ მეორე დაეყოლიებინა, რათა ნებაყოფლობით შესულიყო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში.

ბოლოს ციციანოვმა გადაწყვიტა ზეგავლენა სოლომონ მეორეზე სხვა საშუალებით მოეხდინა. გენერალი ჯარით შევიდა ზემო იმერეთის ტერიტორიაზე და რუსული ორიენტაციის ქართველი თავადებისა და აზნაურების დახმარებით, მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. თუ ციციანოვი შეძლებდა, იმერეთის მოსახლეობის უმრავლესობის რუსეთის იმპერიის ერთგულებაზე დაფიცებას, სოლომონ მეორე უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა. დე-იურე, იგი მეფე აღარ იქნებოდა, რადგან სოლომონ მეორეს, ციციანოვის ჯარის ომის გზით შეჩერება არ შეეძლო, მეფე საქართველოს მთავარსარდალთან მოლაპარაკებას დასთანხმდა.. მოლაპარაკება ძალზე მწვავედ მიმდინარეობდა. სოლომონ მეორე აპროტესტებდა სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მიღებას და რუს გენერალს უხსნიდა, რომ სამეგრელო იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო. ციციანოვს ამის გაგონებაც არ სურდა. მაშინ სოლომონ მეორემ რუს გენერალს მოსთხოვა, ლეჩხუმი იმერეთის სამეფოს ნაწილად ეცნო. პავლე ციციანოვი უკან არ იხევდა და აცხადებდა, რომ სამეგრელო ლეჩხუმთან ერთად უკვე რუსეთის იპერიის ქვეშევრდომობაში იყო შესული და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდა. მოლაპარაკება ჩაშლის პირას იყო მისული, როდესაც ციციანოვმა მოულოდნელად სოლომონ მეორეს განუცხადა: მართალია, გურიის მთავარი თავს არ მიიჩნევს სოლომონის ქვეშევრდომად და სურს შევიდეს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში, მაგრამ რუსეთს გურიის სამთავროს იმერეთის სამეფოს ნაწილად მიაჩნიაო. მოლაპარაკება, პრაქტიკულად, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ციციანოვმა სოლომონ მეორეს ულტიმატუმის ფორმით განუცხადა, რომ მას უნდა დაეწერა თხოვნა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლის თაობაზე. სოლომონ მეორე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მას სურდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა. რუსი გენერალი დაჟინებით იმეორებდა, რომ იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში უნდა შესულიყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ ისპობოდა სახელმწიფოებრიობა, რადგან სოლომონ მეორე და იმერეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები ხდებოდნენ, მფარველობაში შესვლა კი სახელმწიფოებრიობის მოსპობას არ ნიშნავდა.

სოლომონ მეორე რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლას არ თანხმდებოდა, მაგრამ ციციანოვი ომით იმუქრებოდა. მეფე იმასაც გრძნობდა, რომ გათავხედებულ რუს გენერალს შეეძლო, იგი მოლაპარაკების პროცესში დაეპატიმრებინა და მოეკლა კიდეც. ამიტომ იყო, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერეთის მეფე, ციციანოვის მოლაპარაკებას დასთანხმდა. 1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში სოლომონ მეორემ ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისთვის გასაგზავნ სათხოვარ პუნქტებს. ამ დოკუმენტის მიხედვით იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შედიოდა.

– როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ?

– სოლომონ მეორე ქუთაისში დაბრუნდა. 1806 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. ომი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც (შავი ზღვის სანაპიროზე) მიმდინარეობდა. იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჯარის შეყვანას სოლომონ მეორე პროტესტით შეხვდა, მაგრამ რუსები შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეებიდან ოსმალთა გარნიზონების განდევნას იმიზეზებდნენ და ჯარის რაოდენობას სულ უფრო და უფრო ზრდიდნენ.

ამ დროისთვის საქართველოს მთავარსარდალი უკვე გენერალი ალექსანდრე ტორმასოვი იყო. მან პეტერბურგიდან მიღებული საიდუმლო ბრძანების თანახმად, სოლომონ მეორე ტახტიდან გადააყენა (1809 წელს). მეფე ქუთაისიდან ვარციხის სასახლეში გადავიდა და ბრძოლისთვის ემზადებოდა. მეფის მდგომარეობა მით უფრო უიმედო იყო, რომ იმერეთის თავადებისა და აზნაურების ნაწილი ფარულ კავშირში იმყოფებდნენ გენერალ ალექსანდრ ტორმასოვთან და ცხადია, ისინი მეფეს მხარში არ დაუდგებოდნენ. სწორედ ამ მოღალატეებმა დაიყოლიეს სოლომონ მეორე რუსებთან მოლაპარაკებას დასთანხმებოდა. 1810 წელს მოლაპარაკებაზე მისული სოლომონ მეორე რუსებმა შეიპყრეს. დატყვევებული მეფე ცხოვრობდა იმავე სახლის პირველ სართულზე, სადაც მეორე სართული გენერალ ტორმასოვს ეკავა.

– რა ბედი ეწია სოლომონ მეორეს?

– სოლომონ მეორემ პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა. გაქცევა მეტად კურიოზულ ვითარებაში მოხდა. ყოველ დილით მეფის მსახური მიდიოდა და წყაროდან წყალი მოჰქონდა მეფისთვის. დაცვაში მდგარი რუსი ჯარისკაცები მსახურს თავისუფლად გაატარებდნენ ხოლმე. გაქცევის გეგმაც სწორედ ამის გათვალისწინებით შედგა. ერთ დილით სოლომონმა მსახურის ტანსაცმელი გადაიცვა, ხელში ჭურჭელი აიღო და წყაროზე წავიდა. რუსმა ჯარისკაცებმა ცხადია, ვერაფერი გაიგეს. ისინი მას შემდეგ დაეჭვდნენ, რაც მსახურს ჩვეულებრივზე მეტხანს დააგვიანდა. გარკვეული ყოყმანის შემდეგ რუსი ოფიცერი მეფის სამყოფელში შევიდა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მსახური კვლავ არ ჩანდა. შეშფოთებულმა ოფიცერმა ამჯერად გაბედა და მეფის საძინებლის კარი შეაღო და დაინახა, რომ მეფეს და დედოფალს ეძინათ. სინამდვილეში დედოფლის გვერდით მეფის სამოსში გამოწყობილი მსახური იწვა. რაც ცხადია, რუსმა ოფიცერმა ვერ გაარკვია. მას შემდეგ რაც წყალზე წასული მსახური საერთოდ აღარ დაბრუნდა, რუსები მეფის საძინებელში შეცვივდნენ და ყველაფერი შეიტყვეს. თუმცა, უკვე გვიან იყო. სოლომონს თავისი ერთგული თავადები ელოდნენ, რომელთა თანხლებითაც მეფემ იმერეთში გადასვლა მოახერხა. სწორედ ამ ამბის შემდეგ უნდა დამკვიდრებულიყო გამოთქმა: „გაჭირვებამ დედოფლის გვერდით დამაწვინაო”.

– რით დასრულდა სოლომონ მეორის ბრძოლა რუსებთან?

– სოლომონ მეორე რუსებს არ შერიგებია, თუმცა მათი დამარცხება ვერ შეძლო და ოსმალეთში გადაიხვეწა. 1812 წელს დადებული ზავით კი ოსმალეთმა აღიარა იმერეთის გადასვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. სასოწარკვეთილი სოლომონ მეორე 1815 წელს გარდაიცვალა. ერთგულმა თანამოაზრეებმა იგი ტრაპიზონში, წმიდა გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. 1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ მეორის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.


скачать dle 11.3