როგორ აცილებდნენ იმ ოჯახიდან ძველ წელს, სადაც გაჭირვება და სიკვდილიანობა იყო და რატომ მიდიოდნენ მეზობლები ახალ წელს ერთმანეთთან
ახალ წელს ქართველი კაცი ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებოდა და შესაბამისად, ამ დღეს მრავალი საინტერესო ტრადიცია და წესი უკავშირდება. მათ უმეტესობას დღეს არავინ იცავს. თუმცა, ძველად, ახალი წლის დადგომას, ბედობის დღეს ქართველი კაცი ამ ტრადიციებისა და წესების დაცვის გარეშე არასდროს ხვდებოდა. თუ რა განსაკუთრებული წესები უკავშირდება ახალი წლის დადგომასა და ძველი წელის გაცილებას, ამის შესახებ გვესაუბრება, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი.
– ბატონო ნოდარ, როგორ აცილებდნენ ძველად ახალ წელს?
– ქართველი კაცი ძველი წლის მომდურავი არასდროს იყო და მას აუცილებლად უხდიდა მადლობას, რადგან იმედი დაუტოვა და მომავალ წელს შეახვედრა. ძველად, ახალი წლის დადგომამდე, ცოტა ხნით ადრე, დიდ ზარს ახვევდნენ გარედან ცხვრის ტყავს, ხოლო პატარებს მთლიანად ცხვრის ტყავში ხვევდნენ და ჩუმი, სამგლოვიარო ხმით ისტუმრებდნენ ძველ წელს. როგორც კი ახალი წელი მოვიდოდა, ზარებს მაშინვე ხსნიდნენ ტყავს. იწყებდნენ რეკვას და თან, ზანზალაკებსაც აწკრიალებდნენ. ზარის რეკვის ხმით ახალ წელს იმედი მოჰქონდა, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ცოდვა ჩაიდინეს და ფიქრობდნენ, რომ ახალი წელი დადგა, როგორც მონანიების წელი და ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ. ქართველებს ახალ წელთან დაკავშირებით კიდევ გვქონდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ურმის თვალს ზემოდან უკეთდებოდა ბორბალი, რომელსაც ფერსო ერქვა. იმ ოჯახს, რომელსაც გასულ წელს რაღაც უსიამოვნებები ჰქონდა, ვინმე გარდაეცვალა, ახალი წლის ღამეს კართან მიუგორებდნენ ფერსოს ან მთლიანად ურმის თვალს. გააჩნია, მას რამდენად შეძლებული მეზობელი ან ნათესავი ჰყავდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ფერსოს გზა უნდა გაეკვლია ახალი წლისთვის და ამ კვალს გაჰყოლოდა ის ბედნიერება, რაც მას მოჰქონდა. საკმარისი იყო ამ ოჯახისთვის უბედურება. აფხაზებს ურმის თვლის ნაცვლად ძაფი ჰქონდათ. ყველაზე ლამაზი ხიდან ძაფს გააბამდნენ სახლამდე, რომ ამ ძაფს გამოჰყოლოდა ახალი წელი.
– ახალ წელს სხვადასხვა ატრიბუტები ჰქონდა, რომელია ისინი?
– ეს ატრიბუტები დღემდე შემორჩა ჩვენს ფოლკლორში, სასმისების დასახელებაში, ხალხურ სიმღერაში. „ახალ წელიწადს წლისთავსა ვიკვლევ ვაზისა რქითამცა, შენი სახლიცა ამსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა“. ეს არის მუდმივი სიმბოლოები, რომელიც შემდეგში გადავიდა თვით ახალი წლის მახასიათებელ კატეგორიაში. იმიტომ რომ, ვაზის რქით არამცთუ ვიკვლევთ წლისთავსა, არამედ ვაზის რქით ვარკვევდით – სად არის წყალი, ჭა სად უნდა ამოგვეთხარა. ვაზის რქა იყო ძალიან საინტერესო გეოპათოლოგიური, საეკლესიო ზონების მიმკვლევი, ანუ სადაც ხდებოდა ადამიანის სულიერი განწმენდა. სრულიად ბუნებრივია, რომ წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი ჰქონდა. ანუ, ვაზის რქას, როგორც გზამკვლევს გზისას, მის სიმბოლოს უნდა გაეკვლია გზა ახალი წლისთვის, რომ ის ვიღაცის ოჯახში მისულიყო. ეს ახალი წლის შესანიშნავი სიმბოლო გახლდათ და ამიტომ, განსაკუთრებულ დროს კი არ აღინიშნებოდა, მაგალითად, სექტემბერსა და ოქტომბერში, არამედ მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც წმიდა ნინოს ჯვარს. თუმცა, წმიდა ნინოს ჯვარი უფრო ამაღლებული და ზეციურია. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, გამოთქმაში გამოყენებულია სიტყვა: „ზარბაბითამცა“, რაც ოქროს ძაფით ნაკერს ნიშნავს, ანუ ტყავ-კაბა ოქროს ძაფით ნაკერი უნდა იყოსო. მაშინ ოქროს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, მზის და ესე იგი, მზის მადლი არ დაგეკარგოსო.
– ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ახალ წელს მეკვლე?
– როგორც იცით, ძველად ეს სიტყვა იწერებოდა მეკულე და უ-ს ჰქონდა ზემოდან დასმული ნიშანი, რომელიც ვ-ს შემცველი იყო, ამიტომ მეკულე გამოდიოდა მეკვლე. უ კი იყო უფლისა. ამიტომ მეკულე არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი მომლოცველი. თან, მომკულება ნიშნავდა გამშვენებას, ანუ უნდა ყოფილიყო გამშვენებული ახალი წელი. ეს არ იყო მკულის მიერ უბრალო მილოცვა, დალოცვა. ეს იყო მილოცვა გამშვენებით. მეკვლე იყო ის ადამიანი, რომელსაც ძღვენი უნდა მიეტანა ოჯახში, ანუ – მეძღვნე. ეს ძღვენი კი იყო ტკბილეული – სიმბოლო სიტკბოებისა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხვდებოდა მასპინძელი მეკვლეს – თუ შესაძლებელი იყო, მეკვლეს ვერცხლის სასმისს მიაწოდებდა, ხოლო ვინც ნაკლებად შეძლებული გახლდათ, ის – თიხისას. მისი ყელი ვიწრო იყო, ზოგჯერ მოგრეხილი, ისე, რომ შესმის დროს მას ხმაური უნდა გამოეცა, თითქოს სასმისიც მღეროდა. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, შუმერებში უფლისთვის სულიერება რომ მიგეცა, საკრავში უნდა ჩაგებერა. მთელი სული იქ რომ გადავიდოდა, მერე, თითქოს, ადამიანის სხეული გაწმენდილი იყო. შემდეგ სასმისში ღუღუნით მადლობა უნდა გეთქვა უფლისთვის. აი, ეს სასმისიც თავისებური, უფლის სამადლობელო საკრავი იყო და ეს მხოლოდ ქართველებს გვქონდა.
– შეიძლება, ადამიანი საკუთარი სახლის მეკვლე ყოფილიყო?
– ეს შეუძლებელია. ნათლობა რომ ავიღოთ, ყველაფერი იმისთვისაა, რომ ადამიანებს შორის ნათესაური კავშირი დამყარდეს და მეკვლეც, უკვე იმ ოჯახისთვის, სადაც ის მივიდოდა, უბრალო ადამიანი არ იყო. ის მისთვის, მინიმუმ, მთელი წლით მეგობარი ხდებოდა. ადამიანი რამდენჯერაც უნდა გავიდეს და შემოვიდეს, სიკეთე უსურვოს საკუთარ ოჯახს, ის მეკვლე ვერ იქნება. მეკვლეობის არსი ისაა, რომ შენ გადადიხარ ქრისტიანულ-ზნეობრივ კატეგორიაში – „გიყვარდეს მოყვასი შენი“ და მეკვლე ამ დროს შენი მოყვასი ხდება. ასევე, მიუხედავად ყველაფრისა, თუ რა ხდებოდა მეზობლებს შორის წლის განმავლობაში, ისინი ერთმანეთის სახლებში მაინც მიდიოდნენ ახალ წელს და ეს იყო მიმტევებლობის შესანიშნავი მაგალითი.
– ქართველები დღემდე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბედობის დღეს. ძველად როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ დღისადმი?
– დრუიდებმა ბედობის დღეს შეარჩიეს სოჭი, იმიტომ, რომ მარადმწვანე იყო და ადამიანს უნდოდა, ჩაეთქვა სურვილები, რათა ის აღსრულებულიყო იმ დღეს თუ არა, მომდევნო დღეებში მაინც. ერთი არაჩვეულებრივი საიდუმლო აქვს ახალ წელს. გამხმარ ფოთოლს ან ტყავს, შემდეგ უკვე ქაღალდს, დაჭრიდნენ, ღვინოს დაცლიდნენ, ფიალას გადმოაბრუნებდნენ, ზემოდან ამ ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებდნენ. უკან კი სოჭის ხის წებოვანას კვარით ანთებდნენ. იმის შუქზე თეთრ კედელზე რაც დარჩენილი ნახშირისგან გამოისახებოდა, პირდაპირი გაგებით არა, მაგრამ იმაზე მკითხაობდნენ. ეს იყო თამაში და ამით ძირითადად ახალგაზრდები ერთობოდნენ. ეს ყველაფერი კი ბედობის დღეს, 2 იანვარს ხდებოდა და ესეც ახალი წლის საიდუმლოების ერთ-ერთი საინტერესო მხარე იყო.
ასევე, მინდა შევეხო გოზინაყსაც, რომლის გარეშე დღეს ნებისმიერ ოჯახში სუფრა წარმოუდგენელია. ის საერთო კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც სათავეს იღებს თათარისა და, ჩურჩხელისგან. ჩურჩხელა ცხრა ელემენტისგან შედგებოდა, თითოეულში იყო ნიგოზი, თხილი, ნუში და ყურძენი. იგივე ხდება გოზინაყში, ოღონდ მას ემატება თაფლი, რომელსაც სამმაგი დანიშნულება ჰქონდა. პირველი – ფერი, ოქროსფერი, საკრალური, ანუ მზის ფერი. თაფლის მეორე მნიშვნელობა არის ის, რომ მას ოჯახში სიტკბოება შემოაქვს. კაკლის ხეს კი იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ძველად კაკლის ხეივანში გამოაბრძანებდნენ ხატებს. მერე „დამიზეზებულები“ გამოჰყავდათ და ისინიც იკურნებოდნენ. ამ ყველაფრის შეჯამება ხდებოდა გოზინაყში და მასაც თავისი მომზადების წესი ჰქონდა. რაც მთავარია, გამასპინძლების ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო. თანაც, ის მალე არ ფუჭდებოდა და შეიძლებოდა, მთელი თვის განმავლობაში კარგი ნუგბარი ყოფილიყო. ძველად ახალ წელს ისეთი მურაბები გამოჰქონდათ, რომლებიც შედარებით იშვიათი იყო და ძალიან ბევრი რაღაცისგან მზადდებოდა – ისინი იყო არა საყოველდღეო, არამედ საახალწლო.