საჩუქრები... საჩუქრები...
რამდენიც უნდა ვიძახოთ, დიდები ვართ, უკვე გავიზარდეთო, ახალი წლის მოსვლას მაინც ყველა მოუთმენლად ველით... და, საჩუქრებიც გვიხარია, რა თქმა უნდა. თოვლის ბაბუის პატარებს სჯერათ, მაგრამ, რა ვქნათ უფროსებმა, როგორ ვინატროთ ისეთი საჩუქარი ჩვენთვის და შევარჩიოთ სხვისთვის, რომელიც ჭეშმარიტად სიხარულის მომტანი იქნება? მოგეხსენებათ, „ჭამა შეძლებაზე ჰკიდია“, – მაგრამ მხოლოდ ფულიც არ არის გადამწყვეტი. სულაც არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირი ღირდეს. ჯერ ერთი, ყველაზე ძვირფასი ყურადღებაა და, თანაც, ყველანაირ საჩუქარს თავისი ხიბლი აქვს, მით უფრო, თუ ის სიყვარულით არის შერჩეული.
საახალწლო საჩუქრები სამ კატეგორიად იყოფა: საჭირო (ანუ, გამოსადეგი), საინტერესო და გემრიელი. მაგრამ, ამ სამი კატეგორიიდან ყველას თავისი „მომხმარებელი“ ჰყავს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული კონკრეტულ კონტინგენტზეა გათვლილი.
მაგალითად, ბავშვებს ნაკლებად გაახარებთ პირველი და მესამე ვარიანტით. გამოსადეგი საჩუქარი რა შეიძლება იყოს? – წიგნი, ტანსაცმელი, საშინაო ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები... და ეს ყველაფერი ახალ წელს, როცა ბავშვი სასწაულის მოლოდინშია?! გემრიელიც არ გამოდგება – საახალწლოდ ისედაც ბევრი გემრიელი სასუსნავია სახლში. ასე რომ, თუ ბავშვის გახარება გსურთ, საჩუქარი კატეგორია „საინტერესოდან“ შეურჩიეთ, ან ჰკითხეთ, რა უნდა მას, ოღონდ, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე.
დედები და ბებიები – „საჭირო“ და „გემრიელი“, რა თქმა უნდა, მაგრამ „გემრიელ“ კატეგორიაშიც სიფრთხილეა საჭირო. სამაგიეროდ, საჭირო ნივთებს რა გამოლევს – ყველაფერი გამოდგება. გემოვნებითა და სიყვარულით შერჩეული მათ ნებისმიერი საჩუქარი მოეწონებათ – ახალი ქვაბიც კი გაუხარებთ გულს. ახლა, მაინცდამაინც ნიჩაბს ნუ უყიდით. შეგიძლიათ, კოსმეტიკური საშუალებებიც შეურჩიოთ. არავითარ შემთხვევაში არ უყიდოთ თბილი საცვლები, ტანსაცმლის ჩუქებისგან კი საერთოდ თავი შეიკავეთ. რაც შეეხება სუნამოს, თუ იცით იმ ადამიანის გემოვნება, რომელსაც სუნამოს სჩუქნით, მაშინ, შეგიძლიათ, არჩევანი პარფიუმერიაზე შეაჩეროთ.
თქვენ გგონიათ, საახალწლო საჩუქარი მამაკაცს არ სჭირდება, ან, ქალბატონზე ნაკლებად უხარია?! შემცდარი ბრძანდებით – მამაკაცები ხომ დიდი ბავშვები არიან. მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ და ველოსიპედი არ უნდა აჩუქოთ. თუმცა, თუ ველოსიპედი მისი ოცნებაა, მაშინ, შეგიძლიათ... უნდა იცოდეთ, როგორი ბუნება აქვს კაცს, რომელსაც საჩუქარს ურჩევთ. თუ ის ესთეტია, საჩუქარი „საინტერესო“ საჩუქრების კატეგორიიდან უნდა შეურჩიოთ. არავითარი გაუგებარი სუვენირი, არც პარფიუმერია – ამ ტიპის საჩუქრები ესთეტი მამაკაცისთვის არ გამოდგება. სამაგიეროდ, მას ძალიან მოეწონება დისკი საყვარელი მელოდიით, თანამედროვე, საინტერესო მწერლის ახალი ნაწარმოების კარგი გამოცემა.
ბევრი ქალი ფაქტებით ამტკიცებს, რომ მამაკაცები „არ იზრდებიან: ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ბავშვები, მერე კი ერთბაშად ბერდებიან“. სადავო საკითხია, თუმცა, სიმართლის მარცვალი მასში მაინც არის. თქვენ უკეთ იცით, როგორია თქვენი ცხოვრების თანამგზავრი თუ მეგობარი. „ბავშვია“? – მაშინ, აჩუქეთ მას საყვარელი კომპიუტერული თამაშის ახალი ვერსია.
ქალბატონები და საჩუქრები განსაკუთრებული თემაა. მნიშვნელობა არ აქვს, თექვსმეტი წლის არის ქალი, ოცდაათის თუ ორმოცის. როცა საქმე საჩუქარს ეხება, ისინი ერთსულოვანნი ხდებიან. თუ საახალწლოდ რომანტიკულ მოგზაურობას აჩუქებთ, ქალს ეგონება, რომ ცხოვრებაც შეიძლება, იყოს ზღაპარი. მაგრამ, ჭურჭლითა და სამზარეულო აღჭურვილობით მის სამართლიან გულისწყრომას დაიმსახურებთ და მართალიც იქნება – აბა, რა დროს ქვაბი და თეფშია ახალ წელს, როცა ქალი თქვენგან რაღაც ჯადოსნურს და განსაკუთრებულს ელის?!
არასასურველი საჩუქრების სია საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი: მაგალითად, ბრინჯაოს ან თიხის ანგელოზები, გნებავთ ფრთებით, გნებავთ უფრთებოდ. ამ ტიპის გაურკვეველი დანიშნულების სუვენირები, რბილი სათამაშოები (დიახ, დიახ, სწორედ კურდღლები და დათუნიები), მიწისქვეშა გადასასვლელში ნაყიდი მაკიაჟის ფუნჯები და მაკრატლები ფრჩხილებისთვის, პატარა ლარნაკები, დეკორატიული ცოცხები და კანდელაბრები, ტანსაცმელი... – სულერთია, მაინც ვერ გამოიცნობთ, მოეწონება თუ არა.
სამაგიეროდ, შეგიძლიათ, აჩუქოთ ნაძვის ხის სათამაშო (ძვირფასი, რა თქმა უნდა) და უთხრათ: „საყვარელო, მოდი, ერთად ჩავუთქვათ სურვილი მომავალი წლისთვის. მე კი ვეცდები, ის რეალობად ვაქციო“...
P. S. რეალურად, სასურველი საჩუქრის შერჩევა ყველას შეუძლია და ამაში რთული არაფერია. ნებისმიერი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანი მოახერხებს იმას, რომ სიხარული მიანიჭოს ახლობლებსა და მეგობრებს. იმოქმედეთ გულის კარნახით და შეცდომას არ დაუშვებთ.