კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცისფერი მთების” პერსონაჟების ნამდვილი სახლი – ბუდე ქართული კულტურის მოღვაწეთათვის და ცისკრელობა – საპატიო წოდება, რომელიც ამერიკის ელჩზე თავდასხმისთვისაც გაგულიანებს და ყოველთვიური შემოსავლის გაზრდაშიც გეხმარება

ასორმოცდაათს რა ხანია გადააბიჯა, მაგრამ ასაკი სულ არ ეტყობა. წლებიც ბევრი გალია და ცუდ ჟამსაც ბევრჯერ გაუძლო, თუმცა მაინც გადარჩა და ქართული სიტყვის სადარაჯოზე ისევ ისე დგას, როგორც მას შეჰფერის... „ცისკარია“ და სხვა გზას არც ეძებს და არც აქვს...

თაობები გაზარდა და თვითონ ისევ ისეთია, როგორც წარსულში...

თბილისი, ხიდის ქუჩა ¹1. რედაქცია, ალბათ, ისეთი, როგორიც საუკუნე-ნახევრის წინ იყო... წიგნები, წიგნები, ფურცლები, ფურცლები.. ლექსები, მოთხრობები და ესეები... ისევ იკრიბებიან ქართული სიტყვის დამცველნი, ისევ თამაშობს ჭადრაკს ძველი და ახალი თაობა, ისევ მიდის დავა მარკესი თუ…

რედაქტორის სვეტი:

ზაურ კალანდია: „ცისკარი“ 1852 წელს გიორგი ერისთავის ძალისხმევით დაარსდა. მაშინ ვორონცოვმა ჟურნალის პირველი ნომერის 200 ეგზემპლარი გამოიწერა და ქალთა გიმნაზიას ურიგებდა საჩუქრად... ერთხელ ეს ისტორია, ჩვენს პრეზიდენტთან წამომცდა... ცოტა ვაწყენინე, ცოტაც ვიკამათეთ.. 400 ცალის გამოწერას დამპირდნენ, მაგრამ...

„ცისკარს“ ბევრი მძიმე ხანა ახსოვს, მაგრამ არსებობა არ შეუწყვეტია. ხან ვინ გამოუჩნდა პატრონად, ხან – ვინ. ივანე კერესელიძე ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდა, რომ თითო ხელმოწერა ჩამოეტანა. თავს არ ვადარებ იმ დიდ კაცს, მაგრამ ჩვენც ამ დღეში ვართ ახლა... მოვიარეთ საქართველო, რომ „ცისკარმა“ იცოცხლოს, მწედ და მეოხად ჯერ ჩვენი პატრიარქი გამოგვიჩნდა. მისი ძალისხმევით, დაბადებიდან 150 წელი აღვნიშნეთ, მკითხველს შევეხმიანეთ. თურმე, როგორ ელოდა ჩვენს გამოჩენას. მისი უწმიდესობა ყველანაირად გვედგა გვერდში, ბიზნესმენებსაც მოუწოდებდა, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ისინი არ დებენ ფულს იქ, სადაც ფული არ იშოვება.. მაგრამ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, კვლავ გაჩნდა განახლების იმედი – პატრონად ამჯერად კაცი ნაკითხი, განათლებული, თავადაც პოეტი და ქართულ სიტყვასთან შეჭიდებული სერგი კაკალაშვილი მოგვევლინა. როგორც ველოდით, არ გაგვიცრუა იმედი, საქმის კაცია და დღეს „ცისკარი“ რომ არსებობს, მისი დამსახურებაა..

ყველა იმ გზით ვცდილობდით ჟურნალის გადარჩენას, როგორც შეგვეძლო

„ცისკარმა“ თაობები გაზარდა – აქ დაიწყო მამათა და შვილთა კამათი, აქ გაჩნდა დიდი სახელები, აქ გადარჩა თანამედროვე ქართული მწერლობა.

ზაურ კალანდია: „ცისკარმა“ თავისი არსებობის განმავლობაში იმდენი რამ გააკეთა, იმდენი კლასიკოსი და უკვდავი ნაწარმოები გააცნო ქართველ მკითხველს... ილია და აკაკი, ვაჟა და რაფიელ ერისთავი, გრიგოლ ორბელიანი და ნიკო ნიკოლაძე, ტატო და სულხან-საბა... 1957 წელს, როცა კვლავ ამოცისკრდა ვახტანგ ჭელიძისა და ახალი სამოციანელების ძალისხმევით, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – უშურველად ამოუდგა გვერდში ქართველ მწერლებს, ნოდარ დუმბაძე, რეზი თვარაძე, მურმანი და მუხრანი, ანა, ძმები ჭილაძეები, ინანიშვილი და დოჩანაშვილი. 1957 წელს, განახლებული „ცისკარის“ პირველ ნომერში გურამ რჩეულიშვილის სამი მოთხრობა დაიბეჭდა. გურამ გეგეშიძეც პირველად აქ გაიცნო მკითხველმა. ჯანსუღ ჩარკვიანი „ცისკარში“ პირველად კორექტორად მოვიდა. იმ დროს გამოჩნდა ახალი თაობა – ოტია პაჭკორია, დიდი პიროვნება და უბრწყინვალესი ლიტერატორი, რეზო ჭეიშვილი, ტარიელ ჭანტურია, ემზარ კვიტაიშვილი. არენაზე გამოვიდა ჭაბუა. იმ დროს ჭაბუას დიდი რომანის დაბეჭდვა გმირობის ტოლფასი იყო. ჭაბუაც არ ელოდა ამას. ისე მოუტანა ჯანსუღს, თან უთხრა: ეს ოცი წელი რომ არ დაიბეჭდება ვიციო, ჯანსუღი რისი ჯანსუღი იყო, ერთ კვირაში უთხრა ჭაბუას: შენს რომანს ვბეჭდავო. არც გურამ ფანჯიკიძის დაბეჭდვას შეუშინდა ჯანსუღი, გურამი მძაფრი რომანების ავტორი იყო, „ცეკა-ტეკაში“ იხილებოდა მისი რომანები. ჯანსუღთან რეკვა რომ ატყდებოდა, თავს ისულელებდა ამხელა კაცი: რა მოხდა, ასე რატომ გაიგეთ, პირიქით უნდა გაგეგოთო. ასე ოსტატურად უმტკიცებდა თავის „სიმართლეს“ ცეკას და ტეკას, რომ იმ დიდ რომანებს დღის სინათლე მალე ეხილათ. ასე „გაიპარა“ ჟურნალის ფურცლებზე ვლადიმერ სიხარულიძის „მეათე მოწმეც“, გიორგი ბაქანიძის „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“.

გზა რედაქტორის საპატიო მისიამდე

„პატარა ბიჭი ვიყავი, როცა „ცისკარში“ მოვედი. 1976 წელი იყო, თამაზ წივწივაძემ დამიბეჭდა სამი მოთხრობა ცისკრის დამატება „ნობათში“. მურმან ლებანიძესთან ერთად დამბეჭდა, რუბრიკაში „ცნობილი და უცნობი.“ ამით ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი. ჟურნალს ვერ ველეოდი. მერე ისე მოხდა, რომ ერთი ქალბატონი სამუშაოდ გადავიდა სოხუმში. მთარგმნელობით კოლეგიაში. თავისუფალი ადგილი გაჩნდა და ოტია პაჭკორიამ მე ამიყვანა. ასე შევრჩი „ცისკარს“. 1992 წელს რედაქტორის საპატიო მისია მერგო, ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ ქვეყნის გაჭირვებასთან ერთად, ყველა იმ გზით ვცდილობდით ჟურნალის გადარჩენას, როგორც შეგვეძლო... 5 წლის წინ პოეტი ირაკლი ბაზღაძე გარდაიცვალა, ჩვენთან მუშაობდა ირაკლი. ბევრ განსაცდელს გაუძლო ჟურნალთან ერთად. საქართველოში ამერიკის ერთ-ერთი პირველი ელჩი იყო კაცი, გვარად ბრაუნი. საელჩო ხომ ჩვენს გვერდით იყო, მაგრამ ისეთი დაცვა ჰყავდა, ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, სად უნდა გვენახა ის ბრაუნი? ერთხელაც ირაკლი ქუთაისში სუფრასთან შემთხვევით შეხვდა ბრაუნს. ირაკლიმ ხუმრობით უთხრა: თბილისში თქვენი მეზობლები ვართო, ბრაუნს რუსული ესმოდა თურმე და ირაკლიმ შვიდჯერ მაინც უთხრა: „სტარეიში“ ჟურნალი გვაქვსო. გაბრაზდა ეს ბრაუნი და უთხრა: ბოლოს და ბოლოს მითხარი, რამდენი წლისაა ეგ თქვენი „სტარეიში“ ჟურნალიო? ელჩს ხელში თურმე ბაჟეს თეფში უჭირავს და ის ისაა, უნდა მოხვრიპოს. ირაკლიმ შეხედა ელჩს და იფიქრა: ეს არაფრის გამკეთებელი კაცი არაა ჩვენთვისო და პირდაპირ მიახალა: ჩვენი ჟურნალი დაახლოებით ამერიკის ხნის არისო. გაბრაზებულა ამაზე ბრაუნი, ბაჟეს ჯამი ხელიდან გავარდნია, მიუტოვებია სუფრა და გაქცეულა. ქუთაისელებმა კინაღამ გალახეს ირაკლი, ასეთი სტუმარი გაგვიქციეო. ოღონდ ეს კარი არ დახურულიყო და ირაკლიც, როგორც ყველა, ყველაფრისთვის მზად იყო.

„ცისკარი“ – ხელოვანთა ოაზისი

„ცისკარში“ ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა, სულ ასე იყო. დღეში 500 კაცი შემოდიოდა რედაქციაში, ავტორი, მკითხველი, მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი, ყველა აქ იყო, ვინც სიახლეს ეძებდა. სადღაც ხომ უნდა მიგესვლებოდეს კაცს? ჰამლეტ გონაშვილი მოდიოდა ხოლმე მეგობართან, ლევან მალაზონიასთან. არ ვიცნობდი ჰამლეტს, მწერალი მეგონა თავიდან. ანზორ ერქომაიშვილიც ამ ბუდის სტუმარი იყო. ისიც მახსოვს, ბატონი ზვიად გამსახურდია, რომ შემოვიდოდა. ზოგჯერ დღეში სამჯერ მოდიოდა ციალა არდაშელიასთან, ნანა ჯაფარიძესთან თუ ჩემთან. 2-3 კაცი იმავე წუთს გაიპარებოდა ხოლმე ოთახიდან. რეზო ჭეიშვილი პროზის განყოფილებას უძღვებოდა აქ. „ცისფერი მთები“ ფაქტობრივად, „ცისკარში“ გაჩნდა. მაშინ „ცისკრის“ რედაქცია დადიანის 2-ში იყო. ფილმიც კი იქ არის გადაღებული. აქ ბევრი პროტოტიპი ჰყავდა რეზოს, მაგრამ სხვა სიმაღლეზე აგვიყვანა თავისი ოსტატობის წყალობით. საკუთარი თავიც კი იპოვა – ერთხელ ნაბახუსევზეა, ძალიან ცუდად არის. რეზო ისეთ დღეშია, ავტორს ვერ ხედავს. ის ელაპარაკება, ელაპარაკება, რეზოს არ ესმის და უცებ უთხრა: წადი შენთვისო, ეს პოკერის ცნობილი ტერმინია, ავტორი ვერ მიხვდა, რეზოს რა უნდოდა და სად „გადავარდა“...

„ცისკარი“ ქართველ შემოქმედთა ყველაზე საიმედო და საყვარელი ადგილი იყო. სულ ჭადრაკის თამაში მიდიოდა, დიდი მარათონები იმართებოდა. სულ ისე კია არა, პატარ-პატარა ფულზეც... ტარიელ ჭანტურია და თამაზ წივწივაძე მუდამ „ებრძოდნენ“ ერთმანეთს საჭადრაკო დაფასთან. ტარიელი ხშირად უგებდა თამაზს. ერთხელ ჰკითხეს: რამდენი გაქვს ხელფასიო? ტარიელმა ჩვეული იუმორით იკითხა: თამაზ წივწივაძიანადო? ერთ დაჯდომაზე 30-40 მანეთს ისე უგებდა თამაზს, როგორც არაფერი. გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით იყო. თამაზი პატიოსნად იხდიდა ვალს. ისე, მწერალი კაცი არ მეგულება, მისი ვალი რომ არ ჰქონდეს...

დღეს აღარც მუხრანია და აღარც მურმანი...

მერე რა, დღესაც ბევრი საინტერესო პოეტი და მწერალი გვყავს. კატო ჯავახიშვილი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ნატა ვარადა, რობერტ მესხი, ნინო ქოქოსაძე, ნინო სადღობელაშვილი სრულიად ახალგაზრდები არიან, მაგრამ მწერლობაში ღირსეულად იმკვიდრებენ თავის ადგილს. საშუალო თაობა გინდათ? – ჯარჯი ფხოველი, ბესიკ ხარანაული... უფროსი თაობა? – ნოდარ წულეისკირი ოცი წელია, სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. ამხელა კაცი სკოლის მასწავლებლად წავიდა. ჩავედი სოფელში ნოდართან, ისეთი კარგი მოთხრობა ჩამოვიტანე, ნაღდი, კლასიკური, როგორიც ჩვენს დიდ მწერლებს სჩვევიათ. აგერ რეზო გვყავს ჭეიშვილი, ჭაბუას წერილია ოტია პაჭკორიაზე, საინტერესო სახეებია – ინგა მილორავა და ელა გოჩიაშვილი. აგერ გოეთე გვაქვს ნათარგმნი დავით წერედიანის მიერ. გერმანული არ ვიცი, რომ გოეთე დედანში წამეკითხა, მაგრამ ახლა მივხვდი, ვინ არის გოეთე. საქართველოში ბევრი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის. ვენაცვალე როსტომ ჩხეიძეს, დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი მწერლობისთვის. არავის ეწყინოს, მაგრამ ჩვენი „ცისკარი“ მაინც სხვაა. სწორედ ცისკარი გვესახება იმ ტრადიციულ სამწერლო გამოცემად, როგორც აქამდეც არაერთხელ მომხდარა, კვლავ გააერთიანებს ყველა თაობისა და მიმდინარეობის შემოქმედს... და არა მარტო შემოქმედთ, თავის გარშემო შემოიკრებს გემოვნებიან მკითხველს და ხელმომწერს, ვისაც „პური არსობისად“ მიაჩნია ის, რაც უპირველესად იყო – სიტყვა, ჭეშმარიტი მწერლის ნათქვამი ქართული სიტყვა...




скачать dle 11.3