მწვანე კუთხე
კითხვა: რა სიხშირით უყვარს მორწყვა გიაცინტს, რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
პასუხი: ამ მცენარეს ზომიერი მორწყვა უყვარს. თუ ნიადაგი ცოტათი გამოშრება, მაშინვე დაასხით წყალი. ოთახის მცენარისთვის საჭიროა, თვეში ერთხელ კომპლექსური ნაკელი. როდესაც გიაცინტი ყვავილობას დაასრულებს, ზედა ნაწილი მთლიანად ჩამოუჭკნება, ამ დროს მორწყვა უნდა შეწყვიტოთ, ბოლქვი არ უნდა დაასველოთ და შეინახოთ მშრალად. მორწყვის შეწყვეტა აუცილებელია მომავალი ყვავილის ფორმირებისთვის. დასაფესვიანებელი მცენარე 5 გრადუსზე უნდა ამყოფოთ. ტემპერატურა ხელს უწყობს მცენარეს უკეთ დაფესვიანებაში და ფოთლების სიმაღლეში ზრდაში. როგორც კი ორი-სამი სანტიმეტრი სიმაღლის მწვანე ფოთლები გამოჩნდება, ქოთანი ნათელ და გრილ ადგილას გადაიტანეთ. სასურველია, ამ დროს 9-10 გრადუსი ტემპერატურა. მთავარი და აუცილებელი ფაქტორი ამ მცენარის კარგად ყვავილობისთვის არის მკვეთრი მზის სხივები და სიგრილე. პირველივე შესაძლებლობისთანავე გიაცინტი უნდა გაიტანოთ გარეთ.
კითხვა: როგორ პირობებში გავახაროთ პელარგონია?
პასუხი: ეს მცენარე თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავილობს. იმისთვის, რომ პელარგონიამ უხვად იყვავილოს, ზამთარში სასურველია, 2-3 თვის განმავლობაში 11-13 გრადუსზე ამყოფოთ, კარგად განათებულ ადგილას და ზომიერად მორწყათ. მარტ-აპრილში ის უნდა გადარგათ ახალ ნიადაგში, რომლის შემადგენლობაში იქნება: გადამწვარი ნაკელი, ნეშომპალა, მიწა, ტორფი და სილა. მცენარის გადარგვის შემდეგ, მორწყვას მოუმატეთ, ტემპერატურა აწიეთ 20 გრადუსამდე და თვეში ერთხელ მიაწოდეთ მინერალური სასუქები. გაზაფხულ-ზაფხულში კი პელარგონია უნდა დადგათ კარგად განათებულ თაროზე. ზამთარში სასურველია, იდგას სიგრილეში. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ კარგად გაკრიჭეთ, ახალამოყრილი ყლორტები კი, მოაცილეთ. ამ მცენარის გასაზრდელად, უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მისი მზეში მორწყვა არ შეიძლება. ამ მიზეზით შეიძლება, მცენარე იოლად დაზიანდეს. ხშირად გაანიავეთ ის ადგილი, სადაც მცენარეს დადგამთ.