როგორ შევუნარჩუნოთ კონვოლვულუსს კომპაქტურობა და რა მიზეზით ჩამოყრის ფსევდერანტემუმი ფოთლებს
„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ მუშაკისგან, ბატონ ამირან ბიწაძისგან შევიტყობთ, ორი არაჩვეულებრივი მცენარის შესახებ, რომელთა გახარებაც ბინაში იოლია და ამავე დროს ისინი იშვიათი სახეობებია. თუ როგორ გავზარდოთ, რა პირობებში ვამყოფოთ და სად დავდგათ კონვოლვულუსი და ფსევდერანტემუმი, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.
– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა კონვოლვულუსი და იოლია თუ არა მისი გაზრდა ბინაში?
– ეს მცენარე ძალიან ლამაზი და გამძლეა. კარგი მოვლის პირობებში კი უფრო მეტად შთამბეჭდავი ხდება. წააგავს პეტუნიების ყვავილებს, თუმცა სრულიად განსხვავებული მცენარეა. კონვოლვულუსი მრავალწლიანი მცენარეა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წელია. საერთოდ, მცენარის ზრდა ორგვარია: ის იზრდება როგორც მხოხავი და ასევე, ნახევრად ბუჩქის ფორმითაც. თავის სამშობლოში, აფრიკაში, ის ორ მეტრს აღწევს სიმაღლეში, საქართველოს პირობებში კი – 70 სანტიმეტრამდე იზრდება.
– როგორ პირობებს ეგუება კონვოლვულუსი?
– მცენარე ყველანაირ პირობებს ეგუება. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არც მიწისა და ქოთნის ზომას აქვს. თუმცა, მაინც გირჩევდით, მომცრო ზომის ქოთანში ჩარგოთ. ამ შემთხვევაში, მცენარე ყოველდღიურად გაიზრდება. კონვოლვულუსს უყვარს კარგად განათებული ადგილი.
– სად გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას ზაფხულის სეზონზე?
– ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ და აივანზე ან ბაღში დადგათ. ასეთ პირობებში კონვოლვულუსი თავს უკეთ იგრძნობს. ეს მცენარე კარგად იტანს მცხუნვარე მზესაც და ნახევრად დაჩრდილულ ადგილსაც. ძალიან უპრეტენზიო მცენარეა და მისი გაზრდა არ გაგიჭირდებათ.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და რამდენ ხანში უნდა გადავრგოთ ის?
– შეგიძლიათ მცენარე გაკრიჭოთ და სასურველი ფორმაც მისცეთ, რომ ძალიან არ გაიზარდოს და კომპაქტურობა შეინარჩუნოს. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ხდება მისი გადარგვა ახალ ქოთანში და გადარგვის შემთხვევაში, აუცილებელია ნიადაგის გამოცვლაც. გაითვალისწინეთ, რომ ყვავილობის დროს, არ შეიძლება მისი გადარგვა.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ზაფხულში კონვოლვულუსს მიწა უნდა ჰქონდეს ზომიერად ტენიანი, ხოლო ზამთარში მორწყეთ ყოველ ხუთ დღეში ერთხელ. მხოლოდ გახსოვდეთ, ძალიან უხვად არ დაასხათ წყალი. ამ სეზონზეც სასურველია, ზომიერება შეინარჩუნოთ.
– რა ტემპერატურას ეგუება კონვოლვულუსი ზამთარ-ზაფხულ?
– რადგან მცენარე ტროპიკულია, ზაფხულში მისთვის სასურველია, იყოს 35-38 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 18-20.
– რა მოსდის მცენარეს დაბალ ტემპერატურაზე?
– ზემოაღნიშნულ ტემპერატურაზე დაბლა, 10-15 გრადუსის შემთხვევაში, კონვოლვულუსს სცვივა ფოთლები და მთლიანად უშიშვლდება ღეროები. მართალია, მცენარე ამით არ მოკვდება, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბუნებრივი ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე არ აიწევს. მხოლოდ ამ ტემპერატურის შემდეგ დაიწყებს მცენარე ფოთლებისა და კვირტების გამოღებას.
– რით მრავლდება კონვოლვულუსი?
– მცენარე ხარობს და მრავლდება თესლით, რომელიც აგვისტოში უკვე მწიფეა და შეგიძლიათ დათესოთ დეკემბრის ბოლო რიცხვებში. ქოთანი მოათავსეთ 28 გრადუსზე, რათა მალე ამოვიდეს. აღმოცენებული მცენარე ივნისიდან დაიწყებს ყვავილობას და ძალიან ლამაზი ყვავილები ამოსდის.
– რით შეიძლება დაავადდეს კონვოლვულუსი?
– მავნებლებიდან ამ მცენარეს მხოლოდ ნაცარი და ქეცი უჩნდება. დაავადების შემთხვევაში, გირჩევთ, კონვოლვულუსს შეასხუროთ ფალკონი და ბაილეტონის ერთპროცენტიანი ხსნარი ყოველ ორ თვეში ერთხელ.
– ბინაში რა ადგილას გვირჩევთ კონვოლვულუსის დადგმას?
– აუცილებლად შეარჩიეთ ნათელი ადგილი და ოთახის პირობებში ის სამხრეთის ფანჯარაზე დადგით.
– როგორი მცენარეა ფსევდერანტემუმი?
– ეს უცნაური მცენარე, როგორც ფოთლების ფერით, ასევე ღეროს ფერითაც მხატვრის ნახატს მოგვაგონებს, რომელზეც ძალიან ლამაზი და უმშვენიერესი ფერები იკვეთება. ეს მცენარე გვხვდება სხვადასხვა ფერის ყვავილებით.
– სად შეიძლება ამ ულამაზესი მცენარის შეძენა საქართველოში?
– ფსევდერანტემუმი ჩამოაქვთ უცხოეთიდან, ტორფში ჩარგული. თუ ახალჩამოტანილ მცენარეს, შეიძენთ, აუცილებლად გადარგეთ ჩვეულებრივ ნიადაგში, რადგან ტორფში დარჩენის შემთხვევაში, მცენარე გაფუჭდება.
– რამდენ ხანში ერთხელ ირწყვება ეს მცენარე?
– ზაფხულში მას სჭირდება თითქმის ყოველდღიურად მორწყვა. ამ დროს ტემპერატურა მაღალია და მცენარეს მეტი ტენი სჭირდება, ხოლო ზამთარში – 7-10 დღეში ერთხელაც საკმარისი იქნება. გაითვალისწინეთ, ასევე, რომ ზაფხულში ხშირი დანამვა მასზე კარგად იმოქმედებს.
– რა ტემპერატურა და როგორი ადგილი მოსწონს ფსევდერანტემუმს?
– მცენარე უნდა დადგათ ისეთ ადგილას, სადაც მოხვდება გაფანტული მზის სხივები და ნახევრად ჩრდილი იქნება. ზაფხულის ცხელი დღეები არ აწუხებს მცენარეს, ხოლო ზამთარში, ტემპერატურა 16 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თქვენი ფსევდერანტემუმი მოიწყენს და ფოთლებსაც ჩამოყრის.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– ფსევდერანტემუმი თესლით ამოდის. მისი თესლი სწორედ ამ სეზონზე უნდა დამწიფებულიყო. ნოემბრის 20 რიცხვიდან მისი თესლი იწყებს დამწიფებას, ამიტომ გირჩევთ, ტემპერატურას ძალიან არ დაუკლოთ. თესლის დასამწიფებლად დაბალი ტემპერატურა საკმარისი არ იქნება. მისი დათესვა კი შესაძლებელია თესლის აღებიდან 5 დღის განმავლობაში. დათესვა ამ პერიოდში უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ თესლი აღმოცენების უნარს დაკარგავს.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა და გასხვლა?
– ფსევდერანტემუმი ირგვება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. მას არ აქვს ფუნჯა ფესვი, ამიტომ მისი გადარგვა რთული პროცესი ნამდვილად არ არის. ის ექვემდებარება გასხვლასაც და შიგნიდან გამოთხელებას.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას?
– ყვავილობის პროცესში, წყალი ზემოდან არ დაასხათ, რადგან ყვავილები დაუზიანდება. მას ემტერება ბუგრი და ფარიანა. ამ მავნებლების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ მიკალის ხსნარი და დეცისის ექსტრა ორი კვირის განმავლობაში. გაზაფხულსა და შემოდგომაზე სასურველია, დამატებითი მკვებავების შეტანა ფსევდერანტემუმის ნიადაგში. მცენარის გამოკვება სასურველია აზოტი-კალიუმის ზეჟანგითა და ფოსფატით. ამ მცენარეს დამატებითი ყურადღება არ დასჭირდება, გარდა იმისა, რომ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული პირობები.