სად აღმოაჩინეს არქეოლოგებმა სპილოს და მამონტის ეშვისგან დამზადებული ბისერები და როგორ შეისწავლა მაია მირიანაშვილმა ბისერებით ქსოვა
როდესაც მაია მირიანაშვილის ბისერებით ნაქსოვი ნამუშევრების კოლექციის შესახებ შევიტყვე, სასწრაფოდ შევუდექი მისი ადგილსამყოფლის მოძიებას. მალე აღმოვაჩინე კიდეც – თბილისის ¹29 საბავშვო ბაღში. ჩვენი რესპონდენტი იქ მუსიკის პედაგოგად მუშაობს. საახალწლო ზეიმისთვის მზადება შევაწყვეტინეთ, რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის ქალბატონ ლალი ნოზაძის „ხელშეწყობით“, რომელმაც ინტერვიუს ჩასაწერად წამებში მოგვიწყო და შეგვიქმნა შესაფერისი ატმოსფერო. ჩვენც ინტერვიუს ჩაწერას მაშინვე შევუდექით.
– ქალბატონო მაია, საიდან იღებს სათავეს ბისერებით ქსოვის ტექნოლოგია?
– არქეოლოგები თითქმის მთელ მსოფლიოში პოულობენ წვრილ-წვრილ მძივებს. მათ შორის აფრიკაში, კერძოდ, კენიაში უძველესი სამარხია აღმოჩენილი, სადაც მამონტისა და სპილოს ეშვისგან დამზადებული ბისერებით შექმნილი ნაკეთობებია აღმოჩენილი. ცნობილია, რომ ინდიელებიც მშვენიერ კალათებს წნავდნენ ბისერით, თან იმდენად მჭიდროს, რომ მასში წყალიც, რომ ჩაგესხათ არ გადიოდა. ამიტომ საკვებსაც მასში ამზადებდნენ. საქართველოში ეს ტექნოლოგია ძირითადად მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა რუსეთიდან. მანამდე, ჩვენში ბისერებით ნაქარგობა კი გვხვდება, მაგრამ ნაქსოვები უფრო მოგვიანებით გაჩნდა. მე ეს ქსოვითი ტექნოლოგიები გამოვიყენე ქართული ეროვნული ნამუშევრების შესაქმნელად. თუმცა, კლასიკურ თემებზეც ვმუშაობ.
ერთი საქმეა ამ ტექნოლოგიის შესწავლა და მეორე – თვითონ შენ რას შექმნი მათზე დაყრდნობით.
– მართალი ბრძანდებით. კარგად რომ გაართვით თავი „ერთსაც“ და „მეორე“ საქმესაც, ამის ნათელი დასტური თქვენი კოლექციაა. მუსიკოსმა მაია მირიანაშვილმა როგორ შეისწავლა ბისერებით ქსოვის ხელოვნება?
– მე გახლავართ ხელოვანთა ოჯახიდან. მამა მხატვარი მყავდა, დედა – არაჩვეულებრივი, „ოქროსხელება“ ადამიანი, – ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა... ასევე ბებიაც. თუმცა, მათ ცხადია, არ იცოდნენ ბისერებით ქსოვა. 90-იან წლებში ვეზიარე ამ ხელოვნებას სრულიად შემთხვევით. ჩემი მეგობარი ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან. იქ უსწავლია რამდენიმენაირი მარტივი ნიმუშების შექმნა და როდესაც მაჩვენა, ძალიან დავინტერესდი. ცოტა რამ შემასწავლა კიდეც. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, უფრო გამეფართოვებინა ჩემი ცოდნისა და ინტერესის არეალი ამ საქმეში და შემექმნა ქართული სამკაულები და სუვენირები. ამისთვის, დავიწყე სქემების დამუშავება.
თავდაპირველად, ეს საქმიანობა ჩემთვის იყო როგორც ჰობი, გატაცება. შემდეგ უკვე თანდათან პროფესიონალური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. შევეცადე ბოლომდე შემესწავლა ის, ანუ მოყვარულის დონეზე არა და ამისთვის, სპეციალური განათლება მივიღე. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გახლავართ, ასე რომ არ გამიჭირდებოდა ფერების შერჩევა. დავდიოდი სამების ტაძარში. გავეცანი უფრო ღრმად, თუ რა ფერები დომინირებს ტრადიციულ ქართული გამოყენებით ხელოვნებაში.
– რა ფერები?
– მუქი შინდისფერი, თეთრი, შავი, ოქროსფერი, მუქი ლურჯი, რომელსაც „ინდიგოს“ უწოდებენ. დედაჩემისგან ვიცი, რომ საღებავი ინდიგო ინდოეთიდან შემოდიოდა აბრეშუმის გზით და მის სანაცვლოდ აქედან გაჰქონდათ ენდრო. ინდიგო ძვირფას საღებავად ითვლებოდა და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მან ჩვენში.
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს კოლექციას ნახულობენ?
– მოსწონთ და ძალიან ხშირად წამოიძახებენ ხოლმე „დედა, რა ნერვი გაქვს“! ნერვი აქ არაფერ შუაშია. მთავარია, საქმისადმი ძალიან დიდი სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ცოდნა და სულ ბოლოს ნერვები.
– როგორც ვხედავ, „ვერსაჩეს“ ცნობილი ორნამენტიც მოგწონთ. ბევრ ნამუშევარში გაქვთ გამოყენებული.
– ეს არ არის ვერსაჩეს ორნამენტი, ეს არის ძველი, საუკუნეების წინ გამოყენებული ორნამენტი, რომელიც გვხვდება როგორც ქართულ, ასევე ბერძნულ კულტურაში და ამ ორნამენტს ეწოდება „მეანდრი“. მინდა გითხრათ, რომ სულ პატარა, თითქმის უმნიშვნელო დეტალი აქვს ჩამატებული ვერსაჩეს.
– რა პერიოდს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
– არის ურთულესი ნამუშევრები, რომლებიც მოითხოვს 6-7 თვეს, შესაძლოა მთელ წელსაც. მაგალითად, ეს ჰალსტუხი, რომელიც შესრულებულია შავი მარგალიტით, როდონითა და მარჯნით, მთელი წლის განმავლობაში იქმნებოდა. არის ისეთი ნამუშევრები, რომელსაც ერთ კვირაში დაასრულებ. ასეთია აი, ეს გრეხილები. ზოგიერთი ნიმუში კოლექციისთვის იქმნება რაღაც მოვლენის შედეგად – შთაგონების შემდეგ. ეს იქნება ფესტივალი, კონცერტი თუ სხვა რამ. სწორედ ამის შედეგად შევქმენი „რიოს კარნავალი“, ეს „შემოდგომაა“, ამ გულქანდას „ხევსურული ბალადა“ დავარქვი.
ჩემი კოლექციის ნიმუშების უპირატესობა ის არის, რომ მასალა მის შესაქმნელად ჯდება იაფი. შესაძლოა, ნიმუშის თვითღირებულებამ არ შეადგინოს დიდი თანხა, მაგრამ ამ დროს იქმნება ძალიან ძვირად ღირებული რამ. როგორც მხატვრის დახატული ტილო არ შეიძლება, შეფასდეს საღებავების ღირებულებით – შესაძლოა კაპიკები ღირდეს ის საღებავები, რომლითაც დახატულია ის, მაგრამ იყოს შედევრი. ასეა აქაც. ბისერებთან ერთად ძვირფას ქვებსაც ვიყენებ: ფირუზს, მარგალიტს, ქრიზოლითს, მალაქიტს და ასე შემდეგ.
– ეს განსხვავებული სასმისებია ქართულ სტილში შესრულებული.
– ამ სასმისების შესაქმნელად ქვევრები სასურველი ზომისა და ფორმის რომ აღმომეჩინა, მთელი წლის განმავლობაში ვეძებდი. ეს ამბავი ჩემს მეგობართან, ნანა ნიორაძესთან ვახსენე, რომელიც გახლავთ, ცნობილი ირმა ნიორაძის და. ერთ მშვენიერ დღეს, სურამში ვისვენებ და ნანა მირეკავს: მაიკო, შროშაში გამოვიარე და შენ რომ გინდოდა, ისეთი ქვევრები მომაქვს შენთვისო. ჩამომიტანა და გამახარა. პირველი სასმისი კოლექციაში განვათავსე, მეორე კი ჩემს მზრუნველ მეგობარს ვუსახსოვრე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მის ოჯახში ინახება ჩემი მოკრძალებული საჩუქარი. დროთა განმავლობაში, ჩემი სასმისები ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ქართველ თამადებს შორის.
ერთი ისტორია მახსენდება ამ ქვევრებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ გამოფენაზე, როდესაც მისმა უწმიდესობამ დაათვალიერა ჩემი კოლექცია, მას უკან მოსდევდნენ ჩოხოსნები. ეს გამოფენა ჩატარდა საპატრიარქოში. არ დამავიწყდება, ისეთი ამაღელვებელი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთმა ჭარმაგმა, თეთრმა ჩოხოსანმა დასტაცა ამ ქვევრს ხელი და დაკოცნა. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის. ისეთი გაოცებული დავრჩი. რაღაცნაირად, მივეჩვიე ამ კოლექციას, ყოველდღე თვალი უყურებს, მე თვითონ ვქმნი და ამ დროს, მის დანახვაზე ხალხს ამგვარი რეაქცია აქვს. ესე იგი, რაღაცად ღირებულა ეს ჩემი შრომა-მეთქი, გავიფიქრე.
– ხშირად გაგიჩუქებიათ?
– რაც დამზადებული მაქვს, ალბათ, ხუთი იმდენი გამიჩუქებია.
– დღეისთვის რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ?
– 150-მდე, მათ შორის 30-40 საავტორო ტექნოლოგიითა და ორნამენტებითაა შექმნილი.
– საყვარელი ფერები გაქვთ?
– მიყვარს ჩვენი დროშის ფერები, – თეთრი და წითელი, ასევე შემოდგომის ფერები. მე თვითონაც შემოდგომაზე ვარ დაბადებული – ოქტომბერში, მაშინ როცა, წითელ-ყვითელ-ალისფერია ბუნება. შესაბამისად, წლის დროებიდანაც შემოდგომა მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ლამაზია, ხშირად მითქვამს – გაზაფხული ლამაზია, მაგრამ მშიერი, შემოდგომა – ლამაზია, თან ბარაქიანი. რა მაგისი პასუხია და ზოდიაქოთი სასწორი ვარ და იქაც ასეა, ყველაზე პოეტური და ინტელექტუალური ფასეულობებით სავსე ზარდახშა ვარსკვლავებმა დაუტოვეს, ჯერ სასწორს და შემდეგ ეწვივნენ სხვა ნიშნებსო.
– რამდენი წლისაა ეს კოლექცია?
– 10 წლის იქნება.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– სიხარულს, ბედნიერებას, ნებაყოფლობით ტანჯვას. ეს კოლექცია დიდი თერაპიაცაა ჩემთვის. როდესაც ჩავიკეტები და მასზე ვმუშაობ, ყველაფერი მავიწყდება, თუ რაიმეზე განერვიულებული ვიყავი, ან ნაწყენი... ამ შრომას მოაქვს უდიდესი სიამოვნება, არა მარტო ჩემთვის, არამედ მათთვის, ვინც ჩემს კოლეციას ნახულობს.