კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სულიერი ტრავმა მიიღეს რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ და როგორ ცხოვრობდნენ ბედნიერად ისინი 25 ლარად

ყველაზე წარმატებული ქართული დუეტი ახალ წელს საქმიანად ხვდება. ეს დღეები მომღერლებისთვის ყოველთვის ძალიან დატვირთულია და არც რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე არიან გამონაკლისები. კონცერტიდან კონცერტზე მიდიან, მღერიან და მუშაობენ მაშინ, როდესაც ყველა ერთობა. მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი სიმღერები რომ უყვართ, არასდროს ღლით და ახალ წელსაც ემოციებით ივსებიან.

რატი დურგლიშვილი: ძალიან კარგი, როგორც იტყვიან, ნაყოფიერი წელი გვქონდა. მამაჩემის ორი სიმღერა ჩავწერეთ, რომელიც, საბედნიეროდ, გაგვიჰიტდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. წელიც ძალიან კარგად დაიწყო. როდესაც „ესა-მესა” ჩავწერეთ, უამრავ ადამიანს გავუხალისეთ ცხოვრება და გავახარეთ. მთელი წლის განმავლობაში უამრავი სითბო ვიგრძენით და მადლობა მოვისმინეთ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენი სიმღერები უყვართ და მოსწონთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბომი დავხურეთ უკვე, სადაც ჩვენი სიმღერები და მხოლოდ ორი მსოფლიო ჰიტი შევა. ეს არის პირველი ალბომი და ვფიქრობ, უნდა გაამართლოს, რადგან უამრავი ადამიანი ეძებს ჩვენს ალბომს და უნდა ყიდვა. 09-დანაც ხშირად დაურეკავთ ჩვენთვის, მუსიკალური მაღაზიებიდანაც და გვეუბნებიან, რომ ადამიანები ჩვენს ალბომს კითხულობენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვუყვარვართ და ეს გვანიჭებს ბედნიერებას.

– როდესაც საახალწლო ჰოროსკოპს კითხულობ, იქ ცალ-ცალკე წერია – როგორი იქნება ეს წელი შენთვის კარიერის, ჯანმრთელობის, სიყვარულის და ფინანსური კუთხით. მოდი, თქვენ მომიყევით რა ხდებოდა ამ მხრივ?

მაკა ზამბახიძე: ჯანმრთელობის მხრივ რაღაც ისეთი სერიოზული პრობლემა არ ყოფილა, არც ჩემთან და არც ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.

რატი: ეს ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ სამეგობროში ორი ძალიან დიდი დანაკლისი იყო, დიდი ტრაგედია, რომელიც მე და მაკამ, ჩვენმა მეგობრებმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. ეს ჩვენი სულიერი ტრავმაა, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს და სულ გვემახსოვრება.

მაკა: სანდროს გამო (დავით ილურიძის ბენდის წევრი) ჩვენ „თუ საიდში” მუშაობაზე უარი ვთქვით, რადგან იქ ერთად გვქონდა ყველაფერი დაწყებული. სულ ერთად ვიყავით, ვმუშაობდით თუ არა. ამიტომაც შევიცვალეთ კლუბი და ახლა სხვაგან ვმღერით. ფინანსური თვალსაზრისით კი, ამ წელს, ნორმალურად იყო ყველაფერი. გვქონდა კონცერტები, ივენთები, კარგი საღამოები. შემოსავალიც გვქონდა და გვაქვს ისე, ნორმალურად რომ ხარ, არც ზედმეტი არ გაქვს და არც წუწუნებ. საშუალოდ ვართ. ისე, წინა წლებთან შედარებით დიდი ზრდა გვაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი. იურმალას შემდეგ სტაბილურად მოვდივართ. ჯერჯერობით ისეთი, რაღაც გრანდიოზული თანხა გადაეხადათ ჩვენთვის, ან ვიღაცის სახე გავმხდარიყავით, არა. ნელი სვლით მივდივართ.

– წლის ბოლოს ძალიან ლამაზი კლიპი გააკეთეთ.

რატი: ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ რუსა მორჩილაძის ახალი სიმღერა გვემღერა, რომლითაც თბილისს წარადგენდნენ ბელგრადში. იქ მიმდინარეობდა ქალაქის არჩევა მომავალი ოლიმპიური ფესტივალისთვის. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ბელგრადში ჩავედით და ოცდაექვსი ქულით მოვიგეთ. 2015 წელს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

– სიყვარული?

მაკა: სასიყვარულო ურთიერთობებისთვის სადღა გვცალია, სადღა (იცინიან). ვახომაც დაიწყო მუშაობა და სამსახურში ძალიან გადატვირთულია. დილით ადრე იწყებს მუშაობას და გვიან ამთავრებს. ამიტომ, სულ ვცდილობ, შაბათ-კვირა მაინც ერთად და ლამაზად გავატაროთ – ქალაქიდან გავიდეთ ან რაღაც მსგავსი. იმ დღეს კაფეში დამპატიჟა, წყნარად ვისხედით ჩვენთვის, ვიჭუკჭუკეთ და კმაყოფილი იყო, კარგად გავატარეთ დღევანდელი დღეო. ისე, როგორც ადრე იყო, მთელი დღეები ერთად რომ ვიყავით, აღარ გამოდის. აქეთ ჩვენც საახალწლო ქარბორბალაში გავეხვიეთ და გიჟებივით დავდივართ. ახალი წლის ღამეს რამდენიმე ადგილას ვიმღერებთ. უპირველესად, რა თქმა უნდა, თავისუფლების მოედანზე, „ჯორჯიას” ახალ სიმღერას შევასრულებთ და მერე დავიწყებთ გადარბენას.

რატი: ჩემთვის სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ ეს წელი კარგი და დადებითი არ იყო. და ისევ ჩემგან გამომდინარე. არ მქონდა ამის სურვილი. მე და მაკას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს...

– მაკამ თუ მოიცალა, შენ რატომ ვერ იცლი?

– ზუსტად იმიტომ, რომ ეს მაკაა, მე – რატი. მას სხვა ტვინი აქვს, სხვანაირად ფიქრობს. მე ვერ ვერევი ამ ყველაფერს ერთად (იცინიან).

მაკა: გაჩერდი ერთი, არც გამოჩენილა ისეთი ვინმე, რომ სურვილი გაგჩენოდა მასთან ყოფნის.

რატი: ალბათ, ასეც არის. როდესაც ვიღაც ისეთი გამოჩნდება, ვინც შენს გეგმებს რადიკალურად შეცვლის და ვეღარაფერზე იფიქრებ, ყველაფერი ბუნებრივად და ლამაზად მოხდება.

– არ დაიღალეთ ერთმანეთით?

– როგორ შეიძლება, ოჯახის წევრისგან დაიღალო?! ვერ წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, ვკამათობთ თუ არა, ვჩუხუბობთ თუ რას ვშვრებით, რა უნდა მოხდეს, რომ მაკას ნახვა არ მინდოდეს. ამასაც სიტყვაზე ვამბობ, სერიოზულად არც გვიჩხუბია არასდროს. სულ მიყვარს, სულ ჩემიანია.

– სულ რომ ყვირის.

– (იცინიან) კი არ ყვირის, ხმამაღლა ლაპარაკობს. ყველას გვაწუხებს და ვეხვეწებით, დაუწიე ხმას, არ ვართ ყრუები, მაგრამ არ ესმის.

მაკა: კი არ ვყვირი, ემოციურად ვლაპარაკობ (იცინიან).

– მოდი, მომიყევით, რომელი იყო თქვენთვის დაუვიწყარი ახალი წელი?

– ბაკურიანი. მაშინ ჯერ ცნობილი და პოპულარულები არ ვიყავით. „ბომჟები” ვიყავით (იცინიან). ბრჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა. საახალწლო კონცერტზე სვიტერი და ჯინსი მეცვა, არანაირი კაბა, ვარცხნილობა და მაკიაჟი.

რატი: მაშინ ძალიან გვიჭირდა და დათო ილურიძემ შემოგვთავაზა, წავსულიყავით და იქ ჩაგვეტარებინა კონცერტი. საკმაოდ დიდი ჰონორარი გადაგვიხადეს, თუ არ ვცდები 700 დოლარი და ჭკუაზე არ ვიყავით.

მაკა: ყველაზე ბედნიერები ვიყავით. ამიტომაც ვამბობ სულ, რომ მხოლოდ ფულში არ არის ბედნიერება. წელს შესაძლოა, გაცილებით მეტი ჰონორარი ავიღოთ, ეს ახალი წელიც გვიხარია და იმედიანად ვართ, მაგრამ აი, გადაღლისა და დაქანცვის მეტი შეგრძნება არ მრჩება. უკვე მეხუთე კონცერტზე რომ მიდიხარ, ვალდებული ხარ ისევ იმ შემართებით იყო, ხალხს უმღერო და ახალი წლის ღამე გაუხალისო. უკვე მართლა მხოლოდ დაქანცულობას ვგრძნობ. ჩვენც გვინდა, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ყოფნა. სცენიდან რომ ვუყურებ, მეგობრების დიდი წრე როგორ ერთობა, როგორ უხარიათ ერთმანეთთან ყოფნა, მეც მინდა სხვა სიტუაციაში ვიყო. არადა, ჩვენი სამეგობრო სულ გაფანტულია.

რატი: მეგობრებს ისე უნდათ ჩვენთან ყოფნა, სადაც იმღერებთ, ჩვენც იქ მოვალთო. მაგრამ, ამასაც ვერ ვახერხებთ, რამდენიმე ადგილას ვართ და მთელი ღამე კალიებივით დავხტივართ. ერთ ადგილზე, ალბათ, დილის ექვს საათზე დავფუძნდები-მეთქი.

– ვახო რას შვრება ამ დროს?

მაკა: ვახოც ჩვენ დაგვყვება.

რატი: ამიტომაც ვამბობთ სულ, რომ მხოლოდ ფულში არ არის ბედნიერება. ადრე მინიმალური ანაზღაურება გვქონდა – როგორ გვყოფნიდა ან როგორ რას ვახერხებდით... თუმცა, მახსოვს, რომ არაფერს ვიკლებდით. ვხუმრობდით, გვიხაროდა, სულ მეგობრებთან ერთად ვიყავით.

მაკა: ახლა თითქოს უფრო მეტი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ნაკლებად გვყოფნის. ოცდახუთ ლარად მე და რატი თავზე ვიმხობდით ყველაფერს. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ვინმეს რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, მაგრამ ჩვენ ვიყავით ასე. რესტორანშიც დავდიოდით, ბარში ვსადილობდით, ნამცხვრებსა და სალათებს ვჭამდით. საღამოობით, როცა ვმღეროდით თითო ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს დავლევდით და გვიხაროდა მუშაობა.

რატი: მიხარია, რომ ეს ცხოვრება გამოვლილი გვაქვს. მართლა შეიძლება, ამ ყველაფერზე ფილმის გადაღება. ბევრი უცხოური ფილმია, სადღაც ბარიდან აჰყავთ მომღერლები და ვარსკვლავებად აქცევენ. ზუსტად იგივე დაგვემართა ჩვენც. „ს კარაბლია ნა ბალ”, – რომ იტყვიან. თუმცა, თავმოყვარეობა არასდროს დაგვიკარგავს. ყოველთვის ვმუშაობდით ძალიან ბევრს, მაქსიმუმს ვაკეთებდით და ღმერთის წინაშე, მართლები ვიყავით. ეს შრომაც უფალმა დაგვიფასა.

მაკა: ოცნება გვქონდა, რომ ჩვენი ჰიტი გვქონოდა. სულ გვიკვირდა, ეს მომღერლები როგორ აღწევენ ამდენს, ამდენი ჰიტი რომ აქვთ, მათი სიმღერები ყველამ ზეპირად იცის, ყველა ღიღინებსო. როგორი გამართლებაა ასეთი სიმღერის ჩაწერა, რომ ბავშვიდან დაწყებული მოხუცით დამთავრებული, ყველამ იცის შენი სიმღერა. და ეს ოცნებაც აგვიხდა. „ესა მესა” ზუსტად ასეთ სიმღერად იქცა და შოკი მივიღეთ. ვაჟა ბიძია ძალიან, ძალიან მაგარი კომპოზიტორია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ყველაფერი შრომით მოდის. ჩვენც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და დაგვიფასდა.

რატი: დღეს მეცინება ხოლმე, რაღაცეებზე პრეტენზიები თუ მიჩნდება. ეგრევე უკან ვიხედები და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, საერთოდ არ მქონოდა. ძალიან ბევრი შეცდომა მომდის დღესაც, ბევრ ჭორს ვარ აყოლილი, რაღაც მითქვამს, რაც არ უნდა მეთქვა და ამას დღეს ვნანობ. გამოუცდელი ვიყავი მაინც. უფრო გავიზარდეთ, მაგრამ წარსულს არ ვივიწყებთ.

– კურდღლის წლისგან რას ელოდებით?

მაკა: ვინაიდან თქვენს ჟურნალში კურდღლები ვართ, იმედი გვაქვს, მას ეს ყველაფერი მოეწონება და კარგი წელი გვექნება.

რატი: მთელ ქვეყანას მინდა, სიმშვიდე ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მშვიდობა იქნება და შემდეგ უკვე ყველაფერი კარგი თავისთავად მოხდება.


скачать dle 11.3