კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხვდებიან „სეიშენის“ ბიჭები ახალ წელს მუდმივად სხვადასხვა ტრასაზე და რაში გააქტიურდნენ ისინი ისე, როგორც არასდროს

ჯგუფი „სეიშენი“ საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და არაერთი ჰიტი უჩუქებია თავისი მსმენელისთვის. ზაზა ბანძელაძე, ლევან წვერავა, ჯიმი ფხაკაძე, და ლაშა აბზიანიძე - 13 წლის ასაკიდან ერთად მოდიან და დღემდე უცვლელი შემადგენლობით არიან ჯგუფში. მართალია, „სეიშენს“, გარეკვეული პერიოდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, მაგრამ, ისინი გაორმაგებული ენერგიით დაბრუნდნენ ქართულ შოუ-ბიზნესში და მსმენელსაც ბევრ სიახლეს ჰპირდებიან.



– თითქმის წელიწად-ნახევარი შემოქმედებითი პაუზა გქონდათ, ახლა კი ძალიან ენერგიულად დაიწყეთ მუშაობა. სად იყავით მთელი ამ დროის განმავლობაში?

ლევანი: პაუზა იმიტომ გვქონდა, რომ დავოჯახდით. ჯიმი მანამდეც იყო დაოჯახებული – ზოგმა მეორედ შექმნა ოჯახი, ზოგმაც – პირველად.

ზაზა: ჩვენი პაუზა ნაწილობრივ მართლაც დაოჯახებას უკავშირდება, ნაწილობრივ კი, შოუ-ბიზნესში შექმნილ სიტუაციას. მარტო ჩვენ კი არა, ძალიან ბევრ მომღერალს ჰქონდა გარკვეული დროით შემოქმედებითი პაუზა. ახლა კი, ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ჯგუფი „სეიშენი“ ისე გააქტიურდება, როგორც არასდროს. ამას 100 პროცენტით გპირდებით.

ლაშა: ვიღაცას უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, ამ შემთხვევაში კი ის ვიღაც ჩვენ აღმოვჩნდით.

ლევანი: მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს.

ჯიმი: მართალია ასპარეზზე არ ვჩანდით, მაგრამ ამ დროის განმავლობაში „სეიშენი“ მაინც არ გაჩერებულა. ვმუშაობდით სტუდიაში, ვწერდით ახალ სიმღერებს, შევქმენით ორი სიმღერა უცხოურ ენაზე და რამდენიმე ქართული სიმღერა. თუ რაიმე, ფართომასშტაბიანი კონცერტი ტარდებოდა საქართველოში ყველგან ვმღეროდით. ასე რომ, მთლად გაჩერებულები „სტოპ“ რეჟიმში არ ვყოფილვართ.

– რაც შეეხება თქვენს ახალ ნამუშევარს, ანუ ახალ კლიპს – ოთხი სანტა კლაუსი, ეს უკვე საინტერესოა.

ლევანი: გადავწყვიტეთ ჩვენი ახალი კლიპით უპირველესად, ბავშვები გაგვეხარებინა. როცა ბავშვი ერთ თოვლის ბაბუას ხედავს, აღფრთოვანებულია და წარმოიდგინე, ოთხს ერთად რომ დაინახავს, რა ემოცია ექნება. ეს სიმღერა გასულ წელს ჩავწერეთ, კლიპზეც გასული წლიდან ვმუშაობთ.



ზაზა: კლიპში მთავარი გმირი ბავშვია, რომელსაც ოჯახი არ აქვს და ასე ვთქვათ, უპატრონოა. გვინდოდა, იმ ბავშვის გული გაგვეხარებინა, რომელსაც ყველაფერი აკლია და რაც ცხოვრებამ დააკლო, ჩვენ მიგვეცა მისთვის. მოკლედ, ძალიან კეთილი კლიპია.

– ისე აქტიურად დაბრუნდით შოუ-ბიზნესში, რომ სავარაუდოდ, ამ ერთ კლიპზე არ გაჩერდებით.

ლაშა: რა თქმა უნდა, ერთ კლიპზე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. უკვე დაწყებული გვაქვს ახალ კლიპზე მუშაობა, თემა თითქმის ჩამოყალიბებულია, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს და ახალი წლების შემდეგ დავიწყებთ კიდეც გადაღებას.

ზაზა: ალბათ, უფრო 14 იანვრის შემდეგ, რადგან მანამდე, ისევე როგორც ყველა ხელოვან ადამიანს, ჩვენც დატვირთული გრაფიკით გვიწევს მუშაობა. ამ სიმღერაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან ოთხივესთვის ძალიან საყვარელია და ვფიქრობთ, კლიპიც ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს.

ლევანი: გვაქვს კიდევ ერთი ინგლისურენოვანი სიმღერა „ლეიდი,“ რომელიც ასევე ძალიან კარგია და მასზეც ვგეგმავთ ვიდეოს გადაღებას.

ზაზა: ანუ, „გასაკლიპებლად“ გამზადებული გვაქვს ერთი ქართული და ერთიც უცხოენოვანი სიმღერა. ვფიქრობთ, რომ ორივე ძალიან წარმატებული იქნება.

– „სეიშენი“ ყოველთვის პოპულარული ჯგუფი იყო და ყველამ იცის, რომ თქვენთვის ცოცხლად სიმღერა რთული და უცხო არ არის, რაც დღეს არცთუ ისე ხშირია.

– როცა აღნიშნავენ იმას, რომ „სეიშენი“ ცოცხლად მღერის და ამას ხაზს უსვამენ, ეს ჩვენთვის მართლა გასახარია. ჩვენთვის ცოცხლად სიმღერა რთული არ არის. 13 წლის ასაკიდან ერთად, ცოცხლად ვმღერით ოთხივე. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და ეს ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე ჩამოყალიბდა. როცა სიმღერა დავიწყეთ და ჯგუფი „სეიშენი“ შეიქმნა, იმ დროს ქუთაისში იმის საშუალება არ არსებობდა, სტუდიაში პლუს ფონოგრამა ჩაგვეწერა, ამიტომ ყოველთვის ცოცხლად გვიწევდა სიმღერა. ასე რომ, შემიძლია, ამაყად ვთქვა, „სეიშენისთვის“ ცოცხლად სიმღერის პრობლემა არ არსებობს.

– პრინციპში, „სეიშენის“ ინტერვიუ, როცა ჯგუფის ოთხივე წევრი დაოჯახებული ხართ, პირველად იწერება. არის ფაქტები, როცა პოპულარული ჯგუფის წევრები ოჯახდებიან, ეს მათ თაყვანისმცემლებზე უარყოფითად აისახება. ამ მხრივ რა ხდება თქვენთან?

ლაშა: ნურას უკაცრავად (იცინის). ოჯახები რომ გვაქვს, ყველამ იცის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თაყვანისმცემლები არ უნდა გვყავდეს. შეიძლება იმ დოზით აღარ გვაქვს მანდილოსნებთან ურთიერთობა, როგორც ადრე, მაგრამ ეს ჩვენს პოპულარობას ხელს არ უშლის.

ზაზა: შეიძლება, არსებობდეს ის კატეგორია, რომლისთვისაც ჩვენი დაოჯახება სახარბიელო ფაქტი არ იყოს, რადგან წარმოსახვაში გარკვეულ იმედებს ამყარებდა რომელიმე ჩვენგანზე. მაგრამ, ის კატეგორიაც არსებობს, რომელთათვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ დაოჯახებული ვიქნებით თუ თავისუფლები.

ჯიმი: ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანი დაოჯახებულია თუ არა. პირიქით, თუ მომღერალი დაოჯახებულია და ბოლომდე იზიარებს ოჯახურ პასუხისმგებლობას, ის უფრო სუფთა და სანდოა. ამ შემთხვევაში მას არ აწუხებს ვნებები და უფრო გახსნილია თავის თაყვანისმცემლების მიმართ. თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ.

ლევანი: ჩვენი ძირითადი მიმართულება შემოქმედებითი ზრდაა, რადგან წლების განმავლობაში სულ ვმუშაობთ და მუდმივად რაღაც ახალს ვეძებთ. გვინდა, არც დროს და არც შემოქმედებას არ ჩამოვრჩეთ. დღეს საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ თავად უნდა გაუგო დღევანდელობას და მოერგო მას. მადლობა ღმერთს, „სეიშენს“ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია, მუშაობა. გვინდა, ინგლისურენოვანი ალბომი ჩავწეროთ, ასევე – ქართული, თანამედროვე სიმღერებით გაჯერებული, რომელზეც ლევან ლაზარიშვილთან ერთად ვმუშაობთ. ასევე, გვინდა კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა, რომელშიც შევა ლამაზი ქართული ქალაქური სიმღერები. ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს საქართველოში თუ მღერი, მაშინ ყველა ჟანრის სიმღერა უნდა გქონდეს ჩაწერილი.

– ხალხურ სიმღერებსაც კარგად მღერით და მის ჩაწერასაც ხომ არ გეგმავთ?

ჯიმი: ხალხურს პირდაპირ ვიმღერებთ.

– რაც შეეხება საახალწლო გეგმებს, როგორია?

ზაზა: გადავწყვიტეთ, ახალ წელს მშობლიურ ქალაქში ჩავიდეთ. მართლა ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ახალ წელს ქუთაისში არ შევხვედრივართ. წელს კი გადავწყვიტეთ, გეზი ქუთაისისკენ აგვეღო და კონცერტიც იქ გავმართოთ. ასე რომ, 2011 წლის მოლოდინში იმერეთს ვემსახურებით. მანამდე კი თბილისში გვექნება კონცერტები.

– აღნიშნეთ, რომ ძალიან გააქტიურდით. ანუ, ეს იმდენად მოინდომეთ, რომ დროსაც გაუსწარით?

ლაშა: ახლა ჯეკსონივით ვერა, მაგრამ ჩვენს სათქმელს ვიტყვით.

ზაზა: ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ვიზამთ, რომ დროს არ ჩამოვრჩეთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და პირობას გაძლევთ, რომ „სეიშენი“ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

– ახალი წლის ღამეს თითქმის ყველას აქვს საკუთარი ტრადიცია. თქვენ?

ლევანი: ორი წელია, რაც გზაში არ შევხვედრივართ ახალ წელს, თორემ სხვა შემთხვევაში, 12 საათზე ყოველთვის მანქანაში ვისხედით და დასავლეთის, ან აღმოსავლეთისკენ მივდიოდით.

ლაშა: ყველაზე მაგარს გეტყვით: ერთ ახალ წელს სამტრედიის ტრასაზე შევხვდით. მართალია, ოთხივე ერთად ვიყავით, მაგრამ მანქანაში ერთმანეთს ვურეკავდით და ვულოცავდით ახალი წლის დადგომას.

– თქვენს ერთგულ მსმენელს რას ეტყვით?

– იმ ახალი შემართებით, როგორც ჩვენ დღევანდელ ბაზარზე შემოვალთ, გვინდა, ზუსტად ისევე მიგვიღონ. მათ ძალიან, ძალიან ბევრ კარგ რამეს ვპირდებით.

ზაზა: და არასდროს გავჩერდებით. როცა 13 წლიდან ერთად მოვდივართ და დღემდე უცვლელია შემადგენლობა, უკვე აღარაფერი მოხდება. მივყვებით ცხოვრებას და ვიქნებით ასე. ასაკში რომ შევალთ, მერე „ოთხი გიას“ სიმღერებს ვიმღერებთ და ასე... ჩვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც სხვა და არსებობს მუსიკა.

ლაშა: მუსიკის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ყოფნა. იმიტომ კი არა, რომ სიმღერა ჩვენთვის საარსებო წყაროა, არამედ ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ.

ლევანი: თუ ბავშვები ოთხ სანტა კლაუსს ერთად დაინახავენ, მაშინვე უნდა მიხვდნენ, რომ ეს „სეიშენის“ ბიჭები არიან.


скачать dle 11.3