ვისთვის ინახავდა 7 თვის განმავლობაში საახალწლოდ შეფუთულ საჩუქრებს ქეთი ორჯონიკიძე და რა „შეტენა“ ქვედინებებით მან საკუთარ მეგობარს
ყველასგან გამორჩეულ და ნიჭიერ მომღერალს, ქეთი ორჯონიკიძეს წელიწადში ორ დღეს – ახალ წელსა და საკუთარ დაბადების დღეზე აქვს ყველაზე კარგი განწყობა და შესაბამისად, ცდილობს, ეს დღეები ხალისიანად, მეგობრების წრეში გაატაროს.
ქეთი ორჯონიკიძე: ვაპირებ ლექსების მეორე კრებულის გამოცემას, სახელი დარჩება წინა კრებულის: „იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე“. დიდი ხანია, ვაპირებდი კრებულის გამოცემას, მაგრამ გარკვეული წინაღობები იყო. სავარაუდოდ, ასი ლექსი შევა კრებულში და ჩემი მსმენელი, მკითხველი უკვე სხვა კუთხით და უფრო კარგად გამიცნობს. ბოლო დროს, სამწუხაროდ, შევწყვიტე წერა, შთაგონება მომაკლდა, მაგრამ იმედი მაქვს, ისევ მოვა.
– საახალწლო და შემდგომი პერიოდი, ალბათ, ძალიან დატვირთული გაქვს.
– ახალ წელს სოლო კონცერტი უნდა მქონოდა და ამის გამო ყველაფერზე უარის თქმა მომიწია. სოლო კონცერტი, სამწუხაროდ, ჩაიშალა, რადგან ბევრს ვუთხარი უარი და ძალიან ავირიე. მგონი, სოლო კონცერტი დათარსული მაქვს.
– როდისმე თავი გიგრძნია დათარსულად?
– მაინცდამაინც არ მჯერა ასეთი რაღაცეების. მაგრამ, ზოგჯერ მაქვს „შავი პალასა“, უიღბლობის პერიოდები. ერთხელ, მახსოვს, მთელი თვის განმავლობაში სადაც უნდა წავსულიყავი, სულ რაღაც მემართებოდა. არაფერი გამომდიოდა, ექვსი ტელეფონი დავკარგე. საოცრებები მემართებოდა, მანქანაში რომ ვჯდებოდი, ფუჭდებოდა. კომპიუტერთან რომ ვჯდებოდი, მაშინ ჭედავდა, სადმე ერთი გაფუჭებული სკამი თუ იდგა, იმაზეც მე უნდა დავმჯდარიყავი. ეს პერიოდი მერე თავისით გავიდა. სამწუხაროდ, იღბლიანი პერიოდები არ მაქვს ხოლმე, ქვას რომ ხელს დაადებ და ყველად გადაიქცევა. გამართლებასთანაც ცუდი დამოკიდებულება მაქვს. საქმეში თუ სისხლი არ ჩავანთხიე, არაფერი გამოდის. ცხოვრებაში ძნელად ვაღწევ ყველაფერს, ნერვებისა და დიდი შრომის ფასად. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვობაში ლატარიაში მთელი ერთი თვის განმავლობაში ვიგებდი 10 ლარს და მერე ის კაცი იმ ადგილიდან წავიდა. დედაჩემს ვაძლევდი 5 ლარს და 5 ლარით მე და ჩემი კლასი „ვგულაობდით“.
– როდესაც ცუდი პერიოდი გაქვს, იმ დროს, ალბათ, ძალიან ცუდ განწყობაზე ხარ.
– „ვიგრუზები“, მაგრამ მერე სიცილში გადამდის, მავიწყდება და გადამივლის ხოლმე. ადამიანი საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობით ყველაფერს ცუდს იზიდავს, პრობლემებს იქმნის. ამიტომ, სულ მეცინება, როგორ შეიძლება, ოთხასკაციან დარბაზში სკამზე დაჯდე და ისიც გატეხილი იყოს. ერთხელ მომივიდა „მაკდონალდსში“, ემოციურად დავჯექი და ასევე, ემოციურად დავვარდი ძირს. ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, არ იცოდნენ, გაეცინათ თუ არა.
– ახალი წლის მიმართ დიდი მოლოდინი გაქვს ხოლმე?
– დაბადების დღეს და ახალ წელს მაქვს კარგი განწყობა. წელს დაბადების დღის წინა პერიოდი არ მქონდა კარგი, მაგრამ მერე მშვენიერი განწყობა შემიქმნეს. კარგად გავერთე. როგორც კი ახალ წელზე საუბარს იწყებენ, მაშინვე ჩემს გულში იწყება ფორიაქი. ძალიან მიყვარს ნაძვის ხის აწყობა, სახლის მორთვა, ვგიჟდები. თან მიყვარს, როდესაც სახლში ბევრი ნაძვის ხეა, ჩემს ოთახში ყოველთვის დგას პატარა ნაძვის ხე, მისაღებში – დიდი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ახალ წელს გარეთ შევხვდი – სცენაზე ვიდექი და ცხარე ცრემლებით ვტიროდი. მირჩევნია, რომ 12 საათს სახლში შევხვდე და მერე წავიდე სადმე.
– სურვილებსაც ჩაუთქვამ ხოლმე?
– რამდენჯერაც სურვილი ჩავუთქვი, იმდენჯერ არაფერი ამსრულებია. საახალწლო სუფრასთან ვსხედვართ – მე, დედა, მამა და ჩემი ცუგა, სიმბოლურად აღვნიშნავთ ახალ წელს. მერე კონცერტებზე მივდივარ, რასაც არ გავაკეთებდი, სხვანაირ სიტუაციაში რომ ვიყო. ანუ, ვიქნებოდი სახლში, ან მეგობრებთან ერთად გავერთობოდი. არ მიყვარს არც ახალ წელს და საერთოდ, არასდროს აქეთ-იქით წოწიალი. ადრე მეგობრებს გვქონდა ასეთი ტრადიცია – ის მოდიოდა ჩემთან, მერე მე მივდიოდი მასთან, ანუ აქ ვსვამდით, იქ ვსვამდით, მერე სხვაგან მივდიოდით – იქ ვსვამდით, მერე ტაქსიში ვსხდებოდით, მძღოლს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ღვინო და იქაც ვაგრძელებდით. ადრე ახალი წელი მეორე ახალ წლამდე გრძელდებოდა, ახლა ამდენ ხანს აღარ გრძელდება. ყველა ფანჯარაში დგას „ტორპედოს“ მსგავსი რაღაცეები და მე და მამაჩემი ვისვრით.
– საახალწლო სამზადისში იღებ მონაწილეობას?
– ახალ წელს არავის უნდა მოწამვლა. ამიტომ, სამზარეულოში არ მიშვებენ. სამაგიეროდ, ტორტს ვაკეთებ ისე ემოციურად, ბეზე გამომდის იმხელა, გამოცდილი ტორტის მცხობელები რომ ვერ გააკეთებენ. თან, ღიმილით ვურევ, კარგ რაღაცეებზე ვფიქრობ და ამიტომ უფრო გემრიელი გამოდის, „ბედნიერ ტორტს“ ვეძახი. თუმცა, დიდი ხანია, აღარ გამომიცხვია.
– თოვლის ბაბუას მოაქვს ხოლმე საჩუქრები?
– თოვლის ბაბუის არასდროს მჯეროდა, თუმცა ძალიან მიყვარს ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები რომ მხვდება, რაც იშვიათად ხდება, უფრო პირდაპირ მაძლევენ. პულტიან მანქანებს, კომპიუტერის „რულს“ და ასეთ რაღაცეებს მჩუქნიდნენ. ბოლოს საშუალო ზომის მანქანა მაჩუქეს და ახლა ძალიან დიდს ველოდები – რომ შემოვახტები და ვივლი. მახსოვს, პატარა ვიყავი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი გავხდი. რომ ავიღე პირველი სტიპენდია, დეკემბრამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ ყველას ვუყიდე საჩუქარი, შევაფუთინე და 7 თვე მქონდა შენახული.
2012 წელს უფრო ველოდები. „დრაკონის“ წელიწადია და მე წლის ზოდიაქოთი დრაკონი ვარ. ამიტომ, ამ წელს გადავახტებოდი და პირდაპირ 2012 წელში აღმოვჩნდებოდი.
– ცეცხლებს ნამდვილად არ ისვრი.
– შინაური დრაკონი ვარ, მშვიდი, ცეცხლებს არ ვისვრი, მაგრამ თუ გავბრაზდი, მერე ცეცხლს რომ შემოვატარებ, ირგვლივ ყველაფერს ვწვავ. რაც ასაკში შევდივარ, უფრო მეტად ვემსგავსები ზოდიაქოს ნიშანს. დრაკონი ვარ და მშვილდოსანი, ორი ყველაზე მებრძოლი ნიშანი. ერთი რამ დავასკვენი, ხმაურიანობა, აგრესია არ ნიშნავს, რომ მებრძოლი ხარ. ის, რომ ჩემით და დედაჩემის მდგრადი სულისკვეთებით, აქამდე მოვედი, დღემდე ვინარჩუნებ იმას, რაც მოვიპოვე, მგონი, ეს არის მებრძოლი სული.
– ინტერვიუზე ორი კურდღლით მოხვედი, გაჩუქეს?
– 8 წლის ვიყავი და გერმანიაში მიყიდა დედამ. არასდროს მითამაშია, ახლა გამოვიყვანე პირველად სახლიდან. სულ სამჯერ მოვკიდე ხელი. ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ყოველთვის მეგონა, ჩემებს რამეს თუ ვთხოვდი, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებდი. დედაჩემს სულ დავყავდი გაჭირვებულ, ინვალიდ, უპატრონო ბავშვებთან, რომ მენახა, ისინი როგორ ცხოვრობდნენ, თან კონცერტებს ვუმართავდი. ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, მერე რაღაც რომ მომეწონებოდა, მათ წარმოვიდგენდი და ვფიქრობდი, ვაი და ვერ მიყიდოს, მერე ხომ ინერვიულებს-მეთქი. ეს კურდღელიც ძალიან მომეწონა, შოკში ჩავვარდი, ისეთი ფუმფულა იყო. დედაჩემმა მაშინვე მიყიდა, მაგრამ 16 წელია, პარკში დევს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაისვაროს. მეორე კურდღელი ახლახან მაჩუქეს. ცუდ ხასიათზე ვიყავი. ცოტა მოდებილო კურდღელია, მაგრამ საყვარელი. იმავე ადამიანმა მაჩუქა ნამდვილი კურდღელი, მაგრამ ეს არ იყო კურდღელი. ეს იყო მონსტრი, უზარმაზარი, კოკერ-სპანიელზე ცოტა პატარა, „სერი“, ხელში რომ ავიყვანე, ფეხების ქნევა ისე დაიწყო, რომ გადამაგდო. ჩემს ძაღლს ისე შეეშინდა, ოთახიდან გაიქცა. მე მინდოდა, პატარა ბაჭია და მაჩუქეს იმხელა კურდღელი, რომ ოთახიდან გამომაგდო და თვითონ დასახლდა. დედაჩემი შოკში ჩავარდა, სად წავიყვანოო. ამიტომ მითხრა, ან ამ კურდღელს გავუშვებ, ან შენ წახვალ კურდღლიანადო. თან, ყველა სიკეთესთან ერთად, ორსულადაც იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ქვედინებებით კურდღელი ჩემი მეგობრისთვის, უხეშად რომ ვთქვათ, „შეგვეტენა“. მივუყვანეთ, დავტოვეთ, მაგრამ მეორე დღესვე დაგვირეკა, წაიყვანეთ ეს კურდღელი, თორემ საერთოდ ავიღებ შენს მეგობრობაზე ხელსო. ახლა კუთხეში ვზივარ, მიფარებული მაქვს რაღაცა, მატერორებსო. თურმე, როგორც კი წამოვედით, დაგლიჯა ყველაფერი, კარადებზე დარბოდა. იმ ბიჭს ღამე არ ეძინა, რამე არ დამიშავოსო და ბოლოს ავდექით და სოფელში გავუშვით.