რისთვის ემზადება საგანგებოდ თიკო ნატროშვილი და რა აღმოჩენა გააკეთა მან ქმართან
თიკო ნატროშვილი იმ ადამიანთა შორისაა, ვისთვისაც 2010 წელი განსაკუთრებული იყო. ამ წელს მან გათხოვებაც მოასწრო და დედაც გახდა. პატარა მათემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თიკო ძველი ცხოვრების ბევრ ხიბლს შეელია, თუმცა ახალი ამპლუა მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნების წყარო გახდა, რასაც ბედნიერი დედა ჩვენთან საუბარშიც ამხელს.
თიკო ნატროშვილი: მას შემდეგ რაც მათე გამიჩნდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექი. ახლა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი არის მათე. ვარ სახლში და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს შვილს სჭირდება, რაც მასთან არის დაკავშირებული. დიასახლისობა ზედმეტად არ მევალება, სახლში არავინ არაფერს მაძალებს. ამ მხრივ სრულ კომფორტში ვარ. მათეს მარტო მე კი არა, ოჯახის სხვა წევრებიც არ ჰყოფნის, სულ ხელში უნდა აყვანა, მთელი დღე ბავშვის ხელში ჭერა იოლი არაა და დამხმარე ძალა – ბებიები მეხმარებიან (იცინის). როდესაც ქალი დედა ხდება, მისი ცხოვრება სხვა განზომილებაში გადადის. ეს ცვლილებები სასიამოვნოა. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ სახლში დავჯდები, ამაზე ფიქრიც კი მაშინებს. აქტიურ ცხოვრებას აუცილებლად დავუბრუნდები, თუ ქალი სწორად გადაანაწილებს პრიორიტეტებს, პირად ცხოვრებასაც მიხედავს და კარიერასაც. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მათეს ვჭირდები. მის გაჩენამდე მეგონა, რომ ისტერიული დედა ვიქნებოდი, რადგან ცოტა მშიშარა ვარ. მეგონა, საჭმელსაც ვერ ვაჭმევდი, ყელში რომ არ გადაცდენოდა და ხელმოცარული დედა ვიქნებოდი. სულ არ აღმოჩნდა ასე, პანიკაში არ ვვარდები, როცა ბავშვი ახველებს (იცინის). ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბუნებრივ კვებაზეა და მას მარტო ვერ დავტოვებ. პირველი შვილია და ამ მდგომარეობით ისე ვარ აღფრთოვანებული, ახლა მასთან დაშორება ჩემთვის წარმოუდგენელია ნებისმიერი საქმის გამო. ორსულად ვიყავი, როცა სამსახურიდან წამოვედი. რადიო „ფორტუნაში” გადაცემის ავტორი ვიყავი. ახლა ჩემი ყველაზე დიდი საავტორო ნაშრომი მათეა, რომლისთვისაც ყველა მსხვერპლზე მიღირს წასვლა. როგორც ვიცი, არსებობს მშობიარობის შემდგომი „ხანდრა“, რომელიც თითქოს დეპრესიის მსგავსია. მაგრამ არც დეპრესია და არც ეს „ხანდრა“ არ დამმართნია. თუ მქონდა, ძალიან უმნიშვნელო ფორმით. რთული უფრო წინა პერიოდები იყო, როცა გავთხოვდი და ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე გადავედი. რაც შეეხება მშობიარობის შემდეგ განცდებს, მე გამოვიყენე მშობელთა სკოლაში მიღებული ცოდნა, სამშობიაროში წავიღე კოსმეტიკა. მშობიარობის პირველ დღეს, როცა ხვდები, რომ ისეთი დაშლილი ხარ, რომ არაფერს აღარ ჰგავხარ, ავიღე კოსმეტიკა და გადავიხალისე თავი. ასევე მოვიქეცი სამშობიაროდან გამოსვლის დღეს, იმავე ჯინსებით წამოვედი კლინიკიდან, რაც ორსულობამდე მეცვა.
– მოდელებს შვილის გაჩენის შემდეგ უჭირთ ფორმაში ჩადგომა, შენც ხომ არ აღმოჩნდი ამ პრობლემის წინაშე?
– ახლა მე საკუთარ თავს ძალიან ცოტა დროს ვუთმობ, როგორც ყურადღების ასევე მოვლის თვალსაზრისით. თუმცა, კატასტროფულ მდგომარეობაში არ ვარ, თავს ვიმშვიდებ, რომ ზედმეტი კოლოგრამები არ დამტყობია. ახლა უკვე შემიძლია, მასაჟები გავიკეთო, უკვე დიეტის შეპარვაც დავიწყე და ვხვდები, რომ ჩემი სასწორი უფრო და უფრო ნაკლებ კოლოგრამებს მიჩვენებს. ძველ ფორმას რომ დავუბრუნდე, საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებლად დამჭირდება. თუმცა, კარგი შედეგები უკვე მაქვს. მეგობრებიც მამშვიდებენ, ვისაც ჩემამდე ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.
– პოდიუმის ნოსტალგია გაქვს?
– ძალიან, არც მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა, სხვათა შორის, ორსულობის დროს მოვასწარი პოდიუმზე გამოსვლა, პირველ „ფეშენ-ვიქზე“ მივიღე მონაწილეობა ორი თვის ორსულმა, მერე ფოტოსესია მოვაწყვე, უკვე ბავშვს ველოდებოდი, როცა ერთ-ერთ ჩვენებაზე ორსული მოდელი დასჭირდათ და იქაც გამოვედი. შემდეგი „ფეშენ-ვიქისთვის“ აუცილებლად უნდა ვიყო ფორმაში. ღიპით პოდიუმზე ნამდვილად ვერ გავალ, თავმოყვარეობა არ გამიშვებს. ეს სფერო ისე დაიხვეწა და უკვე ისე გაიზარდა კონკურენცია, რომ ყველაფერს ყურადღება მკაცრად ექცევა, რაც ძალიან მომწონს. წლების წინ პოდიუმს ბევრი ისეთი მოდელი შეეპარა, რომლებიც, ჩემი აზრით, სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ, ახლა უკვე სხვაგვარი დამოკიდებულებაა.
– ევროპისკენ აღარ აქვს გეზი ირაკლი ნასიძის მუზას?
– ირაკლისთან კვლავ სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ პროექტზე, ოღონდ საქართველოს მასშტაბით. ის, რომ სადმე წავიდე, უკვე შეუძლებელია. ვფიქრობ, ნელ-ნელა ექსმოდელის ტიტულისკენ მივდივარ, ახალი თაობა მოდის და ცვლაა საჭირო. მე სპეციალობით მედიის და კომუნიკაციის მენეჯერი ვარ. ალბათ, ამ განხრით ვიმუშავებ. თუმცა, ჩემი სპეციალობა ძველ გამოცდილებასაც შეიძლება, შევუთავსო, ჯერ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ. უკვე მარტო საკუთარ თავზე არ ვარ დამოკიდებული, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო პირობები, შანსები, იღბალი... ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით იღბლიანი ვარ, ყველაფერს მაინც შრომითა და გარჯით ვაღწევ, მაგრამ ეს მომწონს, რადგან ვფიქრობ, ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვს.
– ექსმოდელის ტიტულისკენ რომ მიდიხარ, ეს მეუღლის დამსახურებაც ხომ არ არის?
– არა, გაგა არ მიეკუთვნება იმ მამაკაცთა რიცხვს, ვინც ცოლს სამზარეულოში ყოფნას სთხოვს. ის პატივს სცემს ჩემს პროფესიას, გამიცნო როგორც მოდელი და არც უფიქრია, ჩემი საქმიანობისთვის თავის დანებება მოეთხოვა. ვერც კი წარმოვიდგენდი, გაგა იმდენად აქტიური აღმოჩნდა ბავშვთან მიმართებაშიც, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხშირად მსმენია, როცა ქმრები ეჯუჯღუნებიან ცოლებს: გააჩერე ბავშვი, რას ატირებ. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება. ჩემმა მეუღლემ ეს მითი დაამსხვრია (იცინის). ჩემდა ბედად, მეუღლე ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო – გამოხატავს თავის სიყვარულს ბავშვის მიმართ, მას შეუძლია მარტომ დაბანოს ბავშვი, მოუაროს. ხანდახან მარტოსაც კი ვუტოვებ, ღამის მორიგეობაშიც კი აქტიურ მონაწილეობას იღებს. მათეს ისე უვლის, როგორც გამოცდილი ადამიანი. შეუძლია, ბავშვს ყველა პროცედურა დამოუკიდებლად ჩაუტაროს. იმის მიუხედავად, რომ ორივე ბავშვისკენ ვართ მომართულები, ამას ჩვენს სიყვარულზე არ უმოქმედია. ბევრისგან გამიგია, რომ როცა ბავშვი ჩნდება, პირველი სამი თვე ცოლ-ქმარი ერთმანეთს ცოტა სცილდება. მე მინდოდა, ეს მითიც დაგვემსხვრია. სულ ვეუბნები ჩემს მეუღლეს: შენ ჩემთვის იქნები ის, ვინც ხარ და მეც ასე მინდა ვიყო შენთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამყარო, რომელშიც მათეს თავისი ადგილი აქვს, გაგა შეძლებისდაგვარად, კვლავ მანებივრებს სიურპრიზებით. ვიცი, რომ სულ ჩემზე ფიქრობს, ხანდახან მგონია, რომ ახლა უფრო მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე, ვიდრე ბავშვის დაბადებამდე მიყვარდა.
– ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რას შეელიე?
– ბევრს არაფერს, თუმცა თითქმის არ დავდივარ ივენთებზე, კლუბებში, რისი დიდი მოყვარული არც ადრე ვყოფილვარ. ახლა მთელ თავისუფალ დროს მეგობრების წრეში ვატარებთ, სადაც მათეც მიღებული წევრია. ასე ცხოვრება მომწონს. ის, რაც ძალიან მომენატრა, არის ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ძალიან მიხარია, რომ ახალი წელი მოდის და ამ სურვილს შევისრულებ. ეს განსაკუთრებული ახალი წელია ჩვენთვის, მე და გაგაც პირველად ვხვდებით ერთად ახალ წელს და თან, უკვე მათესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთი წინა ახალ წლამდე ორი თვით ადრე გავიცანით. იანვარში დავქორწინდით. ამ წელში ბევრი კარგი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში – გათხოვებაც მოვასწარი, ბავშვის გაჩენაც. ასე რომ, 2010 წელს განსაკუთრებულად ვაცილებთ და ახალი წლისთვისაც მათესთან ერთად საგანგებოდ ვემზადებით. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი ახალი წელი არასდროს მქონია.