კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ გაუმართლა წელს თიკო სადუნიშვილს და სად „მიიტანენ“ მას საახალწლო ღამის შემდეგ

„ავთანდილის“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ფიფქია პირველად ვნახე და ეფექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. თიკო სადუნიშვილისთვის უკვე მიწურული წელი საინტერესო, ახალი პერსპექტივების მომცემი და მრავალფეროვანი გამოდგა. თუმცა, თეთრი ბოცვერის წელს ის არანაკლები შემართებითა და მხიარული განწყობით ხვდება. 31 დეკემბერს სწორედ თიკო მოგვილოცავს მთელ საქართველოს თავისუფლების მოედნიდან ახალ – 2011 წელს.

თიკო სადუნიშვილი: ყოველთვის ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ ახალ წელს. სულ მგონია, რომ ახალი და საოცარი იწყება და შემართებით ვუყურებ მომავალს.

– თოვლის ბაბუის თუ გჯერა?

– თოვლის ბაბუის აღარ მჯერა უკვე დაახლოებით 6 წლის ასაკიდან. თოვლის ბაბუას ჩემთან საჩუქრების მოტანით თავი არ გაუგიჟებია, მაგრამ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში თოვლის ბაბუები – „ბოიფრენდი“ ან ვინმე ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და იმ ეტაპზე თოვლის ბაბუობას საკუთარ თავზე იღებდა. უფროსი ადამიანების თოვლის ბაბუები ხომ, ძირითადად, ქმრები, ცოლები და შეყვარებულები არიან. მოკლედ, წელს, გულწრფელად ვამბობ, თოვლის ბაბუის გარეშე ვარ (იცინის). თუმცა, თოვლის ბაბუის არყოლა ჩემს შემართებაზე არ მოქმედებს და მაინც მგონია, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ისე, გამოცდილება მიჩვენებს, რომ, როგორც წესი, ახალი არაფერი იწყება ხოლმე, მაგრამ ეს ჩემს განწყობაზე არ მოქმედებს.

– ესე იგი, ცუდ ხასიათზე მაინც არ დგები?

– არა, პირიქით, წინასაახალწლო მომზადება, ოჯახის წევრებისთვის, ჩემი შვილისთვის საჩუქრების შეძენა და მერე ამ საჩუქრების დარიგებით მიღებული სიამოვნება, იცი, როგორ მახარებს?! თან, ტრადიცია გვაქვს, ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებთ საჩუქრებს და 12 საათის შემდეგ ვხსნით მათ. ყოველთვის ოჯახში ვხვდები ახალ წელს, არასდროს არსად არ ვყოფილვარ. როდესაც ჩემი საჩუქრებით გაღიმებულ და გახარებულ სახეებს ვუყურებ, ეს ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მიხარია, როდესაც რამეს მჩუქნიან და, თან, რაც მაჩუქეს, მომწონს.

– შენი შვილის „თოვლის ბაბუა“ შენ ხარ ხოლმე?

– რა თქმა უნდა. წერილს სწერს ყოველთვის, მაგრამ წელს, მგონი, აღარ დაწერს. 9 წლისაა და ამ ყველაფრის აღარ სჯერა. გასულ წელსაც სულ ძალით დავაწერინე – ვიცი, რომ არ არსებობს და თიკომ უნდა მიყიდოს საჩუქარი... (იცინის), შენ თუ გიხარია, დავწერო და მხოლოდ მაგ მიზნით დაწერა. მანამდე კი ისეთ სიას ჩამოუწერდა ხოლმე თოვლის ბაბუას, მეცოდებოდა ისიც და ჩემი თავიც. კარგი, სულ ნუ გაღორდები, რას იფიქრებს თოვლის ბაბუ, ცოტა დაინდე-მეთქი და ვაკლებინებდი საჩუქრებს. შარშან მართლა ასე დამიწერა: „დედა, რამდენი გაქვს ფული?“ – და ერთად შევთანხმდით საჩუქარზე.

– სიმბოლოების თუ გჯერა? ვთქვათ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ყველაფერი ისე წავა...

– სკოლაში ბავშვებმა მითხრეს და მეც რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკეთებდი: ახალ წელს მაგიდის ქვეშ თუ შეხვდები, ბედნიერი წელი გექნებაო და მეც ვძვრებოდი. ერთი წელი მქონდა, შამპანურში ჩემი სურვილი რომ ჩავაფერფლე: სურვილი უნდა დაწერო, როგორც კი თორმეტი შესრულდება, ერთი წუთის განმავლობაში უნდა მოასწრო დაწვა და ნამწვიანი შამპანური დალიო. წარმოიდგინე, თორმეტ საათზე ყველა ერთმანეთს ულოცავს, ერთი ამბავია და მე „ზაჟიგალკით” ვცდილობ, დავწვა ჩემი სურვილი. სხვათა შორის, ის სურვილი ამისრულდა, მაგრამ ისეთი იდიოტობა ჩავიფიქრე, ახლა აღარც მახსოვს. განწყობა კი ყოველთვის კარგი მაქვს, ამის პრობლემა არ მქონია. ახლა იმდენს ვლაპარაკობ, მეშინია, ამ წელს რაღაც არ მომივიდეს. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მოულოდნელად ხდება ყველაფერი, ძირითადად, ალოგიკური რაღაცეები და ამიტომ სულ ვცდილობ, დავმშვიდდე. ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს: დამშვიდდი, ნუ ხარ აჟიტირებული, ნუ ელოდები სასწაულებს და რაღაც თავისით მოხდება. როდესაც რაღაცას ველოდები, არაფერი არ ხდება. მაგრამ, თავს ვერ ვერევი, 31 დეკემბერს ისტერიული აჟიოტაჟი მეწყება – რას ველოდები, არ ვიცი, რა მიხარია, არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ.

– საოჯახო საქმეებს თუ აკეთებ?

– არა, სამწუხაროდ, ოჯახში მოფუსფუსე საახალწლოდ არ ვარ, დედაჩემს თუ მივეხმარები. ჩემი ფუსფუსი, მაქსიმუმ, მაგიდის გაწყობით თუ შემოიფარგლება.

– განსაკუთრებული რომელი ახალი წელი იყო?

– ერთადერთი, მახსოვს, „მაესტროს” პირდაპირ ეთერში შევხვდით ახალ წელს. ეს იყო უცნაურობა და გამონაკლისი ჩემს ცხოვრებაში: მთვრალები, პირდაპირ ეთერში, კამერებთან, რაღაცეებზე ვიხოცებოდით სიცილით. წელს, სავარაუდოდ, თავისუფლების მოედანზე ვიდგები და საახალწლო კონცერტს წავიყვან, ესეც ჩემთვის რაღაც ახალია და, დარწმუნებული ვარ, საინტერესო ახალი წელი დაიწყება.

– მთვრალი არ იქნები?

– არა, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახურის ძირითადი ნაწილი წვეულებებზე სიარულია, მუშაობის დროს არასდროს ვსვამ, ისე ალკოჰოლს, ძალიან ცოტას ვიღებ, მაშინაც კი, როცა ვისვენებ.

– როგორი წელი გქონდა?

– ძალიან კარგი წელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, გამოვცოცხლდი, გავცოცხლდი თუ რა ჰქვია მაგას, გავფენიქსდი და დავბრუნდი ტელეინდუსტრიაში. ნამდვილად არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ, ვიცი, რომ შედეგიანი და კარგი დაბრუნება იყო. საერთოდ, როდესაც ადამიანი ასე ქრება, ცხოვრება მაინც აძლევს შანსს, მით უმეტეს, ერთსა და იმავე საქმეში, ნამდვილად. გამიმართლა. ყველაფრით კარგი წელი იყო: პროფესიულად, ჯანმრთელობით, ყველანაირი გაგებით. ერთადერთი, წელს ცოტა სიყვარულში არ გამიმართლა, მაგრამ, ცხოვრება ყველაფერს ერთად არ გაძლევს და ღმერთი ციდან ყველა სიკეთეს ერთად არ გაფერთხავს. თან, მეორეც არის: რასაც გაძლევს, იმის დანახვა და შერგება უნდა იცოდე. პირადად მე ამის დრო არ მქონდა. იმ კაცივით არ უნდა მოგივიდეს, ანეკდოტი რომ არის – წარღვნაა, ყველა იღუპება, ერთი კაცი კი საკუთარ ნავზე დგას და ყვირის – მე ღმერთი მიშველის, ღმერთი მიშველისო. ჯერ კატერი მიადგება – წამოდიო, მერე ვერტმფრენით მიაკითხავენ – ამოდი, წაგიყვანთო და არ გაჰყვება არც ერთს – ღმერთი მიშველისო. მოკვდება და სამოთხეში ღმერთს ეუბნება: ღმერთო, შენი როგორ მჯეროდა და როგორ არ შეისმინე ჩემიო. ღმერთმა უთხრა, ორჯერ გამოგიგზავნე დახმარება და ორჯერვე უარი თქვიო. ასე რომ, უნდა მიხვდე, როდის გიგზავნის ღმერთი საჩუქარს.

– ყველაზე მაგარი საჩუქარი რა იყო?

– იცი, ასე განსაკუთრებულად არ მახსოვს. მაგრამ, მე თვითონ გამიკეთებია ორიგინალური რაღაცეები. ერთხელ შეყვარებულს ახალ წელს საოცრება მოვუწყვე: ნომერში სანთლები ავანთე, თან, მან არც იცოდა, სად მოდიოდა, ვარდის ფურცლებით და რაღაცეებით მოვაწყვე იქაურობა, ჩვენი სიმღერა ჩავრთე, სურნელოვანი ჩხირები ავანთე და ისიც მოვიდა. ერთი სიტყვით, ბიჭი ბევრად უფრო კარგი ვიქნებოდი.

– ბიჭი რომ ყოფილიყავი, ამას აღარ იზამდი.

– არა, ხომ?! მოკლედ, გადასარევი საჩუქარი გამომივიდა. ისეთი ბედნიერი იყო ის ადამიანი, ვერ წარმოიდგენ. არადა, იცოდა რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი, ელოდებოდა, რომ ბევრი ხალხი დახვდებოდა და აღმოვჩნდით მარტოები. თავიდან ეგონა, რომ სხვასთან შევიდა. მე ძირითადად ნივთებს მჩუქნიან ხოლმე. ესეც კარგია, მიხარია, ძვირფასია, რაღაც პერიოდი გამოიყენებ, მაგრამ, მერე ნაკლებად გახსოვს. სამკაულთან შედარებით, ყოველთვის ასეთი გულით გაკეთებული საჩუქარი მახსოვს. მოკლედ, ყოველთვის იქ ვარ, სადაც ბოლომდე ახალი წელია და ამას ბოლომდე შეიგრძნობ. არ მესმის, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, წახვიდე და ორმოცდაათ გრადუს სიცხეში შეხვდე ახალ წელს. თუმცა, ესეც შეიძლება, გამოსცადო ერთხელ. მაგრამ, მირჩევნია სიცივე, თოვლი, ლამაზი ნაძვის ხე სახლში და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის მილოცვა.

– თავისუფლების მოედნიდან სად მიდიხარ?

– მართლა არ ვიცი, სადმე წავალ. ფხიზელი, რომ სახლში არ დავბრუნდები, ეს ზუსტად ვიცი. თუმცა, შეიძლება, სცენაზე ისე გავიყინო, რომ სახლში მიმიტანონ. მაგრამ, იცი, რა მაქვს ერთი კარგი თვისება? რომ ვმუშაობ, როგორც კი კამერა ირთვება, ნებისმიერი დისკომფორტი მავიწყდება და, არ არსებობს, შემცივდეს. სულ რომ ტიტველი, ლიფითა და ტრუსებით დამაყენო ჩართვაზე, მართლა არ შემცივდება. მაგრამ, როგორც კი გამოირთვება კამერა, ეგრევე კანკალი მეწყება. „უმრი, ნო დერჟი ფასონ”, – ეს ამბავი მჭირს მუშაობისას (იცინის).


скачать dle 11.3