30 თებერვალი
– ძველი მფრინავი? ძალიან საინტერესოა. დავიძინოთ შვილო, გვიანია. ხვალ გადამწყვეტი დღე გაქვს და ენერგიულად უნდა იყო, – უთხრა ჯაბას მეუფე გაბრიელმა, – ძილი ნებისა!
– ძილი ნებისა, მეუფეო! – მიუგო ჯაბამ მეუფეს, დაწვა და მალევე ჩაეძინა.
***
ჯაბა და პალატა „ლუქსის“ დანარჩენი მობინადრეები სამხედრო განგაშის ხმამ გააღვიძა, რომელსაც ახალი პაციენტი გამოსცემდა. ავადმყოფის სამოსში გამოწყობილი ძველი მფრინავი ლოგინზე იდგა, გაშლილი ხელისგულები რუპორივით პირზე ჰქონდა მიდებული და გაჰკიოდა:
– ა-ა-ა-ა! „ვაზდუშნაია ტრევოგა! ვაზდუშნაია ტრევოგა!“ საჰაერო განგაში! საჰაერო განგაში! მშვიდობიანო მოქალაქენო, გაიღვიძეთ და სასწრაფოდ შეაფარეთ თავი ბუნკერებს! მტრის ესკადრილია გვიახლოვდება და, თუ დროზე არ უშველეთ თავს, მაგრად დაგერხევათ. საჰაერო განგაში! „ვაზდუშნაია ტრევოგა“!..
საგიჟეთის სპეციფიკის მიუხედავად, ლუქსელები არ იყვნენ ჩვეულნი ასეთ გამოხდომებს და თავიანთი ახალი მეზობლის საქციელს საკმაოდ გაოცებულები უცქერდნენ. ძველი მფრინავი კი ნელ-ნელა ხურდებოდა, რამდენიმე როლს ერთბაშად, საკმაოდ კარგად ითავსებდა და თანაპალატელებს საინტერესო წარმოდგენა გაუმართა. მან ჯერ უამრავი ბომბდამშენი განასახიერა: რომლებიც მწყობრად მიფრინავდნენ ქალაქის დასაბომბად. ის, იმავდროულად იმ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო, რომელიც, ნახევრად მძინარე და ნახევრად ჩაუცმელი, კისრისტეხით მირბოდა მიწისქვეშა ბუნკერისკენ. ძველი მფრინავი მოძრაობის მარეგულირებელი და მეზენიტე მსროლელიც იყო და მშობლიური ქალაქის გასანადგურებლად შემოფრენილ ბომბდამშენებს მედგრად უშენდა ჭურვებს. უცებ, ბუნკერისკენ მიმავალი ხალხიდან ერთ-ერთის პატარა ბიჭუნას ტყვია ფეხში მოხვდა და მიწაზე დააგდო. ამ ორომტრიალში „მოძრაობის მარეგულირებელმა“ პოსტი მიატოვა, დაჭრილ ბიჭუნასთან მიირბინა, ხელში აიტაცა და ბუნკერში შევარდა, თან უსულგულო ხალხს ლანძღავდა ბავშვის მიტოვებისთვის. „მარეგულირებელი“ ბავშვიანად ბუნკერის მედპუნქტში შეიჭრა, დაჭრილი ბიჭი საოპერაციო მაგიდაზე დააწვინა და თავადვე ჩაუტარა გადაუდებელი ოპერაცია, რადგან უკვე გამოცდილ ქირურგს განასახიერებდა, ხოლო საქმიანობა რომ დაასრულა, ნარკოზში მყოფი ბავშვი პალატაში მოათავსა, საოპერაციოში დაბრუნდა და სიგარეტი გააბოლა. ეს შოუ თხუთმეტი წუთი გაგრძელდა. წარმოდგენა რომ დაასრულა, ყოფილი მფრინავი ლოგინიდან ჩამოვიდა, ლუქსელებს სათითაოდ ჩამოუარა და გაეცნო: „პასპორტით კარლო ხულია ვარ, სინამდვილეში კი იური გაგარინი, მაგრამ ეს თითქმის არავის სჯერა და მუდმივად ამის მტკიცება მიწევს“. ხულია ჯაბას მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და გაიცნო:
– პასპორტით კარლო ხულია, – თქვა კოპებშეკრულმა ძველმა მფრინავმა, შემდეგ გაიღიმა და დაამატა, – იური გაგარინი.
– ედუარდ შევარდნაძე, – შევარდნაძის ხმით მიუგო ხულიას ჯაბამ და მაგრად ჩამოართვა ხელი.
ყოფილი პრეზიდენტის სახელის გაგონებაზე კარლო ხულია მხოლოდ წამით შეცბა, რადგან ახალგაზრდა ყმაწვილისგან ამას არ მოელოდა, მაგრამ არ შეიმჩნია და თავისი შეცბუნება რომ დაეფარა, ერთი ნაბიჯით უკან დაიწია, ჯაბა ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– ღმერთო ჩემო, ბატონო უდუარდ, კინაღამ ვერ გიცანით!
– რას იზამ, ჩემო იური, რას იზამ, – მიუგო ხულიას ჯაბამ, – წლები გადის, თავის დაღს გვასვამს და ვიცვლებით.
– მართალს ბრძანებთ, ბატონო ჩემო, ძალიან გვცვლის დრო, – დაეთანხმა „შევარდნაძეს“ „გაგარინი“.
– ჩემო კარგო, – გაუღიმა ჯაბამ ხულიას, – როგორ გნებავთ, „იურით“ მოგმართოთ თუ „კარლოთი“?
– თუ პატივს დამდებთ და ნამდვილ სახელს დამიძახებთ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები და მადლობელი დაგრჩებით, ბატონო ედუარდ, თუმცა, თუ ჩემი ჰაბიტუსი უხერხულობას გიქმნით და ვერ აღმიქვამთ, შეგიძლიათ, კარლო ხულია დამიძახოთ.
– რას ბრძანებთ, ჩემო იური, – ხელები გაშალა ჯაბამ, – ზედგამოჭრილი მაიორი გაგარინი ხართ. მართალია, წლები თქვენც დაგტყობიათ, მაგრამ ძველებური „ზაკალკა“ მაინც გეტყობათ. როგორ თქვით მაშინ – „პაიეხალიო“, რაც მთელმა მსოფლიომ აიტაცა და ისტორიული ფრაზა გახდა?
– ჰოო, – კმაყოფილებით თქვა ხულიამ – ეს ფრაზა გაფრენის წინ მომივიდა თავში, შემდეგ კი, ცაში ავიჭერი და ორბიტაზე ის დაუვიწყარი 108 წუთი გავატარე, რომელმაც შემდგომში უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ლამის გიჟადაც კი გამომაცხადეს. თუმცა, რა ლამის, გიჟად გამომაცხადეს. ასე არ ამბობდნენ ჩემზე, თითქოს მეთქვას, რომ იქ, ზემოთ, – ხულიამ არტისტული ჟესტით მოხდენილად აიშვირა ხელი ზევით, – ღმერთი მენახოს?! მე კი ასეთი რამ არასდროს მითქვამს და იმიტომ მომიგონეს, რომ საგიჟეთში უნდოდათ ჩემი დაწვენა და გადამალვა. ეს კი იმიტომ დასჭირდათ, რომ ფართო მასებისთვის ზეციური ამბები არ მომეყოლა და ამის გამო ჩემი ავიაკატასტროფაში დაღუპვა გაითამაშეს. მაგრამ ახლა, ჩემო მეგობრებო, თქვენ წინაშე ვარ და, თუკი რამეში გაგიჭირდათ, მიმსახურეთ.
– ფრიად სასიამოვნო შევსებაა, – გულწრფელ აღტაცებას გამოხატავდა სპირიდონ ჯაყელი და ხულიას გაბრწყინებული თვალებით უმზერდა, – ახლა, როცა საკადრო საკითხში ძალიან მოვიკოჭლებთ, თქვენისთანა სახელოვანი „ასი“ ნამდვილად დიდი მისწრება და უფლის წყალობაა. თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, მაიორო გაგარინ, მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი დახმარებით მრავალ სამხედრო-სტრატეგიულ მწვერვალს დავიპყრობთ და ბევრ ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწევთ. რას იტყვი, არწივო, კვლავ შეძლებთ ფრენას სამხედრო გამანადგურებლით თუ მხოლოდ კოსმოსური ხომალდები გიტაცებთ?
– შევძლებ, მამილო, როგორ არა, – მიუგო ჯაყელს ხულიამ და მოხუცს მხარზე ხელი მოუთათუნა, რაც დამსახურებულ გენერალს სულაც არ ეპიტნავა და მის წინაშე რომ იური გაგარინი არ მდგარიყო, ამ თავხედს უმკაცრეს პასუხს გასცემდა ფამილარობისთვის. მაგრამ, რადგან მის წინაშე კოსმონავტიკის პიონერი იდგა, თანაც, გენერალი განებივრებული არ იყო ასეთი ბრწყინვალე კადრებით და, თან, კარგ ხასიათზე იმყოფებოდა, მან ტონი შეარბილა, თავი ამაყად ასწია და კარლო ხულიას ღირსეულად წარუდგინა თავი:
– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ: გენერალ-ლეიტენანტი სპირიდონ ჯაყელი!
– დიდად სასიამოვნოა, ამხანაგო გენერალო! – ხულიამ მხედრული სალამი მისცა ჯაყელს, შემდეგ მის გამოწვდილ ხელს მარჯვენა შეაგება და მოწიწებით მიუგო, – მაიორი იური გაგარინი!
– თავისუფლად, მაიორო გაგარინ! – უთხრა გენერალმა კარლოს, რომელიც გენერლის წინ გაჭიმული იდგა და რანგით მაღალ სამხედრო პირს მორჩილებით შესცქეროდა. შემდეგ ჯაბას მიუბრუნდა და სთხოვა:
– ბატონო ედუარდ, გთხოვთ, მაიორი გაგარინი ჩემს განკარგულებაში გადმომცეთ და გარწმუნებთ, რომ სულ მალე ისეთ ძლევამოსილ და ბრძოლისუნარიან არმიას ჩაგაბარებთ, რომელიც ნებისმიერი სირთულის საბრძოლო-სტრატეგიულ ამოცანებს გადაჭრის!
„ეეჰ, როგორ უბერავს ეს საცოდავი და, საერთოდ, როგორ აფრენენ ეს საწყლები. ახლა კი ამათ იური გაგარინიც დაემატა“, – გაიფიქრა გენერლისა და სხვა შეშლილი თანაპალატელების შემხედვარე ჯაბამ და ლამის გაეცინა, მაგრამ დროზე მოთოკა თავი, სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ჯაყელს მიუგო:
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გენერალო, შეგიძლიათ, მაიორი გაგარინი დაიქვემდებაროთ, თუ, რა თქმა უნდა, იური ალექსეევიჩიც თანახმაა და სხვა გეგმები არ აქვს.
ჯაბას სიტყვებმა გენერალს გამომეტყველება შეუცვალა – მან, სახელგანთქმული „ასის“ დაკარგვის შიშით, ხულიას შეხედა. კარლომ კი კვლავ მხედრული სალამი მისცა და ჯაბას უთხრა:
– მე ჯარისკაცი ვარ, ბატონო ედუარდ, ბრძანებების შესრულებას ვარ ჩვეული და ზემდგომის სიტყვა ჩემთვის კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ გენერალ ჯაყელის დაქვემდებარებაში დაუყოვნებლივ გადავიდე და მისი ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ შევასრულო.
კარლო ხულიას სიტყვებმა იმდენად აღაფრთოვანა ყოვლისმნახველი, მხცოვანი გენერალი, რომ მან მისთვის უჩვეულო წამიერი სისუსტე გამოიჩინა – კარლოს მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:
– მოხარული ვარ, მაიორო გაგარინ, რომ ჩემთან დარჩენა გადაწყვიტეთ, ძალიან მოხარული ვარ!
– მეც ძალიან მოხარული ვარ, ამხანაგო გენერალო, რომ წილად მხვდა პატივი, თქვენი ხელქვეითი ვიყო! – უმალვე მხედრულად გაეჭიმა ჯაყელს ხულია.
ამ გულისამაჩუყებელი სცენის შემხედვარე ჯაბას ძალიან შეეცოდა გიჟები, რადგან ისინი რეალურსა და არარეალურს ერთმანეთში ურევდნენ და ისე მოუწევდათ იმქვეყნად წასვლა, რომ, სავარაუდოდ, ჭკუაზე მოსვლა არც ეღირსებოდათ.
„საცოდავები, – გუნებაში კვლავ იმეორებდა ჯაბა, – რა არის ახლა ამ უბედურების სიცოცხლე – წარსულით ცხოვრება? ან კიდევ უარესი – სხვის ტყავში ყოფნა? არადა, რა დამსახურებული და კეთილშობილი ადამიანები არიან და ცხოვრება რომ უკუღმა არ წასვლოდათ და არ გაგიჟებულიყვნენ, რამდენ სარგებლობას მოუტანდნენ ადამიანებს და რა ბედნიერები იქნებოდნენ. ახლა კი, ამ საწყლებს საგიჟეთში უნდა ამოხდეთ სული. ერთი კვირაა, რაც აქ ვარ და თითოეული მათგანი ისე შემიყვარდა, თითქოს მათ ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი უახლოესი ადამიანები იყვნენ. მე ამაღამ მოვშორდები ამ ჯოჯოხეთს, ესენი კი 30 თებერვალს უნდა ელოდონ და, ღმერთმა უწყის, როდის და როგორ ამოხდებათ სული... შუაღამემდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, ხომ უნდა გავიყვანო ეს დრო, თან, ამ კარლო ხულიას ისტორიაც მაინტერესებს და, მოდი, ერთი, მორიგ სამთავრობო მოსმენას მოვაწყობ“.
ჯაბა პალატის ცენტრში, გაცვეთილ ხალიჩაზე შედგა და „თანაპოლკელებს“ მიმართა:
– მეგობრებო, მეგობრებო! წამით თქვენ ყურადღებას მოვითხოვ!
ლუქსელები გაინაბნენ და ჯაბას მიაპყრეს მზერა, რომელმაც პაუზა გააკეთა, მათ თვალი გადაავლო და კარლო ხულიას უთხრა:
– ბატონო იური, რადგან თქვენ თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ითანამშრომლოთ, მაშინ ჩვენს კანონებსაც უნდა დაემორჩილოთ, ისინი კი დემოკრატიულ საწყისებზეა ჩამოყალიბებული და, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენს მიკროსამყაროშიც ყველა მისი წევრის აზრს ითვალისწინებს. ანუ, ჩვენი წევრობა უმრავლესობის გადასაწყვეტია და, მოდი, ახლავე გავარკვიოთ ყველაფერი. მე, როგორც ჩვენი დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჩვენი მთავრობის წევრების წინაშე წინადადებით შემოვდივარ, რომ ჩვენი ახალი მეზობელი, სახელგანთქმული ადამიანი, სუპერკლასის „ასი“ და მსოფლიოს პირველი კოსმონავტი იური ალექსეევიჩ გაგარინი ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად და გენერალ-ლეიტენანტ სპირიდონ ჯაყელის პირველ მოადგილედ დაინიშნოს. ვინც ჩემი წინადადების მომხრეა, გთხოვთ, ეს ფაქტი ხელის აწევით დაადასტუროთ!
კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მეუფე გაბრიელს არ მიუღია, რომელიც არც კი იყურებოდა თანაპალატელებისკენ, თავი კედელზე მიხატულ ჯვარზე ჰქონდა მიყრდნობილი და ლოცულობდა, სინამდვილეში კი დიდი გულისყურით უსმენდა მათ და არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვია.
ჯაბას წინადადება ერთხმად იქნა მიღებული და კარლო ხულია ახალ პოსტზე დაამტკიცეს. ჯაბამ და დანარჩენებმა მას ეს თანამდებობა მიულოცეს. შემდეგ კვლავ დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ აიღო სიტყვა და ხულიას უთხრა:
– ახლა კი, იური ალექსეევიჩ, ჩვენს შინაგანაწესს უნდა დაემორჩილოთ და თქვენი ბიოგრაფია მოგვიყვეთ, რა თქმა უნდა, იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენ დაღუპულად გამოგაცხადეს და ფართო მასებისთვის უცნობი ცხოვრების გზა გაიარეთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა, ბატონო ედუარდ, – მიუგო ჯაბას კარლო ხულიამ.
– რადგან ასეა, მაშინ, აქ გამობრძანდით და თქვენი ამბავი გვიამბეთ, – უთხრა ჯაბამ კარლოს და ხულია ხელით მიიწვია გაცვეთილ ხალიჩაზე, თავად კი საწოლზე ჩამოჯდა და ძველ მფრინავს მზერა მიაპყრო.
კარლო ხულიამ თანაპალატელებს თვალი გადაავლო, ჯერ გაუღიმა, შემდეგ კოპები შეკრა და სერიოზული სახით თქვა:
– 1968 წლის 27 მარტს, ოთხშაბათ დღეს, მე და ვოვა სერიოგინი „მიგ-15-ით“, რომლის საბორტო ნომერი იყო 625, ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომიდან მორიგ გეგმურ ფრენას ვახორციელებდით. სერგეევიჩი პოლკოვნიკი იყო და ჩვენს ეკიპაჟს მეთაურობდა. ეეჰ, ღმერთმა აცხონოს, აი ასეთი „მუჟიკი“ იყო! – კარლო ხულიამ მარჯვენა ხელის ცერი გაბზიკა და თხრობა განაგრძო: – სტარტის წინ სამედიცინო შემოწმებას გავდიოდით. ექიმთან რომ შევედი, იქაური ატმოსფერო მეუცხოვა – ექიმიც და მისი ორი თანაშემწე გოგონაც ახლები იყვნენ და მანამდე არ მენახა.
– გამარჯობა, იური ალექსეევიჩ, მობრძანდით, აი, აქ დაბრძანდით, – მიმიწვია ახალბედა ექიმმა, ჯერ წნევა გამიზომა, შემდეგ მითხრა: – ახლა კი, აი, ამ ტახტზე დაწექით, ნემსს გიჩხვლეტთ და თავისუფალი ხართ. თქვენი მდგომარეობა იდეალურია და ფრენისთვის ასი პროცენტით მზად ხართ.
– რა ნემსი უნდა გამიკეთოთ? – გაოცებულმა ვკითხე ახალბედა ექიმს, რადგან მანამდე მხოლოდ წნევას მიზომავდნენ, სხვა ფუნქციებს მიმოწმებდნენ, ნემსი კი არასოდეს გაუკეთებიათ.
– საყოველთაო ვაქცინაციას ვატარებთ. იური ალექსეევიჩ, – კეთილგანწყობილად მომიგო ახალბედა ექიმმა, – ტიფის გავრცელების საშიშროებაა და თავს ვიზღვევთ.
– ტიფის? – გავიმეორე მე.
– დიახ, ტიფის, – დამიდასტურა ექიმმა და თავის ასისტენტ გოგონას გასძახა: – კლაროჩკა, ნემსი გაამზადე და იური ალექსეევიჩს აცრა გაუკეთე!
მომხიბვლელმა ქერათმიანმა კლაროჩკამ ნემსი მარჯვენა მხარზე გამიკეთა თუ არა, თავში ბინდი ჩამიდგა და, სანამ რამის თქმა დავაპირე, ჩამეძინა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ექიმი და მისი მომხიბვლელი ასისტენტები, სინამდვილეში უშიშროების თანამშრომლები იყვნენ და მოგვიანებით ყველა მათგანი გააქრეს, რომ ჩემი მოტაცების ამბავი არსად მოეყოლათ. მე სათადარიგო გასასვლელიდან მძინარე გამიყვანეს და სერბსკის ფსიქიატრიული კლინიკის საიდუმლო საკანში გამომამწყვდიეს, სერიოგინს უთხრეს, თითქოს მე ცუდად გავხდი და სასწრაფოდ საავადმყოფოში წამიყვანეს, მას კი მაიორი ხულია გააყოლეს, რომლის ვინაობაც მოგვიანებით მე მომაწერეს და სწორედ მისი საბუთებით ვარ დღესდღეობით რეგისტრირებული. „მიგ-15“ რომ ჰაერში აფრინდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ის ტყეში ჩამოვარდა, მანამდე კი ცეცხლი წაეკიდა და ჩამოვარდნისას ისე ძლიერად აფეთქდა, რომ ექვსი მეტრის სიღრმის ორმო წარმოიქმნა. ერთი სიტყვით, ავიაკატასტროფა მოწყობილი იყო და ხულიას განადგურებული ცხედარი ჩემს ცხედრად გამოაცხადეს. აი, ასე შეიქმნა იური გაგარინის დაღუპვის მითი და იმდენი ქნეს, რომ ხალხმა ეს დაიჯერა. მე კი საგიჟეთში ვიყავი გამომწყვდეული და ხალხს არ მაკარებდნენ. როდესაც გარეგნობა პლასტიკური ოპერაციით შემიცვალეს და გაგარინისეული არაფერი დამიტოვეს ამოსაცნობად, მხოლოდ ამის მერე მომიხსნეს იზოლაცია და ჩვეულებრივ გიჟებთან მიკრეს თავი...
კარლო ხულიამ პაუზა გააკეთა, თანაპალატელებს მზერა მოავლო და თქვა:
– ალბათ, მიხვდით ამ ყველაფრის მიზეზს, უფრო სწორად, იმას, თუ რატომ გადამიყვანეს საერთო პალატაში გარეგნობის შეცვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, როცა ვიტყოდი, იური გაგარინი ვარ-მეთქი, ვერ მიცნობდნენ და გიჟად ჩამთვლიდნენ. ანუ, უშიშროებას საკმაოდ ეშმაკურად ჰქონდა გათვლილი – ფიქრობდნენ, რომ ასეთი ყოფა აუტანელი იქნებოდა ჩემთვის და მართლა გავგიჟდებოდი. თუმცა, არც მე ვარ არიფი, საკმაოდ ეშმაკი კაცი ვარ და მათი თამაშის წესებს ავყევი, ხოლო, როდესაც ვინაობას მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, ზოგჯერ იური გაგარინი ვარ, ზოგჯერ კი ჭიჭიკო ბენდელიანი-მეთქი. ალბათ, იცით, რომ ჭიჭიკო ბენდელიანი ცნობილი ქართველი მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი იყო. ერთი სიტყვით, საბჭოთა უშიშროება რომ დარწმუნდა, უიმედოდ გავგიჟდი, „ფსიხუშკიდან“ გამათავისუფლეს, მოსკოვის გარეუბანში ოროთახიანი ბინა მომცეს, პენსია დამინიშნეს და მეთვალყურე მომიჩინეს. მე კი მეთვალყურის ყურადღება მოვადუნე, მალულად შეგროვებული 300 მანეთი დავზოგე და ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან მოვუსვი. თავდაპირველად ციმბირში ვცხოვრობდი, რომ არავის აღმოვეჩინე და ერთ-ერთ კარიერზე მუშად ვმუშაობდი. ცოტა თანხა რომ შევაგროვე, წვერ-ულვაში მოვუშვი და ჩემს გარეგნობაში პატარა კორექტივი შევიტანე, რომ „კაგებეს“ ვერ ვეცნე და ქვეყნის ევროპულ ნაწილში გადმოვინაცვლე. ორი წლის განმავლობაში საცხოვრებელსა და სამსახურს ცხვირსახოცებივით ვიცვლიდი, თან შავი ზღვისპირეთისკენ მოვიწევდი. სად აღარ მიმუშავია ამ პერიოდში: ხან ფოტოგრაფი ვიყავი, ხან გიდი, ხან რა და ხან კიდევ – რა, ერთი პერიოდი შრომის მასწავლებლადაც კი მომიწია ცოტა ხანს მუშაობა, მაგრამ, კვლავ ფრენისკენ მიმიწევდა გული და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ლამის მართლა გავაფრინე. ერთ მშვენიერ დღეს, სპორტულ ავიაკლუბში დავიწყე მუშაობა, თან ვსწავლობდი და, რადგან მფრინავის კურსი სრულად მქონდა გავლილი და ახალს არაფერს მასწავლიდნენ, ერთი წელი ძლივს გავძელი ხუთწლიან სასწავლებელში, ბოლოს კი ოთხწლიანი კურსი ექსტერნად ჩავაბარე და მფრინავის დიპლომი ავიღე. რა თქმა უნდა, ყველა უკიდურესად გაოცებული იყო ჩემი მიღწევებით და გენიოსად შემრაცხეს, მაგრამ, რა იცოდნენ, რომ მათ წინაშე ცნობილი იური გაგარინი იდგა, რომელსაც წყეულმა „კაგებემ“ გარეგნობა, სახე წაართვა, ცხოვრება გაუმრუდა და იძულებული იყო, რომ ათასი ეშმაკური ხრიკი ეხმარა ცხოვრებაში ხელახლა დასამკვიდრებლად. ამდენი უბედურების მიუხედავად, „კაგებემ“ ერთადერთი სიკეთე მაინც გამიკეთა: მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ორმოცი წელი გავიდა და რეალურად, მე ახლა ოთხმოც წელს ვარ მიტანებული, ხომ არაფერი მეტყობა?
– არა, ნამდვილად არ გეტყობათ ასაკი, იური ალექსევიჩ, – ერთხმად მიუგეს ხულიას ლუქსელებმა.
– რა თქმა უნდა, არ მეტყობა, – თავმომწონედ თქვა ხულიამ, – ეს „კაგებეს“ ექიმების მიერ ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის დამსახურებაა. მაშინ, ორმოცი წლის წინათ, 40 წლის ვიყავი, მაგრამ, 20 წლის ბიჭივით გამოვიყურებოდი, და იმიტომ შევძელი ამდენი კომპეტენტური და ავტორიტეტული ადამიანის გაცურება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც კი სპორტული მფრინავის დიპლომი ავიღე, მეორე დღეს სამხედრო აკადემიაში დამიბარეს, უგამოცდოდ ჩამრიცხეს და სამხედრო მფრინავი-გამანადგურებლის პროფესიას მასწავლიდნენ, რომელსაც მე საუცხოოდ ვფლობდი და, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი ვიყავი. ამიტომ, სამხედრო აკადემიაში ექვსთვიანი სწავლების შემდეგ, ოთხწლიანი კურსი კვლავ ექსტერნად ჩავაბარე და უკვე მფრინავ-გამანადგურებლის დიპლომი ავიღე. იქაც ყველა გაოცებული იყო და მაშინვე ესკადრილია ჩამაბარეს. ხუთი წელი შუა რუსეთში ვიმსახურე, თან, საბრძოლო დავალებებსაც ვასრულებდი. მაიორი რომ გავხდი, სამუშაოდ კავკასიაში გადმომიყვანეს და ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის გარნიზონს ვმეთაურობდი, შემდეგ კი ვაზიანის ავიაპოლკს და პოდპოლკოვნიკიც აქ გავხდი. კავკასია, განსაკუთრებით კი საქართველო და ქართველები, უზომოდ მიყვარს და ქართულად ასე კარგად და უაქცენტოდაც იმიტომ ვლაპარაკობ. თუმცა, სწორედ აქ ყოფნამ მომიტანა მეორე უბედურება და სწორედ აქ გავიშიფრე, მაგრამ, მაინც არ ვნანობ, რომ ამ სამოთხეში მომიწია ცხოვრება.
კარლო ხულიამ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ აქტიორული ნიჭი ჰქონდა მომადლებული და რადიკალურად განსხვავებულ როლებს ერთნაირი წარმატებით ირგებდა, ამოიხვნეშა, ზეცისკენ აღაპყრო თვალები და თხრობა განაგრძო:
– პოდპოლკოვნიკი ვიყავი, პოლკოვნიკობას ველოდებოდი და ჩემს დაწინაურებას არაფერი ედგა წინ, როდესაც საგანგებო ნაწილის უფროსად გენერალი ზიმსკი დანიშნეს. ზიმსკი ძველი „კაგებეშნიკი“ და „რქიანი“ ქმარი იყო, რომლის ვნებიანი მეუღლე, კატია, კაცებზე ირეოდა. ის ჯერ კიდევ ჩემი გაგარინობის პერიოდში გავიცანი და ინტიმური ურთიერთობა დავამყარე. ზიმსკი კოსმონავტთა ქალაქ ზვიოზდნის უსაფრთხოების უფროსი იყო და კატიაც სწორედ მაშინ გავიცანი. სწორედ კატიას ლოგინიდან წავედი იმ საბედისწერო დღეს საფრენად, როდესაც გამიტაცეს და, ბედისწერა არ გინდა?! ის ძუკნა ვაზიანში შემხვდა? მიუხედავად იმისა, რომ ყოველმხრივ ვცდილობდი, გვერდი ამექცია მისთვის, კატიამ მაინც მოახერხა ჩემი ლოგინში ჩაგორება და პირველივე ღამის მერე ასე გამომიცხადა, სიტყვა-სიტყვით:
– იუროჩკა, ეს ხომ შენ ხარ, ჩემო ძვირფასო? გამოდის, რომ გავრცელებული ხმები ავიაკატასტროფაში შენი დაღუპვის შესახებ, სიცრუეა. სიმართლე გითხრა, მე არც არასდროს მჯეროდა ამ სისულელის და იმედი მქონდა, რომ კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს, რაც ამისრულდა კიდეც.
კატიას სიტყვებზე გამაჟრჟოლა და ვუთხარი:
– რას ამბობ, კატია, ალბათ, ხუმრობ, სადაური გაგარინი მე ვარ-მეთქი. მან კი გამიღიმა და მომიგო:
– ხმა, კრინტი, შე ცუღლუტო! ჩემისთანა ქალს ვერ მოატყუებ. რაც არ უნდა შეიცვალო გარეგნობა და როგორ ოსტატურადაც არ უნდა მოირგო ნებისმიერი როლი, სულს ვერ გამოიცვლი. გარდა იმისა, რომ ლოგინში გიცანი, შენს სულშიც ჩავძვერი და მასში იური გაგარინი ვიხილე. ახლა ხომ ხვდები, იუროჩკა, რომ ვერ მომატყუებ? ამიტომ, თავს ნუ იკატუნებ და ჩემთან ტყუილს მოეშვი. არ მაინტერესებს, რატომ შეგიცვალეს თუ შეიცვალე ვინაობა, მე მხოლოდ შენი სიყვარული მწადია. ხოლო, თუ ჩემს ნებას არ დაჰყვები, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე.
მოკლედ, კატიამ ისე გამომიჭირა, რომ, არც პოლკოვნიკობა გამხარებია, არც ახალი თანამდებობა და მოსკოვში დაწინაურებაზეც ცივი უარი განვაცხადე, რადგან კატია გათქმით დამემუქრა. ასე დამიმორჩილა და საჯიშე ბუღად გადამაქცია. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ყველაფერი მისმა რქიანმა ქმარმა შეიტყო და ღამით, ლოგინში წამოგვადგა თავს.
– ჟიმაობთ, ახალგაზრდებო?! – ცინიკურად თქვა გენერალმა ზიმსკიმ და პისტოლეტი მოგვიშვირა.
– პაშენკა, ძვირფასო, აბა, გენერალ კაცს ასეთი რამ როგორ გეკადრება! – ურცხვად უთხრა მეუღლეს კატიამ და ლოგინიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ ზიმსკი არ ხუმრობდა, პისტოლეტი გადატენა, სასხლეტს საჩვენებელი თითი მიადო და კბილებში გამოსცრა:
– ილოცე სიკვდილის წინ!
კატიამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ღრმად ამოისუნთქა და მეუღლეს უთხრა:
პაშენკა, ჩემი თავი ჯანდაბას, კიდეც რომ მომკლა, შეიძლება, არც არავინ მოგკითხოს პასუხი და გამოძვრე, მაგრამ ამის მკვლელობას, – კატიამ ჩემკენ გამოიშვირა ხელი, – ნამდვილად არავინ გაპატიებს და აუცილებლად თავს წააგებ.
– ვითომ რატომ? – ცინიკურად იკითხა გენერალმა და პისტოლეტი მე მომიშვირა.
– იმიტომ, ძვირფასო, რომ მნიშვნელოვანი პერსონაა.
– დიდი არაფერი, – ჩაეცინა ზიმსკის, – ერთი რიგითი პოლკოვნიკია, რომლის მსგავსიც საბჭოთა კავშირში ათასობითაა, ჩინეთში კი – ასჯერ მეტი.
– არა, პაშენკა, შენ მწარედ ცდები. გირჩევ, იარაღი შეინახო და ეს კაცი აქედან უვნებლად გაუშვა, რომ უბედურება არ დაგვატყდეს თავს, მე კი ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და პირდაპირ გეუბნები, რომ ძუკნა ვარ.
გენერალმა პისტოლეტი თავში დამიმიზნა, შემდეგ მიზანი შეცვალა, ლულა ფეხებშუა მომიშვირა და თქვა:
– ჯერ შუბლს გაგიხვრეტ, მერე კი ამ ძუკნასაც მოვუვლი!
– პაშენკა, არ გაბედო და თავი არ დაიღუპო, ეს კაცი იური გაგარინია და, რომ მოკლა, შენც გაგანადგურებენ!
– იური გაგარინი თუ ლენინი? – ცინიკურად თქვა ზიმსკიმ, – ვლადიმირ ილიჩია, რომელიც ღამღამობით ცოცხლდება, მავზოლეუმიდან შენს გასაჟიმად ვაზიანში ჩამოდის, დილით კი კვლავ უკან ბრუნდება? მე თქვენ გიჩვენებთ იური გაგარინს!
– პაშკა, არ ესროლო! – ხმას აუწია კატიამ, – პირველი კოსმონავტის მკვლელობას არავინ გაპატიებს!..
– მე ჩემი ცოლის მჟიმავს ვკლავ და არა პირველ კოსმონავტს, – გადაიხარხარა გენერალმა და კვლავ სასხლეტს დაადო თითი.
– არ მესროლო, მე მართლა იური გაგარინი ვარ! – ვუთხარი ზიმსკის.
– იური გაგარინი ხარ? – დამცინავად თქვა გენერალმა.
– დიახ, იური გაგარინი! – სრულიად სერიოზულად დავუდასტურე მე.
– პირველი კოსმონავტი, – იმავე ტონით განაგრძო ზიმსკიმ.
– დიახ, დიახ, პირველი კოსმონავტი, – ვუთხარი მე.
– ჰოდა, კოსმოსში გაგიშვებ მეორედ და სამუდამოდ! – კბილებში გამოსცრა გენერალმა და პისტოლეტი მომიშვირა, მაგრამ მას კატია ლეოპარდივით დააცხრა ხელზე და კბილები ჩაასო. ქალს მეც მივეხმარე, გენერალი განვაიარაღეთ და სიკვდილს გადავრჩით, მაგრამ ჩემი ამბავი გახმაურდა და მე კვლავ უშიშროებამ დამაპატიმრა... – კარლო ხულიამ პაუზა გააკეთა, თანაპალატელებს გადახედა და განაგრძო: უშიშროებას ჩემი მკაცრი იზოლაცია არ მოუხდენია, რადგან ჩემი ამბავი საქვეყნოდ იყო გაბაზრებული, თან ჰაბიტუსიც შეცვლილი მქონდა და გარეგნულად არ ვგავდი გაგარინს. ამიტომ, ხულიგნობისთვის გამასამართლეს და გენერლის ხელყოფის გამო რვაწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. იქიდან კი აქ იმიტომ გადმომგზავნეს, რომ ჩემი ვინაობა არ დავმალე – ვთქვი, ვინც ვარ და ამის გამო გიჟად ჩამთვალეს. ერთი სიტყვით, უშიშროებას ეს მომენტიც გათვლილი ჰქონდა და აი, მე აქ ვარ, თქვენ წინაშე, – კარლო ხულიამ კიდევ ერთი პაუზა გააკეთა, თანაპალატელებს გადახედა და თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა, – რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო არაა საგიჟეთში წოლა, მაგრამ, ის მანუგეშებს, რომ თქვენისთანა ბრწყინვალე ადამიანებში მოვხვდი და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება დამიბრუნდა. აი, სულ ესაა, რისი მოყოლაც მინდოდა, შეფასებები კი თქვენთვის მომინდვია, შემდეგ კარლო ხულიამ მდუმარედ გადახედა თანაპალატელებს, რომლებიც ჯაბას მისჩერებოდნენ და პირველ შეფასებას მისგან ელოდნენ.
„ეს საცოდავიც რა ბობოლა გიჟია“, – გაიფიქრა ჯაბამ და თანაპალატელებს მიმართა:
– დიდ ადამიანებს დიდი განსაცდელი ეწვევათ ხოლმე, მაგრამ, სწორედ იმიტომ არიან ისინი დიდები, რომ ეს განსაცდელი ღირსეულად დაძლიონ. იური ალექსეევიჩიც ერთ-ერთი იმ უდიდესთაგანია და კეთილი იყოს მისი ჩვენთან მობრძანება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენს მთავრობაში და თავისი მდიდარი გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში. ღრმად მწამს, რომ იური გაგარინის შემომატებით ჩვენ გიგანტური ნაბიჯი გადავდგით 30 თებერვლისკენ!
ჯაბას ძველი საბჭოთა კინოფილმების და პროპაგანდისტული გადაცემების ყურება უყვარდა, რითაც ძალიან ხალისობდა ხოლმე და ამიტომ კარგად იყო დაუფლებული იმ პერიოდის პარტიულ ფუნქციონერთა მეტყველების სტილს, რაც მშვენივრად გამოსდიოდა და მის „შევარდნაძეობას“ შთამბეჭდავ შტრიხს ჰმატებდა. საუბრის ასეთი მანერით ის ერთგვარ ნოსტალგიასაც კი იწვევდა თანაპალატელებში, რაც მათი მხრიდან ორმაგი პატივისცემით უბრუნდებოდა.
– ასე რომ, ჩემო მეგობრებო! – განაგრძო ჯაბამ შევარდნაძის ხმით, – იური ალექსეევიჩი უკვე ჩვენი მთავრობის წევრია, დაუყოვნებლივ ჩართეთ საქმეში და ახლავე იახლეთ მონიტორინგზე!
ახალი და თანაც ასეთი სახელოვანი ადამიანის შემომატებით უზომოდ გახარებულები იყვნენ „დროებითი მთავრობის“ წევრები და კარლო ხულიას გულწრფელად ულოცავდნენ თანამდებობას. ყველაზე მეტად კი ამით გენერალმა სპირიდონ ჯაყელმა გაიხარა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოს პირველი კოსმონავტი და „ასი“ ქართულ სამხედრო ავიაციას მწვერვალებზე აიყვანდა და, შეიძლება, ქართული კოსმონავტისთვის ჩაეყარა საფუძველი. ჩვეულებისამებრ დინჯი, თავაწეული, სიტყვაძუნწი და კოპებშეკრული გენერალი ისე უზომოდ იყო გახარებული იური გაგარინის ხელში ჩაგდებით, რომ პატარა ბავშვივით გაუცისკროვნდა სახე, ჯაბას სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა და, დასტური რომ მიიღო, გაცვეთილ ხალიჩაზე დადგა, მოღიმარი სახით გადახედა თანაპალატელებს და თქვა:
– ძვირფასო მეგობრებო! ცოტა არ იყოს, აღელვებული ვარ და ემოციებს ვერ ვმალავ, მაგრამ, იმედია, მომიტევებთ, რამეთუ, ჩემი ასეთი მდგომარეობა იმ უდიდესი სიხარულითაა გამოწვეული, რასაც იური გაგარინის ჩვენს რიგებში ჩადგომა ეწოდება. იური ალექსეევიჩის ღირსებებსა და დამსახურებებზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რადგან მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მე მხოლოდ იმას გავუსვამ ხაზს, რომ მსოფლიოს პირველი კოსმონავტისა და ბრწყინვალე „ასის“ ჩვენ გვერდით დგომა ქართულ სამხედრო ავიაციას ზემწვერვალებზე აიყვანს და ისეთ საჰაერო ფლოტს შევქმნით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ეყოლება. იური ალექსეევიჩის დაზრდილი, დაფრთიანებული მართვეები, ანუ ჩვენი მომავალი არწივები, მსოფლიო საჰაერო სივრცეს უპირობოდ გააკონტროლებენ, ყველას კუდით ქვას ასროლინებენ და არამცთუ ვინმეს დააბომბინებენ ჩვენს საყვარელ მამულს, არამედ ყველას დაბომბავენ, ვინც კი ჭკვიანად არ მოიქცევა! – სპირიდონ ჯაყელმა მუშტი ჰაერში შემართა და განაგრძო, – ჩვენ, აგრეთვე, ქართულ კოსმონავტიკასაც დავაყენებთ ფეხზე და შორს არაა ის დრო, ჩემო მეგობრებო, როდესაც პირველი ქართული რაკეტა მარსზე დაჯდება! დიახ, დიახ, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ქართველი კოსმონავტები იქნებიან ჩვენი უკიდეგანო გალაქტიკის პირველი გზაგამყვანები, მკვლევრები და ამ ვეებერთელა სივრცის ამთვისებელნი! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს და მის სახელოვან შვილებს! ვივატ, იური ალექსეევიჩ!
სპირიდონ ჯაყელმა ლაპარაკი დაასრულა, კარლო ხულიას მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და შემდეგ სერიოზული მზერა მიაპყრო ჯაბას, რომელმაც გაიფიქრა: „ღმერთო, რა გაფრენილი აქვს ამ საცოდავს. მარსზე უნდა დავჯდეო. ეეჰ, შენ უკვე მარსზე ზიხარ და ვერ ხვდები“.
ჯაბამ ჯაყელს გაუღიმა და უთხრა:
– დიდებული გეგმაა, გენერალო და, დარწმუნებული ვარ, უეჭველად განვახორციელებთ, ახლა კი დროს ნუ ვკარგავთ და საქმეს მივხედოთ. წინ, ჩემო მეგობრებო, ახალი გამარჯვებებისკენ!
„დროებითი მთავრობის“ წევრები მწყობრი ნაბიჯით გავიდნენ პალატიდან მორიგი „მონიტორინგის“ ჩასატარებლად. წინ ჯემალ ჯიოშვილი მიდიოდა, მას პანტელეიმონ ჯაში და სპირიდონ ჯაყელი მიჰყვებოდნენ, ყველაზე ბოლოს კი კარლო ხულია მიაბიჯებდა, რომლის გაგარინობით აღფრთოვანებული გენერალიც გონებაში ახალ-ახალ გეგმებს აწყობდა.
კარლო ხულიას მონათხრობიდან მხოლოდ ის იყო სიმართლე, რომ ყოფილი მფრინავი მართლაც გენერლის ხელყოფისთვის იჯდა ციხეში და სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კარლო უფროსი ლეიტენანტი იყო და არა პოლკოვნიკი, როგორც ის ამბობდა. მან და კატიამ მართლაც სცემეს გენერალი პაველ ზიმსკი, რომელმაც მათ საწოლში მიუსწრო, თუმცა, იარაღით არ დამუქრებია და მხოლოდ გალანძღა ისინი. უსირცხვილო წყვილმა კი „გაღმა შედავების“ პრინციპით უმოწყალოდ სცემა უშიშროების გენერალი და, მართალია, სამხედრო პროკურატურამ ორივე დააპატიმრა, მაგრამ ბოლო მომენტში ზიმსკიმ ცოლი ჯერ შეიცოდა, შემდეგ შეიწყალა, ბოლოს კი შეურიგდა, კარლო ხულიას კი „თავხედობა“ არ აპატია და ციხეში გამოამწყვდია. კარლო ხულიამ ორი წელი ითმინა ციხე, შემდეგ კი მოულოდნელად იური გაგარინი გახდა, რასაც ჭიჭიკო ბენდელიანობაც შეუთავსა და ციხიდან საგიჟეთში გადაიყვანეს. ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანილი ხულია წესისამებრ რაჟდენ რაჟდენოვიჩმა გასინჯა, ჩაფიქრდა და სანიტრებს უთხრა:
– „ლუქსში“ ჩაიყვანეთ მსოფლიოს პირველი კოსმონავტი და ვარდისფერი აბი მიეცით, რომ ახალ ატმოსფეროს უმტკივნეულოდ შეეგუოს!
კარლო ხულიას ჯერ ვარდისფერი აბი ჩააყლაპეს, რომელიც დამამშვიდებელ-დამაძინებელი საშუალება იყო და პალატაში მძინარე მიიყვანეს.
„დროებითი მთავრობის“ წევრები რომ „მონიტორინგის“ ჩასატარებლად დერეფანში გავიდნენ, ჯაბამ მეუფე გაბრიელთან გასაუბრება დააპირა და საწოლიდან წამოდგა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ ამ დროს პალატაში ზორბა სანიტარი შემოვიდა და ჯაბას მიმართა:
– ონიანო, წამომყევი, გეძახიან!
ჯაბამ გაიხედ-გამოიხედა, შემდეგ მეუფე გაბრიელისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც კედელზე თავმიდებული ლოცულობდა და სანიტარს უთხრა:
– ის ონიანი არაა.
სანიტარმა ჯერ კოპები შეკრა, შემდეგ გაეცინა და ჯაბას უთხრა:
– მაპატიეთ, ბატონო ედუარდ, ონიანი შევარდნაძეში შემეშალა, თქვენ გიხმობენ და გთხოვთ, წამობრძანდეთ.
– მე მიხმობენ?
– დიახ, ბატონო ედუარდ, თქვენ.
– კი მაგრამ, ვინ, ჩემო მეგობარო, როგორც მახსოვს, არც არავინ მყავს დაბარებული და არც ვინმეს ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი დღეისთვის. დელეგაციაა თუ კერძო პირი?
– კერძო პირია, ბატონო ედუარდ, და რაჟდენ რაჟდენოვიჩთან გელოდებით.
„ნეტავ რა ხდება? – გაიფიქრა ჯაბამ, – შემთხვევით გასაღებები და ბალონები არ აღმოაჩინოს ვინმემ, თორემ, ყველაფერი ჩაიშლება. რა დროს ჩემი აქედან გაყვანა იყო, რამდენიმე საათი დამრჩა გაქცევამდე და გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს“.
ჯაბა საწოლიდან წამოდგა და სანამ პალატიდან გავიდოდა, მეუფე გაბრიელის გასაგონად ჩაილაპარაკა: „ღვთისეული გასაღებით სამყაროა გასაღები“. ამით ჯაბამ მეუფეს მიანიშნა, რომ მის დაბრუნებამდე გასაღებები და ბალონები გადაემალა.
ზორბა სანიტარმა და ჯაბამ საშუალო ტემპში გაიარეს გრძელი დერეფნები და როგორც კი საგიჟეთის დირექტორის კაბინეტს მიადგნენ, სანიტარმა მხოლოდ ჯაბა შეუშვა შიგნით, თვითონ კი უკან გამობრუნდა.
– გამარჯობა, ბატონო პროფესორო! – უთხრა ჯაბამ შევარდნაძის ხმით რაჟდენ რაჟდენოვიჩს, თან მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა შეათვალიერა, რომელიც ასევე ყურადღებით ათვალიერებდა ახალმოსულს.
– გაგიმარჯოს, ჩემო კარგო, – მიუგო პროფესორმა ჯაბას, – როგორ გრძნობთ თავს?
– გადავიღალე, ბატონო პროფესორო, ძალიან გადავიღალე! უამრავი სამუშაო მაქვს, თან, ისეთი დაძაბული, რომ ჩემი ჯანმრთელობა ვეღარ უმკლავდება მას, – მიუგო ჯაბამ, გუნებაში კი დამხვდურ ახალგაზრდაზე გაიფიქრა: „ნაღდად „ძაღლია“ ეს ნაბიჭვარი, სიფათზე ეტყობა. ნეტავ, რა ხდება?“
– ჩემო კარგო, – გაუღიმა პროფესორმა ჯაბას, – ეს ბატონი იოსებ კუკავაა, გამომძიებელი და თქვენთან გასაუბრება სურს.
– ჩემთან გასაუბრება? – შევარდნაძის ხმით გაიკვირვა ჯაბამ, – კი მაგრამ, „9 აპრილის“ კომისიას მე ხომ უკვე მივეცი ჩვენება და დასამატებელი არაფერი მაქვს.
– ეს, ბატონო, სხვა საკითხზეა მოსული, – თქვა პროფესორმა.
– ჰოო, ალბათ, მოსკოვური პუტჩის „გეკაჩეპეს“ საკითხებზე უნდა გამესაუბროს, ხომ? – თქვა ჯაბამ.
– არა, ბატონო ჯაბა, – სერიოზული ტონით უთხრა ჯაბას იოსებ კუკავამ, – მე „სოდიდან“ გახლავართ და თქვენს საქმეზე რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ.
– საიდან, საიდან, ჩემო კარგო? – ჰკითხა კუკავას ჯაბამ.
– სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან, ბატონო ჯაბა, – მიუგო კუკავამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში