კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლის დადგენა შესაძლებელია

ვიქტორ ფლიტვუდი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფერწერაში საიმისოდ, რომ წარმატებით ევაჭრა ნახატებით. ის ადამიანებსაც კარგად სცნობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა, დროდადრო მიმნდობი მყიდველები მოეტყუებინა.

მთელი კვირა ჩელსიში მის გალერეაში სიჩუმე სუფევდა. ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა. ბუნებრივია, ხუთშაბათს საკმაოდ ცუდ განწყობაზე იყო, მაგრამ გუნება მაშინვე გამოუკეთდა, როგორც კი გალერეაში ასაკოვანი ქალი შემოვიდა. ინტუიციამ უკარნახა, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა სარგებელი ენახა.

ქალი მას ჯერალდინა პლიმტონად გაეცნო. აღმოჩნდა, რომ ნახატი ჰქონდა გასაყიდად მიტანილი. ფლიტვუდი მაშინვე მიხვდა, რომ ქალი გალერეების ხშირი სტუმარი არ იყო. სახეზე ბავშვური ცნობისმოყვარეობა აღბეჭდვოდა, თითქოს ნახატების გალერეაში პირველად აღმოჩნდაო.

ფლიტვუდმა გრაგნილს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა, რომელიც ქალს ხელში ეჭირა. ქალბატონმა პლიმტონმა ნახატს კიდეზე თითი გაუსვა და ვიქტორი მაშინვე მიხვდა, რომ ქალს მასთან განშორება უჭირდა.

– მგონი, ტელეფონზე მითხარით, რომ რეგბის ნახატი გქონდათ, – თქვა მან.

– კი, ეს მეთიუ რეგბია. მითხრეს, რომ თავის დროზე, იგი ძალიან სახელგანთქმული იყო.

– ის გენიოსი იყო.

– ედგარიც ყოველთვის ამას ამბობდა.

– ედგარიც?

– დიახ. ჩემი ძმა, – აუხსნა ჯერალდინა პლიმტონმა, – ეს ნახატი მისი საკუთრება იყო. ედგარი შარშან დაიღუპა. მან ყველაფერი მე და ჩემს დას, ლუსინდას დაგვიტოვა. ედგარი მდიდარი კაცი არ გახლდათ, მაგრამ ფერწერაში კარგად ერკვეოდა და ბრწყინვალე გემოვნება ჰქონდა. მან რეგბი აუქციონზე, ორმოცი წლის წინ იყიდა და მის გაყიდვაზე ყველაზე მძიმე დღეებშიც კი უარს ამბობდა. ედგარი ფიქრობდა, რომ მისი ფასი ათჯერ გაიზარდა.

– დიახ, ქალბატონო პლიმტონ, თუ, რა თქმა უნდა, ნახატი ორიგინალია.

– ამაში შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ. ედგარს ეჭვი არასდროს შეჰპარვია. მე სადღაც აუქციონის ქვითარიც კი მაქვს. ედგარი მას ყოველთვის ინახავდა.

– ვიდრე ქვითარს მაჩვენებთ, თუ შეიძლება, ნახატს შევხედავ. მომენტალურად მივხვდები, ორიგინალია, თუ ასლი. ამ მხატვრული ნიმუშების კარგი მცოდნე ვარ.

ქალმა ღრმად ამოისუნთქა და გრაგნილი კაცს გაუწოდა. ამ დროს ცოტა ამოიგმინა კიდეც. ვიქტორ ფლიტვუდმა ნახატი მაგიდაზე დადო, გაშალა და აღფრთოვანებით დახედა მომნუსხველ პეიზაჟს.

– ლიდსის ციხესიმაგრე, – აუხსნა ქალმა.

– ვიცი, ქალბატონო პლიმტონ.

ეჭვიც კი არ შეჰპარვია იმაში, რომ ნახატი ორიგინალი იყო. ეს ფლიტვუდმა ძალიან მალე დაადგინა. კონტურების და შუქჩრდილების გამოყენება, ასე ოსტატურად, მხოლოდ რეგბის შეეძლო.

– აბა, საქმე როგორაა? – ჰკითხა ქალმა.

– ეს მშვენიერება, სამწუხაროდ, კარგი ასლია, – თავი გადააქნია ფლიტვუდმა.

– ეს შეუძლებელია! ედგარი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ნახატი ორიგინალია. აი, აუქციონის ქვითარიც.

– დარწმუნებული ვარ, რომ აუქციონის მესვეურებიც ვერ მიხვდნენ, რომ ნახატი ყალბია, თუმცა მე ვერავინ მომატყუებს. არის რამდენიმე პატარა დეტალი, რომელთა მეშვეობითაც სიმართლის დადგენაა შესაძლებელი. დიდი მადლობა, რომ მაჩვენეთ ეს ნახატი, – ფლიტვუდმა ნახატის დახვევა დაიწყო, – მაგრამ ვშიშობ, რომ მის ყიდვას ვერ შევძლებ.

– ო, ღმერთო! – ქალს მკვდრის ფერი ედო, – ედგარი იფიცებოდა, რომ ის ნამდვილი იყო.

– ის მხოლოდ მშვენიერი ასლია და მეტი არაფერი. ლონდონში იპოვით რამდენიმე დილერს, ვინც შეიძლება, ამით დაინტერესდეს. თუ გსურთ, შემიძლია, ერთი მათგანი მიგასწავლოთ. თუმცა, გაფრთხლებთ, რომ იგი იმ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს გადაგიხდით, რაც ნამდვილი რეგბი ღირს. აი, ამ კაცთან მიდით.

ქალბატონი პლიმტონი მკვდარი იყო. სკამზე ძალაგამოცლილი დაენარცხა.

ანტიკვარი ტომ ჰოლი ყველანაირი ანტიკვარული ძველმანით ვაჭრობდა. სწორედ მასთან დარეკა მისმა ძველმა ნაცნობმა ვიქტორ ფლიტვუდმა და საქმის არსში დეტალურად გაარკვია.

– რამდენი შევთავაზო მაგ ქალბატონს, იმ შენს... როგორ თქვი? – ჰკითხა ჰოლიმ, როდესაც ყველაფერი მოისმინა.

– რეგბი, მეთიუ რეგბი. ორასორმოცდაათიდან დაიწყე და ოთხასამდე ადი. –

– ოთხასი ფუნტი? – გაიოცა ანტიკვარმა.

– დამიჯერე, ტომ, ეგ ნახატი ათჯერ მეტი ღირს. არა მარტო შენს ფულს დაგიბრუნებ, როგორც ყოველთვის საკომისიოსაც კარგად გადაგიხდი.

ჰოლის ტელეფონის ყურმილი სულ რამდენიმე წუთის დადებული ჰქონდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ქალმა მოახსენა, რომ მასთან ვიქტორ ფლიტვუდმა გამოგზავნა. ჰოლიმ მაღაზიაში შეიპატიჟა და ყურადღებით მოისმინა ქალის სევდიანი ისტორია.

– სამწუხაროა, ასე რომ არ გაგიმართლათ. მაჩვენეთ ნახატი. მე არასდროს ვყიდულობ ბრმად, – უთხრა ქალს ტომ ჰოლიმ.

ქალმა გრაგნილი გაუწოდა. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ნახატის დათმობაც უჭირდა და თან ეშინოდა, რომ მის ყიდვაზე აქაც უარს ეტყოდნენ.

– მშვენიერია, – დიდი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ანტიკვარმა ვერდიქტი გამოიტანა.

– ორასორმოცდათ ფუნტს მოგცემთ.

– მხოლოდ ორას ორმოცდაათს? – ქალი ისე შეხტა, თითქოს დენმა დაარტყაო.

– შემიძლია, სამასამდე დავამრგვალო.

– გაცილებით მეტის იმედი მქონდა, – უთხრა ქალბატონმა პლიმტონმა, – მე და ლუსინდას ძალიან გვიჭირს. ეს გაჭირვება რომ არა, ნახატს საერთოდ არ გავყიდდით.

– სამას ორმოცდაათი? – განაგრძობდა ანტიკვარი.

– ლუსინდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, ხოლო ედგარი საფლავში გადაბრუნდება.

– ოთხასი ფუნტი და არც ერთი პენსით მეტი.

– მაშინ ჩვენ სალაპარაკოც არაფერი გვაქვს, – მოულოდნელად მკაცრად განაცხადა ქალმა და ნახატისკენ დაიძრა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, ბატონო ჰოლი, მაგრამ მირჩევნია, ვინმე სხვა მოვძებნო.

– ოთხასორმოცდაათი.

– ნუთუ, მეტის მოცემა არ შეგიძლიათ?

– მე ისედაც უკვე ფილანტროპიით ვარ დაკავებული! ოთხასორმოცდაათი ფუნტი და მორჩა!

– ნუთუ, ეს ნახატი მეტი არ ღირს?! – სევდიანად ჩაილაპარაკა ჯერალდინა პლიმტონმა.

ჰოლის ქალი ძალიან შეეცოდა. თან, ვიქტორ ფლიტვუდის ნათქვამი გაახსენდა, ნახატის რეალური ფასის შესახებ. თუ მას ხელიდან გაუშვებდა, ფლიტვუდი სხვა დროს საქმეში აღარ გაიყვანდა. ამის გარდა, თუ ქალი სხვა პატიოსან მოვაჭრესთნ წავიდოდა, იქ ეტყოდნენ, რომ ნახატი ორიგინალია და მათი საქმიანობაც გამოაშკარავდებოდა.

– ხუთასი ფუნტი! ან აიღეთ, ან წადით!

ვიქტორ ფლიტვუდი საღამოს უკვე ანტიკვართან იყო. მშვენიერ გუნებაზე გახლდათ. ხუთასი ფუნტის გადახდის ამბავი ცოტა კი ეწყინა, მაგრამ მოგება ისეთი რჩებოდა, ამან განწყობა ვერ გაუფუჭა. სასწრაფოდ ნახატი მოითხოვა. გახსნა და მშვენიერ პეიზაჟს კიდევ ერთხელ დააკვირდა. მოულოდნელად ფლიტვუდს სახე შეეცვალა. იგი დაიძაბა და გინება ატეხა.

– შენ ამაში ხუთასი ფუნტი გადაიხადე?! – წამოიყვირა მან, – ნამდვილი იდიოტი ხარ!

– რამ გადაგრია? – განცვიფრდა ანტიკვარი

– იმან, რომ ეს ასლია!

– შენ არ მითხარი, ორიგინალიაო? – გაიკვირვა ტომ ჰოლიმ.

– როდესაც ჩემს გალერეაში შევამოწმე, ორიგინალი იყო. ბავშვებივით გაგვაცურეს, ტომ! როგორც ჩანს, იმ ქალმა ნახატი გზაში შეცვალა. ჩვენსავე თამაშში გვაჯობა.

როდესაც ჯერალდინა სახლში დაბრუნდა, ედგარი ჯერ კიდევ მოლბერტთან იდგა. ქალმა ნახატი კედელთან მიაყუდა. პალტო და ქუდი მოიხადა და თმა ჩამოიშალა. უცებ ათი წლით გაახალგაზრდავდა. ედგარმა ფართოდ გაუღიმა:

– ნამდვილი მსახიობი ხარ. ამჯერად რამდენი ვიშოვეთ?

– ხუთასი ფუნტი.

– შესანიშნავია. ახლა ვინ ვიყავი?

– ჩემი გარდაცვლილი ძმა. მალე მორჩები?

– თითქმის მოვრჩი, – ედგარმა მოლბერტზე მიუთითა, – ლიდსის ციხესიმაგრე მეთიუ რეგბისგან. მათი დახატვა, ახლა უკვე თვალდახუჭულს შემიძლია. ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესი გამოდის.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3