ღამის საჩუქარი
თანამოაზრეობა არანაირად არ ნიშნავს ყველაფერზე თავის კანტურს. ჩვრის თოჯინა ხომ არ ხარ, ბოლოს და ბოლოს, ან თოკებზე გამობმული მარიონეტი?! საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს. თუმცა, ზოგჯერ ეს „საკუთარი აზრი“ გვიჩენს სრულიად უსარგებლო პრობლემებს. მაგრამ, ჩვენ ხომ თანამოაზრეობაზე ვაპირებდით ლაპარაკს. დიახ, ლაპარაკს და არა საუბარს. ვინ გითხრათ, რომ ეს ერთი და იგივეა. შემცდარი ბრძანდებით. საუბარი ორმხრივია, შეიძლება, სამმხრივიც, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ და ჯერჯერობით საუბარი არ გამოგვდის. მონოლოგის რეჟიმში ვარ, თანაც უკვე კარგა ხანია, მისმენთ... და, რადგან მისმენთ და ჯერ ჩემი ლაპარაკი თქვენთვის მეტ-ნაკლებად ასატანია... ესე იგი, საინტერესოდ გამომდის და მაშ, გავაგრძელებ... გპირდებით, ახლა იწყება, რაც იწყება... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი ეს იყო.
***
ვახომ გაოცებით დაახამხამა წამწამები.
– ვერაფერი გავიგე.
– თავს ნუ გამოიშტერებ. ძალიან კარგად გაიგე. არაჩვეულებრივად გაიგე და იმასაც ხვდები, ჩვენ შემთხვევაში, ამის გარეშე ფონს ვერ გავალთ. გეუბნები, ძალიან დიდ თანხაზეა ლაპარაკი.
– მოიცა, მოიცა, შენ რა, გინდა, „დავტყდეთ“ აქედან?
– ჰო. კი არ მინდა, აუცილებლობა მოითხოვს. თორემ მაგრად „გაგვტისკავენ“, არავინ შეგვარგებს, დამიჯერე.
– აუუ, ვინ არ შეგვარგებს, მოიცა, რაა... პატიოსნად მოვიგებთ, ტო... რას გვერჩიან... შეგვამოწმონ და ნახონ...
– არც უმაგისობა იქნება. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომაც ვუთხარი ლიკას, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
– რა... რა გადაწყვეტილება...
– ჰო, გადაწყვეტილება... უნდა თუ არა, ჩემთან ერთად წამოსვლა.
ვახომ დაუსტვინა.
– მოიცა, ჯერ შენ სად წახვედი, რომ ქალი, რომელსაც არაფერში სჭირდები, თან მიგყავს.
– ქალი, როგორც შენ მას უწოდე, ჩემი ცოლია. ხომ არ დაგავიწყდა?! თანაც ჩვენი ოჯახის ამბები შენ საერთოდ არ გეხება, – წარბი შეიკრა ლაშამ.
– როგორ არ მეხება. ჩვენ სრულფასოვანი პარტნიორები ვართ და ის, რაც გეხება შენ, მეხება მეც. არ არის ძნელი მისახვედრი. შენ თუ ლიკას წამოყვანას აპირებდი, ჩემთვის ცოტა ადრე უნდა გეთქვა.
– მოიცა, ადრე რატომ უნდა მეთქვა?
– იმიტომ, რომ ეს უსამართლობაა, ჰო, უსამართლობაა. არც მე ვარ უკვე მარტო და უნდა გაგეთვალისწინებინა.
– შენ ხომ არ აურიე. რა უნდა გამეთვალისწინებინა?
– ის, რომ მეც მყავს უკვე რაღაც იმდაგვარი, შენ რომ ცოლს ეძახი.
ლაშამ დიდხანს დაჟინებით უყურა ვახოს და ბოლოს სინანულით გადააქნია თავი.
– რა იყო?! – „ახტა“ ვახო.
– არაფერი.
– მაშინ, ასე ნუ მიყურებ.
– როგორ გიყურებ?
– სინანულით, თითქოს ძალიან გეცოდები.
– გამოიცანი. ძალიან მეცოდები. მკითხე, რატომო და გიპასუხებ. ვიცი, მაინც ეს გაინტერესებს.
– ნერვებს ნუ მიშლი, თავი დამანებე.
– მე გიშლი ნერვებს? ჭკუა სულ გამოგაცალა იმ გოგომ. აშკარად მაგრად „ჭედავ“. წუხელ იმასთან იყავი?
ვახომ უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ ლაშა არ მოეშვა.
– ხელებს ნუ იქნევ, მიპასუხე.
– ჰო, იმასთან ვიყავი, მაგრამ შენ რასაც ფიქრობ, მსგავსიც არაფერი მომხდარა, – განაცხადა ამაყად ვახომ.
– ვიცი და სწორედ მაგიტომაც ხარ იდიოტი, – „განუმარტა“ ლაშამ დიდსულოვნად.
– შეურაცხყოფას ნუ მაყენებ.
– მე? აბა, რას ამბობ. ეგ შენ აშკარად არ გჭირდება.
– დამცინი?
– არა-მეთქი, არ გესმის? შენი გაჭირვებაც გყოფნის. ნაშასთან მთელი ღამე გაატარე და მეუბნები, მსგავსიც არაფერი მომხდარა, რაც შენ გაიფიქრეო. აბა, რას აკეთებდით?
ვახომ ბღვერით გადახედა მოღიმარ ლაშას, რომელმაც ორი თითით ყელი გამოუწია და წააქეზა.
– მიდი, მიდი, მართლა მაინტერესებს... ყოველგვარი ირონიის გარეშე.
– ლექსებს ვუკითხავდი, – სრული სერიოზულობით წარმოთქვა ვახომ.
ლაშა გაშრა, მერე ხმამაღლა სიცილი აუტყდა.
– აკი, არ გავიცინებო?!
– ისეთი რაღაც მითხარი... – სული ძლივს მოითქვა ლაშამ და საცოდავად გადახედა ჭარხალივით გაწითლებულ ვახოს, – მართლა, ლექსებს უკითხავდი, ბიჭო?.. ვის, იმ ნაშას?
– ჰო, რა იყო და ნაშას ნუ ეძახი. შენ მას საერთოდ არ იცნობ. ძალიან წესიერი და კარგი გოგოა.
– „წესიერი და კარგი გოგო“ მარტო ცხოვრობს?
– დიახ. – გამოაჯავრა ვახომ, – ამით რისი თქმა გინდა? წესიერი ქალები მარტო არ ცხოვრობენ თუ რაშია საქმე? სხვათა შორის, ძალიან მაგარი ბინა აქვს.
– რომელიც, რა თქმა უნდა, მამიკომ უყიდა. ძალიან მდიდარმა და ძალიან კეთილმა.
– არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ ამით.
– იმიტომ, რომ ზუსტად იცი, ასე არ არის. ამიტომ, არ დაინტერესდი, თორემ, ხომ გიცნობ, ცნობისმოყვარეობა გკლავს და მოსვენებას გიკარგავს.
– არა, სხვათა შორის.
ლაშა დაიღრიჯა.
– კარგი. რადგან ასე გინდა, დავიჯერებ, რომ მისი პირადი ცხოვრება არ გაინტერესებს.
– თუ გინდა, ნუ დაიჯერებ. არ არის პრობლემა. მართლა არ ვიდარდებ ამაზე.
– სადარდებელი არც არაფერია, თუ ცოტა ჭკუით მოიქცევი. ხომ შეგიძლია, ცოტა ხნით მაინც არ იფიქრო მაგ გოგოზე, სულ ცოტა ხნით. მით უმეტეს, თუ მთელი ღამე მაინც ლექსებს უკითხავდი.
– გეყოფა, ნუ დამცინი. არაფერია ამაში სასაცილო.
– მეც მაგას არ ვამბობ? მაგრამ ჩემი ისე გესმის, როგორც შენ გინდა.
– ახლა უნდა ვიჩხუბოთ?! – გაიბუსხა ვახო, – მით უმეტეს, თუ ასეთი სერიოზული ღამე გველის.
– კარგია, რომ მაგდენი მაინც გესმის და ხვდები. თავი მტკივა იმაზე ფიქრით, რა შეიძლება, მოხდეს.
– რა უნდა მოხდეს, რაზე მელაპარაკები. ახლა უკვე მაშინებ.
– კარგი, რა... ბავშვივით ნუ იქცევი და ნუ მეწუწუნები. ახლა შენ გამშვიდო თუ საქმეზე ვიფიქრო?! – გაცხარდა ლაშა.
– და კიდევ ლიკაზე... რა გადაწყვეტილებას მიიღებს შენი ცოლი. როდის უნდა გითხრას პასუხი?
– საღამომდე, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ლაშამ. ვახომ ხელები გაშალა.
– აუჰ, დავიღუპეთ. თუ უარი გითხრა, შეიძლება, თამაშზე საერთოდ უარი თქვა.
– ნუ გეშინია. უარს არ ვიტყვი. მძიმე იქნება ლიკას უარი ჩემთვის, მაგრამ გადავიტან. ყოველ შემთხვევაში, გაურკვევლობაში მაინც აღარ ვიქნები.
– მოიცა და... როგორ უნდა წავიდეთ აქედან ან სად უნდა წავიდეთ, ვიზები რომ არ გვაქვს, ასე ადვილია?
– ადვილია, ადვილი. იმ ქვეყანაში წავალთ, სადაც ვიზები არ დაგვჭირდება.
– რაა? ბაქოში და ერევანში უნდა მაყურყუტო? არავითარ შემთხვევაში არ გამოვა ეგ ამბავი, ახლავე გაფრთხილებ.
– ნუ აფრენ. შენ ისევ ლექსების განწყობაზე ხარ, პოეტურზე და ამაღლებულზე, თურქეთი აქ არ არის? ჯერ თურქეთში წავალთ ცოტა ხნით და მერე ვნახოთ.
– აუცილებლად უნდა გავიქცეთ? – ამოიგმინა ვახომ. კი მაგრამ, რატომ?
– ახლა თავიდან ნუ მომაყოლებ ყველაფერს. აუცილებლად-მეთქი, არ მითქვამს, მაგრამ შანსი იმისა, რომ დროებით გავქრეთ აქედან, დიდია.
– ამისთანას რას იგებ, – გაოცდა ვახო.
– საღამომდე მოითმინე და ნახავ, – პასუხს თავი აარიდა ლაშამ, – სიტუაციასაც მერე ერთად გავაანალიზებთ. ხომ გინდა, რომ შეგვერგოს, რასაც მოვიგებთ. პირადად მე, აქ აღარაფერი მაკავებს.
– და... რამდენ ხანს გვეყოფა ეგ ფული, – დაეჭვდა ვახო.
– კარგა ხანს გვეყოფა, შეგიძლია, მენდო.
– თუ მილიონს იგებ, მითხარი.
ლაშამ დუმილი ამჯობინა, ვახო მიხვდა, რომ ამ საკითხზე მეტს აღარაფერს ეტყოდა და საუბრის თემა შეცვალა.
– ისე, მაგარი გრძნობაა, როცა გიყვარს.
– კი, როგორ არა, – ჩაიცინა ლაშამ, – ძალიან მაგარია...
– არა?!
– გააჩნია, რომელ ეტაპზე. მე რომ ვარ ახლა, იმ მდგომარეობას არავის ვუსურვებ. მგონი, საერთოდ ჯობია, არ გიყვარდეს, ასე გაცილებით მარტივია ცხოვრება. სიყვარული თავისთავად გულისხმობს გათენებულ ღამეს, ანუ უძილობას, ნერვიულობას, ეჭვიანობას, განცდებს. ვუყვარვარ – არ ვუყვარვარს და „კაროჩე“, რა...
– ჰო, ასეა, მაგრამ მაინც კარგია.
– ეგ მერე მითხარი, როცა შენი სოფო კარს მოგიხურავს და ზურგს შეგაქცევს.
– ვაა, ეგ რა პროგნოზია. ზურგი რატომ უნდა შემაქციოს. იქნებ, შევუყვარდი იმასაც.
– რადგან შენი სულელური ლექსები ისმინა და გარეთ არ გამოგაგდო? ეტყობა, ძალიან მოცლილი იყო.
– მოცლილი და მეტი არაფერი? იმის თქმა გინდა, რომ საერთოდ არ ვაინტერესებ?
– არაფრის თქმა არ მინდა, ვახო... არაფრის, გარდა იმისა, რომ ძალიან „მგრუზავ“ და სერიოზულად მიშლი ხელს.
– ხმას აღარ ამოვიღებ, თორემ მერე, მე დამაბრალებ ყველაფერს, რამე გაუთვალისწინებელი თუ მოხდება.
– გაუთვალისწინებელი არაფერი არ უნდა მოხდეს. ამდენი რაზე გელაპარაკე. ყველა დეტალი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. უმნიშვნელო წვრილმანამდე.
ვახომ უხალისოდ დაუქნია თავი და გუნებაში შეიგინა...
***
ანდროს მამაკაცისთვის შეუფერებელი ინტუიცია და ალღო ჰქონდა. ხშირად არა, მაგრამ როცა კი გული რაღაცას „უკარნახებდა“, ის რომ არ ახდენოდა, შეუძლებელი იყო. ყოფილა შემთხვევა, ნერვიულობის, ფორიაქის მიზეზი საერთოდ არ ჰქონია, ანუ, ხელშესახები და საგრძნობი მიზეზი არ ჰქონია, მაგრამ ხელების კანკალი ვერ გაუჩერებია. იმ საღამოსაც ზუსტად ასე იყო და იმისი თავიც არ ჰქონდა, ვინმე დაეცოფა. გაურკვევლობის მოლოდინი აგიჟებდა.
– ინა, რა ხდება ჩვენთან? – ჰკითხა გოგოს, ჩაი რომ შემოუტანა.
– არაფერი, ბატონო ანდრო, სიმშვიდეა.
– ხალხი არის?
– ცოტა, ძალიან. როგორც ყოველთვის ამ დროს საღამოსკენ მოემატება. გნებავთ, რამე?
– არა, არაფერი. ყველანი აქ არიან?
– დიახ... თუმცა, თქვენ კონკრეტულად გულისხმობთ ვინმეს? ხომ არავის დავუძახო, რომ თქვენთან შემოვიდეს?
– არა, არა. ველოდები ვიღაცას და რომ მოვა, მაშინვე ჩემთან შემოიყვანე. ჰო, მართლა, დათო აქ არის?
– დათო? – ინამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მაშინვე ვერ მიხვდა, ვისზე იყო ლაპარაკი.
– ჰო, დათო. რა მოგივიდა, არ იცი, ჩვენი დაცვა რომ არის?
– გამახსენდა. ბოდიში, ბატონო ანდრო. იმდენი არიან... ახლავე ვეტყვი, რომ შემოვიდეს...
... დათო ბართან იდგა. სახით შემოსასვლელისკენ. ინა უხმაუროდ მიუახლოვდა, – გეძახის, შედი...
ბიჭს სახე გაუნათდა.
– შევრიგდით?
– არა. არ შევრიგებულვართ. მითხრა, დაუძახეო და მეც გადმოგეცი მისი დანაბარები. შენთან ლაპარაკს და რაიმე ურთიერთობას არ ვაპირებ.
– კი, მაგრამ რატომ?
– იმიტომ... მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. შედი, სანამ გადარეულა, ისედაც ცუდ გუნებაზეა.
– მეც არ ვარ გადასარევ გუნებაზე. პირიქით, დანა პირს არ მიხსნის.
– ეგ შენი პრობლემაა, რომელიც მე არანაირად არ მაინტერესებს, – წარბი შეიკრა ინამ, – და თუ არ გინდა, მაგ პრობლემას კიდევ სხვაც დაუმატო, ახლავე შედი ანდროსთან.
დათომ ფეხი შეინაცვლა და ბარის დახლს ცალი ხელით დაეყრდნო.
– კარგი. შენი ნებაა. ნუ შეხვალ, მაგრამ მე გაგაფრთხილე.
დათომ ამოიოხრა.
– კარგი, შევალ. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვილაპარაკოთ. გინდა ეს თუ არა!
– მე არაფერში მჭირდება ეს საუბარი.
– სამაგიეროდ, მე მჭირდება.
– ეგეც შენი პრობლემაა, – ინა შებრუნდა და წასვლა დააპირა. დათომ მკლავზე წაავლო ხელი.
– სისულელეებს მოეშვი, – ხმადაბლა გააფრთხილა ინამ და დარბაზი მოათვალიერა, – მორჩი-მეთქი სისულელეებს, ისევ შენთვის იქნება კარგი. რაც შეეხება ლაპარაკს, მოვიფიქრებ.
დათომ გაიღიმა და ხელი გაუშვა.
– ეს უკვე სხვა საქმეა. კარგი. მოგვიანებით გნახავ...
ანდრომ ბღვერით შეხედა დათოს და საყვედურიც არ დაუგვიანა.
– რა საინტერესოა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოცი მეტრის გავლას ამდენი დრო თუ სჭირდებოდა. სად იყავი აქამდე?
– დერეფანში შევყოვნდი, – უხერხულად შეიშმუშნა დათო.
– აიღე ტელეფონი და შენს დას დაურეკე.
– ბატონო? – დათო საბოლოოდ დაიბნა.
– ბატონო კი არა, გადამრია სოფომ. მთელი ღამე ტელეფონი აქვს გათიშული. ახლაც არ მპასუხობს, არადა, ძალიან მჭირდება. საქმე მაქვს.
– დავურეკავ ახლავე, ბატონო ანდრო... დავურეკავ...
– და, თუ არ გიპასუხებს, მანქანაში ჩაჯდები, წახვალ და აქ მომიყვან.
დათომ თავი დაუქნია და კარისკენ შებრუნდა.
– სად მიდიხარ? – იფეთქა ანდრომ, – მეჩქარება-მეთქი. ვერ გაიგე?
– გავიგე, ბატონო ანდრო, გავიგე და მივდივარ, რომ დავურეკო.
– აქედან ვერ დაურეკავ, თუ არ „დაიჭერს“ ტელეფონი.
– აჰ, დიახ, მართალი ბრძანდებით...
დათომ მობილური აიღო და ის იყო ნომერი აკრიფა, რომ სოფომაც შემოაღო კარი. დათომ შვებით ამოისუნთქა.
– მე გავალ, ბატონო ანდრო...
სოფომ ჩანთა მაგიდასთან დადო და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა. ანდრომ აცადა, აინტერესებდა, რას ეტყოდა გოგო, მაგრამ სოფო დუმდა და კაცს გამომწვევად შესცქეროდა, ფეხი ფეხზე შემოდებული.
– დიდხანს გიცადო? – წარბი შეიკრა ანდრომ – იქნებ ვერ ხვდები, რომ უკვე ნერვები დამაწყვიტე?
– მე? ვერ... ვერ ვხვდები... ვერანაირად...
– მობილურზე რატომ არ მპასუხობდი?
– არ მეცალა...
– სოფო, ნუ მეთამაშები, ძალიან გთხოვ.
– სულაც არ გეთამაშები. შენს დავალებას ვასრულებდი. მთელი ღამე გავატარე იმ იდიოტთან.
– რომელ იდიოტთან?
– ვახოსთან. ხომ მითხარი, თუ აუცილებლობა მოითხოვს, ლოგინშიც ჩაუწექიო.
– მერე? – სახე შეეცვალა ანდროს და ოდნავ გაფითრდა.
– რა მერე, ვერ გაიგონე? მთელი ღამე მასთან გავატარე-მეთქი...
ანდრო აწრიალდა. სიგარეტს მოუკიდა და გოგოს დაჟინებული მზერა მიაპყრო. სოფომ გაიცინა.
– კონკრეტულად რა გაინტერესებს?
– მე მეკითხები?
– ჰო, შენ გეკითხები. თუმცა, შეგიძლია, არაფერი მითხრა. ისედაც ვხვდები, შენი სახის გამომეტყველებაზე. მართლა ვხვდები და გულახდილად რომ გითხრა, მეცოდები.
– არ მინდა შენი სიბრალული, არანაირად. ჯერ სამაგისოდ არ გამრთულებია საქმე. მომიყევი, რა გაიგე.
– ანუ, არ გაინტერესებს, ღამე ერთად გავატარეთ თუ არა? – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაბუსხა ტუჩები...
– საქმესთან დაკავშირებით რა გაიგე? – ეს მაინტერესებს და გთხოვ, საკუთარ ფანტაზიებში ნუ გაიბლანდები.
სოფო მიხვდა, რომ კაცმა ხრიკი იხმარა. გადაწყვიტა, აღარ აჰყოლოდა და თამაში აღარ გაეგრძელებინა. „ეჭვის მარცვლები ხომ ჩავთესეთ“, – იფიქრა და მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, მე ყველაფერს ვეცადე, მაგრამ შედეგზე პასუხს არ ვაგებო.
– სოფო, დაწვრილებით მეტყვი, რა ინფორმაცია გაქვს? – ანდრო უცებ ძალიან დასერიოზულდა.
– განსაკუთრებული არაფერი. ჯერ ისეთი ვერაფერი გავიგე, შენ რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში დაგხმარებოდა.
– ეგ შენი პრობლემა არ არის, ვერც იმას განსაზღვრავ, რა დამეხმარება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ, ყველაფერი მითხარი მასზე. ისიც კი, რაც უმნიშვნელო წვრილმანად მიგაჩნია.
– დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ადამიანს, რომელიც არაფერს წარმოადგენს.
– მე არ მითქვამს, რომ ის რამეს წარმოადგენს, – გაბრაზდა ანდრო, – თავს ნუ იშტერებ. მე მაინტერესებს, რამე ისეთი თუ წამოსცდა, რაც კაზინოში მოგებას უკავშირდება.
– არაფერი. არაფერი საყურადღებო, – სწრაფად თქვა სოფომ და ადგა, – მე არ შემიძლია ასე საუბარი. ყველა სიტყვაზე შეურაცხყოფას მაყენებ.
ანდრომ რაღაც ჩაიბურტყუნა. სიგარეტიანი ხელი მაჯაში მოჰკიდა და სკამზე თითქმის ძალით დასვა. სოფომ შეჰკივლა.
– ნელა, ხელი არ დამწვა.
– ჰოო? მაშინ დაჯექი და ნუ მეთამაშები... რა იყო, ხომ არ მოგეწონა? იქნებ შეგიყვარდა კიდეც...
– შენი იდიოტური „გამოხტომები“ ყელში ამომივიდა, – სოფოს ცხვირში რაღაც აეწვა და რომ არ ატირებულიყო, ჰაერი ქსუტუნით შეისუნთქა.
– ახია ჩემზე, – თქვა ჯიბრნარევი სინანულით.
ანდრომ იცოდა, გაჯიუტებულ სოფოსთან მკაცრი ტონით ლაპარაკი რომ არ გაჭრიდა და სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. „კაპიტულაცია“ გამოაცხადა და ქალს შემპარავად მოუთათუნა მუხლზე ხელი, მაგრამ სოფო ასე სწრაფად დანებებას არ აპირებდა.
– ხელი აიღე! უკვე საკმარისად მომიშალე ნერვები და გეყოფა.
– მე? ნერვები მოგიშალე? აბა, რას ამბობ, არც მიფიქრია. ყველაზე ნაკლებად სწორედ ეგ მინდა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედი. ეგენი დღეს ისევ მოვლენ სათამაშოდ. მე კი, წარმოდგენა არ მაქვს, რა მექანიზმით მუშაობენ. იცი, რა დღეში ვარ? მთელი ღამე არ მიძინია. თან, შენც არ მპასუხობდი...
– ჰო, ვერ გიპასუხე, პოეზიის საღამო მქონდა... – ჩაიბურტყუნა სოფომ.
– რა გქონდა? – ვერ მიხვდა კაცი.
– არაფერი, ეს ისე ვთქვი. მოკლედ, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
– მოიცა, რას გულისხმობ?
– იმას, რომ ტიპებს, უბრალოდ, უმართლებთ. ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვინმეა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ თაღლითობაში გაწაფული ფინანსური მაქინაციების მცოდნესთან გაქვს საქმე. ლაშას ხომ ისედაც ვიცნობდი. გეუბნები, მაგათთან დაკავშირებით ძალიან გეშლება.
ანდრო გაწითლდა და საფეთქლები „დაებერა“. აფეთქებას ცოტაღა აკლდა.
– აბა, რა ჯანდაბა ხდება, გამაგებინე.
– უბრალოდ, უმართლებთ. მე ასე ვფიქრობ.
– შენ რას ფიქრობ, ფეხებზე მკიდია! – იყვირა ანდრომ, – არ ხდება ასე. „უბრალოდ“ არავის უმართლებს, არავის და შენი იდიოტური მოსაზრებები შენთვის შეინახე!
– ძალიან კარგი. მაშინ წავალ, ჩემს აზრს თავზე აღარ მოგახვევ.
– ვერსადაც ვერ წახვალ, ჯერ ყველაფერი არ გითქვამს, – თვალები დაუბრიალა ანდრომ.
– ნუ იმუქრები, მე შენი დაქირავებული აგენტი არ ვარ და იმისთვისაც მადლობა მითხარი, რაც გავაკეთე.
– მადლობას წერილობითი ფორმით გადაგიხდი. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, – დასცინა ანდრომ, – შენ, ეტყობა, ვერ ხვდები, როგორი გამწარებული ვარ. ფინანსურ ზარალზე რომ აღარაფერი ვთქვა, მორალურად ვნადგურდები. მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც ხელმოცარული იდიოტი... ჰო, ხელმოცარული იდიოტი დამცინის და ცხოვრებას მინგრევს. ამას არავის ვაპატიებ. გესმის? – არავის!
– ნუ ყვირი. ყრუ არ ვარ, – მშვიდად ჩაილაპარაკა სოფომ, – სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ბატონო ანდრო, თორემ თქვენი ხელქვეითები გაიგონებენ თქვენს ბღავილს და ყოვლისშემძლეს იმიჯსაც გამოემშვიდობებით.
ანდრომ კბილები გააღრჭიალა.
– აჰა, ახლა ვხვდები, რაშიც არის საქმე. რა სულელი ვარ... ნამდვილი სულელი... თუმცა, შენგან რომ ეს ვერ წარმოვიდგინე, გასაგებია. მითხარი, რამდენი გინდა...
– რა?! – სოფო განცვიფრებული მიაჩერდა ერთიანად აჭარხლებულ და დაუფარავი სიძულვილით მომზირალ კაცს.
– ჰო, რამდენი გინდა, ანუ, რამდენს ითხოვ ინფორმაციაში? საქმე ხომ ფულშია... – ანდრომ საფულე ამოიღო და გახსნა, – მოდი, მითხარი, მაინტერესებს, რამდენი ღირხარ...
***
ლიანამ ვატოს წვნიანი დაუსხა და მკაცრად გააფრთხილა, სანამ ბოლომდე არ შეჭამ, სამზარეულოდან ფეხი არ მოიცვალოო და ლოჯიაში, ქმართან გავიდა.
– მგონი, რაღაც უბედურება ხდება, – დაიწყო ყოველგვარი შესავლის გარეშე.
კაცმა ტელევიზორს ჩაუწია და ამოიოხრა.
– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რას ეძახი უბედურებას. ამ ბოლო დროს, წესად გექცა, ფაქტები და მოვლენები გამადიდებელი შუშით შეაფასო და გადაჭარბებული მგრძნობელობით აღიქვა.
ლიანა გაფითრდა.
– შენ რა, დამცინი?
– არა. რას ამბობ, უბრალოდ, შენს დამშვიდებას ვცდილობ.
– ნუ ცდილობ, იმიტომ, რომ უარესად ვნერვიულობ. ლიკა მოვიდა. შეხვდი, დაელაპარაკე?
– დავინახე, პალტოს რომ ჰკიდებდა შემოსასვლელში. რაზე უნდა მელაპარაკა, სამსახურიდან დაღლილი მოვიდა გოგო?!
ლიანამ ამოიოხრა და ხელები გაასავსავა.
– მთელი ცხოვრება ასე იყავი. ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევდი... გეუბნები, რაღაც ხდება-მეთქი. შენ უნდა გენახა, როგორ შემომხედა. ბავშვის ამბავიც არ უკითხავს, ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოდის. წეღან კარიდან დავუძახე, ვახშამი არ გინდა-მეთქი და პასუხი არ გამცა. რას უნდა აკეთებდეს კარჩაკეტილ ოთახში, – ლიანა აქვითინდა, – ვიღუპები, მგონი და შენ აქ მშვიდად ზიხარ.
– ვაიმე, ამ ქალის ფანტაზიები ჭკუიდან გადამიყვანს. რა გღუპავს, მითხარი. მაინც, რა გგონია, რას უნდა აკეთებდეს ოთახში?
– რომ ვერ მივხვდი, იმიტომაც არის, რომ გამისკდა გული. ადექი, მიდი და გამოიყვანე!
კაცმა ამოიოხრა.
– და, რა ვუთხრა, ნუ ზიხარ მანდ მარტო და ნუ ფიქრობ, თორემ დედაშენი კედლებზე ადის-მეთქი? დამშვიდდი, რა... წადი და ვატოს მიხედე. ნეტავი, მაგ ბავშვსაც არ გადარევდე.
– მე ვრევ ვინმეს? მე? – ლიანამ საცოდავად დაახამხამა წამწამები, – აქეთ მრევთ და მაგიჟებთ. კარჩაკეტილ ოთახში რომ არ იფიქროს, აქეთ ვინ უშლის ფიქრს.
– შენ, – მოკლედ მიუგო კაცმა. მაგრამ ცოლის ცრემლებით სველ სახეს რომ შეხედა, მაშინვე შეარბილა ტონი, – დაანებე თავი და გამოვა თავისით, აბა, რას იზამს. აცადე, ცოტა ხანს. ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს, რომც გამოიყვანო, მაინც არაფერს გვეტყვით. ერთ სიტყვასაც ვერ დააცდენინებ.
– შენსავით ჯიუტია და იმიტომ. რას ფიქრობს ამისთანას. ოჯახი დაანგრია, ბავშვი უმამოდ დატოვა... ახლა კიდევ რა საშინელებას ფიქრობს, ნეტავი...
კაცმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
– ლიანა, ლიანა... შენ არ ამბობდი, ლაშამ იმედები გამიცრუა. ის არ აღმოჩნდა, ვინც მეგონა, ჩემი შვილის და შვილიშვილის ღირსი არ არისო?
– მერე რა, რომ ვამბობდი? ჰო, მერე რა? რომ ვამბობდი? ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. თვითონ რატომ ერთხელ მაინც არ დაელაპარაკე შენს სიძეს და არაფერი ჰკითხე.
– რა უნდა მეკითხა, ადამიანო... ერთხელ ხომ გითხარი, მაგათ საქმეში არ ჩავერევი-მეთქი, ჯერ თავადაც არ იციან, რა უნდათ.
– ჰოდა, მაგიტომაც უნდა ჩარეულიყავი, თავადაც რომ არ იციან, რა უნდათ, – გამოაჯავრა ლიანამ, – მაგრამ ასე გაცილებით ადვილია, ხომ?
– ლიანა, რა გინდა?! თუ ასე გაინტერესებს, გეტყვი, რომ ადვილი ნამდვილად არ არის. პირიქით, ძალიან ძნელია. ძნელია უყურო, როგორ ენგრევა შენს შვილს ცხოვრება. მაგრამ ლიკა არ მოსულა ჩემთან და არ უთხოვია, ქმართან ურთიერთობის გარკვევაში დამეხმარეო. მე კი, ინიციატივას ვერ გამოვიჩენ.
– იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გეშინია. გგონია, ვერ ვხვდები?
– არაფრის არ მეშინია, – კაცს საბოლოოდ აევსო მოთმინების ფიალა, წამოხტა, ტელევიზორის პულტი სავარძელში მოისროლა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა, აჩქარებული ნაბიჯით.
– მიაღწიე შენსას, მოთმინებიდან გამომიყვანე...
– შენ მარტო ეგ გადარდებს. საკუთარი სიმშვიდე, – არ დაუთმო ცოლმა, – მე კი ჩემი შვილისა და შვილიშვილის კეთილდღეობა მაინტერესებს. ეს განსხვავებაა ჩვენ შორის.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მე არ მაინტერესებს ჩემი შვილისა და შვილიშვილის კეთილდღეობა?
– არ ვიცი, არ ვიცი... – ხელები თავზე იტაცა ლიანამ, – მარტო ის ვიცი, რომ ეს გოგო დაიღუპება. ბავშვსაც მამა უნდა ჰყავდეს... იქნებ გვეცადა და შეგვერიგებინა. ამ ერთხელ, ჩვენი სინდისის წინაშე რომ მართლები ვიყოთ.
– თუ ერთად აღარ ეცხოვრებათ, როგორ შევარიგებთ?! მართლა არ ვიცი, ჩემგან რას მოითხოვ, – ფარ-ხმალი დაყარა კაცმა.
– დაელაპარაკე ამასაც და იმასაც. ჰკითხე, ერთი, რას აპირებენ, – უკარნახა ლიანამ.
– კარგი. ოღონდ შენ დამშვიდდი და ორივეს დაველაპარაკები, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა, – თუმცა, არ ვიცი, მაქვს კი მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლება?
– გაქვს, რა თქმა უნდა, გაქვს. ნუღარ გადადებ. ჯერ ამასთან გაარკვიე, რას აპირებენ.
– ოჰ, ლიანა, ლიანა... შენ მაინც ნუღარ გამომყვები უკან...
ლიკა საწოლზე ფეხმორთხმული იჯდა და გამორთულ მობილურ ტელეფონს ათამაშებდა. თან, ცდილობდა, ლაშასთან საუბრის ყველა წვრილმანი აღედგინა მეხსიერებაში და რაც მეტს ფიქრობდა, მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ის შთაბეჭდილება, რომელიც ქმრის სიტყვებმა გაუჩინა. ცოტა კიდევ რომ გაგრძელებულიყო მათი შეხვედრა, იქნებ, მართლაც ყველაფერზე ყოფილიყო თანახმა. როცა მის გვერდით იყო, თითქოს დაიჯერა კიდეც, რომ ურთიერთობაში პრობლემები თავისი გადამეტებული ეჭვიანობით შექმნა. მაგრამ, ახლა ემოციები ჩაცხრა და ლაშას მიმართ ისევ უნდობლობამ იმძლავრა.
– არ მინდა ვახშამი, არა! – თქვა ხმამაღლა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კარს მიღმა ლიანა იდგა.
– ლიკა, შვილო, ცოტა ხანს გამიღე კარი.
მამის ხმამ გამოაფხიზლა. მობილური ჩართო და ანგარიშმიუცემლად, მექანიკურად გააღო კარი.
– რა მოხდა, მამა?
– შენთან დალაპარაკება მინდა.
– ვერ მოისვენა, ხომ ლიანამ... – ამოიოხრა ლიკამ, – ვერ გაიგო მაგ ქალმა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და არ შეიძლება, მაიძულო, ის თქვენი სტერეოტიპებით ავაგო. ნუთუ ასეთი ძნელია ამ უბრალო რაღაცის გაგება?
– მე მესმის, მამა, მაგრამ დედაშენს ბევრ რამეში ვეთანხმები. შენი ცხოვრება ისე უნდა მოაწყო, როგორც საჭიროდ მიიჩნევ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შვილის მიმართ პასუხისმგებლობა ორივეს თანაბრად გაკისრიათ. კი არ გკარნახობ რამეს, მამა, გირჩევ, თუკი პატარა შანსი მაინც არსებობს, მიეცი ის ლაშასაც და საკუთარ თავსაც.
– რა შანსი, მამა? – ლიკამ მობილურს გახედა.
– არ ვიცი, ეგ შენ უნდა იცოდე... – კაცმა შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ტუჩებით ფრთხილად შეეხო. ლიკას გული აუჩვილა მისი ხელიდან და ტუჩებიდან წამოსულმა სითბომ.
– არც მე ვიცი... – თქვა და ყელში გაჩრილი „ბურთი“ გადაყლაპა.
– ასე არ შეიძლება. არ შეიძლება... რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მიხვიდე, თორემ დაიტანჯები. ხომ გინდა, მშვიდად იცხოვრო. მითხარი... გინდა?
– ყველაზე ძალიან ეგ მინდა, მაგრამ კიდევ შეცდომა რომ დავუშვა?
– შეცდომისგან ვერავინ დაგაზღვევს. ამის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ცხოვრება სამოთხეს დაემსგავსებოდა.
– ჰო, მაგრამ ჯოჯოხეთადაც ხომ არ უნდა გექცეს ყოველდღიურობა?! აღარ შემიძლია, გავწამდი... – ლიკა შეყოყმანდა.
– ლაშამ შერიგება ხომ არ გთხოვა? – ინტუიციამ უკარნახა კაცს.
ლიკამ ძლივს შესამჩნევად დაუქნია თავი.
– მერე?
– მერე ის, რომ არ ვიცი, რა ვუპასუხო. ისეთი რაღაც მითხრა... – ლიკა გაჩუმდა...
– რაო, მამა, რა გითხრა? – შეაგულიანა კაცმა, – მაგრამ, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.
– ბრმად დამიჯერე და მენდეო, – ძლივს წარმოთქვა ლიკამ და მამას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– შენ რას ფიქრობ ამაზე...
– ვერაფერს... ვერაფერს ვერ ვფიქრობ... ლამის თავი გამისკდეს ფიქრით.
– ჰო, ძნელია. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი შენმა გულმა უნდა გაგცეს და არა გონებამ... კიდევ გეუბნები, რომ ძნელია, მაგრამ შენს ნაცვლად, ამას ვერავინ გააკეთებს... გაითვალისწინე, ვერავინ...
ლიკამ ამოიოხრა. მამას ორივე ხელი შემოხვია წელზე და სახე მის მკერდში ჩამალა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში