კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყაჩაღა თოვლის ბაბუამ წინასწარ შერჩეული მსხვერპლი და რა დაჰქონდა მას თან საახალწლო ხურჯინით

38 წლის მალხაზ მუშკუდიანი და მისი ამფსონი, მერაბ კობერიძე უკვე ექვსი თვეა, სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით იხდიან. დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მალხაზ მუშკუდიანმა ერთი წლის წინ შექმნა, აფიორის ისეთი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თვით ბარონ მიუნჰაუზენსაც გააკვირვებდა. ეს თავად იმ დანაშაულებრივ ეპიზოდებშიც ჩანს, რაც მალხაზსა და მის მეგობარს ედებათ ბრალად. წარსულში ძარცვისა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მალხაზ მუშკუდიანმა, გასული წლის შემოდგომაზე ტოტალიზატორში სოლიდური თანხა წააგო. ფულის ნაწილი დათქმულ დროს ჩააბარა, მეორე ნაწილის საშოვნელად კი მეგობრის, მერაბ კობერიძის დახმარება დასჭირდა. მეგობრებმა სახელდახელოდ საქველმოქმედო საზოგადოება დააარსეს და ფულის შოვნის მეტად ორიგინალური მეთოდი აირჩიეს. მათ ანკესზე საკმაოდ ბევრი ადამიანი წამოეგო – წინასწარი ძიებით დადგინდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით, მეგობრებმა სამი თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ლარი მიითვისეს. თუმცა, მადა ჭამაში მოდისო და თაღლითობაში გამოცდილმა მეგობრებმა ყაჩაღობაზეც არ დაიხიეს უკან. „საქველმოქმედო ორგანიზაცია” სამართალდამცველებმა საკმაოდ მალე გაშიფრეს, თუმცა იქამდე, მალხაზ მუშკუდიანმა და მისმა მეგობარმა რამდენიმე ადამიანის დაყაჩაღებაც მოასწრეს.

თაღლითობის პირველი მსხვერპლი რესტორნის მეპატრონე, მაკა შანყულაშვილი გახდა. მალხაზ მუშკუდიანი მას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის როლში გაეცნო და ნდობაც იოლად მოიპოვა. არცთუ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ მალხაზ მუშკუდიანმა მაკა შანყულაშვილს ობოლ ბავშვთა დასახმარებლად ღონისძიების ჩატარება შესთავაზა, თან დაჰპირდა, ყველა ტელევიზიაში მყავს ახლობლები და ამ ამბავს კარგად გავაფიარებთო. მალხაზ მუშკუდიანმა ობოლი ბავშვებიც იოლად „მოძებნა”, სხვა სპონსორებიც და ღონისძიების დაგეგმვის პროცესში, რესტორნის მეპატრონეს 4 ათასი ლარი გამოსძალა. დაპირებული ღონისძიება, რა თქმა უნდა, არ შედგა, მაკა შანყულაშვილმა საქმიან პარტნიორს ვეღარსად მიაგნო – ვერ გაიგო, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. სამაგიეროდ, მიიღო დასამშვიდობებელი წერილი: ცოტა ხანს არ გამოვჩნდები, პრობლემები მაქვს. პოლიციაში წასვლა არც იფიქრო, თორემ შენს ბუღალტრულ ხრიკებს, რაშიც კარგად ვარ გარკვეული, სათანადო ორგანოები შეამოწმებენო. მაკა შანყულაშვილი იძულებული გახდა, გაჩუმებულიყო და საკუთარი წყაროებით, ქველმოქმედის მანტიით შემოსილი თაღლითი ეძებნა.

პირველი წარმატებით გათამამებულმა მალხაზ მუშკუდიანმა მეორე მსხვერპლად ტაქსების კომპანიის მეპატრონე აირჩია. უკვე გამოცდილ თაღლითს არც ბესიკ ჩიღუნაძის ნდობის მოპოვება გასჭირვებია, ამჯერად, საქმიანი გარიგება საკმაოდ დატვირთული სიუჟეტით შედგა – მალხაზ მუშკუდიანი ტაქსოპარკის მფლობელს უფასო რეკლამას დაჰპირდა, თუმცა მას ამის სანაცვლოდ, მიუსაფარი ბავშვების სომხეთში გასამგზავრებლად 5 000 ლარი უნდა გადაეხადა. ამ თანხით ბავშვებს ერთი კვირა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მალხაზ მუშკუდიანმა ჩიღუნაძესთან მეგობრისგან „ნათხოვარი“ 6 წლის ბავშვიც მიიყვანა და კარატეს ამომავალ ვარსკვლავად გააცნო. გარიგება მუშკუდიანსა და ჩიღუნაძეს შორის უფრო შორსაც წავიდა – მალხაზ მუშკუდიანი ჩიღუნაძეს შვილის გამგებლად დანიშვნას დაჰპირდა იმერეთის ერთ-ერთ რეგიონში, სამაგიეროდ, ისევ 5 000 ლარი მოითხოვა. ქველმოქმედებისთვის გამიზნული 5 000 ლარი ტაქსოპარკის მეპატრონემ გადაიხადა. მეორე ხუთი ათასის გადასახდელად კი დრო მოითხოვა, რაზეც მუშკუდიანი კიდეც დაყაბულდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, ისე აორთქლდა, ამჯერად ჩიღუნაძესთან გამოსამშვიდობებელი წერილი აღარ დასჭირდა.

მალხაზ მუშკუდიანის შემდეგი სამიზნე ნინო ქოქოსაძე იყო, მის ბინაში მალხაზ მუშკუდიანი ცხოველთა, მწერთა და მღრღნელთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლის სახელით მოხვდა. კლასიკური მუსიკის მოყვარულსა და პროფესიონალ პიანისტს – ნინო ქოქოსაძეს სახლში ათამდე კატა ჰყავდა. მალხაზ მუშკუდიანი მას გაეცნო და განუცხადა, რომ თბილისის გარეუბანში შენდებოდა „შინაურ ცხოველთა პანსიონატი”, სადაც უპატრონოდ მიტოვებული ცხოველებისთვის უნდა მოევლოთ. ცხოველთა მოყვარულმა ნინო ქოქოსაძემ ისე გადაიხადა 3 000 ლარი, არც კი უყოყმანია, სამაგიეროდ, თაღლითი ქველმოქმედი მას ახალაშენებული პანსიონატის დირექტორად დანიშვნას დაჰპირდა.

სამართალდამცველებისთვის მალხაზ მუშკუდიანის თაღლითობის ათამდე ეპიზოდი გახდა ცნობილი, დაზარალებულთა ერთი ნაწილი დროულად მიხვდა, რომ ტიპურ თაღლითთან ჰქონდათ საქმე და ამის შესახებ სამართალდამცველებთანაც განაცხადეს. თუმცა, ძიებისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი თაღლითის ძებნა იოლი არ იყო – მალხაზ მუშკუდიანი რეკორდული სიჩქარით იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, ბინებს, „ოფისებს”. არ არსებობდა მისი გარეგნობის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი. ასე რომ, უგზო-უკვლოდ დაკარგული თაღლითი კვალს თითქმის არ ტოვებდა. თუმცა, ის სწორედ მაშინ ჩავარდა, როცა სპეციალიზაციის შეცვლა გადაწყვიტა და ახალი გეგმების განსახორციელებლად საქმეში მეგობარი, მერაბ კობერიძეც ჩართო.

დეკემბრის დასაწყისში მერაბ მუშკუდიანს მოახლოებული დღესასწაულები გაახსენდა, კვლავ ამუშავდა მისი ამოუწურავი ფანტაზიის უნარი და ახალი საზოგადოება „სადღესასწაულო განწყობაც” დაფუძნდა. ერთი-ორი თოვლის ბაბუის ფორმის და სხვა სადღესასწაულო ატრიბუტიკის შოვნა მალხაზ მუშკუდიანს არ გასჭირვებია, მეგობარი კი სოლიდური კომპანიის წარმოჩენის მიზნით სჭირდებოდა. მეგობრები მსხვერპლს სუპერმარკეტებთან, სატელეფონო ცნობარებით, სახლების შეთვალიერების შემდეგ ირჩევდნენ. მათ ბადეში პირველად 40 წლის ნატო ქუჯოშვილი გაეხვია. მას მეგობრები ახალ წლამდე ათი დღით ადრე დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან იყვნენ და სურდათ, მათი შვილისთვის საახალწლო და სადღესასწაულო განწყობა შეექმნათ, მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. ახალ წლამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი, თუმცა მათ დაითანხმეს ნატო ქუჯოშვილი, რომ დეტალებზე ცოტა ადრე შეთანხმებულიყვნენ. ამ გეგმით ისინი გვიან საღამოს მიადგნენ სახლში ნატო ქუჯოშვილს, რომელიც 6 წლის ნიკოსთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ამონაწერი დაზარალებული ნატო ქუჯოშვილის ჩვენებიდან: „სუპერმარკეტიდან გამოვედი, ავტომანქანაში ვჯდებოდი და ორი მამაკაცი მომიახლოვდა. მათ განმიცხადეს, რომ საბავშვო ორგანიზაციიდან იყვნენ და ბავშვებს საახალწლო სიურპრიზებს უწყობდნენ. ორივე მამაკაცი ისე სოლიდურად იყო ჩაცმული, არაფერში ეჭვი არ შემპარვია. ტელეფონის ნომერი გამომართვეს და რამდენიმე დღეში შემეხმიანენ კიდეც. ჯერ „მაკდონალდსში“ დაგვპატიჟეს მე და ჩემი შვილი, მეორე საღამოს სახლში მესტუმრნენ – ვნახავთ, როგორი სახლი გაქვთ, როგორ შემოვიდეთ ახალი წლის ღამეს, რომ ბავშვს სიურპრიზი მოვუწყოთო. გვიანი იყო, როცა მოვიდნენ, ბავშვი უკვე დაძინებული მყავდა. ცოტა გავისაუბრეთ, რაღაც არ მომეწონა მათ ქცევაში, მაგრამ სახლში ბავშვი მყავდა და ხმაურის ატეხის შემეშინდა. მუშკუდიანმა ჯიბიდან დანა ამოიღო, მისმა მეგობარმა ხელები გადამიგრიხა და ფული და ოქროული მომთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა, საკუთარი ხელით გადმოვიღე 2 000 დოლარი და ოქროს სამკაულები. მერე აბაზანაში გამომკეტეს, დამაბეს და სახლიდან მშვიდად გავიდნენ. ძლივს ავიხსენი თავი და მაშინვე პოლიციას გამოვუძახე”.

სამართალდამცველები დამნაშავეების კვალს სატელეფონო ზარით დაადგნენ. ცხადი იყო, რომ გენერალური რეპეტიციის შემდეგ, დამნაშავეები არც ახალი წლის ღამეს იტყოდნენ უარს თოვლის ბაბუის როლზე. მათ მართლაც განახორციელეს საკუთარი გეგმები. ახალი წლის ღამეს წინასწარ შერჩეულ ორ ოჯახში მივიდნენ. ფრიდონ კენკიაშვილის ოჯახში თოვლის ბაბუა მალხაზ მუშკუდიანი იყო, ბესიკ წილოსანის ოჯახში კი – მისი მეგობარი მერაბ კობერიძე. ერთი ოჯახიდან მეგობრებმა 3 000 ლარი გაიტაცეს, მეორე ოჯახიდან კი – ოქროს ნივთები და ანტიკვარიატი. ამონაწერი დაზარალებული ბესიკ წილოსანის ჩვენებიდან: „ახალი წლის წინა დღეებში მითხრა მეუღლემ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები გაიცნო, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აპირებდნენ ახალი წლის ღამეს ჩვენს ოჯახში მოსვლას. პირველის ხუთ წუთზე დარეკეს ზარი, კარი მე თვითონ გავაღე, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ხურჯინი შემოაგო და სახლში შემოვიდა, ფეხდაფეხ მეორე მამაკაციც შემოჰყვა. როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ, რომ სახლში ჩემი მეუღლის, ბავშვის და ჩემ გარდა არავინ იყო. „თოვლის ბაბუამ” ახალი წელი მოგვილოცა და ყველაფერი მერე დაიწყო, ჩვენმა სტუმარმა იარაღი მომადო და ფული მოითხოვა. იქვე ახლოს ბავშვი იყო, რა უნდა გამეკეთებინა? საკუთარი ხელით გამოვიტანე საძინებლიდან ფული. ტელეფონები წაგვართვეს მეც და ჩემი მეუღლეც, ოთახში გამოგვკეტეს და სახლიდან გაიქცნენ. შემთხვევის ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა თოვლის ბაბუის ფორმა სადარბაზოსთან დაყრილი იპოვეს. იქვე ეგდო მისი ხურჯინიც, რომელიც ძველმანი ტანსაცმლით იყო სავსე”.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მალხაზ მუშკუდიანი და მერაბ კობერიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბესიკ წილოსანის ოჯახიდან გატაცებულ ოქროს ნივთების რეალიზაციას ცდილობდნენ. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მათგან ამოღებული იქნა დაზარალებულთა ნივთების ნაწილიც, რომელთა რეალიზებაც მეგობრებს ჯერ ვერ მოესწროთ. სასამართლომ მალხაზ მუშკუდიანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მის მეგობარს, მერაბ კობერიძეს კი, ჩადენილი დანაშაულებისთვის რვა წელი მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა.


скачать dle 11.3